დაღესტნის სახანოები

დაღესტნის რესპუბლიკა კავკასიის რესპუბლიკებიდან ყველაზე მრავალფეროვანია. 50.300 კვ.კმ-ზე წარმოდგენილია 30-მდე ეთნოსი საკუთარი ენითა და კულტურული შტრიხებით. მათი ჩამოყალიბების პროცესი საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობდა და თან ახლდა კავკასიის რეგიონის ხელში ჩაგდების მსურველ დამპყრობელთა მიზანმიმართული პოლიტიკა. ამ ტერიტორიაზე ადრეფეოდალური ხანიდან ყალიბდება სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. მათ შესახებ ცნობები მოგვეპოვება V-VI საუკუნეებიდან. წყაროების ანალიზით დგინდება, რომ ამ ტერიტორიაზე ირანელებისა და არაბების დამკვიდრებამდე, მათ მიერ ადმინისტრაციულ დაყოფამდე არსებობდა ფეოდალური წარმონაქმნები შესაბამისი ხელისუფლებითა და სტრუქტურული დაყოფით. რუსეთთან შეერთებამდე ეს გაერთიანებები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს, სხვადასხვაგვარი ადმინისტრაციული მოწყობით, საზოგადოებრივ–ეკონომიკური ურთიერთობების ფორმით და პოლიტიკური კურსით.

დაღესტანსა და კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ დაიწყო აქ არსებული ტრადიციული ადმინისტრაციული და სტრუქტურული გადანაწილების უგულებელყოფა და ახალი მმართველობის შემოღება. გაუქმდა დაღესტანში არსებული ისტორიული სახანოები და მოიშალა ეთნიკური საზღვრები. წყაროები არც ისე ბევრ ცნობას გვაწვდის ამ სახანოების შესახებ მაგრამ უძველესი დროიდან მოყოლებული შემდეგი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული წარმონაქმნებია ცნობილი:

ზირიჰგარანი –– ტერმინი ირანულიდან მომდინარეობს და ნიშნავს: "აბჯრის მკეთებლები."  მათი განსახლების ადგილი იყო აული კუბაჩი და მიმდებარე ტერიტორია. "კუბაჩი" თურქულ ენაზეც "აბჯრის მკეთებლებს" ნიშნავს. ზირიჰგარანელები თავის თავს მოიხსენიებდნენ ტერმინით "უგბუგ" – ადამიანის დამღუპველები. მეზობელი ხალხები ხშირად მათ მოიხსენიებდნენ ფრანგებად, რაც გვაფიქრებინებს მათ აქტიურ საერთაშორის კონტაქტებზე. მათ შესახებ  ისტორიული წყაროებიდან აღსანიშნავია ალ–ღარნატის ცნობები XII საუკუნეში, სადაც საუბარია, რომ ზირიჰგარანში ამზადებენ სხვადასხვა ნივთებს. 

ზირიჰგარანი XIII საუკუნეში იხსენიება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რაც გაგრძელდა XIV საუკუნემდე.

დერბენდის სახანო –– სახელწოდება სპარსულად ნიშნავს დაკეტილ კარს. მას ასევე მოიხსენიებდნენ – კარი, კართა კარი, რკინის კარები, კასპიის კარი. ქართლის ცხოვრებაში ვხვდებით: ზღვის კარი, რომელსაც ჰქვიან დარუბანდი. ეს სახელები დაკავშირებულია დერბენდის, ანუ დარუბანდის გეოგრაფიულ მდებარეობასთან. დაღესტნის მთიანეთი აქ მთავრდება და კასპიის ზღვასთან ქმნის 2–3 კილომეტრიან გასასვლელს. ამიტომაც ეს პუნქტი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. წარმოადგენს გასასვლელს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას შორის.

დერბენდის დაარსებასთან დაკავშირებით რამდენიმე გადმოცემა არსებობს: ის დაუარსებიათ ირანელ მეფეებს, ან ალ. მაკედონელს. ქართლის ცხოვრება კი არდამ ერისთავს მიაწერს დერბენდის დაარსებას. ძვ.წ VIII-VII საუკუნისთვის დადასტურებულია მძლავრი სიმაგრეები. ნაპოვნია სკვითური ისრის წვერები. ცნობილია დარუბანდის კედელი თავისი არქიტექტურული ღირებულებით. მისი სიგრძე 40 კილომეტრია. მშენებლობა დაკავშირებულია ირანის შაჰთან ხოსრო I-თან. ამასთან დაკავშირებით ალ–ფაკიჰი აღნიშნავს, რომ თუ ადრე 50 ათასი კაცი უნდოდა საზღვრის დაცვას, კედლის აშენების შემდეგ 100 კაციც საკმარისია.

დერბენდის სამხრეთით არის ორი თხრილი, გალავანი და ქალაქის ნანგრევები. ეს უნდა იყოს ქალაქი ჩორი, საიდანაც ყოფილან ძვ. ალბანელთა მეფეები.

VIII-X საუკუნეებში დერბენდი კასპიის ზღვის უდიდესი პორტია. გემებს იქ შესვლა მხოლოდ მცხოვრებლების თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ.

IX-X ს.ს-ში დარუბანდში ჰაშიმთა დინასტიაა გაბატონებული. XII-XIII ს.ს-ში დარუბანდი დამოუკიდებელ ემირატებს წარმოადგენს. XVI ს.-დან სეფიანთა ირანის შირვანთა ხელისუფლებას ემორჩილება. 1722 წ. რუსეთს შეუერთდა. 1735 წლის ხელშეკრულებით ირანმა მიიღო. ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ კი დამოუკიდებელია. XVIII ს.-ის 60–იან წლებში აზერბაიჯანის ყუბის სახანოს შეუერთდა.

თაბასარანის სამაისუმო –– მდებარეობდა დერბენდის ჩრდილო–დასავლეთით. მის მმართველებს VII საუკუნიდან მაისუმის ტიტული აქვთ. საისტორიო ქრონიკა "ასარი დაღესტნის" მიხედვით არაბმა სარდალმა აბუ მუსლიმმა თაბასარანის მმართველად მუჰამედი დანიშნა, რომელსაც მეორე სახელი მაისუმი ერქვა. აქედან მოდის თაბასარანის მმართველთა ტიტულიც. 

წყაროებით ცნობილია, რომ XII-XIII საუკუნეებში თაბასარანის სამაისუმო დაიშალა რუსტაკებად. XV საუკუნეში ძლიერდება. ჩანს საერთო საბჭო – დიგორი. ამავდროულად, იზრდება ყადის ავტორიტეტი. ეს ჩანს საბრძოლო შესაძლებლობებშიც: ომის დროს მაისუმს შეეძლო 3500 მეომრის გამოყვანა, ხოლო ყადის 4000.

 ხაიდაყის საუცმიო –– მდებარეობდა დერბენტის ჩრდილოეთით. ტერმინი უცმი გვხვდება XIV ს.-დან. X ს.-ში იბნ რუსტა წერდა, რომ საუცმიოს მმართველი სამი რელიგიის მიმდევარი იყო – პარასკევს ლოცულობდა მუსლიმებთან, შაბათს ებრაელებთან, კვირას ქრისტიანებთან. უცმის ამტკიცებდა საერთო–სახალხო კრება. ხაიდაყის საუცმიოს თავდაპირველი დედაქალაქი იყო ყალაკორეიში, ხოლო შემდეგ ურქარახი. უცმის 12 500 მეომრის გამოყვანა შეეძლო XIV-XV ს.ს. ამას გარდა,  300 მხედარი მუდმივად თან ახლდა.

ხუნძეთის სანუცლო –– მდებარეობდა მთიანი დაღესტნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში. VI საუკუნის სირიულ ქრონიკაში ცნობილია ბეთ–დადუს სახელით. ამ სახელის ქვეშ შეიძლება დიდოელები ვიგულისხმოთ. მთიან დაღესტანს სპარსულ–არაბული გეოგრაფია იცნობს სერირის სახელით, რომლის დედაქალაქი იყო ხუმრაჯი – ანუ ხუნძახი.

XIII ს.-ში სერირი დაიშალა. ამ დროიდან იხსენიება ტიტული ნუცალი, რომელიც შეიძლება ავარული ნუსგი–დან მომდინარეობდეს. არის სხვა ვარიანტებიც: ებრაული ნუცი–ნუსი, რაც თავადს, უხუცესს ნიშნავს, ან/და ქართული ნაცვალი.

ტარკის საშამხლო –– XV ს.-სთვის ტარკის საშამხლო კასპიისპირეთში ყუმუხებით, ლაკებით და დარგოელებით იყო დასახლებული. აქ გადიოდა სავაჭრო სტრატეგიული მნიშვნელობის გზები.

არაბმა სარდალმა მასლამამ აქ დანიშნა დამასკელი არაბი, რომელიც შამხალი იყო, ანუ სირიელი. თავდაპირველი შამხლის რეზიდენცია იყო ყუმუხში. XVI ს.-ის 70-იან წლებში ჩობან შამხალის სიკვდილის შემდეგ საშამხლო დაიშალა. ბრძოლა გაიმართა მის მემკვიდრეებს შორის. ერთ–ერთი იყო ყაბარდოელი ქალის შვილი, სულთამუტი, რომელიც სულაკისიქითა ყუმუხეთში გამაგრდა. მის სამფლობელოს ეწოდა ენდერეს სახელმწიფო. მას შემდეგ გამოეყო აკსაის და კოსტეკოს სამფლობელოები. XVIII ს.-ში სამივე ეს ტერიტორია შეუერთდა რუსეთს.

ტარკის საშამხლოში შამხლის ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი და ენიჭებოდა რომელიმე რაიონის მმართველს. XVII საუკუნეში შამხლის ტახტისთვის ყირიმ შამხალი და ტარკის მმართველი გირეი იბრძოდნენ. გირეი რუსებს იშველიებდა. ამგვარად მივიღეთ ორი ახალი რეზიდენცია: ტარკი და ბოინაკი. 

ტარკის საშამხლოში ცნობილია ნუქერების არსებობა, რომელთაც ევალებოდათ გადასახადების აკრეფა, კანონდამრღვევთა დაჯარიმება, შამხლის დაცვა. დამნაშავეებს შამხლის რეზიდენციის წინ ორმოში აგდებდნენ. აქ იყო გრ. ორბელიანის ძმა, ილია.

ღაზიყუმუხის სახანო –– მდებარეობდა მთიანი დაღესტნის ცენტრში და იყო დასახლებული ლაკებით. V-X ს.ს.-ში აქ იყო ღუმუქი, ანუ თუმანი. XVII ს. ღაზიყუმუხელებმა გააძევეს შამხალი და ცალკე დაარსეს მმართველობა. მმართველს ეწოდებოდა ხახლავჩი – ხალხის მეთაური და ირჩევდა ფეოდალური ზედაფენა – კიატი. ყველაზე ძლევამოსილ მმართველად მიჩნეულია ჩოლაქ–სურხაი. მისმა შვილებმა დაიმორჩილეს ლეზგებით დასახლებული ტერიტორია კურახი.

მეხთულინის სახანო –– ჩამოყალიბდა ღაზიყუმუხის მეზობლად XVIII ს.ში. დამაარსებელია ყარა–მეხთი, წარმოშობით ყუმუხიდან. ცნობილია, რომ აქ იყო სულ 18 აული და ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა.

თავისუფალი საზოგადოებები –– დაღესტნის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული თავისუფალი საზოგადოება იყო. ეს არის სასოფლო თემთა რამდენიმე მცირე კავშირი – ტერიტორიული, სამეურნეო და პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე. მსგავსი საზოგადოებები გვხვდება დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ დაღესტნის, მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხუნძებით, ლეზგებითა და დარგოელებით დასახლებულ მიწებზე.  ასეთ საზოგადოებებს სათავეში ედგა ზოგჯერ თემის არისტოკრატია, ზოგჯერ არჩეული მმართველი, ზოგჯერ სასულიერო პირი. მათი თავისუფლება პირობითად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ხშირად რომელიმე ხანს ემორჩილებოდნენ, მის იურისდიქციაში შედიოდნენ. ამ შემთხვევაში ეს ურთიერთობა ორივე მხარისის ინტერესებში შედიოდა. მაგალითად: აყუშა–დარგის მოსახლეობა საზამთრო საძოვრებით სარგებლობისთვის საქონელის გარკვეულ რაოდენობას აძლევდა შამხალს და უცმის. ასევე მიდიოდნენ შამხლის საბრძოლო ლაშქრობებში. აყუშა–დარგის მცხოვრებლები სარგებლობდნენ საპატიო უფლებით, ახლადარჩეული შამხლისთვის დაეხურათ ფაფახი.


წყარო: ნიკო ხუციშვილი -  დაღესტანი 2002 წ.

Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment