თოლია ჯონათანი


რიჩარდ ბახის „ჯონათან ლივინგსტონი“ არის წიგნი თოლიაზე, რომელიც შემეცნების გზას დასდგომია და ცდილობს თოლიებისთვის უჩვეულო ცხოვრების სტილსა და ახალ გამოცდილებას დაეუფლოს. მას აღარ სურს თანამოძმეების მსგავსად კვლავ წყლის ზედაპირზე დაცურავდეს და თევზებზე ნადირობდეს. თავისუფლებას, მწვერვალების დაპყრობას მოწყურებული თოლია საკუთარი გუნდისგან განცალკევებით დღე და ღამ ვარჯიშობს, რათა აითვისოს სწრაფად ფრენა, დიდი სიმაღლიდან დაშვება და მანევრირება. იგი დიდ წინააღმდეგობას აწყდება ჯერ გუნდის მხრიდან, ხოლო შემდეგ საკუთარ თავთან. მამის ჩაგონებით გადაწყვეტს კიდეც თავი დაანებოს ამ გულმოდგინე ვარჯიშს და დაუბრუნდეს თოლიათათვის დამახასიათებელ ცხოვრებას, მაგრამ ვერ ახერხებ. კვლავ უბრუნდება მაღალ სიმაღლეებს და წარმატებულადაც ამთავრებს შემეცნების პირველ ეტაპს. ვკითხულობთ ნაწარმოებში: „ვინც შემეცნებისთვის იღწვის, წინ ვერაფერი დაუდგება“.  შედეგად მას საჯაროდ განუცხადებენ რომ შეარცხვინა თოლიათა მოდგმა და განკვეთენ გუნდიდან. „მოვა დრო, ჯონათან ლივინგსტონ, როცა მიხვდები, რომ უპასუხისმგებლობა არაფერს გარგებს. ცხოვრების არსი ჩვენთვის უცნობი და შეუცნობადია, ერთია მხოლოდ ნათელი - ამქვეყნად იმიტომ მოვსულვართ, რომ ვჭამოთ და იქამდე ვიცოცხლოთ, სანამ გავძლებთ.“  როგორც წესი სათათბიროს არ ეკამათებიან, მაგრამ თოლია ჯონათანი ვერ ჩუმდება ამგვარი პასუხის გამო: „უპასუხისმგებლობა? ძმებო! რა არის უპასუხისმგებლობა? ის რომ არსებობის უმაღლეს აზრს, დანიშნულებას ჩავწვდი და მას ვიცავ? ათასი წლები გადის, დავყიალებთ თევზის საძებნელად. ახლა ჩვენმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა - ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა! გამომცადეთ, მომეცით საშუალება გაჩვენოთ, რას მივაღწიე...“

განკვეთილი ჯონათან ლივინგსტონი განაგრძობს ცაში მარტო ფრენას. ერთ საღამოსაც ორ თოლიას მოკრავს თვალს, რომლების მასავით კარგად დაფრინავენ. ჯონათანს უკვრის ეს და გამოცდას ჩაუტარებს, სწრაფად გაფრინდება. ისინი დაეწევიან და სიტუაციაში გაარკვევენ, ეტყვიან, რომ მათი გუნდის წევრია და მიჰყავთ უფრო მაღლა, ცაში, სადაც მათ ელით თოლიების გუნდი, რომელიც განრიდებია მიწაზე მცხოვრებთ, რადგან ზიარებიან სხვა ცოდნას, რისკენაც მიისწრაფის სწორედ ნაწარმოების გმირი.



აქედან იწყება ნაწარმოების მეორე ნაწილი: თოლია ჯონათანი ზეცაში დაფრინავს, აღტაცებულია იქ მოხვედრით და თავს მსუბუქად გრძნობს.სიჩქარესაც მნიშვნელოვნად მოუმატა, მაგრამ ესეც გარკვეულ ზღვრამდე. მისთვის კი არაა საკმარისი, ამიტომაც ფიქრობს იმედგაცრუებული: „ზეცაში არაფრის ზღვარი არ უნდა არსებობდეს.“ ამის შემდეგ იწყება თოლიას შემეცნების მეორე ეტაპი. რაც უფრო მაღლა ფრენს თოლია, მით უფრო შორს ხედავს.“ იგი მასწავლებლისგან ეუფლება დიდ ცოდნას. წარმოიდგინე, რამდენი სიცოცხლე უნდა გავიაროთ, სანამ პირველად დაგვებადება ეჭვი, რომ ცხოვრება არ არის მარტო ძღომა, მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება. ათასი სიცოცხლე, ჯონ, ათი ათასი! მერე კიდევ ასი, ვიდრე დაიწყებთ მიხვედრას, რომ არსებობს სრულყოფილება და კიდევ ასი სიცოცხლეა საჭირო, მანამ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრების აზრი ისაა, ამ სრუყოფილებას მივაღწიოთ და შემდეგ სხვებს გავუზიაროთ.“ ჯონათანი აღტაცებული სვამს კითხვებს და იღებს პასუხებს: 

„ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა...“ 

ზეცას მაშინ მიუახლოვდები, ჯონათან, როცა სრუყოფილ სიჩქარეს მიაღწევ...“ 

„სრულყოფილებამ კი საზღვრები არ იცის. მიაღწიო სრულყოფილ სიჩქარეს, შვილო ჩემო, ნიშნავს - გაჩნდე იქ...“ 

„ნებისმიერ მანძილზე და ნებისემიერ დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებმე ყველგან და ყველა დროში ვყოფილვარ, სადამდეც ჩემს აზრს მიუღწევია...“

ჯონათან, ზეცა ადგილით და დროით არ განისაზღვრება, რადგან მათ მნიშვნელობა აღარ გააჩნიათ...“

ბოლოს დგება დრო, როცა მასწავლებელი უნდა წავიდეს. და ასეც ხდება, ესეც ბოლო სიტყვები მისი: ჯონათან, ეცადე შეიცნო სიყვარული. ჯონათანმა ბევრი რამ შეიცნო და სურს ეს ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. საოცრად დიდი მოტივაცია და სულიერი სიმაღლე ჩანს მის მისწრაფებებში. იგი ფიქრობს: ,,იქნებ დედამიწაზე არის თოლია, რომელიც ჩვეულებრიობის კლანჭებიდან ცდილობს დასხლტომას, ცდილობს გაიგოს, რა აზრი აქვს ფრენას იმის გარდა, რომ გემებს სდიოს საკვების მოსაპოვებლად. იქნებ გაბედა კიდევაც ფიქრის ხმამაღლა გამოთქმა და გააძევეს გუნდიდან“. არ ასვენებს ფიქრი მიწაზე დარჩენილ თოლიებზე. მეგობარსაც გაანდობს მას. თუმცა დარჩენას თხოვენ და ის კი ასე პასუხობს: თუ ჩვენი მეგობრობა ისეთ პირობით ცნებებზეა დამყარებული, როგორც სივრცე და დროა, მაშინ გამოდის, ჩვენვე დავარღვევთ მას, როცა სივრცესა და დროს საბოლოოდ გადავლახავთ.როდესაც სივრცეს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის – ,,აქ“. როდესაც დროს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის -,,ახლა“. 

მოთხრობის მესამე ნაწილში ზეცაში დიდ ცოდნას დაუფლებული, საკუთარ თავშეცნობილი თოლია ჯონათანი უბრუნდება მიწას იმ კეთილი მოტივით, რომ აიყვანოს მოსწავლეები და სხვა თოლიებს ასწავლოს ფრენა, მიანიჭოს თავისუფლება. მის პირველ უნიჭიერეს მოსწავლეს ფლეტჩერი ჰქვია. შემდეგ შეემატა კიდევ რამდენიმე. სხვებს კი კონტაქტიც აეკრძალათ გუნდიდან გაძევებულებთან. ჯონათანი კი მათ თავზე აწყობს საწვრთნელ ფრენებს და ნელ-ნელა ზრდის ფრენის შემსწავლელთა რაოდენობას. მას „დიად თოლიად“ მონათლავენ და ღვთის რჩეულად. თოლია ესაუბრება თავის მოსწავლებს: ,,ფრენა სიხარულის მომნიჭებელია!.. 

სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი დიადი თოლიას ანუ თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის განხორციელებას წარმოადგენს...“ 

გამართული ფრენა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ჭეშმარიტი ,,მე“- შეცნობისაკენ...“ 

 მთელი სხეული, ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრი, რომელიც იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ თქვენი ხედვისთვის იყოს მისაწვდომი...“ 

შენი ნებაა იყო ის, რაც ხარ, – შენი ჭეშმარიტი ,,მე“, იყო აქ და ახლა, და წინ ვერაფერი დაგიდგება. ეს დიადი თოლიას კანონია. ეს კანონია...“

მესამე ნაწილში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევაც. მისი მოსწავლე სიმაღლიდან დაშვებისას ცდილობს არ დაეჯახოს უეცრად გამოჩენილ ბარტყს, ახერხებს მარცხნივ მოხვევას და კლდეს ეჯახება... თოლია წესით უნდა მოკვდეს, მაგრამ ჯონათანი მიდის მასთან და ცოტა ხანში იგი ცოცხლდება. გუნდისთვის ეს გაუგებარია... ამის შემდეგ ეშმაკის მოგზავნილად შერაცხავენ, თუმცა იგი ძველებურად განაგრძობს საქმიანობას. პროცესიც შეუქცევად ხასიათს იღებს, უფრო და უფრო მეტი თოლია ცდილობს დაეუფლოს ფრენას. ფლეტჩერიც აღწევს სრულყოფილების გარკვეულ დონეს. ასეთ ვითარებაში კი ჯონათან ლივინგსტონი გადაწყვეტს წასვლას, იმ მოტივით, რომ სხვაგანაც არის გუნდები, რომლებსაც სჭირდებათ მისი დახმარება. ფლეტჩერს კი, ...დიადი თოლიას მხოლოდშობილ ძეს“, როგორც უწოდებს ჯონათანი, მისი დახმარება აღარ სჭირდება და თვითონ უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, განაგრძოს სხვებისთვის შეცნობილის სწავლება.

დასასრული ღრმად შთამბეჭდავია. ერთი მხრივ, ჯონათან ლივინგსტონი მოსწავლეს უბარებს: „ყურადღება მიაქციე, ჩემზე სულელური ხმები არ გაავრცელონ, ღმერთად არ გამომაცხადონ... მე თოლია ვარ. მე ფრენა მიყვარს...“ მეორე მხრივ, მის მოსწავლესთან მისული თოლიები დაინტერესებულნი არიან მხოლოდ ფრენის ტექნიკის ათვისებით და არა საკუთარი თავის შეცნობით, თავისუფლების მოპოვებით. არსი, ანუ ის რის შეცნობისკენაც ისწრაფოდა დიადი თოლია, მათთვის ნაკლებად ღირებული გამხდარა. „თავიდანვე უნდა გაიაზროთ, რომ თოლია თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის მატარებელია, დიადი თოლიას განსახიერებაა და მთელი თქვენი სხეული ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თვით თქვენი აზრი." - საუბრობს ფლეტჩერი, მოსწავლეები კი ეჭვის თვალით უყურებენ: „რაებს როშავს, - ფიქრობდნენ ისინი, - მკვდარი მარყუჟის გაკეთებას ასე ვერ ვისწავლით.“

მიუხედავად ამისა, დასასრული ოპტიმისტურია. პროგრესი სახეზეა და განვითარება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და თავისუფლებისკენ სწრაფვის დაუკებელი სურვილი, რისკენაც მიისწრაფოდა თოლია ჯონათან ლივინგსტონი თოლიათა გუნდში შეუქცევადი პროცესი გამხდარა. ფლეტჩერი ფიქრობს: „ზღვარი არ არსებობს, არა, ჯონათან? ძალიან კარგი, ის დროც მოვა, შენს ნაპირზე გამჭვირვალე ჰაერიდან რომ გამოგეცხადები და ერთ-ორ ახალ რაღაცას გაჩვენებ!“

მოთხრობა საინტერესოდ იკითხება და დინამიურად ვითარდება. მარტივად, სადა ენით არის გადმოცემული სათქმელი და უამრავ საფიქრალს ტოვებს. თავისთავად ცხადია, რომ ეს არაა საბავშვო ნაწარმოები, რომელიც ბავშვებს უნდა წავუკითხოთ ძილის წინ. თოლია, ეს ადამიანია და ავტორი მასში აცოცხლებს ადამიანთა სავსებით რეალისტურ სახეს. ჯონათანი კი გამორჩეულია გუნდისგან, თემისგან და მის წინააღმდეგ გამოდის გუნდისვე საკეთილდღეოდ. იგი ერთი თავით მაღლა დამდგარა თემზე და სულ სხვა ცოდნას, უფრო მაღალ ღირებულებებს გაცნობია და გაუთავისებია. გუნდისთვის ღირებული სარჩოს მოპოვება გამხდარა და იმის იქით გახედვაც კი არ უნდა, თოლია ჯონათანი კი პიროვნულ თავისუფლებას ესწავლის, სიახლის შეცნობისკენაა მიმართული. მას რგებია პირველი მერცხლის ფუნქციის შესრულება და საკმაოდ წარმატებითაც ართმევს თავს. დასასრულის მიხედვით არ იქნება სწორი, ვთქვათ: ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო...

მსგავსი მოტივი, თემისა და პიროვნების ურთიერთობა ცნობილია ბევრი ქვეყნის ლიტერატურისთვის. მათ შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქართულ და კავკასიურ პოეტურ და მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც ჩამოთვლასაც კი არ საჭიროებს. საკმარისია მხოლოდ ვახსენოთ ჯემალ ქარჩხაძის "იგი", ან ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაური. ყველა ერი დაფიქრებულა და თავისებურად გამოუხატავს თავისუფლებისკენ ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა და საკუთარი თავის შეცნობის ასევე ბუნებრივი და ღრმა სურვილი. ამ მხრივ, „ჯონათან ლივინგსტონი“  წარმოადგენს ერთ-ერთ დიდი ღირებულების და ორიგინალურად გადმოცემულ ნაწარმოებს, რომელიც გამოხატავს ამერიკელი ხალხის ხედვას.

 მაშასადამე, გირჩევთ თქვენც გაეცნოთ მას, რადგანაც, როგორც წესი, კარგი ნაწარმოების წაკითხვისას ყოველი ადამიანი განსხვავებულ, საკუთარ შთაბეჭდილებებს იღებს ხოლმე. ბოლოსთვის შემოგთავაზებთ ორ ფრაზას, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და ვფიქრობ მის გარშემოა შექმნილი ნაწარმოები:

„ერთდერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ!“

„შემეცნების თვალით იყურე, გაიაზრე ის, რაც უკვე იცი, და მიხვდები როგორ იფრინო.“


წიგნი იხილეთ ბმულზე 

Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

1 კომენტარი:

  1. სასიამოვნო წასაკითხია შინაარსი გამოვიტანე მადლობა ამის ავტორს

    ReplyDelete