სამხრეთ კავკასიელთა ტრადიციული სამოსი

ტანსაცმელი თავდაპირველად წარმოდგენილი იყო, როგორც ადამიანის დამცავი საშუალება. გარდა ამისა, ტანსაცმელს ჰქონდა (და აქვს) რიტუალური და სიგნიფიკატიული ფუნქციებიც. მისი ამჟამინდელი სახე ჩამოყალიბდა როგორც სოციალური და ზნეობრივი ღირებულებების შედეგი. იგი თავიდანვე მიუთითებდა მისი მატარებლის სოციალურ მდგომარეობაზე. სამოსს, გარკვეულწილად ეთნიკური განმასხვავებლის ფუნქციაც ჰქონდა, ანუ იყო ეთნიკური იდენტობის მარკერი. გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა დიდი სხვადასხვაობა ტანსაცმლის ფორმებში, რაც იყო შედეგი სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურებისა, გეოგრაფიისა, ხელთ არსებული მასალებისა და კლიმატის.[1] როგორც ცნობილია, ეროვნულ სამოსში იმალება ერის სული და ღირებულებები. ის გვიმხელს მათ თვისებებსა და ხასიათის თავისებურებებს, ანუ გადმოგვცემს  კუთხის ან ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაზე და ზნე-ჩვეულებებზე გარკვეულ ცოდნას. აგრეთვე, ხალხის ჩაცმულობაში მეტ-ნაკლებად აისახება მათი სულიერი განვითარებაც.[2]  
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნებისმიერი ქვეყნის კულტურაზე საუბრისას ტრადციულ სამოსს გვერდს ვერ ავუვლით, რადგანაც იგი ყველაზე უკეთ გადმოგვცემს ერის დაწინაურებლობასა და კულტურულ განვითარებულობას, ვინაიდან არის ნივთიერი მასალა, რისი შესწავლაც  შესაძლებელია. ამ მხრივ არც კავკასიის ქვეყნებია გამონაკლისი. საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის პრობლემატიკაში ქართულ ჩაცმულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ხალხურსა და, საერთოდ, ეროვნულ ჩაცმულობას ხანგრძლივი განვითარების გზა აქვს განვლილი.[3] ზოგადად ჩაცმულობის ჩამოყალიბებაში გარკვეულ (თუ არა მთავარ) როლს რელიგიაც ასრულებს. მაგალითად, ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც ცოდვად მიიჩნევს სხეულის სიტიტვლეს. თავდაპირველად ეკლესიის დაწესებული კანონებით  და აკრძალვებით იქმნებოდა ტანსაცმელი. მართალია, დროთა განმავლობაში რელიგიებმა (არის გამონაკლისებიც) ვერ მიაღწიეს ჩაცმულობის სფეროში სასურველ შედეგებს, მაგრამ მორწმუნეები, უმეტესად, მაინც არ გამოდიან იმ ჩარჩოებიდან.


თანამედროვე ქართული ჩოხა

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს აქვს თავისი ტრადიციული  სამოსი, რომელიც ქართულ ცეკვაში კარგად არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს ერთი, საერთო რეგიონული ხასიათის გამომხატველი სამოსი, რომელიც აერთიანებს კავკასიურ კულტურას. ეს გახლავთ, ჩოხა. სიტყვა „ჩოხას“ ფონეტიკურად სხვადასხვა ფორმა დასტურდება კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩოხას უწოდებენ როგორც მამაკაცის, ასევე ქალის მოსაცმელ სამოსელს, ხშირად - საჩოხე შალის ქსოვილსაც. ჩოხა კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათი საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთაობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი კალთა. მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დამდეგისათვის არსებობდა ჩოხის სამი ძირითადი ტიპი:
1.ხევსურული ჩოხა - ტალავარი
2.ქართლ-კახური ჩოხა
3.ზოგადად კავკასიური ტიპის ჩოხა (რუსულად „ჩერქეზკა“)


ტალავარი

საქართველოს მთის მოსახლეობის ჩაცმულობიდან ყველაზე მეტი ორიგინალურობით ხევსურული ტანსაცმელი გამოირჩევა. ჩაცმულობის ამ კომპლექს კავკასიის მასშტაბით ანალოგი არ მოეძენბება. ხევსურებმა ჩვენამდე შემოინახეს თავიანთი ეთნიკური ტანსაცმელი „ტალავარი.“ ესაა საერთო სახელი ქალისა და მამაკაცის სამოსისა, ძირითადად ლურჯი ან შავი შინ ნაქსოვი შალისაგან შეკერილი და მდიდრულად მორთული ჭრელი უფაქიზესი ნაქარგებით(სახეები ჯვრებითაა გამოყვანილი). ხევსურული ქალის ტალავარის ძირითად ელემენტს „სადიაცო“ ჰქვია, რომლის უკანა კალთის ქვემოთ „ქოქომინის“  (ნაოჭებიანი ნაწილი) თავზე დაკერებული აქვს წითელი და ლურჯი ოთხკუთხედები. ეს „სადიაცოს“ აუცილებელი ელემენტია, მაგრამ მისი გამოჩენა „უხერხულად“ ითვლებოდა და ყოველთვის იფარებობდა კაბაზე ჩამოცმული ან უსახელო „ქოქოლოთი“ ან სახელოებიან და საყელოიან „ფაფანაგით.“ წინდებზე ქვემოდან მიკერებულია მოუქნელი ბეწვიანი ტყავი, ფეხის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც თავდაღმართზე სიარულს ამცირებდა.[4]
ქართლ-კახური ჩოხა ხევსურულ ჩოხაზე გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული სამოსია, რომელსაც მკერდის მიდამოებში სამკუთხა ფორმა ჰქონდა, რათა ახალოხი გამოჩენილიყო. ქართლ-კახურ ჩოხას ძირითადად უსარტყელოდ ატარებდნენ. კალთაზე შეჭერილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განერიდებოდა და ხშირად, ზემოთ აკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნული და ოსური შალი, ძირითადად შავი. წაბლისფერი  და ლურჯი.
ზოგადი კავკასიური ტიპის ჩოხა (რუსულად „ჩერქეზკა“) - ძირითადად ის იკერებოდა, როგორც ქართლ-კახური, იმ განსხვავებით, რომ ზედატანი მკვიდრად იყო ამოსხმული და წელზე მჭიდროდ მორგებული. მკერდის ორივე მხარეს ჰქონდა სამასრეები, მასრების თავზე, ზოგჯერ, ვერცხლის ძეწკვს აბამდნენ, რომლითაც ავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის აბზინდიანი ქამარი, რომლის ვერცხლის დეტალები მდიდრულად იყო შემკული. იკერებოდა როგორც შინაური ქსოვილის, ისე ფაბრიკული მაუდისაგან. განასხვავებდნენ მოკლე და გრძელ ჩოხებს. ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის, უბრალოდ ფაქტია, რომ გრძელი ჩოხა (ისევე, როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოეთ კავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული ფენომენია და XVII-XVIII საუკუნეებში  შემოვიდა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმისი თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველად მეგრელებმა დაიწყეს. შემდგომ გადაიღეს იმერლებმა, ხოლო ქართლ-კახეთში გრძელ ჩოხას არ ატარებდნენ.
ჩოხასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი ფაქტი: მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩოხის ფერს. მაგალითად თეთრი ფერის ჩოხას სადღესასწაულოდ იყენებდნენ, რადგან თეთრი სიწმინდისა და სიახლის  სიმბოლოა. ხოლო შავ ჩოხას გლოვის და ომის პერიოდში ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათელს ხდის კავკასიელი ხალხების ტრადიციულ-კულტირულ სიახლოვეს, ვინაიდან კარგად ჩანს, რომ ამ ერებს საერთო მსოფლხედვა, საერთო სიმბოლიკა და მიმართება აქვთ გარესამყაროს მიმართ.
რაც შეეხება მეორე სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას, სომხეთს, მისი სამოსი ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარია. სომეხი მამაკაცი იცვამდა კოტონის ან აბრეშუმის ახალუხს პერანგის გარეთ. ეს იყო ფართო მოსაცმელი მოკლე საყელოთი,  შეკრული კაუჭებით ან პატარა ღილებით საყელოდან წელამდე.ახალუხის გარედან სომეხი კაცი იცვამდა გრძელ შალის ჩოხას, ზემოდან ჩამოსროლილს და წელთან შევიწროებულს, რომელსაც  წელზე იკრავდა ქსოვილის ან ტყავის სარტყელით. შემდგომში ეს სარტყელი შეიცვალა ვერცხლის ბალთიანი ქამრით. ასევე ისინი იცვამდნენ მუქი შალისაგან ან კოტონისაგან დამზადებულ განიერ შარვალს, რომელსაც ჩვეულებრივ ჰქონდა ლურჯი ფერი და განიერი ღარები წელთან. ნიმუშის მიხედვით გაკეთებული, მოქსოვილი და სქელი ყელსახვევი იყო სრულად ჩაყოლებული ღარებზე 2სმ. სიგანეზე.[5]
ცოტათი განსხვავებული ჩაცმის სტილი იყო დამახასიათებელი დასავლელი სომხებისთვის. ისინი  იცვამდნენ სპეციალურ მოსასხამს, ჟილეტს ახალუხის ნაცვლად. ჟილეტის ქვემოდან ისინი იცვამდნენ ამოქარგულ პერანგს წინ და სახელურებზე, შეკრულს საყელოსთან მარცხენა მხარეს. ჟაკეტი იყო უსახელო და გახსნილი.

სომხები
ქალის ტრადიციული სამოსი ორივეგან როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ სომხეთში ერთგვაროვანი იყო. გარეთ ჩასაცმელი მოიცავდა ახალოხის ტიპის გრძელ ჩასაცმელს განაჭრებით მკერდსა და თეძოებს ქვემოთ. წელი შეხვეული იყო გრძლად დაკეცილი აბრეშუმის ან შალის შარფით. ამოქარგული წინსაფრები და დეკორაციები იყო აუცილებელი ელემენტი დასავლელი სომეხი ქალისა. ქალის თავსაბურავი, განსაკუთრებით აღმოსავლეთში გამოიყურებოდა, როგორც „ტურეტი“, გაკეთებული კოტონისაგან სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული შარფებით სახეზე.[6] ტანსაცმელი იქმნებოდა ატლასისგან, აბრეშუმისგან,ფარჩისგან, პლუშისგან და დამოკიდებული იყო ინდივიდის შემოსავალსა და სოციალურ მდგომარეობაზე.


სომხური ეროვნული სამოსი

აზერბაიჯანის ეროვნული სამოსი ძალიან ლამაზი და ორიგინალურია. ქალის ტანსაცმელი  გრაციოზული სილუეტსა და განაჭერში ხაზს უსვამს აზერბაიჯანული მშვენიერების მოქნილ წელს. ქალის ტანსაცმელი არის მორთული ჩახლართული ნაქარგებით და „ოქროს“ რგოლებით. იგი მოიცავდა გარედან ჩასაცმელ პერანგს, ახალუხს, ჩეპკინს, ლაბადას და სხვა გამორჩეულ ელემენტებს. იქმნებოდა ძირითადად, აბრეშუმის ან ხავერდისაგან. პერანგის საყელოზე გამოიყენებოდა ერთი ღილი. საყელო იყო ნორმალურად გრძელი, ფართო და სწორი. პერანგის წინა ნაწილი იყო მორთული ვერცხლისა და ოქროს მონეტებით. პერანგის ზემოდან იცვამდნენ მჭიდროდ მორგებულ ხალათს, რომელიც იყო დამზადებული სხვადასვა კაშკაშა ქსოვილებისგან. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელებს ჰქონდათ ფაქიზი დამოკიდებულება არამარტო ტანსაცმლისადმი, არამედ ზოგადად ფერებისადმი. თვლიდნენ რა, რომ ფერების მოწყობილობა ეხმარებოდა გარეშეს შექმნოდა პირველადი შთაბეჭდილება, მათ სამოსში იგრძნობოდა ფერების ჰარმონია და მოწესრიგებული გაერთიანება.[7]


აზერბაიჯანული ეროვნული სამოსი
აზერბაიჯანელი კაცის ტანსაცმელი არის, ასევე, ორიგინალური და ხაზს უსვამს, რომ მამაკაცის სამოსი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ მორგებული. ტიპიური აზერბაიჯანული ტანსაცმელი შეიცავს: პერანგს, ახალუხს, ჩოხას და განიერ შარვალს. პერანგი მზადდებოდა ატლასისა და სატინისაგან. აქვს ღილები და შესაკრავი. ახალუხი იყო ტანზე მომდგარი. მისი ნაჭერი იყო მორთული ფურფუშებით,სახელოები იყო სწორი და ვიწროვდებოდა იდაყვებთან. ახალუხს შეიძლებოდა ჰქონოდა ერთი ან ორი ჯიბე. ახალუხი იყო საყელოსთან შეკრული ღილით. მის დასამზადებლად გამოიყენებოდა ქაშმირი, ატლასი და სატინი. ახალუხთან ერთად ახალგაზრდა კაცი იკეთებდა ქამარს ან სარტყელს, ხოლო მოზარდი და ასაკოვანი შარფს. ჩოხა არის აზერბაიჯანული მამაკაცის ზედა ჩასაცმელი, რომელსაც აქვს ღილები მთლიანად სახელოების გრძელი ჭრილის სიგრძეზე. ჩოხის წინა ნაწილზე მკერდთან იყო ზოლები დეკორაციისთვის. კაცის განიერი შარვალი იყო გაკეთებული შალის ქსოვილისაგან. ის უნდა ყოფილიყო  იმდენად განიერი, რომ კაცს შესძლებოდა ცხენზე ჯდომა და ტარება. აზერბაიჯანელ მამაკაცებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სპეციალური ქუდი ფაფანაკი.რომელიც საკმაოდ კარგად გამოჰკვეთს ამ ქვეყნის თავისებურებებს და ერთის მხრივ განასხვავებს მსოფლოისაგან, და მეორე მხრივ, აახლოებს მეზობელ კავკასიელებთან.


ტრადიციული აზერბაიჯანული სამოსი

მაშ ასე, წარმოგიდგინეთ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის  ტრადიციული სამოსელის თავისებურებები, მსგავსებები და განსხვავებები. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ეროვნული ტანისამოსი ერთნაირად ხაზს უსვამს სხეულის სილამაზეს, მოქნილობას. სხეულის იდუმალება ამ მძმე ტანსაცმლის ქვეშ კარგად იმალება. გაჯერებულია ნათელი ფერებით. არის მოკრძალებული და გამოჰკვეთს  ჩამცმელის ხასიათსა და ბუნებას. შეკერვისას გათვალისწინებულია ყველა დეტალი, თითოეული ნიუანსი, ისე, თითქოს მკერავი ზედმიწევნით კარგად იცნობდეს ჩამცმელის აგებულებასა თუ ხასიათს.
თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ სამივე ქვეყნის სამოსს აზიურ ჩაცმის  სტილთან უფრო მეტი აკავშირებს ვიდრე ევროპულთან, ეს ძალიან მარტივად აიხსნება. კავკასიის რეგიონი ევრაზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და იწოდება, როგორც „ევრაზიის მზის წნული.“  რეგიონის განვითარებას თან ახლდა მუდმივი კონტაქტები აზიელ ხალხებთან. ძირითადად ესენი იყვნენ დამპყრობლები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ კავკასიაზე გაბატონებასა და საკუთარი კულტურისა (თუ უკულტურობის) და   ცხოვრების წესების თავს მოხვევას. ვაღიაროთ უნდა, რომ გარკვეული გავლენა განიცადა კავკასიამ დროთა განმავლობაში. თუმცა კავკასიური კულტურა ჩამოყალიბდა და განვითარდა კავკასიის რეგიონშივე. დროთა განმავლობაში კი, აზიის სხვადასხვა ჰეგემონ სახელმწოფოებთან ერთობლივ ეკონომიკურ სივრცეში ყოფნამ ასახვა ჰპოვა მასში და მოხდა სახეცვლილებები.იგივე ითქმის ტანსაცმელზეც, შემოვიდა აზიური ელემენტები. განსაკუთრებული გავლენა განიცადა სპარსული სამოსისა, სხვადასხვა ორნამენტებითა და ნაქარგებით გაფორმების თვალსაზრისით, რითიც კიდევ უფრო განვითარდა კავკასიური კულტურა.






[2] ი. ციციშვილი    გამომცემლობა „ხელოვნება“ თბ 1954
[3] ბეზარაშვილი, ჯილაბაძე „ქართული ხალხური ტანსაცმელი“ გვ.3  გამომცემლობა „მეცნიერება“ თბ 1988
[4] ნინო ბრაილაშვილი „ქართული ჩაცმულობის ეთნოგრაფია  გამომცემლობა „ხელოვნება“ თბ.1990
[5] Armenian Traditional Costume  http://melina-design.com/Armenia_cost_en.html
[7] Azerbaijani National Costume  http://www.visions.az/culture,62/
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment