საქართველო და კავკასია ძველ ფარგალში

ჩვიდმეტი წელიწადია, რაც ოსმალეთმა დამოუკიდებელ საქართველოს კუთვნილი ადგილები წაიღო. ამაზედ კიდევ ადრე იმავე ოსმალეთმა, სომხეთს ყარსის ოლქი ჩამოაცალა. ამრიგად, მსოფლიო ომში დამარცხებულ სახელმწიფოთა შორის, ოსმალეთი ერთად ერთი სახელმწიფოა, რომელმაც ახალი ტერიტორიები შეიძინა. ვერსალის ზავის ეპოქაში ეს ამბავი უმაგალითოა. მაგრამ ასეთი პრივილეგიური მდგომარეობა ოსმალეთს ბოლშევიკურმა რუსეთმა შეუქმნა. შესაძლებელია საქმე არც ამაზედ გათავდეს და მომავალში, თუ რუსეთი კავკასიიდგან დაიძრა, საქართველოსა და კავკასიის საქმეებში ოსმალეთი კვლავ ჩაერიოს.

ასეთია დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის შესაძლო პერსპექტივა. სანუგეშო და საქართველოსთვის სახარბიელო ამაში არაფერია. კავკასია უპატრონო ქვეყანასა ჰგავს. ხან რუსეთი იტაცებს მას, ხან ოსმალეთი, ხან ორივე ერთად. დროთა მსვლელობაში, შესაძლებელია, საქმე უფრო გართულდეს და, ძველი ტრადიციის მიხედვით, კავკასიის საქმეებში სპარსეთიც ჩაერიოს.

ამავე დროს კავკასიის ერები გაერთიანებული ვერ არიან. იქ, კავკასიაში, რუსულ არტახებში არიან შეკრული, აქ, ემიგრაციაში მრავალ ჯგუფად, ქვე-ჯგუფად და ზე ჯგუფად დაქსაქსული, თუმცა ყოველი მათგანი არა მარტო თავის პარტიის, არამედ მთელი ერის სახელით ლაპარაკობს. არსებობს ეგრედ წოდებული „კავკასიის კონფედერატიული საბჭო“, მაგრამ ის მკვდარია. არსებობს აგრეთვე „სომხურ-ქართული უნიონი“, მაგრამ როგორც მისი სახელწოდებიდგან სჩანს, ესეც მხოლოდ ნახევრად აერთიანებს კავკასიას. დარჩა მხოლოდ ჟურნალ „კავკაზის“ გაერთიანება, რომელიც მხოლოდ ერთი ქადაგებს კავკასიის ერთა სოლიდარობის იდეას.

მაგრამ უცნაური და მართლა კავკასიურად ჭრელი ამბავი ის არის, რომ ყველა ამ თითონაც ვითომდა კონფედერატიულად „განწყობილ ხალხს, იერიში სწორედ ამ ერთად-ერთ კონფედერატიულ ორგანოზედ მოაქვს. მენშევიკები მას „თურქოფილობას“ სწამებენ, „თურქი“ - აზერბაიჯანელები - რუსოფილობას. ეს ხუმრობა არ არის და სტამბულში სწორედ ასე ვართ დაბეზღებული. სომხებზედ ხომ ლაპარაკი მეტია. ბოლო დროს ჩვენს წინააღმდეგ „ქართლოსი“-ც ამხედრდა.

მართალია ამის მიზეზი სხვა იყო და არა, მართლა, ჩვენი „თურქოფილობა“. ამ ჟურნალს სრულიად მეგობრულად და თავაზიანად მოახსენეს, რომ კავკასიაში ეროვნულ სახელმწიფოთა  აღდგენას აქეთ-იქით მიხედვა უნდა. მით უმეტეს, როცა „ქართლოსი“ ქართულ მონარქიის აღდგენაზედ ლაპარაკობს. „ქართლოსსაც“ კარგად უნდა ესმოდეს, რომ იმ დროს, როცა დანარჩენი კავკასიური ერები მონარხიზმზედ სულ არ ფიქრობენ, „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ მღერა, არც თვით ქათულ მონარქიზმს გამოადგება ჰიმნად. მაგრამ რაკი კამათი „გაიხსნა“, „თურქოფილობას“ აბა, სხვა რომელი საბუთი აჯობებდა ჩვენს წინააღმდეგ და ჟურნალმაც აქედგან მოგვიარა.

ჩვენი თურქოფილობა რომ სრული ცილისწამებაა, ამაზედ ლაპარაკიც მეტია, მაგრამ ამაზედ უარესი კიდევ ის არის, რომ ჩვენი ცილისმწამებელნი კავკასიური პრობლემის სრულ უცოდინარობასაც იჩენენ.

მთელს კავკასიურ პრესაში სწორედ ეს ჟურნალი „კავკაზია“ ერთად ერთი, რომელიც მთავარ ყურადღებას კავკასიის წარსულს აქცევს და მის ისტორიაზედ უხვადა სწერს. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ მხოლოდ კავკასოფილები ვართ. ბ.ზ. ავალიშვილის წერილები, ამ მხრით დიდათ თვალსაჩინო გამონაკლისია ემიგრაციაში. ცნობისმოყვარე ქართველს ამ წერილებიდგან, ადვილად შეუძლიან გაიგოს თუ რას ნიშნავს, როცა საქართველო და კავკასია დამოუკიდებელია, ვინ არის მაშინ მათი მეზობელი და რომელია ის ფარგალი, სადაც ისინი ბუნებრივად თავსდებიან.

ამ ისტორიიდგან ვტყობილობთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოს მეზობლები, ჩვენდა დაუკითხავად და სრულიად ბუნებრივად, ოსმალეთი და სპარსეთია, ხოლო კერძოთ ჩვენთვის, ქართველებისთვის - დანარენი კავკასიელებიც. ამ ერთა პოლიტიკა, მუდამ ჩვენ პოლიტიკასაც საზღვრავდა.

რადგან დღეს ჩვენს პრესაში ბათუმზედ ჩამოვარდა სიტყვა, უნდა ითქვას, რომ ზოგი ამათგანი ხშირად იტაცებდა არა მარტო ბათუმს, რომელშიაც მაშინ ორი ძაღლი ერთად არ ჰყეფდა, არამედ საქართველოს გულს - ტფილისსაც. ესე იგი ხდებოდა ის, რაც სხვაგანაც ხშირად მომხდარა, სადაც არსებობს ერთა დამოუკიდებლობა, დიდი და პატარა, ომი და ზავი, სადაც ყველგან ერთი და იგივე ცხოვრების ჩარხი ბრუნავს. ჩვენში ამას, რა თქმა უნდა, უფრო ისეთი დიდი მეზობლები სჩადიოდნენ, როგორც სპარსეთი და ოსმალეთია. მაგრამ სჩადიოდა ამას ჩვენი უფრო ახლო მეზობელიც და ზოგჯერ საკუთარი სისხლის ხალხიც. თუმცა მრავალ იძულებით მიზეზების გამო, გასაოცარი არც ეს არის. ისტორია ხშირად დაუნდობელია!..

განა ბევრმა ქართველმა იცის ის ამბავი, რომ თავის საქმეს ჩვენში ოსმალეთი ხშირად გამამადიანებულ მესხეთის საშუალებით აკეთებდა? განა ბევრმა ქართველმა იცის აგრეთვე, რომ 1796 წელს, ტფილისი - კავკასიის მშვენება - მეთვრამეტე საუკუნეში, სასახლეთა, ეკლესიათა და წითელ ქვის აბანოთა ტურფა ქალაქი, ნამდვილად ჯევად-ხანის ანუ ჩვენ მეზობელ განჯის ჯარმა დასწვა და დაანგრია?

ასეთ გამუდმებულ საშინელებისაგან ერთხელ რუსეთმა გვიხსნა, ვიდრე საქართველოში რუსეთი იყო, ჩვენში ოსმალეთი ვეღარ მოდიოდა, ვეღარ მოდიოდა ასაოხრებლად ვერც სპარსეთი და ვერც ჩვენი ახლო მეზობლები და სისხლით მონათესავე ნაწილები მოქმედებნენ ხოლმე, როგორც მათი ავანგარდები. ართვინი და არტაანი საქართველოს რუსეთმა დაუბრუნა. ბათუმი ოსმალოს ხელი ზღვის უდაბნო ნაპირი, რუსების დროს ქართველობამ აყვავებულ ქალაქად აქცია. ოსმალეთისა იქ ერთი აგურიც არ არის. საზოგადოთ, ბათუმის ოლქში ოსმალური არაფერია. ყველაფერი აეს რუსეთის მადლით მოხდა. სასაცილოა თუ ინმეს ჰგონია, რომ ასეთ ბათუმს ჩვენ ვისმე „უთმობთ“.

მაგრამ დღეს ჩვენ რუსეთი აღარ მოგვწონს და გვინდა, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნიდგან წავიდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს! ასე არის, გვგონია, მიღებული ქართულ ემიგრაციაშიც, თუ რა თქმა უნდა, ადამიანები არ თვალთმაქცობენ და ერთს არ ამბობენ, როცა გულში სხვას ფიქრობენ.

მაგრამ რუსეთის ამ წასვლას საქართველოთგან და კავკასიიდგან მუდამ ერთი აუცილებელი გარემოება მოსდევს: საქართველო და კავკასია ერთი ფარგლიდან გამოდიან და მეორეში შედიან. ეს არის კავკასია - სპარსეთ-ოსმალეთის ფარგალი. ახალი და გაუგონარი საქართველოსთვის ამ ფარგალში არაფერია. პირიქით, ეს არის მთელი ჩვენი წარსული ისტორიის გამოცოცხლება, არა მარტო ქართული პოლიტიკის აღდგენა, არამედ წინა აზიის პოლიტიკის გაცოცხლებაც კავკასიისათვის. გინდა თუ არა ძველი ცხოვრება უნდა გაიხსენო, ძველი მეზობელი იცნო, მასთან პირობა და ზავი დასდო, ხოლო თუ არც ზავმა ივარგა - იომო კიდევაც!

რა თქმა უნდა, ეს უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე რუსეთის კალთაში უზრუნველად წოლა. მაგრამ დამოუკიდებლობაც სწორედ ეს არის. ზავისა და ომის, მეგობრობისა და უნძრახობის, წაგლეჯისა და დაბრუნების საკითხები მხოდოლ დამოუკიდებელ ერთა შორის არსებობს. ვის გაუგონია, რომ დამონებულ ერს ომი გამოეცხადებინოს, ზვზე ხელი მოეწეროს, თავისუფლად ემოქმედოს, სხვა სახელმწიფოსთან ავი თუ კარგი დამოკიდებულება ჰქონოდეს.

ამიტომ, როდესაც ყოველ ჩვენს სიტყვაზედ, რომ ჩვენს ბუნებრივ და ისტორიულ ფარგალში გადასვლას შემზადება უნდა, ძველ მეზობლობას აღდგენა - ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ან თურქოფილები ვართ ან კიდევ სვა რამე, ეს მხოლოდ საბუთია ჩვენთვის ვიიქროთ, რომ ჩვენში ყოფილა ხალხი, რომელსაც თავისი დამოუკიდებლობის შინებია, მისთვის თავი ვერ აურთვია და ყველაფერზედ ფილენჯი ემართება.

ჩვენთან კამათის ნაცვლად, ჩვენზეც ჭორების შეთხზვის მაგიერ და ჩვენი სახელის წახდენის ცდის წილ, იქნება უკეთესი იყოს, რომ ასეთმა პირებმა თავის თავს დაუსვან კითხვა: მართლა უნდათ მათ დამოუკიდებლობა ყველა მისი შედეგებით, თუ ამჯობინებენ - საქართველო ისევ რუსეთთან დარჩეს, რადგან იქ ცხოვრება უფრო „იოლი“ იქნება.
სხვანაირად ყოვლად წარმოუდგენელია ის ყოყოჩობა პოლიტიკაში, რომელსაც ისინი იჩენენ. თავისი ისტორიული ფარგალი ეტყობა, არ მოსწონთ, მეზობლები, მით უმეტესად. თურმე მეზობელთან ისე ყოფილა შესაძლებელი ცხოვრება, რომ „არც მტერი იყო მისი, არც მეგობარი“, მაშინაც კი, როცა, საკუთარი თქმით, მეზობელი აშკარა მტერია... და ამას ეძახიან ეს პატივცემული ულტრა-პატრიოტები ეროვნულ ინტერესების დაცვის პოლიტიკას და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას!


შ.ამირეჯიბი,
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N2)



Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment