კავკასიის ფიბულები

"კავკასიის ფიბულები" წარმოადგენს 2006 წელს ნინო სულავას მიერ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილ დისერტაციას. ნაშრომის შესავალში ვკითხულობთ:

"ნაშრომის მიზანი და ამოცანები. კავკასიის ურთიერთობა გარესამყაროსთან ასახულია არაერთ უძველეს არქეოლოგიურ კულტურაში, წერილობით წყაროებსა და მითოლოგიაში. ჩვენი კვლევის მიზანია კავკასიის არქეოლოგიის ერთი კონკრეტული არტეფაქტის ყოველმხრივი შესწავლით კიდევ უფრო შეივსოს ჩვენი ცოდნა კავკასიის არქეოლოგიური კულტურებისა და მათი გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ. კვლევის საგანია კავკასიის ერთწილადი და ორწილადი რკალისებური ფიბულები,რომლებიც ზოგადად ძვ წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარსა და ახ. წ. პირველ საუკუნეებს მოიცავენ. კავკასიის ფიბულები ჩვენი კვლევის საგანი შემთხვევით არ გამხდარა. ისინი კავკასიაში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში არსებული კოლხური, ყობანური, კოლხურ-ყობანური კულტურებისა თუ კოლხურ-ყობანური ბრინჯაოს ნაწარმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რადგან ჯერ კიდევ არ არის ერთიანი აზრი ამ კულტურების ურთიერთდამოკიდებულების, არეალის, გენეზისის განსაზღვრისა და, რაც ყველაზე მთავარია, ქრონოლოგიის შესახებ, ჩვენი აზრით, კავკასიის ფიბულები უნდა განვიხილოთ მთლიან კავკასიურ კონტექსტში და არა ცალკეული კულტურების მიხედვით. ვფიქრობთ, ეს აშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ წინასწარ შექმნილი აზრის გავლენის ქვეშ ოქცევა.

კოლხურ-ყობანური კულტურები საგანგებოდ არავის უკვლევია მათთვის დამახასიათებელი არტეფაქტების (საბრძოლო და შრომის იარაღი, სამკაული და სხვ.) ტიპოლოგიური, ქრონოლოგიური კვლევისა და გენეზისის დადგენის თვალსაზრისით. მით უმეტეს, არ გაკეთებულა კავკასიის სამხრეთსა და ჩრდილოეთში მოპოვებული მასალების შედარებითი ანალიზი, რათა ნათლად გამოჩენილიყო მათ შორის მსგავსება და განსხვავება, როგორც ტიპოლოგიურ, ისე ქრონოლოგიურ ჭრილში. ამ მეთოდზე დამყარებული პირველი ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა კოლხურ-ყობანური ურთიერთობების საკითხებს, სამწუხაროდ, მხოლოდ ბოლო წლებში იქნა შესრულებული. ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღებული დასკვნების შემოკლებული სახით პუბლიკაციაში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფორმულირება: "ეს კულტურები (კოლხური და ყობანური _ ნ. ს.) . . . ნაწილია საერთო კავკასიური ბრინჯაოს კულტურისა, რომელიც თავის მხრივ, გარკვეულ მიმართებაშია წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვის აუზის კულტურებისადმი" [სახაროვა 2002, გვ. 25].

ამგვარად, კავკასიის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ბრინჯაოს ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის _ ფიბულის შესწავლა (ტიპოლოგიური ნიშნების განსაზღვრის საფუძველზე ქრონოლოგიისა და გენეზისის დადგენა;ქრონოლოგიის განსაზღვრის საფუძველზე კავკასიის თანადროული კულტურების ურთიერთმიმართებისა და დამოკიდებულების დადგენა; გენეზისის დადგენის საფუძველზე კავკასიის კულტურების ურთიერთობის განსაზღვრა გარესამყაროსთან) ვფიქრობთ, დაგვეხმარება კავკასიის არქეოლოგიის მთელი რიგი თუ არა, ზოგიერთი საკამათო და ბუნდოვანი საკითხის გარკვევაში მაინც.

ფიბულა ლათინური სიტყვაა (fibula, fibulae) და საკინძს, შესაკრავს ნიშნავს [ლათინურ-ქართული ლექსიკონი 1940; 1961; Латинско-русский словарь 1952; 1976; 1986]. ყველა ის ასპექტი, რაც ჩვენი კვლევის საგანი იქნება, ხაზგასმულია ფ. ბროკჰაუზისა და ი. ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტებაში, რომლის მიხედვითაც ფიბულა განსაკუთრებული სახის შესაკრავია და ის ფართოდ იყო გავრცელებული წინაისტორიულ ხანაში. ფიბულა გამოიყენებოდა ტანსაცმლის შესაკრავად და სამკაულად. ფიბულა შედგება: 1. ნემსისაგან, რომელიც განკუთვნილია ტანსაცმლის შესაკრავად; 2. ნემსსაჭერისაგან; 3. რკალის ანუ ფიბულის კორპუსისაგან და 4.ზამბარისაგან. ავტორთა ხაზგასმით, ყველა ეპოქამ თავისი კვალი დატოვა ფიბულაზე (ესთეტიკური, ტექნიკური, საკულტო), ამიტომ ისტორიული ქრონოლოგიისათვის ფიბულებს დიდი მნიშვნელობა აქვს [Энциклопедический словарь 1902, გვ. 642, 643].

ჩვენი კვლევის ამოცანაა მოვახდინოთ კავკასიაში გავრცელებული ფიბულების კარტოგრაფირება. გამოვავლინოთ მათი ტიპოლოგიური ნიშნები და არქეოლოგიური კონტექსტის გათვალისწინებით მოვუძებნოთ ქრონოლოგიური ადგილი. გამოვავლინოთ ამა თუ იმ ტიპის ქრონოლოგიური ჩარჩოები და არეალი. ტიპოლოგიური ნიუანსების ანალიზის საფუძველზე გამოვყოთ ლოკალური ვარიანტები და იმპორტული ნაწარმი. მეზობელი რეგიონების მასალის შესწავლისა და პარალელური მასალის ანალიზის საფუძველზე დავადგინოთ კავკასიაში ფიბულათა გავრცელების გზები და გენეზისის საკითხები.

ყველა დასახული ამოცანის შესწავლით, ვფიქრობთ, მივაღწევთ საბოლოო მიზანს – წარმოვაჩენთ ფიბულის როლს ისტორიული ქრონოლოგიისათვის.

კავკასია ევრაზიის სივრცეში ერთ-ერთ იმ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ფიბულებია დადასტურებული. ფიბულები გავრცელებულია აპენინის ნახევარკუნძულიდან კავკასიის ჩათვლით, მთელ მედიტერანულ სივრცეში, შუა ევროპასა და მცირე აზიის ჩათვლით [Laux 1978; Kilian 1975; Betzler 1974; Sapouna-Sakellarakis 1978; Eles Masi 1986; Bader 1983; Gergova 1987; Caner 1983; Řihovský 1993; Vasić 1999; Pedde 2000; Storch 1988]. თუმცა, კავკასია რაოდენობრივი თვალსაზრისით ჩამორჩება ფიბულების მქონე ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი და იტალია, სადაც ფიბულათა რაოდენობა ათასობით განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, კავკასიის ფიბულებისადმი ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. უცხოელ მეცნიერთა აზრით, კავკასიის ფიბულები გამოცანაა, პრობლემებს ქმნიან ან საიდუმლოებითაა მოცული [Sundwal 1943, გვ. 22; Bouzek 1985, გვ. 159]. ისინი ცდილობდნენ კავკასიის ფიბულები დაეკავშირებინათ ჩრდ. იტალიისა (ე. შანტრი) და საბერძნეთის მასალებთან. არიან კავკასიის ფიბულათა ადგილობრივი წარმოშობის მომხრეებიც (გ. გობეჯიშვილი, ბ.ტეხოვი, ლ. სახაროვა). არ არის ერთიანი აზრი ქრონოლოგიაზეც.

წინამდებარე ნაშრომი პირველი ცდაა შეძლებისდაგვარად კავკასიის ფიბულების მთელი მასალის წარმოდგენისა და იმ პრობლემებზე პასუხის გაცემისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ბუნებრივია, ნაშრომი ვერ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან, თუნდაც მასალის დიდი მოცულობის გამო. ამასთან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნაშრომში განხილული ყველა კარდინალური საკითხი ვერ იქნება ბოლომდე ამომწურავად გაშუქებული. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი კავკასიის ფიბულების ამ ფორმით წარმოდგენა უფრო მეტ ნათელს მოჰფენს მთელ რიგ პრობლემებს და ხელს შეუწყობს კავკასიის სიძველეებზე მომუშავე მკვლევარებს.




სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:





Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment