ქართულ-დაღესტნური ურთიერთობები

დღევანდელი დაღესტნის რესპუბლიკა  რუსეთის ფედერაციის სუბიექტს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანი, სამხრეთ–დასავლეთიდან – საქართველო, დასავლეთიდან – ჩეჩნეთის რესპუბლიკა, ჩრდილო–დასავლეთიდან –სტავროპოლის მხარე, ჩრდილოეთიდან – ყალმუხეთის რესპუბლიკა. დაღესტნის რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 50 300 კვ.კმ. მისი მოსახლეობა 2008 წლის მონაცემებით 2687,8 ათასი კაცია. აქედან 57,4 % სოფლის მოსახლეობას შეადგენს, 42,5 % კო ცხოვრობს ქალაქში. დაღესტნური წყაროებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მუდმივად ცხოვრობს 700 ათასზე მეტი დაღესტნელი.ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფის თვალსაზრისით არის 42 მუნიციპალური რაიონი და 10 საქალაქო ოლქი. დაღესტნის უმნიშვნელოვანესი ქალაქებია: დერბენდი, კასპიისკი, ყიზლარი, ხასავიურთი, ყიზილიურტი, დაღესტანსკიე ოგნი, იზბერბაში, სამხრეთ სუხოკუმსკი. რესპუბლიკის დედაქალაქია ქ. მახაჩყალა.

სახელწოდება "დაღესტანი" ცნობილია XVII ს.დან და შედგება თურქულ–ირანული სიტყვებისგან: დაგ – თურქულად მთას/მიწას/ქვეყანას ნიშნავს, ხოლო ესთან – გეოგრაფიული ადგილის მაწარმოებელია ირანულად. "მთების ქვეყანას" ასევე ხშირად მოიხსენიებდნენ "ენების მთად". მართლაც, დაღესტნის ლინგვისტური რუკა ძალიან მრავალფეროვანია. ენათმეცნიერები აქ 30–მდე ენას ასახელებენ. ამათგან ზოგიერთ ენაზე მხოლოდ ერთი აულის მცხოვრებნი თუ საუბრობენ. ძირითადად გავრცელებულია ხუნძური, დარგოული, ლაკური და ლეზგიური. დაღესტნის ენათა უმრავლესობა გაერთიანებულია იბერიულ–კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნურ ქვეჯგუფში. ამავე ენათა ოჯახის წარმომადგენელია ქართულ–ქართველური ენებიც, რაც გვაფიქრებინებს ქართველთა და დაღესტნელთა უძველეს ეთნოლინგვისტურ ერთობაზე. ამას ამოწმებს დადასტურებული მჭიდრო კულტურულ–ეკონომიკური ურთიერთობანი საქართველოსა და დაღესტნელებს შორის საუკუნეთა განმავლობაში.

ქართულ–დაღესტნურ ურთიერთობებში, ჩვენს ხელთ არსებილი ცნობების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია გამოვყოთ 4 პერიოდი: I. მშვიდობიანი ურთიერთობის, კულტურულ–ეკონომიკური კავშირების პერიოდი, რომელიც გრძელდება დაღესტნის სრულ გამაჰმადიანებამდე. II. ლეკიანობა და ბრძოლები – XIV–XIX ს.ს. III. საბჭოთა პერიოდის ქართულ–დაღესტნური ურთიერთობები და IV. პოსტსაბჭოთა საქართველოს და დაღესტნის რესპუბლიკის ურთიერთობები, ანუ თანამედროვეობა.

პირველი პერიოდი იწყება უძველესი დროიდან. ცნობილია, რომ დაღესტნის ტერიტორია ადამიანის მიერ პალეოლითის ხანაში იქნა ათვისებული. არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება დაღესტნის ტერიტორიაზე ადამიანთა ადრეული საცხოვრისები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში დაღესტანი კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული. ანტიკურ ხანაში გვაქვს წერილობითი წყაროები, რომლებიც ასახელებენ აქ მოსახლე ხალხებს: კასპიები, გელები, ლეგები, ანდაკები, დიდურები, უტინები და სხვა. შემდგომში დაღესტნის პოლიტიკური რუკის ცვლილება განპირობებულია სხვადასხვა მომთაბარე ხალხების (ჰუნების, სავირების, ბარსიდების...) კასპიისპირეთში შეჭრით. III ს.დან, როდესაც ყალიბდება სასანიდური ირანის სახელმწიფო, დაღესტნელები ექცევიან მათ შემადგენლობაში. პარალელურად ჩამოყალიბებას იწყებს ადგილობრივი, დაღესტნური პოლიტიკური ერთეულები. მათ შესახებ საუბარია არაბულ წყაროებში. V ს. დან წარმოიქმნა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი: დერბენდი, ლაკზი, ტაბასარანი, სარირი, ზირიხგერანი (კუბაჩი), კაიტაღი, გუმიკი და სხვა. არაბთა ბატონობისას და შემდგომ პერიოდში ეს პოლიტიკური ერთეულები სახანოების სახეს იღებენ, შესაბამისი მმართველობით სათავეში. ამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმული დაღესტნის სახანოები.

ქართულ–დაღესტნური ურთიერთობები ხასიათდება ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირებით, კულტურულ–საგანმანათლებლო თანამშრომლობით. პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ დაღესტნის ნაწილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთთან. ეს ასახულია როგორც ლინგვისტურ მონაცემებში, ასევე ტრადიციებში. შემორჩენილი ტრადიციით დიდოელთა ერთი ნაწილი თავიანთ მთავარ დღესასწაულზე თუშეთში გადმოდიოდნენ და აქ აღნიშნავდნენ მას, კლავდნენ  საკლავებს. პოლიტიკური თვალსაზრისით, დაღესტნური ტომები შემოდიოდნენ საქართველოს მფარველობის ქვეშ. მიუხედავად ირანელების, არაბების თუ თურქ–სელჩუკების მიერ განხორციელებული ექსპანსიისა დაღესტნელები წყაროებში ჩანან საქართველოზე ორიენტირებულ ძალად. ამის ტენდეცია ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან დასტურდება. ქართლის მომავალ მეფეს აზოს წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მთიელებთან ერთად კავკასიელი მთიელები, "ოვსნი და ლეკნი" დახმარებიან, რადგან მათ არ სურდათ აზოს მოხარკეები გამხდარიყვნენ. ქართლის ცხოვრებაში მათთან ერთად ასევე იხსენიებიან დიდოელები და ხუნძები. როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო კარი აქტიურ პოლიტიკურ თანამშრომლობაში იყო კავკასიელ მთიელებთან და საჭიროების შემთხვევაში იყენებდა მათ დამხმარე ძალად.

გაერთიანებული საქართველოს არსებობის პერიოდში ეს პოლიტიკური ორიენტაცია მთლიანად გადაწყვეტილია საქართველოს სასარგებლოდ. დაღესტნელები შემოდიან საქართველოს შემადგენლობაში და ამის გამო უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ. ეს ორი ფაქტორით იყო განპირობებული: ეკონომიკური გარანტიებითა და საგარეო უსაფრთხოებს უზრუნველყოფით. მიუხედავად ამისა, თამარ მეფის დროს დასტურდება სახელმწიფო ვალდებულებათაგან თავის არიდების მიზნით მთიელთა აჯანყება. ფხოველთა და დიდოელთა 3 თვიანი აჯანყება 1212 წელს უნდა მომხდარიყო და თამარ მეფემ სასტიკად ჩაახშო. ამის შემდეგ აღსდგა ნორმალური ურთიერთობები, თუმცა ქართული სახელმწიფოებრიობის შესუსტებასთან ერთად ისიც კარგავდა სიძლიერეს.


უმნიშვნელოვანესია რელიგიის საკითხი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაღესტნელები დღეს მაჰმადიანები არიან, მაგრამ ისტორის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ვითარება გვქონდა. ისლამი, მართალია უკვე VII ს.დან იწყებს გავრცელებას, მაგრამ საბოლოოდ დასამკვიდრებლად 6–7 საუკუნე და მეტი დასჭირდა. აქ ძლიერი იყო ძველი წარმართული რწმენა–წარმოდგენები და ქრისტიანული კერები. სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება ქართველთა მისიონერული მოღვაწეობა დაღესტნის ტერიტორიაზე. ამას მოწმობს, როგორც შემორჩენილი წერილობითი წყაროები, ასევე არქეოლოგიური ძეგლები. დაღესტანში ქრისტიანული კულტურის ბევრ ნაშთს მიაკვლია 1976 წლის ერთობლივმა ექსპედიციამ ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და გამზათ ცადასას სახელობის ისტორიის, ენისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელთა მონაწილეობით. მათ ხუნძახის პლატოზე მიაკვლიეს ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევებს, დამტვრეული ქვის ჯვრების ფრაგმენტებს ქართული ასომთავრული და ნუსხახუცური მემორიალური წარწერებით, რაც თარიღდება X-XI ს.ს–ებით.

დათუნას ეკლესია, დაღისტანი, X-XI სს.
დათუნას ეკლესია შამილის რაიონის სოფ. დათუნაში, ავარიის ყოისუს ხეობაში მდებარეობს და  არქიტექტურულ–ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზით დასტურდება მისი ორგანული კავშირი ქართულთან. ეს ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ე.წ ერთნავიანი ბაზილიკაა და აგებულია ადგილობრივი მასალით. ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ეკლესიათაგან დათუნას ეკლესია ერთადერთია, რომელიც კარგად იქნა შემონახული. რაც ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებაა. მე–19 საუკუნის რუსი მეცნიერი ევგენი მარკოვი ნაშრომში "კავკასიის ნარკვევები" აღნიშნავს, რომ შამილის ბრძანებით სასტიკად იყო აკრძალული დათუნას ეკლესიის შეურაცყოფა.

რამდენიმე წლის წინ ქართველმა არქიტექტორებმა პაატა ნუცუბიძემ და გელა ჯაფარიძემ

ჩაატარეს ტაძრის აზომვები და პროექტი შეადგინეს. ამ დრომდე ნაგებობას კარგად ჰქონდა შენარჩუნებული არქიტექტურული და კონსტრუქციული დეტალები, კედლები, სარკმლის ღიობები და სხვა დეტალები, რაც იძლევა საშუალებას ეკლესიის პირვანდელი სახის აღდგენისა. დაღესტნური მხარის გადაწყვეტილებით ასევე მოწესრიგდება ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და მასთან მისასვლელი გზა, რაც დაღესტნის შამილის რაიონის ხელმძღვანელის განმარტებით, ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და კავკასიის ხალხთა მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

არქიტექტურული ძეგლების გარდა ქართული ქრისტიანული ეკლესიის კვალი დაღესტანში კარგად ჩანს წერილობით წყაროებშიც. "ქართლის ცხოვრება" გადმოგვცემს, რომ VII ს.ში არჩილ მეფეს იძულებით მოუნათლავს თუშნი და ხუნძები. საგულისხმოა, რომ ამ დროს მათ ჰყოლიათ ერთი ერისთავი – აბუხუასრო. "ქართლის ცხოვრება" ასევე საუბრობს სასულიერო პირებზე,  პიმენ სალოსზე და მის თანამოღვაწეზე ანტონ მესხზე, რომლებიც  დავით გარეჯის მონასტრიდან ბელაქანში გადასულან ურწმუნოთა მოსაქცევად. ჟამთააღმწერლის ცნობით წმინდა პიმენმა "ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა."

ქართულენოვანი წარწერა ჯვარზე, XII-XIII სს.

საინტერესოა სინის მთის სულთა მატეანის ცნობა ღუნძელი კათალიკოსის ოქროპირის შესახებ, რომელსაც რეზიდენცია თვით ხუნძახში ჰქონია. მესეძლებელია დაღესტანში რამდენიმე ეპარქიაც არსებობა: ხუნძეთის, წახურის, ანწუხის... დასაშვებია ასევე ხუნძეთის საკათალიკოსოს არსებობის ფაქტიც სავარაუდებელია. მსგავსი ცნობები ამტკიცებს იმ აზრს, რომ ქრისტიანობას დიდი როლი ჰქონდა დაღესტნის ხალხებში და მიმდინარეობდა ხალხის ეკლესიასთან დაახლოების პროცესი. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კი ხელი შეუშალა ამ პროცესს და მთლიანად შეცვალა რელიგიის საკითხი დაღესტნელ ხალხებში.

ქრისტიანობის გავრცელება დაღესტანში ქართველთა მიერ უნდა შემწყდარიყო XIV ს.ში თემურ ლენგის მიერ მთიანი დაღესტნის ისლამიზაციის შემდეგ. ამ დროიდან ეყრება საფუძველი გარკვეულ გაუცხოებას ქართველებსა და დაღესტნელებს შორის. თავს იჩენს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი; ჩნდება ახალი ძალა რუსეთის სახით, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში; რუსეთი სამეფო–სამთავროებად, სახანოებად თუ სხვა პოლიტიკურ ერთეულებად დაშლილ კავკასიის ხალხებთან ცდილობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ეტაპობრივად მის ხელში გადავიდეს ყველა რესურსი. XVI-XVIII ს.ში კახეთის სამეფოს ურთიერთობაბა ეძაბება ტარკის საშამხლოსთან. ამ დროისთვის ტარკის საშამხლო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს იკავებდა კასპიისპირეთში და დასახლებული იყო ყუმუხებით, ლაკებითა და დარგოელებით. აქ გადიოდა კახეთიდან ყაზანისკენ მიმავალი გზა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აბრეშუმის საერთაშორისო ვაჭრობის ქსელში ჩაბმულ და რუსეთთან აქტიური კავშირის დამყარების მოსურნე კახეთის სამეფოსთვის. ამგვარად, კახეთის დიპლომატია  რუსეთთან საშამხლოს საკითხზე მიმართული იყო ყუმუხეთის ვაკეზე უსაფრთხო და დაუბრკოლებელი გზის გახსნისკენ.
ქართულენოვანი წარწერა ქვის ჯვრის ნატეხზე,X-XI სს.

კახეთის სამეფოსა და ტარკის საშამხლოს შორის მშვიდობიანია ურთიერთობა ლევან მეფის დროს 1520–1574 წ.წ., რადგან მან პირველი მეუღლის მონაზვნად აღკვეცის შემდეგ ცოლად მოიყვანა შამხლის ასული. ლევანმა ჩამოასახლა ასევე დაღესტნელები საქართველოში, ფიფინეთში ანუ ჭარში. მათი მოვალეობა ყოფილა ზაფხულობით მთიდან ყინულის ჩამოტანა. ლევანის სიკვდილის შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნახევარძმები: თინათინის შვილი ალექსანდრე და შამხლის ასულის შვილები: ელიმურზა, ვახტანგი და ხოსრო. ტახტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა ალექსანდრემ კახელების დახმარებით. შემდეგ მან 1587 წელს რუსეთის ერთგულების ფიცი დადო. ქართველებმა რუსებს მტკიცედ მოთხოვეს საშამხლოს დალაშქვრა, ტარკის აღება და თერგ–კახეთის გზის დაკავება. ამას საშამხლოდან თავდასხმებით ასაბუთებდნენ. კახეთის სამეფოს ინტერესებს დაემთხვა ყაბარდოს ინტერესებიც, ამიტომ 1591 წ. რუსებისა და ყაბარდოელების გაერთიანებული ლაშქრობა განხორციელდა საშამხლოზე.

ლევან მეფის შემდეგ ურთიერთობა უსევ გართულდა. დაღესტნის მხრიდან თავდასხმებმა მუდმივი სახე მიიღო და ამ მოვლენას XVII ს.ში "ლეკიანობა" ეწოდა.დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ–წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის მოსახლეობაზე მიზნად ისახავს ქონების, მოსავლისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით ტერიტორიების დაპყრობასა და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვასაც. მსგავსი ლაშქრობების ინიციატორები ხანები, უცმები, მაისუმები იყვნენ ხოლმე და ნადავლის ძირითად ნაწილსაც ფეოდალური ზედა ფენა ეპატრონებოდა. დაღესტნის მოსახლეობაში თანდათან ჩამოყალიბდა სამხედრო ხელმძღვანელების თავისებური სოციალური ფენა – კაიდების სახით. მაგალითად, ასეთი იყო ლეკთა მეთაური, კოხტა ბელადი, რომელმაც ორჯერ,  1757 და 1759 წლებში ილაშქრა ქართლში.

ქართლისა და კახეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ ლეკიანობის წინააღმდეგ, თუმცა მათი მცდელობა ნაკლებად ეფექტური იყო. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გარკვეული წესები და ხერხები თავდასაცავად: აგებდნენ ციხე–სიმაგრეებს, ლეკების გადმოსასვლელ გზებზე აკეთებდნენ თხრილებს, აღრმავებდნენ მდინარის ფონებს, კაფავდნენ ლეკების სამალავ ტყეებს და ა.შ. უმთავრესი მაინც სამხედრო ძალით თავდაცვა იყო. ამ მიზნით დაწესებული იყო "ნაპირის ალაგას" დგომა, "ნაპირის ალაგის" გამაგრება, ყარაულის დაყენება გზებზე, ხიდებზე, ხეობებში, ე.წ "მდევარი" და რეგულარული მორიგე ჯარის არსებობა.

ხუნძეთის თავდასხმები საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეულ პერიოდში ომის ხასიათს იღებს. ასეთი ორი ომი აწარმოა ნურსალ ბეგმა. პირველად 1754 წელს მოაწყო დიდი ლაშქრობა, რომელშიც ერეკლე II-მ დაამარცხა მჭადიჯვართან. მეორედ – ყვარლის ციხესთან 1755 წელს. 1785 წელს კი, ოსმალეთის წაქეზებით, ომარ ხანმა მოაწყო ლაშქრობა. მან ქართველთა და რუსთა ჯარზე გაიმარჯვა. ერეკლე II იძულებული გახდა ყოველწლიური ხარკი 1500 მანეთი მიეცა.

დაღესტნელები სურხაი–ბეგი და დაუდ–ბეგი პრობლემებს უქმნიდნენ სამხრეთ კავკასიის სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც: შემახას, ერევანს, ყარაბაღს, შირვანს. ირანის შაჰი ამ დროს ვახტანგ VI –ისგან დაღესტანზე გალაშქრებას მოითხოვდა, მაგრამ ვახტანგს ეს არ უნდოდა, რადგან დაღესტნის ქმედებები ასუსტებდა ირანს. 1721 წელს როცა ვახტანგ VI ოფიციალურად იქნა დანიშნული ირანის შაჰის მიერ სამხრეთ აზერბაიჯანის სპასალარად დიდი ლაშქრობა მოაწყო განჯის სახანოზე და დაამარცხა მათი რაზმები ბარდაში, შამქორსა და ჭარში. შემდეგ კი შაჰმა მოაშლევინა ლაშქრობა, რადგან ამჯერად, საქართველოს გაძლიერება მის ინტერესებში არ შედიოდა.

ვახტანგ VI  მეორედ 1723 წელს   40–ათასიანი ლაშქრით განჯისაკენ გაემართა და შამქორში დაბანაკდა. ვახტანგი გეგმავდა პეტრე I-თან შეხვედრას და გაერთიანებული ლაშქრით დაღესტნის წინააღმდეგ ბრძოლას. პეტრე I–მა მართლაც  განახორციელა ლაშქრობა კასპიისპირეთში და დერბენდიც დაიკავა, მაგრამ შემდეგ ვახტანგისთვის მოულოდნელად შეწყვიტა სამხედრო კამპანია და გაბრუნდა უკან. ვახტანგმა ვეღარ შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება და საბოლოოდ რუსეთში გადახვეწაც მოუხდა.

ლეკიანობის მოვლენის შეფასებისას უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერები, ზოგადად,  მთისა და ბარის არამშვიდობიან ურთიერთობებში სამ ფორმას გამოყოფენ: 1. მტაცებლური ექსპედიციები. 2. ლაშქრობანი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით. 3. ლაშქრობანი მუდმივი საშემოსავლო ბაზის შექმნის მიზნით. როგორც დავინახეთ, საქართველოს ტერიტორიაზე ლეკიანობა სამივე ნიშნით ხასიათდებოდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ამას გარდა, უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული გავლენა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმაც მოახდინა. კერძოდ, ეს გამუდმებული თავდასხმები თურქეთისა და ირანის ინსპირირებულად უნდა მივიჩნიოთ. ოსმალეთის ტყვეთა ბაზარმა კი საკმაოდ დიდი მოტივაცია მისცა ტყვეთა წაყვანას.


ლეკიანობის ობიექტურ მიზეზთაგან უნდა დავასახელოთ ორი უმთავრესი: მძიმე სოციალური ყოფა და ღაზავათი. ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები აადვილებდა დაღესტნელთა თავდასხმით რაზმებში გაერთიანებას,  ასევე, ღაზავათის იდეა ეფექტურად გამოიყენებოდა. შუა საუკუნეების კავკასიელი მთიელების სარაინდო კოდექსი იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა მამაკაცისთვის ომსა და ლაშქრობებს, საბრძოლო გამოცდილების შეძენას, რომ მეზობელი ხალხების დარბევას მორალურ–ზნეობრივი თვალსაზრისით არაფერი ეღობებოდა წინ. მოლაშქრეთა დიდი ნაწილისთვის ეს უბრალოდ მოვალეობა იყო ბატონისადმი.სწორედ ერთ-ერთ ასეთ ლაშქრობას მოჰყვა დავით გურამიშვილის გატაცება, რამაც განაპირობა კიდეც ამ დიდი ქართველის შემდგომი ბედი. იგი  სოფელ ლამისყანადან მოიტაცეს ლეკებმა და უნცუქკულში (ოსოქოლო) წაიყვანეს. გურამიშვილი 15 კაცს ასახელებს გამტაცებლად, რაც იმ პერიოდში მცირე რაზმით თარეშზე მიანიშნებს.მოგვიანებით, დაღესტნელი ინტელიგენტებისთვის კი ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა. მაგალითად, დაღესტნელი სწავლული დაუდ ოსიშელი თვლიდა, რომ ეს თავდასხმები არ შეესაბამება ადამიანის პატივსა და ღირსებას, აქედან გამომდინარე ეწინააღმდეგება შარიათს.

მიუხედავად ამგვარი რთული პოლიტიკური ვითარებისა, ორივე მხარე ხვდებოდა სტაბილური მშვიდობის საჭიროებას. ეს განპირობებული იყო საზამთრო და საზაფხულო საძოვრების საკითხით თუ ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების საჭიროებით. ამიტომ ერეკლე II-მ არაერთხელ მიმართა თავისუფალი საზოგადოებათა ჯამაათებს საზავო წინადადებით. ერთ–ერთ წერილზე  მან მიიღ ასეთი პასუხი: "მუკრატლის მხარის ყადისა და უხუცესტაგან გამგებელთა გამგებელს ერეკლე ხანს. მივიღეთ შენი წერილი და შევიკრიბენით მრავალნი ჯამაათებისაგან მის წასაკითხად. ვერ ვნახეთ ვერავინ, ვისაც არ სურდეს ზავი და მშვიდობა..."

დაღესტნელებს განსაკუთრებით რთული ურთიერთობა ჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებთან. 1786 წელს ქართლ–კახეთის სამეფო კარს მიუღია განჩინება ქართველთა, თუშთა და ანწუხელთა ურთიერთობის მოგვარების შესახებ. ნაწყვეტი ამ განჩინებიდან: "...სისხლი პირველად თორმეტი თუმანი იყო, მეორედ ოცდაოთხ თუმნად გავხადეთ, კიდევ არ იქმნა, მაინც კიდევ ხოცდენ და ახლა ოცდაათ თუმნად გაგვიხდია, რომელიც მოკლავს თუში თუ ანწუხელი თუ ქართველი, ეს სისხლი უნდა მისცენ."

თუშებსა და დიდოელებს მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა აკავშირებდათ. განსაკუთრებით თემურ–ლენგის შემოსევებამდე ქრისტიან დიდოელებთან. დიდოური გადმოცემების მიხედვით მათი წინაპრები ქართველი ფეოდალის, სახელად დიდოს ყმები ყოფილან, რომლებსაც მთებისთვის შეუფარებიათ თავი. გ.მელიქიშვილი მიუთითებდა, რომ "დიდი" თუ "დიდინი" – იხსენიება ძვ.წ. VIII ს. ურარტულ ლურსმნულ წარწერებში, როგორც დიაუხის ტომთა გაერთიანებაში შემავალი ტომები. თუშები ხვარშიელებთან, დიდოელთა ერთ–ერთ ტომთან ყოველწლიურად აღნიშნავდნენ თავიანთ დღესასწაულს "ჯვარს." დიდოელებიც გადმოდიოდნენ თურმე თუშეთის სოფლებში დართლოში, დანოსა და ჭეშოში თავიანთი დღეობის ჩასატარებლად, რომლის ერთ–ერთი რიტუალიც კვიცების დაკვლა ყოფილა. თუშებსა და დიდოელებს ჰქონიათ საერთო საძოვრები. დიდოელი ხელოსნები თუშეთში აშენებდნენ სახლებსა და კოშკებს. რამდენიმე ძველი ნასახლარი კი თუშეთში "დიდოთ ნასოფლარის" სახელითაა ცნობილი.

 ქართველი ვაჭრები კომერციული საქმისთვის XVIII ს.შიც ჩადიოდნენ ზღვისპირა დაღესტანში. XVIII ს. 20–იან წლებში კი წმ. ჯვრის დასახლებასა და დერბენდში ქართული კოლონიები გაჩნდა. აქედან მიდიოდნენ ისინი ყაბარდოსა და ასტრახანში. დაღესტნიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ნაბდები, შალი და სხვა. ცივი იარაღი, ხმლები, მახვილები, ხანჯლები, დანები. კარგი იარაღის ფასი ზოგჯერ 200 ცხვარს აღწევდა. იარაღი ხშირად იყო შემკული სპილოს ძვლითა და ოქრო–ვერცხლით. ქალის სამკაულები: ბეჭდები, სამაჯური, ყელსაბამები და სხვა.



XIX ს. დაღესტანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ხასიათდება სახალხო-განმანთავისუფლებელი ბრძოლით რუსეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ. დაღესტანი 1813 წელს რუსეთ-ირანის გულიასტანის ზავით მიუერთდა რუსეთს, მაგრამ ანტირუსული მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა და დაიწყო სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფოს - იმამატის შექმნა. ეს წინააღმდეგობა რუსეთ-კავკასიის ომში გადაიზარდა. ანტიკოლონიური მოძრაობა საზრდოობდა მიურიდიზმის იდეებით და რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი წინააღმდეგობაც გაუწია რუსეთის ჯარს. ამ პერიოდში იყო
დროშა
სამი იმამი: გაჯი-მაგომედი (ყაზი-მოლა), გამზათ ბეგი და შამილი. 1859 წელს აულ ღუნიბში რუსებმა მოახერხეს შამილის დატყვევება, რამაც, ფაქტობრივად, დაასრულა კავკასიის ომი და 1860 წელს დაღესტანი რუსეთს მიუერთდა. შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში ქართველებიც მონაწილეობდნენ და მნიშვნელოვნად განაპირობეს მისი დამარცხება... კავკასიის ომის შედეგები ძალიან მძიმე იყო, მაგრამ დაღესტნელებმა და ჩეჩნებმა ერთხელ კიდევ გაიბრძოლეს 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისას. რუსეთმა აჯანყება სასტიკად ჩაახშო, მოთავეები სიკვდილით დასაჯა, უამრავი ადამიანი კი გადაასახლა სხვადასხვა რეგიონებში. 

XX ს.ისთვის რუსეთმა თითქოს შეძლო ჩრდილოეთ კავკასიაში მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იყო. კავკასიელი ხალხები არასდროს შერიგებიან თავისუფლების დაკარგვას, ისინი ეძებდნენ შესაფერის დროს და ახდენდნენ ძალების აღდგენას. ასეთი კი 1917 წლის მოვლენები აღმოჩნდა. ორი რევოლუციის შედეგად რუსეთი აღმოჩნდა სრულ ქაოსში, ჩამოიშალა სახელმწიფო სტრუქტურები და ეკონომიკა. ამ პირობებში კავკასიელმა ხალხებმა დაიწყეს დამოუკიდებლობითვის საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა. 1917 წლის ნოემბერში დაარსდა ამიერკავკასიის კომისარიატი, ხოლო 1918 წლის 22 იანვარს მოიწვიეს ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც საკანონმდებლო ორგანო იყო. ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბება დაიწყეს ჩრდილოეთ კავკასიაშიც. მოვლენათა ცენტრში კვლავ დაღესტანი ხვდება. 1917 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომია, რომელსაც მოგვიანებით გაერთიანებული მთიელების რესპუბლიკა ეწოდა. მათ მიერ 21 დეკემბერს გაცხადდა, რომ ჩრდილო კავკასიელები მონაწილეობას არ მიიღებდნენ რუსეთის დამფუძნებელი კრების მუშაობაში და რეგიონი რუსეთს აღარ დაემორჩილებოდა. ამან ურთიერთობა დაძაბა კაზაკებთან. საბოლოოდ კი, 1918 წლის მარტში ვლადიკავკაზში შემოსვლით რუსებმა გააძევეს გაერთიანებულ მთიელთა მთავრობა, მთიელთა რესპუბლიკა კი დაიშალა. 

მომდევნო წელს თითქმის მთელი ჩრდილოეთ კავკასია აღმოჩნდა თეთრგვარდიელი დენიკინის ხელში. დენიკინი აკონტროლებდა შავიზღვისპირეთს, ყუბანს,ინგუშეთს, ჩეჩნეთს, დაღესტნის უდიდეს ნაწილს. ამგვარად, კავკასიელებს მოუხდათ ბრძოლა რუსეთის ორ ძალასთან, თეთრგარდიელებთან და წითელგვარდიელებთან. საბოლოოდ გამარჯვება წითელგვარდიელებს დარჩათ. თუმცა ეს მოვლენები კვლავ კავკასიელ ხალხთა ხოცვა-ჟლეტის თანმდევი იყო... 

1921 წლის 20 იანვარს დეკრეტით დაღესტნის ასსრ დაარსდა. რუსეთმა მოახერხა სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯების განეიტრალებაც. სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა საქართველოს ხელახალი დაპყრობა, კანონიერი ხელისუფლება კი ევროპაში გაიქცა. 

როგორც დავინახეთ, XX ს. დასაწყისში ქართულ-დაღესტნური ურთიერთობა წარმოგვიდგება კედლის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს დგას იმპერიალისტური რუსეთი, ამგვარივე მიზნებით კავკასიის ხალხებისადმი. საბჭოთა კავშირის შექმნით და მასში საქართველოსა და დაღესტნის ძალით გაწევრიანებით ეს ხალხები გარკვეულწილად ერთ სივრცეში იქნენ მოქცეული, სადაც კვლავ უნდა აღმდგარიყო კეთილმეზობლური, კულტურული ურთიერთობები ქართველებსა და დაღესტნელებს შორის. უნდა ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად მოხდა, თუმცა დიდი იყო რუსეთის მცდელობა ხელი შეეშალა ნებისმიერი დადებითი ურთიერთობებისთვის რეგიონის შიგნით. რუსეთის პოლიტიკა გულისხმობდა როგორც ეკონომიკურ ანექსიას, ასევე ეთნიკურ ცვლილებებსა და ლინგვისტურ ანექსიას. იგი მიზანმიმართულად ცდილობდა გაეღვივებინა შუღლი და გაეჩინა დაპირისპირების კერები, სადაც მოგვევლინებოდა მშვიდობის "დამცველის" სახით და მიეცემოდა მანიპულირების საშუალება. მსგავსი პოლიტიკა განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი. სამჭოთა კავშირის მმართველნი კი უფრო სასტიკ და სისხლისმიერ მეთოდებს მიმართავდნენ. დეპორტაციები, გადასახლებები, პოლიტიკური დევნა და ტერორი ერთნაირად განიცადეს, როგორც ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, ასევე დაღესტნელმა ხალხებმა. 

ქართულ-დაღესტნური ურთიერთობების მეოთხე პერიოდია პოსტსაბჭოთა დროში მიმდინარე მოვლენები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, დაღესტანი კი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1991 წელს სახალხო დეპუტატების II ყრილობაზე დადგინდა დაღესტნის რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსი რუსეთის ფედერაციის შემადგელობაში. რუსეთის კონსტიტუციით გათვალისწინებულია გარკვეული უფლებები დაღესტნელი ხალხებისთვის, თუმცა რაელურად რამდენად ეძლევათ საშუალება მისი გამოყენებისა ძნელად სათქმელია. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი ფაქტი: ბოლო პერიოდში დიდოელი ლეკები ითხოვდნენ საქართველოს შემადგენლობაში შესვლას, რადგან მიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციაში უხეშად ირღვევა მათი უფლებები, საფრთხე ემუქრება მათ ენას, კულტურასა და თვითმყოფადობას. 2010 წელს ამ თემებზე სასაუბროდ თბილისში იყვნენ ჩამოსულნი ლეკების წარმომადგენლები და შეხვდნენ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს

დღეისთვის დაღესტნის რესპუბლიკა წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ რეგიონს რუსეთის შემადგენლობაში, სადაც დიდია ტერორიზმის საფრთხე და ანტირუსული განწყობა. ეს, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი ნიშანი გახდა კავკასიელებისა, ისინი რუსეთის გამოჩენის არცერთ ეტაპზე არ შეგუებიან თავისუფლების დაკარგვას. დაღესტანში არსებული მდგომარეობა, გარკვეულწილად შეიძლება საფრთხეც აღმოჩნდეს საქართველოსთვის, რაც ნამდვილად ანგარიშგასაწევია ქართული დიპლომატიისთვის. მეორე მხრივ კი, ქართულ-დაღესტნურ ურთიერთობებში ძალიან ბევრი პოზიტივია. ეს ეხება სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროს და კულტურულ ურთიერთობებს. თბილისი, ამ ეტაპზეც, ცდილობს იყოს მიმზიდველი დაღესტნელებისთვის და სთავაზობს განათლების მიღებას. ამ საქმეში უდიდესი როლი აქვს თსუ-ს კავკასიოლოგიის ინსტიტუსის საქმიანობას. ვფიქრობ, ჩვენი სამომავლო ორიენტაციაც აქეთკენ უნდა წარიმართოს. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში განვითარებული და უძველეს დროს ჩამოყალიბებული  კეთილმეზობლური, კავკასიურ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობილი ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს. 



წყარო:
ნიკო ხუციშვილი -  დაღესტანი 2002 წ.
http://www.caucasus.org.ge/DesktopDefault.aspx?alias=Caucasusorg&lang=ka-GE&tabid=2275
http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-10-17/10425
http://www.orthodoxy.ge/tveni/marti/16-pimen.htm
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment