ისლამური სახელმწიფოს ქართველი მებრძოლი

ავტორები:
გვანცა კალანდაძე 
ნინო ქელეხსაევი 
ლილი მაღრაძე 



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

თბილისი, 2017 




აბსტრაქტი 

კვლევის მიზანია, შეისწავლოს ისლამური სახელმწიფოს ქართველი მებრძოლის, თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფია და გაიგოს იმ შესაძლო მოტივების შესახებ, რითაც საქართველოს მოქალაქე გახდა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი. ნაშრომის ძირითადი ნაწილი საბიბლიოთეკო კვლევის პრინციპის მიხედვით არის შესრულებული(აჯამებს და აფასებს უკვე არსებულ წყაროებს) , თუმცა გამოყენებულია ემპირიული კვლევისთვის დამახასიათებელი ინტერვიუს მეთოდი. 

კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თარხან ბათირაშვილის ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირება განაპირობა მის ცხოვრებაში მომხდარმა ძირეულმა ცვლილებებმა. თარხანი იმედგაცრუებული და არარეალიზებული დარჩა მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც.განაყოფიდან დაითხოვეს. მანამდე მას ბრწყინვალე სამხედრო კარიერა ჰქონდა. 

თუ საკითხს მეტაფსიქოლოგიურად განვიხილავთ, ვიტყვით, რომ თარხან ბათირაშვილისთვის სამყარო იყო მუქარის შემცველი, ამიტომ იქცა ის გამანადგურებლად მუქარის შემცველი ობიექტების მიმართ. როგორც ტრავმატიზებულ სოციუმს აქვს ტენდენცია იდენტიფიცირდეს საშიშ ობიექტად, ტრავმატიზებბული ინდივიდიც ასეთივე მოწყვლადობის მატარებელია. 

კვლევის შედეგები მოგვითხრობს თარხან ბათირაშვილის ოჯახის, ბავშვობის, სიჭაბუკის, სამხედრო ცხოვრებისა და ომის შემდგომი პერიოდის შესახებ. ასევე, მოკლედ მიმოიხილავს იმ სოციუმის ცხოვრებას, რომლის წევრიც ბათირაშვილი იყო. 



შესავალი
საკითხის აქტუალობა

ტერორიზმი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას, უქმნის რა საფრთხეს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას. დღეს ISIS მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი, უსასტიკესი და მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა, მას ნელ-ნელა ემატება მოკავშირეები.

მათ თავისი სისასტიკით, გავლენის სფეროთი და სიმდიდრით უკან მოიტოვეს ალ-ქაიდა და დასავლეთის ყველაზე ძლიერ მტრად იქცნენ. Islamic State of Iraq and Syria (ISIS) ანუ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო ეს არის სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც, ჯერ კიდევ 1999 წელს ჩამოყალიბდა. 2006 წლიდან კი, უკვე როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია ისე "მოღვაწეობს".

ბოლო პერიოდში ისლმური სახელმწიფო აქტიურად „უტევს“ კავკასიას, მათ სურთ ჩეჩნეთისა და ჩრდილო-კავკასიის სხვა ქვეყნების "გათავისუფლება" და უფრო და უფრო მეტ იდეურ მოკავშირეს პოულობენ. ახალგაზრდები საკუთარი ნებით ერთდებიან ISIS-ს „დიადი მიზნებისათვის" საბრძოლველად, ამ ტალღის მიღმა არც საქართველო დარჩა.

,,ისლამური სახელმწიფოს’’ ქართველი მებრძოლის ისტორია იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ რელიგიური გრძნობების ექსტრემალურ გამოფენას აქვს თავისი ფსიქოლოგიური მექანიზმი და ჩვენ გვინდა შევძლოთ მიზეზობრივი ახსნა მოვლენისა. თუ გვეცოდინება მოტივები, რის გამოც ახალგაზრდა კაცი, რომელიც არ იყო აღზრდილი ისლამური პრინციპების მიხედვით, არ გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით ბავშვობაში, ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტერორისტული დაჯგუფების წამყვანი მებრძოლი, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ იმ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება პანკისის ხეობაში. თარხან ბათირაშვილის მსგავსად საქართველოს ბევრი მუსლიმი მოქალაქე წავიდა სირიაში. განსაკუთრებით დიდი იყო გადინება პანკისის ხეობიდან. 


ლიტერატურის მიმოხილვა
თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფია

თარხან ბათირაშვილი დაიბადა 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქრისტიანი მამისა და მუსლიმი დედის ოჯახში. ის იყო სამი ვაჟიდან ერთ-ერთი, რომელთაგან ყველამ საბოლოოდ მიიღო ისლამი მამის სურვილის საწინააღმდეგოდ. მის ბავშვობაში მამა იშვიათად იყო მასთან, რადგან ის მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში, და ბავშვებს ძირითადად ზრდიდა დედა. 

ტელეკომპანია ,,თანამგზავრზე’’ თარხან ბათირაშვილის შესახებ მიძღვნილ სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მამის გადმოცემით, თარხანი არაფრით გამორჩეული ბავშვი იყო. უყვარდა წიგნების კითხვა და საკმაოდ კარგად სწავლობდა. არ უყვარდა იარაღით თამაში და ბუნებით იყო მშვიდი და შემწყნარებელი. 

თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა. ახალგაზრდობაში ის მუშაობდა მწყემსად ხეობის მთიან ნაწილში. მოგვიანებით 1990 წელს, პანკისის ხეობა იყო ძირითადი ტრანზიტული პუნქტი ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე მეამბოხეებისთვის და გავრცელებული ინფორმაციით აქ მოხდა ბათირაშვილის კავშირი რუსეთში გადამსვლელ ჩეჩენ მეამბოხეებთან. მამის გადმოცემით, ახალგაზრდა ბათირაშვილი საიდუმლოდ ეხმარებოდა რუსეთში ჩეჩენ მებრძოლებს და ზოგჯერ მონაწილეობდა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ მიმართულ მისიებში. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან ჩანს, სკოლის დასრულების შემდეგ თარხან ბათირაშვილი ქართულ არმიაში გაიწვიეს, სადაც ხდება სხვადასხვა შეიარაღებისა და რუკების ოსტატი, მისი ყოფილი მეთაურის მალხაზ თოფურიას გადმოცემით, რომელმაც იგი გაიწვია სპეციალური დაზვერვის ჯგუფში. მისი ქვედანაყოფი დატრენინგდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, რომელიც მოიცავდა აშშ-ს სპეცრაზმელებთან ტრენინგს. ბათირაშვილი იყო „ვარსკვლავი მოსწავლე“. მას ანიჭებენ სერჟანტის წოდებას ახლად ჩამოყალიბებულ სადაზვერვო ქვედანაყოფში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის მსახურობს ცხინვალის ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე, რუსული ტანკის მსვლელობას ჯაშუშობს და გადასცემს მათ კოორდინატებს საქართველოს საარტილერიო ქვედანაყოფებს. ბათირაშვილის ქვედანაყოფმა სერიოზული ზიანი მიაყენა რუსებს, მათ შორის ქმედებები რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ იყო შეტევა რუსული არმიის 58-ე კოლონაზე, რომლის დროსაც 58 არმიის გენერალი ანატოლი ხრულიოვი დაიჭრა. ბათირაშვილი არასდროს ყოფილა დაჯილდოვებული თავისი სამხედრო სამსახურისთვის. მას სურდა რომ გამხდარიყო ოფიცერი, მაგრამ 2010 წელს დაუსვეს ტუბერკულოზის დიაგნოზი. სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, იგი იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან სამედიცინო ჩვენებით. თუმცა სხვა წყაროში სამსახურიდან გათავისუფლებას ე.წ. მუხროვანის ამბოხებულებთან მეგობრობას ასახელებენ.თარხანის მამასთან ჩატარებული ინტერვიუდან ვიგებთ: „მაგის ამხანაგები ზოგი აი წკრიალაშვილი აგერ თიანეთის გზაზე მოკლეს, არაბიძე ციხეში გამოამწყვდიეს, ამას ვინღა მიუშვებდა სამხედროში მითუმეტეს კუდში მსახურობდა მაგათი საიდუმლოებები რომ იცოდნენ, ესეთ ხალხს სპობდნენ ეგენი, თუკი არ შეიძლებოდა მაგის სამსახური და არ შეეძლო აბა იქ როგორღა მსახურობს“. თარხანის მცდელობა სამხედრო სამსახურში დაბრუნებულიყო, უნაყოფო გამოდგა. იგი სამუშაოდ არც ადგილობრივ პოლიციაში მიიღეს. იმ წელს დედამისიც გარდაიცვალა განუკურნებელი სენით - სიმსივნით. „ჩემმა შვილმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა“, - იხსენებდა მამამისი მოგვიანებით.

2010 წლის სექტემბერში თარხან ბათირაშვილი ქართულმა პოლიციამ დააკავა იარაღის არალეგალური შენახვისთვის. მას სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი გათავისუფლებულ იქნა 16 თვის შემდეგ 2012 წლის დასაწყისში და დაუყოვნებლივ დატოვა ქვეყანა. ჯიჰადისტური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბათირაშვილმა განაცხადა რომ ციხემ გარდაქმნა ის: „მე შევპირდი ღმერთს, რომ თუ მე ცოცხალი გამოვიდოდი ციხიდან, მე წავიდოდი ჯიჰადის ბრძოლაში ღმერთის გამო“ . მას უკვე „ომარ ალ-შიშანი“ ჰქვია, ეგვიპტეში მცირე ხანს იმყოფება და 2012 წლის მარტში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ერთვება: ,,ჯერ კიდევ აქ როცა იყო, სამხედროში, იქიდან თავის ძმებს სასტიკად აფრთხილებდა: ფრთხილად იყავით, მაგ ვაჰაბიტების ორგანიზაციაში არ შეხვიდეთ იცოდეთო. ეგ აფრთხილებდა თავის ძმებს და ბოლოს თვითონ მოხვდა. ადამიანს რომ სხვა გასაქანი აღარსად აღარ აქვს, რას იზამს? მაგას გასაქანი აღარსად დაუტოვეს, არ დაუტოვა ნაცმოძრაობამ.’’- ამბობს თემურ ბათირაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში. 

თარხან ბათირაშვილის მეუღლის ნათესავი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს: ,,თარხანი ორი ომის ვეტერანი იყო: რუსეთ-ჩეჩნეთის ომის და რუსეთ-საქართველოს. ომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. იმდენად ღრმად ჩახედული იყო თავის საქმეში, რომ მასში საფრთხე დაინახეს. ძალიან კარგად იცოდა სამართლებრივი სისტემა, ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება ჰქონდა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეში უნდოდათ მისი გაყვანა, თარხანი არ დასთანხმდა და მერე მისი სრული ბლოკირება მოახდინეს. ამის მერე დაიწყო მან მეჩეთში სიარული, თორემ მორწმუნე არასდროს ყოფილა. მამამისი ქრისტიანია, ახლაც უშიშრად გაიძახის, რომ იესოა ღმერთი. თარხანი ცარიელი ხელებით წავიდა სირიაში და 3-4 თვეში 6 მილიარდი ჰქონდა უკვე. ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა. ქისტი მოკლა, გესმით? ქალის გამო მოკლა თავისი პირადი დაცვა. ამ ქისტის ცოლი მოეწონა, ამოიღო იარაღი და მოკლა. ‘’ 

მისი პირველი სამეთაურო იყო მუჯაჰირის რაზმი, უცხოელი მებრძოლებისგან შემდგარი ისლამისტური ჯიჰადისტების დაჯგუფება, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის ზაფხულში. 

2013 წლის მაისში ბათირაშვილი დაინიშნა ჩრდილოეთ მეთაურის პოზიციაზე ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოში, მისი საბრძოლო ოპერაციებისა და ძალების ხელმძღვანელად ჩრდილო სირიაში, კერძოდ ალეპოში, რაქაში, ლატაკიასა და ჩრდილო იდლიბის პროვინციაში. 2013 წლის ბოლოს ის იყო ISIL-ის ემირი (ლიდერი) ჩრდილოეთ სირიაში და მოქმედებდა ალეპოს პროვინციის შიგნით დ მის გარშემო. ის ასევე ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთიდან და სხვა კავკასიური ქვეყნებიდან მებრძოლებს. მის დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფები მონაწილოებდნენ სირიის საბრძოლო ბაზებზე მთავარ თავდასხმაში ალეპოს შიგნით და მის გარშემო, მათ შორის მენაღის საჰაერო ბაზების აღებისას 2013 წლის აგვისტოში. ის ითვლებოდა „სირიის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო ლიდერად“. 2014 წლის შუაში, ბათირაშვილი იყო ISIL-ის უფროსი მეთაური და რაქაში დაფუძნებული შურას (shura) საბჭოს წევრი, სირიაში. 2016 წელს იგი ხელმძღვანელობს ისლამური სახელმწიფოს სპეციალურ ბატალიონს, კერძოდ ქვედანაყოფს სახელწოდებით „ცენტრალური მმართველობის დაჯგუფება“, რომელიც წარმოადგენს მთავარ ძალას სპეცსამსახურების ჯგუფში.

თარხანი იგივე ალ-შიშანი მალე მუჰაჯირთა ლაშქრის მეთაური ხდება, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში აქტიურ სამხედრო მოქმედებას ეწევა. მისი რაზმი ძირითადად კავკასიელებისგან შედგება, თუმცა არიან სხვა ეროვნების მქონე მებრძოლებიც. ჯიჰადისტები მონაწილეობენ ქალაქ ალეპოს ბრძოლებში, ხოლო 2013 წლის აგვისტოში მათ თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სირიის არმიის მინაგის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიიტანეს იერიში.

მიუხედავად სამხედრო წარმატებებისა, ბათირაშვილი ძლიერი პარტნიორის მოძებნას ცდილობდა. „ერაყ-სირიის ისლამური სახელმწიფოს“ გარიჟრაჟზე იგი ერთგულებას უცხადებს აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადს, ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს. 2013 წლის ბოლოს ალ-შიშანი თავისი რამდენიმე ასეული მებრძოლით ახლო აღმოსავლეთში ჯიჰადისტთა ყველაზე ძლიერ დაჯგუფებად იქცა.


მას შემდეგ თარხან ბათირაშვილი არა მარტო ყველაზე ცნობილი მეთაურია, „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე ცნობილი წარმომადგენელიც. ომარ ალ-შიშანი საჯაროდ ძირითადად რუსულ ენაზე ლაპარაკობს და თავისთან, სირიასა და ერაყში იხმობს ისლამისტებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან.საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს ,,ივერიონის’’ ცნობით, თარხანმა ორჯერ დარეკა სირიიდან ,,იგი მამამისს ტელეფონით ორჯერ ელაპარაკა: პირველი საუბრის დროს იგი რუსეთს დაემუქრა, მეორედ კი აცნობა, რომ შვილი შეეძინა: „სულ შენ გგავს“.’’ ხოლო პანკისის სათემო რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში მამა ამბობს რომ თარხანმა მხოლოდ ერთხელ დაურეკა: ,, ერთხელ დამირეკა და ეგ იყო. მამა, არ ლოცულობო? როგორ არ ვლოცულობ მეთქი. წინა დღეს გიორგობა იყო. მე ხომ ქრისტიანი ვარ და ჩვენს სალოცავში ვიყავი. სანთლები ავანთე და ღმერთს თქვენი თავი შევავედრე მეთქი. ეგ რომ გაიგო, ტელეფონი გადააგდო. იმის შემდეგ აღარ დაურეკავს“.

არაერთხელ გავრცელდა ცნობა ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ. 2014 წელს მაისში, ივნისში, აგვისტოში. ოქტომბერში გაკეთდა განცხადება ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ სირიისა და ერაყის სხვადასხვა ადგილებში, რომელთაგან სიმართლეს არც ერთი შეესაბამებოდა, 2014 წლის 13 ნოემბერს ჩეჩენეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აქვეყნებს პოსტს საკუთარ ინსტაგრამზე ბათირაშვილის მოკვლის შესახებ, და დებს მკვდარი ჟღალ-წვერიანი კაცის სურათს, თუმცა ფოტოზე აღბეჭდილი კაცი არ იყო ბათირაშვილი და მოგვიანებით კადიროვი შლის პოსტს. პოსტის წაშლამდე ეს განცხადება სწრაფად ვრცელდება და ქვეყნდება მედიაში მსოფლიო მასშტაბით. 2014 წლის 24 სექტემბერს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ბათირაშვილი შეიყვანა გლობალური ტერორისტების შავ სიაში, 2015 წლის 5 მაისს აშშ-ს მთავრობამ დააწესა ჯილდო, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის ბათირაშვილის დასაკავებლად,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

2015 წლის მაისში, ივნისში და ოქტომბერში ისევ ვრცელდება ინფორმაცია თარხანის გარდაცვალების შესახებ. 27 დეკემბერს რუსეთის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს სპეცსამსახურმა შეიპყრო ბათრაშვილი კირკუკის მახლობლად ერაყში. ამ ინფორმაციას უარყოფს აშშს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერი. 2016 წლის მარტში აშშ-ის ოფიციალური პირები CNN-ში აცხადებენ რომ შესაძლოა ბათირაშვილი მოკლულ იქნა 4 მარტს სამიზნე საჰაერო შეტაკებისას სირიის ქალაქ ალ-შადადის მახლობლად. თუმცა მათ არ შეუძლიათ დაამტკიცონ მისი სიკვდილი. სხვა ოფიცილაური წყაროები ამბობენ რომ იგი „ძლიერად დაშავებულია“ საჰაერო შეტაკებისას, და აშშ-ს სამხედრო ძალები ვერ აფასებენ მკვდარია თუ არა. 12 მარტს ადამიანთა უფლებებისათვის სირიის ობსერვატორია აცხადებს რომ ბათირაშვილის კლინიკური სიკვდილი დადგა აშშ-ის საჰაერო შეტევის შედეგად, ISIL-ის მეთაური კრიტიკულ მდომარეობაში იყო და არ ხდებოდა სუნთქვა სასუნთქი აპარატის გარეშე. 2016 წლის 14 მარტს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-ში განაცხადა რომ არსებობს მტკიცებულება ბათირაშვილის საჰაერო შეტევის დროს დაღუპვის შესახებ. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებმა შეცდომით „დაადასტურა“, რომ ბათირაშვილი გარდაიცვალა ISIL-ის მთავარ დასაყრდენ რაქას გარეთ სირიაში. ISIL-ის მედიამ ამაქის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც უარყო ბათირაშვილის მკვლელობა,

2016 წლის 13 ივლისს ISIL აცხადებს, რომ ბათირაშვილი გარდაიცვალა ერაყში ქალაქ ალ-შირქათში ბრძოლის დროს. აშშ აღიარებს რომ მათი წინა განცხადებები ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ არასწორი იყო და 2016 წლის 10 ივლისს იგი კვლავ მათი სამიზნეა. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ ბათირაშვილი ამ დროსითვის ნამდვილად მოკლულია თუ არა. პენტაგონმა 2016 წლის 15 მარტს ოფიციალურად განცხადა, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ერთ-ერთი მეთაური, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი მოკლეს. ის, ბიბისის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებთან შესახვედრად იყო ჩასული ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ შადდადში. სამი თვის გაბმავლობაში ,,ისლამური სახელმწიფო’’არ ადასტურებდა თარხან ბათირაშვილის სიკვდილს და ოჯახსაც ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნდა. მხოლოდ 2016 წლის ივლისში დადასტურდა ცნობები ბათირაშვილის ლიკვიდირების შესახებ. 


ინტერვიურს ანალიზი

რატომ ურჩევნია 16-17 წლის ბიჭებსა და გოგონებს დატოვონ სახლი და წავიდნენ საბრძოლველად?! კონტექსტის გასაგებად ჩვენ ჩავატარეთ ინტერვიუ ორ ახალგაზრდასთან, პანკისის ხეობის მკვიდრ ეთნიკურ ჩეჩნებთან.

21 წლის ქალბატონი, რომელიც ახლა უკვე თბილისში სასწავლებლად არის წამოსული გვიყვება ხეობაში არსებულ მატერიალურ და ეგზისტენციალურ პრობლემებზე: 

,, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენთან საერთოდ ფულია პრობლემა, როცა მეჩეთში მიდიხარ და გეუბნებიან, რომ 2000 დოლარს გადაგიხდიან თუ წახვალ და იმასაც ამატებენ, რომ ეს შენი მოვალეობაა, როგორც მუსლიმის, და ამას გაწვეთებენ ყოველ დღე + ნაღდ ფულს გაჩვენებენ, ძალიან რთულია ცდუნებას გაუძლო. აი რომ ამბობენ ,, ფული ჯოჯოხეთს ანათებს’’- ზუსტად ასეა. ფულით ყველაფერს იყიდი, მით უფრო 16-17 წლის ბიჭებს. ‘’ 

ამის საპირისპიროს ამბობს 25 წლის პანკისელი ახალგაზრდა კაცი: 

,,პანკისელები ღვთისმოსაობისა და ღრმა რწმენის გამო წავიდნენ სირიაში, ფინანსური დაინტერესებით არ წასულან. ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიაა მუსლიმების გაერთიანება და ხალიფატის გამოცხადება, რის შემდეგაც შარიათი დამკვიდრდება მსოფლიოში’’ 

ორივე ახალგაზრდა აღნიშნავს, თუ როგორ უყვართ ხეობაში თარხან ბათირაშვილი: ,, არ მეგულება ადამიანი თარხანის სიკვდილი არ სწყენოდეს, ის ჩვენი სისხლი და ხორცი იყო, საამაყოა ასეთი ადამიანის არსებობა თემში, რომელიც ნახევარ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა და მიუხედავად ამისა არასოდეს არც ერთი სიტყვით არ დამუქრებია ადგილს სადაც მისი თემი ცხოვრობდა და ამით არასოდეს შეუქმნია თავისიანებისთვის პრობლემა, არ დამუქრებია მაშინაც კი, როცა საქართველოს ქართველი ბიჭები ემუქრებოდნენ’’ 

ინტერვიუების ანალიზისას იკვეთება პანკისის ხეობაში არსებული ისეთი სოციალური პრობლემები, როგორიცაა, უმუშევრობა, ზოგადი განათლების დაბალი დონე, მწირი წვდომა ინტერნეტთან და მისთ. სოციალური პრობლემების გადაუჭრელობა მოსახლეობის მოწყვლადობას განაპირობებს. აქვე შეგვიძლია დავძინოთ, რომ პანკისის ხეობის ბევრ სოფელში მხოლოდ ქისტი ( ქართველი ჩეჩენი) მოსახლეობა ცხოვრობს, რაც 

ხელს უშლის მათ ასიმილირებას ეთნიკურ ქართველებთან. ისტორიულად, პანკისი ხშირად ხდება დანაშაულებრივ საქმიანობასთან ასოცირებული, რაც ბუნებრივია ჩაკეტილი ხეობისთვის. 


მეთოდოლოგია

კვლევის შესახებ ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა ქართულენოვანი, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი წყაროები, როგორც სტატიების ასევე ვიდეო მასალის სახით. ვიკიპედია ამ სამივე ენაზე დაახლოებით მსგავს ისტორიას გადმოსცემს თარხანის შესახებ. ასევე, გაანალიზებულ იქნა თარხანის მამასთან, თემურ ბათირაშვილთან ჩატარებული ინტერვიუები. საბიბლიოთეკო კვლევაზე დამატებულ იქნა ემპირიული კვლევის მეთოდი და ჩატარდა ორი ინტერვიუ ქისტ ახალგაზრდებთან . 

ამ წყაროებზე დაყრდნობით წარმოვადგენთ თარხანის ბიოგრაფიას, ხოლო მისი მოტივების ანალიზისთვის მოვიხმობთ, კონფლიქტების ფსიქოანალიტიკოსს, ვამიკ ვოლკანს. ვოლკანი თავის სტატიაში ,, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ძალადობა’’ წერს: ,,როცა გარემო არის საშიში, ადამიანები ცდილობენ გაერთიანდნენ რეალური სამყაროს წინააღმდეგ... თუ სოციუმი არის ტრავმირებული და გრძნობს თავს დამცირებულად, მხსნელის იდეა ძალიან მიმზიდველია მისთვის. ეს გარემოებები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც მხარს უჭერს ნარცისტულ პოლიტიკურ ლიდერებს, ვისაც სჯერათ საკუთარი სუპერ უნარების და რომელსაც შესწევს ძალა გახდნენ დესტრუქციულები’’ 


დასკვნა

თარხან ბათირაშვილის შესახებ ცნობების მიმოხილვით, მამასთან და პანკისელებთან ინტერვიუების ანალიზზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ ადამიანის ცხოვრებაში მატრავმირებელ მოვლენას აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს პიროვნების მიერ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება. ადამიანთა ნაწილი მსხვერპლის როლს ადვილად ირგებს და ეგუება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც დამცირებისა და შეურაცხყოფის მერე, გადაწყვეტენ თავად გახდნენ მონადირე და გაანაგურონ ის სამყარო, რომელიც მათთვის მუქარის მატარებელია. 

ახალგაზრდა ბათირაშვილისთვის ცხოვრებისეული იდეაფიქსი მსოფლიოს მასშტაბით შარიათის გამოცხადება რომ არ იყო ამას ბიოგრაფიის გაცნობიდან ვიგებთ. მისი მე-ხატი ეფუძნებოდა რეალიზებულობას, ძალისა და ღირსების მანიფესტირების საშუალებას, ხოლო როცა მისი ადგილი სამხედრო სამსახურში არ აღმოჩნდა, ეს იყო მუქარა მე-ხატის მიმართ. ამიტომაც ცდილობს დაიცვას თვითშეფასება და უერთდება რელიგიური ფუნდამენტალიზმის მოძრაობას, რომელიც მხარს უჭერს თარხანს და აღიარებს მის ცოდნასა და გამოცდილებას სამხედრო საქმეში. ვიცით, რომ ბათირაშვილს ამ პერიოდში გარდაეცვალა დედა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მასთან იყო და რელიგიური იდენტობაც დედისგან მიიღო. სამყარო მტრულია, იგი ახალგაზრდა კაცს ტოვებს მარტო, განძარცვულს ყველაფრისგან, რაც უღირდა: სამხედრო კარიერა, დედა. კარლ გუსტავ იუნგი წერს: ,,საკუთარ ძალაზე, მოხერხებულობაზე, გამბედაობასა და დაუმარცხებლობაზე ხმამაღლა მაშინ იწყებენ ლაპარაკს, როცა საფრთხე ემუქრებათ’’ 

თუკი ბათირაშვილისათვის პირადი ტრავმა განაპირობებს გახდეს ფუნდამენტალისტი, პანკისელი ახალგაზრდებისთვის განმაპირობებელი მათი სოციალური გარემოა. გარემო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს განათლებას, გართობას, ასიმილირებას. ამგავრი სოციუმი ადვილად სამართავია, რადგან როგორც კი შესთავაზებ ალტერნატივას, იგი მას იღებს, როგორც ერთადერთს და არ განიხილავს პოსტ მოდერნიზმისთვის დამახასიათებელ ალტერნატივების შეუზღუდავობას. 

დასკვნას ისევ იუნგის ციტირებით დავასრულებთ: ,,კატეგორიულ მტკიცებას მაშინ ვიწყებთ, როცა სულის სიღრმეში გაჩენილი ეჭვის გაქარწყლება გვინდა’’ 


ბიბლიოგრაფია



1) Vamik D.Volkan : ,,religion fundamentalist and violence’’ 

2) Netgazet.ge 

3) RADIO.WAY ინტერვიუ თარხან ბათირაშვილის მამასთან http://radioway.ge/ka/news/people/item/49-interviu-tarxan-batirashvilis-mamastan-%E2%80%93-aiwules-aqedan-xasuliybo-video


5) ინგლისურენოვანი ვიკიპედია https://en.wikipedia.org/wiki/Abu_Omar_al-Shishani



8) რა არის ისლამური სახელმწიფო და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი? 2015 http://intermedia.ge/სტატია/64942-რა-არის-ისლამური-სახელმწიფო-და-უნდა-გვეშინოდეს-თუ-არა-მისი/22/user:მამუკა123:show:channel 

9) ქ. მახარაშვილი, სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა და მისი პრევენციის სირთულეები, 2013 http://www.socium.ge/index.php/articles/student-articles/41-sakhelmtsifota-mier-terorizmis-mkhardachera-da-misi-prevenciis-sirtuleebi

10) ისლამური ჯიჰადი და წითელწვერა ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, 2014 http://iverioni.com.ge/print:page,1,8372-islamuri-jihadi-da-tsitheltsvera-omar-al-shishani-igive-tharkhan-bathirashvili.html

11) თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ-შიშანი) - საქართველოს ჯარისკაცი და დამცველი, ისლამისტი ფანატიკოსა დს ტერორისტი თუ უბრალოდ უგულო სახელმწიფოს მანქანის მსხვერპლი? 2016 http://armada.ge/?p=128136

12) ვინ არის და ცოცხალია თუ არა ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ტელეკომპანია თანამგზავრის სიუჟეტი, 2016 https://www.youtube.com/watch?v=xBq_TU2EzDE 

13) კარლ გუსტავ იუნგი : ,,ფსიქოლოგია და რელიგია; პასუხი იობს’’ გამომცემლობა დიოგენე, 2013




Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment