ჯავახეთის ისტორია და თანამედროვეობა



რეფერატი
ჯავახეთი არის მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში. ძირითადად მოიცავს დღევანდელი ასპინძისახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. ჯავახეთი გაერთიანებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. . 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; იმხანად იგი მოიცავდა ჩილდირის ტბის დასავლეთ მხარეს (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო (ცენტრი წუნდა). იგი როგორც აღმოსავლურქართულ, ისე დასავლურქართულ კულტურულ-ისტორიულ სფეროში იყო მოქცეული (ჯავახეთის, ისე როგორც მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საქართველოს ტოპონიმიკაში, შეიმჩნევა ზანური ენის დანაშრევი ელემენტები).
ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი). სახელწოდება ტერმინი ჯავახეთი მიღებულია ჯავახ ფუძეზე ეთ ბოლოსართის დართვით, შესაბამისადჯავახეთი“ ჯავახების საცხოვრებელს, სამყოფელს ნიშნავს. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით სიტყვა ჯავახი უძველეს ქართულ სატომო სახელწოდებას – ტაოხ უკავშირდებატაოხები დიაოხის (ტაოს) ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ და დღევანდელი ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთისა და სამხრეთ საქართველოს, მათ შორის ჯავახეთის ტერიტორიაზე სახლობდნენპავლე ინგოროყვა თვლის, რომ ტაოხსა და ჯავახს შორის შუალედური ფორმა უნდა ყოფილიყო ჭაოხჭავახ. დღევანდელი ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ჯავახეთს ჯავახქ (სომხ. Ջավախք) ეძახის, რაც ქართული სახელის სომხური ინტერპრეტაციაა.
ჯავახები, ძვ. ქართული ჯავახნი საუბრობენ ქართული ენის ჯავახურ დიალექტზე. ამჟამად მათი რაოდენობა ჯავახეთში არის დაახლოებით 5 ათასი. 1829-30 წლებში გენერალ პასკევიჩის მიერ ოსმალეთის იმპერიიდან ჯავახეთში 7 300-ზე მეტი სომხური ოჯახის გადმოსახლების შემდეგ ჯავახები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლ-კარი და დასახლებულიყვნენ საქართველოს სხვა მხარეებში.

ისტორიული ქრონიკები
XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი. X საუკუნიდან ქვემო ჯავახეთის ცენტრი ხდება თმოგვი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზაზეა; შენდება ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები (დლივი, ღრტილა, ბოჟანოვარძიაალასტანი). XII საუკუნიდან დომენს თორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ.
XIII საუკუნიდან ჯავახეთის ადმინისტრაციული საზღვრებში შედიოდა აგრეთვე პალაკაციო და სამცხის ნაწილი. XV საუკუნეში ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა. XVI საუკუნეში სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიტორიის ნაწილებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილებმა იძულებით ისლამი მიიღეს.
XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსული მოსახლეობასექტანტი დუხობორები.
XIX საუკუნის პირველ მესამედში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამიერკავკასია მიიერთა, კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ირან-თურქეთს შორის. რუსეთის მთავარი ამოცანა იყო სამხრეთ საზღვრების საიმედო ჩაკეტვა. მთავრობის ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყველაზე ერთგული ხალხის დასახლებით, რომლებიც შეძლებდნენ არა მარტო სამხრეთის საზღვრების საიმედო დაცვას, არამედ სახელმწიფოს გაათავისუფლებდნენ იმ კოლოსალური ხარჯებისაგან, რომლებსაც იგი ახმარდა საზღვრების დამცველი ჯარის შესანახად.
1828 წელს თურქეთთან რუსეთის ჯარების წარმატებებმა მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი სამცხე-ჯავახეთში საიმედო ხალხის ჩამოსახლებაზე. გადაწყდათრიალეთსა და ჯავახეთში თურქეთიდან ქრისტიანი სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება.
1829 წლის 3 დეკემბერს გენერალმა ივანე პასკევიჩმა შეადგინა გადმოსახლების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც სამოქალაქო გუბერნატორი ზავილეისკი თავჯდომარეობდა. კომიტეტმა შეიმუშავა გადმოსახლების დებულება. კომიტეტის წინასწარი ანგარიშით ყარსისერზურუმისა და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან საქართველოში გადმოსახლდებოდა 8 000 ოჯახი. მაგრამ გადმოსახლების დაწყების შემდეგ ოჯახთა ეს რაოდენობა 14 000-მდე ავიდა.
ცარიზმის პოლიტიკური მიზანი იყო საქართველოში ეთნიკური სიჭრელის შექმნა. რუსეთისადმი ქართველი ხალხის ერთგულება მეფის მთავრობას რატომღაც არ სწამდა. ამიტომ იყო, რომ უარი უთხრა იმერეთში გახიზნულ მესხ მოსახლეობას განთავისუფლებულ ტერიტორიზე დასახლებაზე.
ახალციხის აღებისთანავე პასკევიჩთან გამოცხადდნენ XVI-XVIIსს. მესხეთიდან გაქცეული ციციშვილების, ავალიშვილების, მუსხელიშვილების და სხვათა შთამომავლები. ქართველ,მეფეთა გაცემული სიგელები წარუდგინეს და მამაპაპისეული მამულების დაბრუნება სთხოვეს. პასკევიჩმა მათი თხოვნა არ შეიწყნარა და გარკვეული გულისწყრომაც გამოთქვა.
XX საუკუნეში ჯავახეთი, ისევე როგორც მთლიანი საქართველო, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ექცევა. ამ პერიოდში განსაკუთრებით იცვლება ჯავახეთის დემოგრაფიული ვითარება. საბჭოთა კავშირის მიერ 1944 წელს მაჰმადიანი მესხების გადასახლება მოხდა ჯავახეთიდანაც, რასაც მოჰყვა სომხების გააქტიურება რეგიონში.

ისტორიული საზღვრები
საქართველოს დღევანდელი რეგიონალური დაყოფის მიხედვით ჯავახეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შედის და მოიცავს: ახალქალაქის, ნინოწმინდის, ნაწილობრივ ასპინძის და ბორჯომის რაიონების ტერიტორიებს. ჯავახეთი წარმოადგენდა სასაზღვრო რეგიონს საქართველოს სამხრეთში. ესაზღვრებოდა სომხეთს. დღეისთვის ჯავახეთზე გადის სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან. საქართველოს ძლიერების ხანაში კი უფრო სამხრეთით ვრცელდებოდა.

ისტორიულად ჯავახეთი სამხრეთი საქართველოს გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის სამხრეთის კარიბჭეს წარმოადგენდა. `ესე არს ჯავახეთი. და არიან ამ ტბებთა და მდინარეთა ზედა დაბნები და მოსახლენი. ხოლო ზღვრის ჯავახეთს: აღმოსავლეთით საზღვარი ქართლისა. ...სამხრით, მთაი ნიალის-ყურისა, რომელი მდებარეობს გულის ტბიდამ ანუ ხაკეთიდამ ყარსის მთამდე ანუ ფოსოს წყაროსთავამდე, - აღმოსავლეთიდამ დასავლეთად... ხოლო დასავლით მზღვრის ჯავახეთსძველად მტკვარი და აწ ნიჯგორს-ხერთვისს ზეითი და წყაროს-თავის დასავლით წარსრული მცირე გორანიხოლო ჩრდილოთ პირველი საზღვარი არს კოდიანის მთიდამ წარსული მცირე მთა ნუსხამდე და მერმე ხაზი მის გასწვრივ მტკვრამდე, და აწ კოხტის მდინარის აქეთი სამხრის კერძოს მცირე მთა, ნიჯგორის თავამდე და კოდიანამდე. არამედ არს ესე კოდიანის მთა ტყიანი, ნადირიანი, მდინარიანი, რომელი წარმოვალს ბაკულიანიდამ და ჭობის-ხევიდამ და მოვალს კოხტის-თავამდე, მერმე დამდაბლდების და დასწყდების ნიჯგორს ზეით ხრამზედ. ხოლო ჯავახეთი არს, ვითარცა თრიალეთი, უვენახო, უხილო, უტყეო, ვიეთთა ადგილთა სწვენ წივასა, და მოსავლითაც ეგრეთვე, არამედ ესე უმეტეს ნაყოფიერი და მოუცდენელი. ჰავითაც მზგავსი, განაუმჯობესიცა. ზამთარი, დიდ-თოვლიანი და ყინვიანი. ცხოვარნი, მროწლენი და ჯოგნი მრავალნი. თევზნი მრავალნი. ფრინველნი, რომელნიცა მთათა გვარობენ, მრავალნი. თაფლნი მრავალნი. (იხ. ვახუშტი ბატონიშვილი `საქართველოს გეოგრაფია~, I წიგნი, `სამცხე~. ტიფლისი. 1892. გვ. 22). 

ჯავახეთის ტერიტორია უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი პალეოლითის, მეზოლითის და ნეოლითის ძეგლები. ანტიკურ წყაროებში მოხსენიებულია ქართული პროვინციების სახელები: `ქათარზა~ ანუ კლარჯეთი, `ოძრხე~ (ქალაქი, დღევანდელი დაბა აბასთუმანის ტერიტორიაზე), `ოძრახე~ სამცხის ანუ მესხეთის უძველესი სახელია, `ზაბახა~ კი ჯავახეთის უძველესი სახელია. ესე იგი ჯავახები უძველესი ქართული ტომის `ზაბახები~-ის შთამომავლები არიან, თუმცა, პავლე ინგოროყვას მოსაზრებით, ჯავახი უძველეს ქართულ სატომო სახელწოდებას _ ტაოხს უკავშირდება. ტაოხები დიაოხის (ტაოს) ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ და დღევანდელი თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთის, სამხრეთი საქართველოს, მათ შორის, ჯავახეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მისსივე აზრით, ტაოხ- და ჯავახ- შორის შუალედური ფორმა უნდა ყოფილიყო ჭაოხ-, ჯავახი (იხ. . ბერძენიშვილი, ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები~. `საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული~. 1975. ურარტუს მეფის, არგიშტ I- ის წარწერაში, რომელიც ძვ. წელთაღრიცხვის 785 წელს განეკუთვნება, დაპყრობილ ქვეყნებად მოხსენიებული კლარჯეთი, სამცხე და ზაბახა ანუ ჯავახეთი დიაოხის (ტაო) ქვეყანას ესაზღვრებოდა და სამხრეთით მტკვრის სათავემდე ვრცელდებოდა.

ლეონტი მროველის მიხედვით, ჯავახეთი ლეგენდარულ მამამთავარს, მცხეთოსის ძე _ ჯავახოსს ეკუთვნოდა `ქვეყანა ფარავნის ტბიდან მტკვრის სათავემდე~. მასვე აუშენებია ორი ციხე-ქალაქი: წუნდა და ქალაქი არტანისა, იგივე ქაჯთა ქალაქი. იმავე ქვეყანას ფარნავაზის მეფობის დროს (ძვ..აღ. IV-III სს.) მეფის მიერ დანიშნული ერისთავი განაგებდა, რომელიც წუნდაში იჯდა.

ისტორიულად ჯავახეთი ზემო და ქვემო ნაწილებად იყოფოდა: ზემო ჯავახეთი მოიცავდა ჯავახეთს, ფარვანის ტბიდან მტკვრის კანიონამდე (საკუთრივ ჯავახეთის ზეგანს), ხოლო ქვემო ჯავახეთი _ მტკვრის კანიონს, ნიალისა და ბუზმარეთის ზეგნებს.

ქვემო ჯავახეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს განსაზღვრავდა მტკვრის შენაკადი მდინარეები და ხევები, ნიალისა და ბუზმარეთის მთიანი პლატოები, თითოეულ მათგანს თავისი რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრები გააჩნდათ, მაგრამ ყველა მაინც ემორჩილებოდა წუნდის, შემდგომში კი თმოგვის გამგებელს. ზემო ჯავახეთში კი სადაც გეოგრაფიულად პატარ-პატარა მდინარეების შემკრებ ფუნქციას დიდი და პატარა მთებით შემოსაზღვრული ტბები ასრულებენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების განმსაზღვრელად ამ ტბათა (საღამოს, ხანჯალის, კარწახის, ფარავანის, ტაბაწყურის და სხვ.) ქვაბულებში განლაგებული სოფლებით შექმნილი პატარა ქვეყნები გვევლინებოდნენ.

კულტურული მემკვიდრეობა
ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე
ხერთვისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. მთელი ანსამბლი ისეა შერწყმული კლდესთან რომ მას მნახველი აღტაცებაში მოჰყავს. ხერთვისის ციხე ჯავახეთში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან მაღალ, კლდოვან მთაზეა აღმართულია. ციხის პატრონი არა მარტო ამ პუნქტის, მთელი ამ მხარის მფლობელიც იქნებოდა.
ხერთვისის ანსამბლი მრავალფეროვანია. ლეონტი მროველი მის წარმოშობას ანტიკურ ხანას მიაწერს და მას საქართველოს პირველ ქალაქთა შორის იხსენიებს, დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით მის მომდევნო ხანაზე. ვიცით მხოლოდ, რომ შუა საუკუნეებში იქ ციხე მდგარა. დღესდღეობით შემორჩენილი ნაგებობები X-XIV საუკუნეებით თრიღდება. უფრო გვიან, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ხერთვისი ოსმალებს ეკავათ, იგი ისევ ქალაქად იხსენიება.

დღეისათვის მიწის ზემოთ ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღარ ჩანს, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაშთები მიწის ქვეშ იმალებოდეს.

უკანასკნელ პერიოდში ციხე ორი მთავარი ნაწილისაგან შედგებოდა: ერთი იყო ციტადელი, მეორე - ციხის გალავანი. პირველი მათგანი მაღლაა, მეორე მას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. მართალია, ციტადელი თავისთავად დიდია, მაგრამ გალავანს გაცილებით ვრცელი ფართობი უკავია. ძლიერი დაზიანების გამო არ ხერხდება გალავნის კედლების სიმაღლის დადგენა.

ციტადელს მთის ვიწრო კლდოვანი ქიმი უკავია და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. მას იცავს მაღალი, თითქმის შვეული კლდე, ხოლო იქ, სადაც ფეხის მოკიდება შეიძლება, კედელია აღმართული.

ციტადელი რამდენიმე მონაკვეთისაგან შედგება. მაღალი კედლები ქონგურებით მთავრდება. კედლებს მიჰყვება კოშკები და ბურჯები. კოშკებიდან გამოირჩევა გვიანი წარმოშობის პრიზმული კოშკი, რომელიც დასავლეთის მონაკვეთში დგას და უფრო ადრეული ხუთგვერდა კოშკი, რომელიც აღმოსავლეთის ბოლოს იცავს.
არა ჩანს, თუ როგორ იყო გადაჭრილი ციხის წყლით მომარაგების საკითხი ადრეულ საუკუნეებში. მოგვიანებით კი ციტადელის ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთზე მდინარეზე ჩასასვლელად გვირაბი მიუშენებიათ.

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ხერთვისის ციხის ადრეული საუკუნეების ისტორიაზე ცოტა რამ ვიცით. შედარებით მეტი ცნობებია შემორჩენილი X-XI საუკუნეებიდან, მაგრამ ცხადია, რომ ამ სტრატეგიულად მეტად მარჯვე ადგილზე მდგარ ციხეს რთული და მშფოთვარე ცხოვრება ექნებოდა.

მოქმედი ციხე ხშირად საჭიროებს რესტავრაციას, ეპოქის შესაბამისი დამატებების მიშენებას და სხვა. კერძოდ, ხერთვისში ასეთი სამუშაო ჩაუტარებია მეფეთა-მეფის მოლარეთუხუცესს, ვინმე ზაქარიას XIV საუკუნის შუა წლებში. აწ დაკარგული ამ წარწერის მიხედვით, ზაქარიას აქ აუგია კოშკი და გალავანი.

მომდევნო საუკუნეებში ხერთვისის ციხის ისტორია უშუალოდ დაკავშირებულია სამცხე-საათაბაგოს ისტორიასთან; იგი ჯაყელი ათაბაგების საიმედო სიმაგრეს წარმოადგენდა. ცნობილია, რომ მანუჩარ II ათაბაგმა 1588 წელს ხერთვისის ციხე შაჰ-აბასს დაუთმო. უფრო გვიან, სამცხეს შეფარებულმა გიორგი სააკაძემ ჯერ ყორჩიბაშის მიერ გამოგზავნილი დიდი ჯარი სასტიკად დაამარცხა ასპინძასთან, შემდეგ კი ხერთვისი და სხვა ციხეებიც აიღო. სამწუხაროდ, ქართველთა ხმლით დაბრუნებული ეს ციხეები საქართველოს კი არ შემოუმტკიცდა, არამედ ხონთქარს გადაეცა. ამ დღიდან მოკიდებული ხერთვისში ფაშა იჯდა.

დიდი ხნის განმავლობაში ხერთვისისა და საერთოდ, თურქეთის მიერ მიტაცებული სამხრეთ საქართველოს დაბრუნების რეალური შესაძლებლობა არ დამდგარა. როგორ შეეძლო დაუძლურებულ საქართველოს ოსმალეთის იმპერიას გამკლავებოდა! იმედის ნაპერწკალმა ცოტათი გაიღვიძა XVIII საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ქართველებმა რუსეთის დახმარებით სცადეს დაკარგული მიწების დაბრუნება.

1771 წელს რუსეთით შეგულიანებულმა ერეკლე მეფემ ხონთქარს შეუტია, აიღო ხერთვისი და შიგ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. მაგრამ ასე კარგად წამოწყებული საქმე ჩაიშალა მოკავშირეებმა თავი შეიკავეს ოპერაციის განგრძობაზე და ციხეში გარნიზონის დატოვებაზეც კი. მეფე იძულებული შეიქნა ციხე დაეტოვებინა. ერეკლემ დიდძალი ქონება წამოიდო ხერთვისიდან. მემატიანის ცნობით ,,არს იგი ხვრთვისი ქალაქი და ამის გამო აქვნდათ მრავალი სიმდიდრე".
ხერთვისის სხვა მიმდებარე მხარესთან ერთად დაბრუნება მოხდა მხოლოდ 1828 წელს. ამ დროისათვის საერთოდ ქართულმა ციხეებმა უკვე დაკარგეს თავისი ფუნქციები; ახალ ვითარებაში ძველ ციხეებს აღარ იყენებდნენ. ასეული წლების განმავლობაში მრავლის მოწმე ეს ციხე დღესაც ბევრ საიდუმლოს ინახავს თავის წიაღში.

ვანის ქვაბები
ვანის ქვაბები, წმინდა გიორგის ტაძარი




































ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.

ვანის ქვაბები დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება", 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.

XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. ოვალური კლდის უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიგა ეზოს ქმნის. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესტან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლები, მ. შ. იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა, ვანის ქვაბების დასავლეთით მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მ. შ. ვერცხლის 3 თასი.

სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; ამავე დროს იგი კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელიც ქვაბთა თანდათან განვითარებით XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას ამზადებს.
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება წარწერები ლექსად. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძვ. ქართული პოეზიის ნიმუშები. გვხვდება "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტი - ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ წერს ტარიელს (1300, 1301), როსტომიანის ერთი სტროფი (2903), ლირიკული ლექსები სასულიერო და საერო ხასიათისა (უმთავრესად სატრფიალო-სამიჯნურო), რომელთაგან რამდენიმე ეკუთვნის წარწერათა შემსრულებლებს ანას და თუმიანს და ხალხური ლექსები. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს.

თმოგვი
თმოგვი
თმოგვის ციხე - ისტორიული ციხე - ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ.მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელ თმოგვში). წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ.წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073-დან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად - მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები.
თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828 - 1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდეები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ - ბურჯებით. სამხრეთ - აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ.მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე გამოკვეთილი კანკელით, მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი - გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე - ქალაქი რამდენჯერმე დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).


კუმურდო
კუმურდო
კუმურდო - ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964 წელს იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.
კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X - XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს. მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი.
კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ამჟამად კუმურდოს ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრის სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი - ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.

ვარძიის მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით. ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, - მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა, - მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.
ვარძიის გამოქვაბულთა განლაგებას, სამეცნირო ლიტერატურაში, სამ მონაკვეთად ყოფენ:
პირველი ცენტრალური ნაწილი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძრის სამხრეთი კედლის ორთაღიან სტოას და სამრეკლოს შორის ერთმანეთთან მჭიდროდ მოწყობილი გამოქვაბულების შედარებით მცირე ჯგუფს. აქ, სამრეკლოს ქვეშ, საწნახელიანი გამოქვაბულია, ხოლო სამრეკლოს მეზობლად, ერთი სართულით დაბლა - სატრაპეზო.

მეორე მონაკვეთს წარმოადგენს ტაძრის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით მდებარე უფრო ადრინდელი ხანის (X-XII სს.) ე.წ. კლდის სოფელი - ანანაური, სადაც შემორჩენილია მეტად საინტერესო კლდის ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, X საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესია XVI საუკუნის კედლის მხატვრობით, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, 3,5 კმ სიგრძის ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გვირაბი წყალსადენისთვის და სხვა მნიშვნელოვანი სათავსები.

მესამე მონაკვეთს მოიცავს ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით, 150 მეტრის სიგრძეზე განლაგებული გამოქვაბულები და დაბლა ჩასასვლელი დიდი გვირაბი, რომლებიც კარგადაა მოღწეული ჩვენამდე. აქვეა მოთავსებული ტაძარი სახიზნავითა და მისი გვირაბით, ე.წ. „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „სალხინო“ და „წამლის სასახლე“ (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე კარგად შენახული საცხოვრებელი გამოქვაბული.

ვარძია იმთავითვე სამეფო მონასტერი იყო. იგი 1185 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მის აშენებას ქართული საისტორიო წყაროები, ტრადიციულად გიორგი III-სა და თამარ მეფეს მიაწერენ. მართლაც, კვლევა-ძიებამ დაადასტურა, რომ სამონასტრო კომპლექსი შეიქმნა ძირითადად 1156-1202 წლებში. მეფე გიორგი III-ის (1156-1184) სახელს უკავშირდება მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრი და დამუშავება. მისი მეფობის დროს უნდა გამოეკვეთათ კლდის პირველი „სახლები“ ეკლესიითურთ წყაროსთან. მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების (1184) შემდეგ, მის დროს არსებული გეგმა, თამარ მეფის მითითებით ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტრის ცენტრში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი დარბაზული ეკლესია სტოა-პორტიკით, რომლის მოხატვა 1185 წლისათვის დაუსრულებიათ მხატვარ გიორგის ხელმძღვანელობით. ტაძრის მოხატვის შემდეგ აღმოსავლეთით საღალატოს ხევამდე და დასავლეთით ანანაურამდე გამოკვეთეს საცხოვრებელი სენაკები, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, სამალავი და საირიგაციო ნაგებობები. აღნიშნული სამუშაოები 1202 წლისათვის დასრულებულია.

ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთ ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინერისკენ ეშვება. 3,5 კმ სიგრძის წყლის გაყვანილობა გასაოცარ ინჟინრულ ნაგებობას წარმოადგენს.

ტაძრის მოხატულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის ზუსტი თარიღის გამო. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.

მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმიდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400000-იანი არმია. მემატიანის ცნობით ამ ხატს გამმარჯვებელს უწოდებდნენ.

ერთხანს აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი“. იგი შემდგომში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შემორჩენილია ვარძიაში გადაწერილი ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.).

XII საუკუნის 30-იანი წლებიდან, მონღოლთა ბატონობის ხანაში, ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, სამცხეში მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვაბულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები, ტაძრის სტოას წინა ნაწილი, დააზიანა წყალსადენი. ვარძიამ, ამის შემდეგ, სრულებით იცვალა სახე. დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა - ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XII საუკუნისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით. ამ სამუშაოების ჩატარება ემთხვევა ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306 წწ.).

კიდევ ერთი ახალი ნაგებობა - სატრაპეზო შეიქმნა 1391-1444 წლებში ივანეს ათაბაგობის დროს.
1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზის ბრძანებით. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები, კულტურის სხვა მრავალ განძთან ერთად მტერმა გაიტაცა. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ, რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და საკუთარი თვალით იხილა ვარძია, განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ. ამის შემდეგ ვარძიამ აღორძინება ვეღარ შეძლო.

1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო, თავისი მმართველობა დაამყარა და მართლმადიდებლური ეკლესიები მეტად შეავიწროვა. თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.

1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდუპოლომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მოსასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი - მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.

წუნდა
წუნდა
წუნდა — ისტორიული ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მისი უძველესი ცენტრი. მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის რაიონის სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე).

ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ეთნარქმა ჯავახოსმა (ჯავახეთის ეპონიმმა). ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფემ ფარნავაზ I-მა დააარსა წუნდის საერისთავო. ერისთავის გამგებლობაში შედიოდა ჯავახეთი, კოლა, არტაანი.
წუნდაში იყო საეკლესიო ცენტრიც (ვარაუდით - კუმურდოს საეპისკოპოსოს). ქალაქზე გადიოდა ბიზანტიიდან ქართლში მომავალი გზა, რომალმაც დიდი როლი ითამაშა წუნდის დაწინაურებაში.

X საუკუნისათვის წუნდა თანდათან დაქვეითდა და ჯავახეთის ცენტრი თმოგვის ციხეში გადაიტანეს.

წუნდის მატერიალური კულტურული ძეგლთაგან შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - XII-XIII საუკუნეების დარბაზული ეკლესია. პატარა კლდეზე აღმართული ეს ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი სწორი კვადრებით, კარ-სარკმლების ჩარჩოები და კარნიზი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, რომლის სვეტებიც ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული. ეკლესია რესტავრირებულია 1938 წელს. შემორჩენილია სამრეკლო, აგრეთვე გელაზის ქვები და ქვაში ამოჭრილი საწნახლები.
ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდ. მტკვრის მარჯვნივ, XIX საუკუნეში ჯერ კიდევ იდგა ნაციხარი - "ვერანყალა"

დღევანდელი ჯავახები

ჯავახეთიდან მტრის მოძალების გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადახვეწილი ქართველების არსებობა ასახულია რიგი გეოგრაფიული დასახელებების და გვარსახელების შინაარსში. იმერეთში, სამტრედიის რაიონში გვაქვს სოფელი `საჯავახო~, გორის რაიონში სოფელი `ხიზა~ (ნასოფლარი ხიზაბავრის ტერიტორიაზე), სოფელი `ჯავახი~ თიანეთში, დმანისის რაიონის 8 წმინდა ქართული სოფლის (განთიადი, ჯავახი, პატარა დმანისი, დიდ გომარეთი, პატარა გომარეთი, ახა, მამულო და ქართული კაკლიანი) მოსახლეობა უმეტესწილად ჯავახეთიდან გადმოსული წინაპრების შთამომავლებია.

ბლომადაა ისეთი გვარები, რომელთა ჯავახური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს, მაგალითად, მურჯიკნელი (ნასოფლარი მურჯიკანი), გოკიელი (გოკიო), კორხელი (კორხი), განძელი (განძანი), ვარძიელი (ვარძია), ავაზნელი (ნასოფლარი ავაზნა), ხიზამბარელი (ხიზაბავრა). გვაქვს გვარები `ჯავახ~ ფუძის შემცველობით, რომელნიც გამორიცხული არაა ჯავახეთიდან მოდიოდეს. მაგალითად, ჯავახაძე, ჯავახიძე, ჯავახია, ჯავახიშვილი და სხვა.
დღეისათვის, ჯავახეთის დაახლოებით 390 სოფლიდან, 280 ნასოფლარადაა ქცეული, ხოლო დასახლებული 110 სოფლიდან, მხოლოდ 30-შიღა სახლობენ ქართველები (ბევრ მათგანში, სომხებთან ერთად). დანარჩენი სოფლები მთლიანად სომხებით და მცირედით დუხობორებითაა დასახლებული. 

სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ჯავახეთი არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. `...ეს ტერიტორია არის საქართველო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი ერის მიწა-წყალი, სადაც მას უწარმოებია თავისი ისტორია, და რომლის ყოველი მიდამო მოფენილია ქართული მრავალფეროვანი კულტურის მონუმენტებით. აქ არ არის მითვლილი არც ერთი გოჯი მიწა, რომელიც დაპყრობით ან სხვა რაიმე გზით ყოფილიყო შემოერთებული... აქ შემოფარგლულია მარტოოდენ ძირეული ქართული ქვეყნები~. (. ინგოროყვა `საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ~. თბილისი. სარანგი, 1990 .).

ჯავახეთი უხსოვარი დროიდან ჯავახების საცხოვრებელი, სამყოფი კუთხეა, ჯავახი კი ისტორიულადაც (ზაბახი) და ამჟამადაც არის თავისი კუთხის _ ჯავახეთის მაცხოვრებელი ქართველი, ისე როგორც მესხი, გურული, მეგრელი, კახელი, იმერელი, სვანი და ..,
გამორჩეული თავისი ისტორიით, კუთხური დიალექტით, ხასიათით (ჯავახი ქართველებში სიჯიუტის სინონიმად ითვლებოდა, _ `რას მეჯავახები~ ანუ რას მეჯიუტებიო. ქვემო ჯავახეთის მცხოვრებნი, ზემო ჯავახეთელებს ნამეტანი სიჯიუტის გამო `მწარე ჯავახებსაც~ უწოდებენ), ყოფითი კულტურით, გულუბრყვილობით და საკუთარი მიწა-წყლის ერთგულების გამო, გასაოცარი ჭირთათმენის უნარით.

მკვიდრი ჯავახები დღესაც მეტყველებენ განსხვავებულ ქართულ დიალექტზე, რომელიც, ბუნებრივია, ყველაზე უფრო ახლოსაა მესხურთან, მაგრამ მაშინ, როცა მესხური თავისი ბუნებით ნახევრად დასავლური და ნახევრად აღმოსავლური დიალექტია, ჯავახური აღმოსავლურ დიალექტად ითვლება, რომელსაც თანხვედრა აქვს დასავლურ (პირველ რიგში აჭარულ) დიალექტთან. `...ჯავახური და მესხური, თავიანთი ფონეტიკური პროცესების, აღნაგობის, მორფოლოგიური და სინტაქსური აგებულების მიხედვით დიალექტებია, რომლებიც იმერხეულთან (ასევე ზემო აჭარულთან) ერთად შედიან ზემო-ქართლურში. ზემო ქართლური კი ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ერთეული იყო, რომ შიდა ქართლურთან ერთად საფუძვლად დაედო IX-X-XI საუკუნეების ძველ სალიტერატურო ქართულს~. (გრ. ბერიძე. `ქართული ენის ჯავახური კილო~. თბილისი. 1988 .).
ახალქალაქელი ჯავახის ოჯახი, 1896 წ.

ბუნებაში `ჯავახქ~ და იქ მაცხოვრებელი `ჯავახქი~ არც არსებობდა და არც არსებობს! ეს `ჯავახეთი~- და `ჯავახი~- გასაყალბებლად სომეხი პროვოკატორების მიერ მოგონილი ყალბი ტერმინებია და სულაც არ უწყობს ხელს ჯავახეთის ისტორიულად ქართულ მიწა-წყალზე ორი მოძმე ერის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას და მეგობრობას.



Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

2 კომენტარი:

  1. ტექსტი და სურათები მთლიანად არ ჩანს, მარჯვენა მხარე ჩამოჭრილია. გთხოვთ გაასწოროთ.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩანს ტექსტიც და ფოტოებიც, ტელეფონიდანაც და კომპიუტერიდანაც. საიდან ნახულობთ თქვენ?

      Delete