წარსულის გაკვეთილები

1917 წლის ბოლოს და 1918 წ. დასაწყისში კავკასიის ფრონტი დაიშალა. სარდლობა უძლური აღმოჩნდა ჯარი თავ-თავის პოზიციებზე დაეკავებინა. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის მიერ გადმოტყორცნილმა ლოზუნგებმა ჯარისკაცებში დიდი დეზორგანიზაცია შეიტანეს და ყველა თოფით ხელში სახლისაკენ მიეშურებოდა, რათა ადრე შესულიყო მარქსის სამოთხეში და ეგემა რევოლუციის მონაპოვარი.

კავკასიის ფრონტი რუსეთის ჯარებისაგან 1918 წლის დასაწყისში თითქმის გაიწმინდა. ოსმალეთის ჯარი სწრაფად იჭერდა რუსეთის მიერ მიტოვებულ ადგილებს. ვეხიბ-ფაშის სარდლობით ოსმალეთის ჯარებმა დაიჭირეს მთელი ერზერუმის ოლქი, ხოლო ყარსის ოლქში - კი აწყობდნენ ფრთხილად შემოსვლას, ვინაიდან აქ კიდევ იყო გამაგრებული ბერძნებისა და სომხების ეგრედ წოდებული ნაციონალური პოლკები. 1917 წლის რევოლუციამ მთელი რუსეთი არივ-დარია და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ არევ-დარევამ ყარსის ოლქშიაც იჩინა თავი, უფრო კი თურქთა ჯარების მოახლოვებისას. ზემოხსენებული ნაციონალური, ბერძნებისა და სომხების პოლკები ადგილობრივმა თურქების და ქურთების პარტიზანებმა მოსპეს... პერიფერიებთან, როგორც იდის და ოლთისის სამხედრო ოლქები იყო, არტაანის, აზღზევანის და ყარსის ოლქებთან ყარსის ყოველივე კავშირი შეურყდა. თითოეულ დასახელებულ ოლქში გამეფებული იო ადგილობრივი პარტიზანების ხელისუფლება. იდის, ოლთისის და არტაანის ოლქებში იმ დროს ჩარჩენილი იყო საგრძნობი რაოდენობა რუსების და ქართველებისა, რომლებიც ამ ადგილებში სხვა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მსახურობდნენ. მეც მათ რიცხვში ვიყავი, ჩარჩენილი ქალაქ ოლთისში, სადაც მე სამხედრო ოლქის უფროსი ვიყავი. აღსანიშნავია იშვიათი ძმური მოპყრობა ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რუსებისა და ქართველებისადმი. ვეხიბ-ფაშას მიერ ყარსის ყველა ოლქებში საგანგებო ბრძანება იყო დაგზავნილი, რომლითაც იგი ავალებდა ადგილობრივ დროებით ხელისუფლებას ყოველივე დახმარება აღმოეჩინათ ჩარჩენილი ქართველების და რუსების რაოდენობა სამივე ოლქში ორას კაცს უდრიდა. ოსმალების ჯარები ყარსის ოლქში პირველად ოლთისში შემოვიდნენ, მურსალ - ფაშას მეთაურობით (ეს ის მურსალ-ფაშაა, რომელიც თურქების ჯარებით ბაქოში შევიდა). იქ მყოფ რუსებს და ქართველებს მურსალ-ფაშამ დიდი დახმარება აღმოუჩინა, სამი დღის განმავლობაში მთელ კოლონიას მასპინძლობდა თავის ოფიცრებთან ერთად, გვიმართავდნენ წარმოდგენებს და სხვა.

ქართველთა და რუსთა კოლონია ეშელონებად იქმნა დაყოფილი და გამგზავრებული ართვინის გზით ბათუმს და არტაანის გზით ახალციხისაკენ. ბათუმის გზა ამოირჩია მთელმა რუსობამ გენერალ მაკალინსკის (იდის სამხედრო ოლქის უფროსი) მეთაურობით, - ქართველებმა ვარჩიეთ ახალციხის გზა. რუსების ეშელონი დაუბრკოლებლივ ჩავიდა ბათუმში და იქიდან გემებით წავიდა ყველა თავის სამშობლოში. ქართველების ეშელონი ოლთისიდან დაიძრა არტაანისაკენ და არტაანიდან ხანიორის უღელტეხილებით ჩავედით ჯაყ-სუ--ში ( იმ დროს ახალციხის სარაიონოს შეადგენდა დღეს კი, არტაანის ოლქის ოსმალეთის ხელში გადასვლის შემდეგ, ჯაყ-სუ-დიღურის რაიონიც არტაანის ოლქს მიაკერეს და დიღურის მაზრად გამოაცხადეს; სამაზრო ქალაქი დიღურია, რომელიც 18 კილომეტრით დაშორებულია ახალციხეზე).

ჯაყ-სუმდის ჩვენი მოგზაურობა იყო სანატრელი, მაგრამ აქ არსებითად შეიცვალა; 18 კომლი არტაანის გლეხობისა და დანარჩენი მოხელეები იმავე ღამეს თავის ბინებზე გაძარცვეს. ამის მეთაური გახლდათ ქართველი მუსულმნი ასლან-ბეგ ხიმშიაშვილი, რომელმაც მეორე დღეს ყველა ქართველი ოსმალეთის ტყვედ გამოგვაცხადა. ჩემს შეკითხვაზე, თუ რითაა გამოწვეული ასეთი ზომები ჩვენ მიმართ, ასნაკ0ბეგმა მიპასუხა, რომ ახალციხე-აბასთუმანმა ფრონტი გახსნა ჩვენს (ოსმალეთის) წინააღმდეგ და ზარბაზნებს გვესვრიანო და არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ოსმალეთის ჯარები ახალციხეში შევიდნენო. ამ განმარტების შემდეგ ჩვენთვის აშკარა იყო, რომ უპატრონოდ დარჩენილ საქართველოს და მთელი კავკასიასაც ოსმალეთი ეპატრონებოდა. რაკი ჩვენთვის აკრძალული იყო ახალციხეში შესვლა, ჩვენ, როგორც ტყვეები, დაბა ადიგვენში (ახალციხის მაზრა) ფეხით გაგვამგზავრეს.

ადიგვენში იდგა თურქების ჯარის პატარა ნაწილი, იუზ-ბაში ხალილ-ბეის მეთურობით, რომლის ამოცანა იყო თავისი პატარა ნაწილით და ადგილობრივი ქართველი მუსულმანების დახმარებით აბასთუმანში შესულიყო. აბასთუმანს, ისე როგორც ახალციხეს ქართველების საგრძნობი შეიარაღებული ძალები იცავდნენ. ხალილ-ბეიმ ყველა ქართველი ტყვედ დაგვთვალა, მე და პოლკოვნილი ჩერქეზიშვილი საკომენდანტოში მიგვიწვია, გაგვიმასპინძლდა ჩვეულებრივი თურქული ყავით და დაგვიწყო დაკითხვა; ხალილ-ბეი აღელდა ზემოდასახელებულ ასლან-ბეგ ხიმშიაშვილის საქციელით და ჩვენი თანდასწრებით ოთხი ასკერი გაგზავნა ასლან-ბეგის დასატუსაღებლად. არ ვიცი, მოხუცი ყაჩაღი დაატუსაღეს თუ არა, მაგრამ ყველა ის, რაც ქართველ „ტყვეებს“ მან ჩამოართვა, დაბრუნებული იყო უკლებლად. ადიგვენის კომენდანტმა ზომები მიიღო, რომ ჩვენ გოდერძის უღელტეხილით ხულო-ქედის გზით ბათუმში გავემგზავრებით.

ხალილ-ბეის ჩვენთვის არ დაუმალავს ის, რომ ოსმალეთის სარდლობას საქართველოსი და მთელი კვკასიის ოკუპაციის განზრახვა ჰქონდა, გამოსთქვა დიდი გაკვირვება იმის შესახებ, რომ ახალციხე-აბასთუმანმა ოსმალეთის ჯარს, პურ-მარილით შეხვედრის მაგიერ, ომი გამოუცხადა იმ დროს, როდესაც ოსმალები ქართველებისადმი მეგობრულად განწყობილნი არიან; საქართველოს საშუალებით მათ სურთ შეიერთონ თავიანთი მოძმე ერები ადერბეიჯან-ჩრდილო კავკასიისაო.

ასეთ მწარე შთაბეჭდილებით, ცივ მარტის თვის დღეებში გოდერძის თოვლ-ყინულიანი უღელტეხილი გადავლახეთ და , არაქათ გამოცლილები, ბათუმს მივუახლოვდით. არტაანის ყაზარმებში ერთი ღამე გავათიეთ და როდესაც გამოარკვიეს, რომ ჩვენ ვიყავით ტყვეები, რომელთაც იარაღით ხელში არ უბრძოლიათ ოსმალეთის წინააღმდეგ, მოგვცეს ნებართვა ბათუმში შევსულიყავით.

აქ ყველა სამხედრო პირი აღრიცხვაზე აგვიყვანეს და კვირაში ორჯერ საკომენდანტოში გამოცხადება დაგვავალეს. აპრილის თვის პირველ დღეებში ბათუმის ქართველ ტყვეთა შორის ხმა გავრცელდა, რომ საქართველოს დელეგაცია ბათუმში ჩამოდის ოსმალეთის სარლობათან მოსალაპარაკებლადო. საქართველოს დელეგაცია ბათუმში ჩამოვიდა (როგორც უცხო ქვეყნის ქალაქში), თანაც ჩამოჰყვნენ ადერბაიჯანის, სომხეთის და ჩრდილო კავკასიის დელეგატებიც. ამ დელეგაციის საქმიანობის ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა, ჩვენ ტყვეებს, თუ არა შემდეგი შემთხვევა: როგორც ზემოდ აღვნიშნე, ყველა ქართველი ოფიცერი კვირაში ორჯერ რეგისტრაციაზე მიდიოდა საკომენდანტოში. მეც ჩვეულებივად მივედი საკომენდანტოში, სადაც ჩამომართვეს ჩემი სააღრიცხვო ბარათი და გადამცეს ასკერს სატუსღოში წასაყვანად, სადაც დამხვდა რამდენიმე ათერული ქართველი ოფიცერი. არავინ არ ვიცოდით, რა მოხდა და ან რას გვიპირებდნენ. შუაღამემდე დატუსღებულ ოფიცრების რიცხვი გაიზარდა და, როდესაც გათენებისას ქუჩაში დაგვამწკრივეს, ჩვენი რიცხვი ორას ოფიცერს უდრიდა. ადრე დილით ნავთსადგურში მიგვიყვანეს, ნავებში ჩაგვსვეს და ოსმალეთის გემს მიგვაყენეს. მთელი დღე, ღია ზღვაში, გემზე გავატარეთ. დაბინდული იყო, როდესაც ზღვაში ნავები გამოჩნდნენ, რომლებსაც მიმართულება ჩვენსკენ ეჭირათ. ჩვენ ერთად შეგვაგროვეს დ გემზედ ამოსულმა ქართული დელეგაციის თვმჯომარემ ბ.ა. ჩხენკელმა გამხნევების სიტყვით მოგვმართა, აგვიხსნა მიზეზი ჩვენი ოსმალეთის გემზედ ყოფნისა: „ოსმალეთის სარდლობა ბრეს-ლიტოვსკის ხელშეკრულებით არ კმაყოფილდება და შეუძლებელ მოთხოვნილებებს გვიყენებს ქართველებსა და სომხებს. ბათუმის, ართვინის, ოლთისის და არტაანი გარდა, რაც უკვე მიითვისეს მათ, საქათველოსაგან კატეგორიულად მოითხოვენ ახალციხეს და ახალქალაქს, ბორჯომის ხეობამდე, ხოლო სომხებისაგან, ყარსის გარეშე, ალექსანდროპოლს და ეჩმიაძინის მაზრის ნაწილს. ეს მოთხოვნილება ჩვენ განადგურებას უფროს და მთელ კავკასიაში ოსმალეთის გაბატონებას. ჩვენ არ ვუთმობთ და, აი ჩვენზე რომ გავლენა მოახდინონ, თქვენ მძევლებად გამოგაცხადესო“. ბ.ა. ჩხენკელი შეგვპირდა, რომ ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში ბათუმში დაბრუნებულნი ვიქნებოდით. მართლაც გემზე დატუსაღებული ოფიცრობა იმ საღამოსვე ბათუმში თავისუფლად დავდიოდით. ბათუმის მცხოვრებნი დიდ შიშს განიცხდიდნენ; საფიქრებელი იყო, რომ ოსმალეთის ჯარებს დახევისას ბათუმში არევ-დარევა არ გამოეწვიათ. როგორც-კი შეღამდა, თურქების კარები კარში გამოიყვანეს და გათენებისს ბათუმში ოსმალეთის ეთი ჯარისკაციც არ დარჩენილა. თურქებმა თავისი ჯარები ბათუმიდან ღამე გაიყვნაეს. გერმანიის იმპერიის წარმომადგენელმა ღენერალ ფონ-ლოსოვმა აიძულა ოსმალეთის სარდლობა ბათუმიდან და საქართველოს საზღვრებიდან ჯარები გაეყვანათ. საქართველოს და კავკასიის ერების სამი წლის (1918-1921) დამოუკიდებლობა მთლიანად უნდა მიეწეროს გერმანიას და არა ვინმე სხვის გავლენას და მეტადრე მენშევიკურ ვაჟკაცობას. გერმანელებმა შეგვიქმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და რამდენ ხანსაც საქართველოში დაჰყვეს, მუდამ საქართველოს და მისი საზღვრების მედგარი გუშაგები იყვნენ. გერმანელების საქართველოდგა წასვლით და კავკასიაში ინგლისელების მოსვლით სურათი საგრძნობლად შეიცვალა. ინგლისელებიშევიდნენ ბათუმში, ართვინში, არტაანში და ყარსში. ჩვენი ინგლისელების ყოფნის დროს მრავალმა აჯანყებამ იჩინა თავი. ყველა აჯანყება ან ბოლშევიკების აგიტაციით, ან საქართველოს სოციალისტური მთავრობის უხეში მმართვა-გამგეობით, მისი აგრარული რეგორმით იყო გამოწვეული. საქართველოში მთავარ აჯანყებად უნდა ჩაითვალოს ახალციხის აჯანყება. ახალციხის ბეგები 1918 წლის დასაწყისიდან ორ ჯგუფად გაიყვნენ: ერთი მათგანი მომხრე იყო, რომ ახალციხე ოსმლეთის მფლობელობაში გადასულიყო და ამითი თავისი სიმდიდრე - ადგილ-მამული შეენარჩუნებინათ და გამარჯვებიდად ოსმალეთის გულიც მოეგოთ. მეორე ჯგუფში, შედარებით პირველთან, უფრო ღარიბი ბეგები იყვნენ. ამ უკანასკნელი ნეგების მეთაურად იყო ბაღში - ბეგ მაჩაბელი, რომელიც ახალციხეში ხე-ტყით ვაჭრობდა. ახალციხის აჯანყების დროს ჟორდანიას მთავრობის ნებართვით მან ცხენოსანი რაზმი შეადგინა; როგორც რაზმის უფროსს მთავრობამ მას უბოძა სათანადო სამხედრო ხარისხი; მის რაზმში სამხედრო სამინისტრომ მიავლინა ქართველი ცხენოსანი ოფიცრები: ბაღში-ბეგს თანაშემწედ დაუნიშნეს პოლკოვნიკი გრ. მგალობლიშვილი, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება, ხოლო რაზმში ოფიცრებად ვლ. ბერიძე, შ. მგალობლიშვილი (ორივე დახვრეტილია ბოლშევიკების მიერ საქართველოში) და სხვანი. ბაღში-ბეგ მაჩაბელი, როგორც სისხლით ნამდვილი ქართველი, ახალციხე-არტაანში ბ. ჟორდანიას მთავრობის „ქართულ“ პოლიტიკას აწარმოებდა. ახალციხის აჯანყების დროსაც მან სრული ერთგულება გამოიჩინა და აჯანყების მეთაურს სერვერ-ბეგ-ათაბაგს ებრძოდა (საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პოლკოვნიკი ბაღში-ბეგ მაჩაბელი ბოლშევიკებმა დახვრიტეს).

ახალციხის აჯანყების ჩასაქრობად ჭკვიან მთავრობის ხელში და თავის დროზედ საკმარისი იქნებოდა ერთი ათასეული, მაგრამ მენშევიკურმა მთავრობამ მას მოანდომა რამდენიმე სარდალი; ღენერალი ბ. მაყაშვილი, როგორც-კი აჯანყების მდგომარეობას გაეცნო, მაშინვე გადააყენეს, რათა მას, როგორც ღენერალ მაყაშვილს, გამარჯვება არა რგებოდ. მის შემცვლელ ღენ. მაზნიაშვილის მთავრობის პოლიტიკით გახელებული მოპირდაპირე უფრო მედგრად შეხვდა.  ღენ. მაზნიაშვილი იძულებული იყო ახალციზე დაეტოვებინა და აწყირიდან ბორჯომში დაეხია, იმ მიზნით, რომ გაორკეცებული ძალებით კვლავ დაუბრუნდებოდა ახალციხეს და აჯანყებას ჩააქრობდა, მაგრამ ღენ. მაზნიაშვილიც გამოსცვალეს. როგორც ცნობიალია, ახალციხის აჯანყება ღენ. კვინიტაძემ ჩააქრო. აჯანყებულების მეთაურმა სერვერ-ბეგ ათაბაგმა, თავისი რამდენიმე ასი შეიარაღებულით და ერთი ჟანგიანი ზარბაზნით არტაანისაკენ დაიხია, მაგრამ ჩვენმა ჯარმა ისინი არტაანიდანაც განდევნა. ახალციხის მაზრის მცხოვრებნი ნორმალურ ცხორებას დაუბრუნდნენ, მაგრამ ინგლისის სარდლობამ ღენ. კვინიტაძის ჯარები არტაანში დიდ ხანს არ გააჩერა, „მოკავშირეებმა“ მხოლოდ იმისი ნება დართეს, რომ საქართველოს არტაანში ნახევარი ასეული ჰყოლოდა.  ასეთი ნახევარ ასეული ასპინძის თასეულმა გამოჰყო კაპიტან ა. კვიტაიშვილის მეთაურობით, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც არტაანის ოლქში ჩვენი ხელისუფლება განმტკიცდა, კაპიტ. დ. ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილმა შესცვალა. შემდეგ, როგორც არტაანის და ართვინის, ისე ბათუმის ოლქები, ოლთისის ოლქის გამოკლებით, საქართველოს სრულ მფლობელობაში გადმოვიდა ინგლისის წარმომადგენლობის წყალობით.

ოლთისის ციხე-სიმაგრე ავანპოსტია მთელი სამხრეთ საქართველოსი. ის პირდაპირ უცქერის იალბუზს. არტაანის ციხე-სიმაგრე უპირისპირდება ყაზბეგს და იცავს მესხეთ-ჯავახეთს და მთლად აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ყარსი იცავს სომხეთს და იმავე დროს ნოეს კიდობნის „მტვირთველი“ დარაჯია.

ი. გვარამაძე  
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N4)


Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment