რუსიფიკაცია ინტერნაციონალური დროშით

შეუძლებელია, ვინც გულდადებით ადევნებს თვალყურს მოსკოვის „ინტერნაციონალისტების“ შინაურ პოლიტიკას, არ გაოცდეს იმ ევოლუციის გამო, რომელიც განიცადა მათმა პოლიტიკამ უკანასკნელ წლებში, უმთავრესად, ეროვნულ საკითხში. ოფიციალურად ინტერნაციონალიზმის დროშით, დემაგოგურის წამოძახებით და პირმოთნე ლაპარაკით „ცარიზმის“ მიერ დაჩაგრულ ერებზედ, დაუსრულებელი ტრაბახით ყბადაღეულ „ლენინის ეროვნულ პოლიტიკაზედ“ და „სტალინის კონსტიტუციის“ შემპარავი ჰანგებით, რუსის ბოლშევიკებმა, იოსებ სტალინის სრულ უყუათობის წინაშე, რომელიც მხოლოდ პირადი თავდაცვის საკითხით არის გართული, განიზრახეს დაასრულონ ის, რაც ვერ შესძლო ცარიზმმა ასი წლის განმავლობაში: დაპყრობილ არა-რუს ერების სრული რუსიფიკაცია.

„აღმოსავლეთი ერთა ყრილობებმა“, პროისლამურმა პოლიტიკამ, რომელიც იმპერიალისტურ სახელმწიფოებს წინ უნდა აღდგომოდა, ტურკოლოგების კონგრესებმა, ან დაპყრობილ ქვეყნებში რუს - იმპერიალისტურ ძეგლების ძირ-ფესვიანად ამოგდების ეპოქამ - თქვენი ჭირი წაიღო.

ამაებზედ აღარაფერი ისმის. დადგა „საბჭოთა“ პატრიოტიზმის ხანა, რომელიც, არსებითად, შესაძლებელია, რომ მხოლოდ ველიკორუსული იყოს, რუსლ-კლასიკებით, რომლებსაც ყველას ხელში აჩრიან და რომლებიც რუსული იმპერიალიზმის ეტიკები არიან, რუს- „პოლკოვოდცების“ კანონიზაციით, რომლევიც ჩენ ქვეყნებს იპყრობდნენ, რუსული ბილინების გაცოცხლებით, ძალით რუსული ენის შეტანით არა-რუსულ სკოლაში და ამავე დროს ლიტერატურული ენის დევნით არა-რუს ერებში. 

დღეს ჩვენ ამ უკანასკნელ გარემოებაზედ უნდა შევჩერდეთ, რადგან დაპყრობილ ერებს სწორედ აქედგან მოელის სრული დენაციონალიზაციის სასიკვდილო ლახვარი.

როგორც ცნობილია, დასაწყისში, ბოლშევიკებმა ერებს თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ისინი ყველა ერის ენის განვითარების მომხრენი იყვნენ. ლათინური ანბანი, რომელიც ამ ერების ენებს სარჩულად დაედო, პირველში მაინც ფორმალურად ისახავდა ორ კეთილ მიზანს: დამწერლობის შესწავლის გაადვილებას იმ ერებისათვის, რომლებსაც ძველად ძნელად შესასწავლი ანბანი ჰქონდათ და შესაძლებლობას მეორეებისათვის, რომ თავისი ენა შეესწავლათ (მაგალითად: განაპირა ჩრდილოეთის ტომებისათვის). გაიარა რაოდენიმე წელმა და მართლაც საბჭოთა კავშირის არა-რუს ერებმა, სამშობლოს ენის და მწერლობის შესწავლაში ცოტაოდენი აქტივობა გამოიჩინეს. ამ ერების მეცნიერებმა და ლინგვისტებმა დედა-ენები გაამდიდრეს, ენის შესწავლას სისტემა მისცეს, შეადგინეს გრამატიკის სტაბილური სახელმძღვანელოები, შეჰქმნეს სტილი და სხვა. კაცი იფიქრებდა, რომ მიზანი, რომელსა რუსი კეთილის მყოფელები ისახავდნენ - ხორციელდებოდა. მაგრამ საქმე უცბად შეტრიალდა. მოსკოვმა შენიშნა, რომ დედა-ენის გასამდიდრებლად და განსავითარებლად, ყოველი ერი, ძალაუნებურად და სრულიად სამართლიანადაც, მიიწევდა იმ სათავისაკენ, რომელისაგანაც ესა თუ ის ენა, ან ლაპარაკი წარმოიშვა. ასე მაგალითად, საბჭოთა კავშირის დასავლეთ მხარის ერებმა, როგორც უკრაინელები და ბელორუსები არიან, გაიწიეს თავისი ენების იმ ეტნიურ და ისტორიულ სათავეებისაკენ - იმ ერებისაკენ, რომლებიც რუსეთის საზღვრების გადაღმა სცხოვრობდნენ და ვინაიდან რუსული ენის გავლენის გარეშე იყვნენ, თავისი ენა რუსული ტერმინებით არ აუჭრელებიათ. ამითი აიხსნება, რომ დღეს მოსკოვი უკრაინელებს და ბელორუსებს მოსკოვური გავლენისაგან გაქცევას უსაყვედურებს და „გალიჩანობას“ და „ზაპადნიჩესტვობას“ აბრალებს. ამა რეპრესიები მოჰყვა და დღეს მოსკოვი უკრაინელებს და სხვა „სამოსტიინიკებს“ ბრალსა სდებს, რომ ისინი არა მარტო ანვითარებენ თავის დედა-ენას და თავის ლიტერატურას, არამედ რუს ისტორიკოსების და ლინგვისტების ტენდეციურ თხზულებებში შესწორებანიც შეაქვთო. ეს იყო მიზეზი, რომ გრუშევსკი გადაასახლეს, სკრიპნიკებმა თავი „მოიკლეს“, უკრაინის აკადემია გაანადგურეს, განათლების კომისარიატი დაარბიეს, მრავალი უკრაინული სკოლა გააუქმეს და მასწავლებლები გარეკეს.

პოსტიშევის მიერ დათესილმა ტერორმა უკრაინაში მოსკოვის „ინტერნაციონალისტების“ ნამდვილ სახეს ნიღაბი ახადა. დედა-ენის განვითარება, რა თქმა უნდა, - დიახ, მაგრამ ერთის პირობით, თუ თქვენს ორიენტაციას მოსკოვისაკენ გადმოზნიქავთ, თუ დაუახლოვდებით „ოქტომბრის“ რევოლუციის ენას, ლენინის ენას, რომელმაც კავშირი შეჰქმნაო; მოსკოვი მხოლოდ ამ პირობი სცნობს დაპყრობილ ერებისათვის ამ უფლებას. სხვანაირად, ენისა და მწერლობის ყოველივე განვითარება „კონტრ-რევოლუცია“ არის. მტრული ანტი-საბჭოური აქტი, ხოლო მისი ინიციატორები - ფაშისტურ სახელმწიფოთა „დაქირავებული აგენტები“.

მოსკოვის „ინტერნაციონალისტების“ დემაგოგიური ყალთაბანდობის დაჯერება ადვილია, თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რაც მაგალითად, კავკასიაში და თურქესტანში ხდება. გასული წლიდგან, ბოლშევიკების მეთაურები, თავის ადგილობრივ დამქაშების და ასლი რუსიფიკატორების დახმარებით< რომლებიც ვითომ „მეცნიერი ლინგვისტები“ ბრძანდებია, თავის აშკარა რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელებას შეუდგნენ. განაპირა ჩრდილოეთის ერების მაგალიით, როგროც ვოგულები, ესკიმოსები და სხვანი არიან, რომლებსაც უკვე წაართვეს ეს ლათინური ანბანი და ვითომდა მათთვის უფრო ახლო გარუსებული ანბანი ჩასჩარეს ხელში, მოსკოველმა მეთაურებმა განაცხადეს, რომ ეს გარუსებული ანბანი ახლოა აგრეთვე კავკასიის ზოგიერთ ერებისათვისაც და მაგალითად, ყაბარდოელებს და ბალყარელებს იგივე გარუსებული ანბანი მისცეს, რომელიც, კაცმა, რომ სთქვას, ჩვეულებრივი რუსული ანბანია.

ამ ჟამად ჩრდილო კავკასიის სხვა ერებსაც მოუტრიალდნენ და ყარაჩაელებს, აბაზგებს, ინგუშებს და ჩაჩნებს „არა კმასაყოფელ ანბანის“ (ლათინურის) ნაცვლად იმავე „რუსულ გრაფიკას“ სთავაზობენ. ასეთია სამხარეო კომიტეტის დადგენილება, რომელშიაც არც ერთი ამ ერის წარმომადგენელი არ შედის. 

ამ უკანასკნელ დროს ჩვენ შევიტყვეთ, რომ რიგში სდგას - და ეს უკვე გადაწყვეტილიც არის - რომ რუსულ ანბანზედ უნდა იყვნენ გადაყვანილნი დაღესტნის ხალხები და სხვანი. ფრიად საყურადღებოა ასეთი ზომის საჭიროების ოფიციალური ვერსია: - გალათინებული ანბანი (ახალი თურქულის საფუძველზედ) თურმე აძნელებს ამ ერების კულტურასთან (სიკ!) თანაზიარობას, იმ დროს როცა რუსული ანბანი ამას გაცილებით აადვილებს და თვით დაღესტანის ერებსაც ეტყობათ, გული უფრო ლენინისა და .... სტალინის ენისაკენ უდევთო. მართლა ასე სწერია, რომ სტალინის ენისაკენო!.. მართალია, იგივე ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ ამ ჟამად დაღესტანში, რუსული ენის „საბოტაჟის“ გამო მრავალი მასწავლებელია თათხოვილი და დაღესტანის ცაკის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მეცნიერი ლინგვისტები და პედაგოგები დიდ თავის მტვრევაში არიან: რუსული ანბანის 32 ასო საკმაო არ არის, რომ დაღესტნის ენათა ყველა სპეციფიკური ბგერა რიგიანად გადმოსცეს. საჭირო გახდა „ყველა და ყველა“ მოხალისის დაძახება, რათა ანბანს ზედმეტი ნიშანი შეუთხზან...

უკანასკნელი გარემოება თავის თავად ღაღადებს, რომ დედა - ენის შესწავლის გაადვილებაზედ ლაპარაკი მხოლოდ სიყალბე იყო და აადვილებენ მხოლოდ რუსული ენის შესწავლის საქმეს, რათა ყოველივე და ყველაფერი გაარუსონ.

რუსულ ანბანზე გასასვლას თან ახლავს ამ ერების ორთოგრაფიის „შესწორებაც“. მაგალითად უკვე გამოცხადებულია, რომ სამხარეო კომიტეტი აბაზგებისათვის, ყარაჩაელებისათვის, ბალყარებისათვის, ინგუშებისათვის და ნოღაელებისათვის, „ეროვნული“ ორთოგრაფიის შედგენას შედგომია და „სისტემატიზაციისათვის და პედაგოგიური გაუმჯობესებისათვის“ „გადასინჯული“ უნდა იყოს ყაბარდოელების და ავარელების ანბანებიც. ამ სპეციალისტების“ შორის, რომლებმაც კავკასიის ერთა ანბანები უნდა „გადასინჯონ“, კავკასიელის გვარი მხოლოდ ერთია (აბაევი), სხვა დანარჩენები ყველა რუსები ან სხვა „ევროპიელები“ არიან.

მოკლედ: მე და ჩემმა მაზლმა მოვილაპარაკეთ და ჩემს ქმარს არაფერი ვარგუნეთო.

რისთვის გახდა საჭირო მცირე ერთა „განათლების“ ეს კომედია, როცა ეს ერები უმოსკოვოდ თავისით ესწრაფვიან ჭეშმარიტ კულტურის მიღწევას? მხოლოდ ერთი რუსიფიკაციისთვის. 



X


აზერბაიჯანის ლინგვისტების და სახალხო კომისარიატის წევრთა დარბევა და ოფიციალურად მოწვეულ სათათბიროს მიერ აზერბაიჯანული ტერმინოლოგიის „გადასინჯვის“ გუშინდელი კომედია ხომ კიდევ ერთი საბუთია, თუ რას ესწრაფვის მოსკოვი. ბოლშევიკების ორმაგი თამაში აქ კიდევ უფრო ნათელია. ერთის მხრით ვითომდა სათუთი და ნაზი გრძნობა თურქული სამყაროსადმი და მეორე მხრით - სადისტური ეჭვიანობა, რომ ერთი და იგივე დიდ თურქულ შტოს ერებს ერთმანეთში არავითარი სულიერი დამოკიდებულება არა ჰქონდეთ. კერძოდ, დღევანდელი რუსეთის ბატონები ასჯერ ამეტებენ თავის წინაპრებს, და შიშით შესცქერიან ყველა მოვლენას, რომელიც ამჟღავნებენ აზერბაიჯანელების რაიმე „ლტოლვას“ მათ ანატოლიელ ძმებისაკენ. „აზერბაიჯანის თურქული ლიტერატურლი ენის ორთოგრაფია“, პროფესორ - ლინგვისტ ჩობან -ზედეს, შაგი-ზადეს, ჯასან-ზადეს, სეიდ-ზადეს მიერ 1936 წ. გამოცემული, ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის თაომჯდომარის სულთან მეჯიდ ეფენდიევის, სახალხო განათლების კომისარის შაჰბაზის და ახალი ალფავიტის კომიტეტის მონაწილეობით, ეხლა უკვე აღკრძალული წიგნიამ, მისი ავტორები სხვა და სხვა სასჯელს ცდილობენ და კომიტეტი გაუქმებულია. იცით რისთვის? იმიტომ, რომ ავტორებს თავისი არაფერი არ გამოუგონებიათ, შემოჰქონდათ თურქულ-აზერბაიჯანული ორთოგრაფია, შემოღებული ჯერ კიდევ 1905 წელს, ესე იგი პირველი „ბურჟუაზიული“ რევოლუციის დროს, როცა ცოტა შესაძლებელი გახდა, რომ პრესა და ლიტერატურა დედა-ენაზედ გვქონდა. მაშინ აზერბაიჯანელებმა 17 ოქტომბრის კონსტიტუციით ისარგებლეს და დაეჩქარნენ, რომ თავისი ორთოგრაფია სისტემაში მოეყვანათ, რასაც საფუძვლად თავის ანატოლიელ თანამოძმეთა ორთოგრაფია დაუდვეს, რომელსაც ხალხის ლაპარაკში, მაგალითად აზერბაიჯანის დასავლეთ ადგილებში, მანამდისაც ჰქონდა ადგილი. მეფის მთავრობა, რომელიც თავის სიყვარულს თურქული სამყაროსთვის არცა თუ ისე აშკარად ამჟღავნებდა, დასაგმობს და „იმპერიის მთლიანობისათვის“ საშიშარს ამაში არაფერს ხედავდა. დღეს კი იმავე იმპერიის „ინტერნაციონალურ“ მთავრობას აზერბაიჯანულ ენაში „თურქული“ წერის მანერის შეტანა „აჯანყება“ ჰგონია. 

რას წარმოადგენს ეს მანერა? მხოლოდ იმას, რომ, როგორც ყველა ხალხებშიაც ხდება, კერძოდ იმავე რუსთა შორისაც, არსებობს ცოტა რამ განსხვავება ხალხის გამოთქმისა და წერის შორის და ინტელიგენციის ცდა იქითკენ არის მიმართული, რომ სტაბილური ორთოგრაფიის საშუალებით, ეს განსხვავება შენიშნულ იქმნას. მოსკოვს კი, რომელიც დღეს არავითარ ქებას არა ზოგავს იმ რუსის მწერლებისა და პედაგოგებისათვის, რომლებმაც რუსული ენის რეფორმა და სტაბილური ორთოგრაფია შემოიღეს, თურქი ხალხების ენის რეფორმა არა სურს და ეყრდნობა მხოლოდ ლენინის სიტყვებს, რომ „სადაც არ უნდა ლაპარაკობდეს, ის მხოლოდ მათზედ უნდა ლაპარაკობედს“-ო. ასე მსჯელობს ყოველ შემთხვევაში სახალხო განათლების კომისარი ბ-ნი ეფენდიევი მაჰმედ სადიხი, რომელმაც თავისი აბრძანება ტახტზედ იმითი აღნიშNა, როგორც ეს სახელოვან ბოლშევიკურ ტრადიციას შეშვენის, რომ თავის წინამორბედს წიხლები მიაყარა. აი რატომ არის, რომ როდესაც აზერბაიჯანელი მდაბიო კაცი ლიტერატურულ იარნაკის ნაცვლად იარხანს ამბობს, ან ტოფრაკის მაგიერ თორფახს, ამის შესწორება შეუძლებელი ყოფილა, იდეალური გამოთქმა სწორედ ეს ყოფილა, ხოლო შესწორებული - მოსკოვისათვის საეჭვო რამ და „ოსმანიზმი“...

ამ თავდადებულ რუსის ჩინოვნიკს შეიძლება ვუპასუხოთ: მაშ თუ ეგრე არის, რატომ მისმა ბატონებმა კი არ „გადასინჯეს“ თავისი რუსული ორთოგრაფია, რათა რუსულ მწერლობაში ეს „მასსების“ ლაპარაკი შეეტანათ თავის „იგდე“-თი, „ოპოსლია“-თი, „ჩავო“-თი, „მოვო“-თი, „ტაპერიჩა“-თი და სხვებით, რომელიც ასე ხიბლავდა ლენინს, მით უმტეს, რომ რუსული ლიტერატურა „კლასობრივი მტერის“ შემქნილია.

საყურადღებოა, რომ თავის „მასსების ლაპარაკის“ დაცვაში კომისარი ... ფიზულის ეპოტინება. კარგი იქნებოდა გვეკითხა საბჭოთა ფორმაციის ამ აზერბაიჯენლ ინტელიგენტისათვის: სად უნახა მან ფიზულის, რომ ასე უფრთხილდებოდეს „მასსების“ ორთოგრაფიას?

ამ მოსკოვის მიერ ჩაყენებულ კაცის ამაო და სამწუხარო მიზანი უფრო ნათელი ხდება, როცა ის ლაპარაკობს, რომ ჩობანი და სხვა „ხალხის მტრები“ ხელს უშლიდნენ, რომ აზერბაიჯანულ ენაში ფეხი მოეკიდებინა „სხვა ახალ სიტყვებს და დიდი ოქტომბრის რევოლუციის ენას, რომელიც ჩვენთან ძლიერი რუსული ენის, ლენინის, სტალინის (კიდევ!), პუშკინის, გორკის ენისაგან მოდიოდა“-ო. ასე მაგალითად, სიტყვები“ „სოვეტი“, „პარტია“, „რევოლუცია“, „რესპუბლიკა“, ისევე უნდა დარჩნენ, როგრც არიან, თუ არა მათი თარგმნა კიდევ ერთი საბუთი იქნება, რომ აქ „ოსმანიზმი“, „პანთურქიზმი“ ან კიდევ უფრო „პანსლავიზმი“ იმალება.

აჯანყება ყოფილა აგრეთვე, თუ თეატრის ნაცვლად თეატრი დასწერე, მეტრის მაგიერ მეტრო და სხვა - რადგან ესეც თურმე „პანთურქიზმს“ უდროს. რა თქმა უნდა, „ორთოგრაფიის და ტერმინოლოგიის“ სწავლული კონფერენცია, რომელიც ამ დღეებში ბაქოში იქმნა მოწვეული, „გადასინჯავს“ აზერბაიჯანულ ენას მოსკოვისათვის სასურველ მიმართულებით, „მასსების“ ორთოგრაფიას დასტოვებს და თურქულ ენას „ლენინ-სტალინის ტერმინოლოგიით“ გამდიდრებს.

არც ის ითქმი, რომ მოსკოვის ამ ბრძოლაში თურქიზმის წინააღმდეგ, აზერბაიკანი მარტო იყოს. ამ ჟამად მოსკოვი უზბეკისტანში საშინლად სდევნის „პანთურქისტ“ მწერლებს და ფილოლოგებს, როგორიც არიან პროფესორი ფითრათი, ჩოპლანი, უსმანი, ნაირი და სხვანი, რომლევი შეადგენდნენ „ჯაღათაი-შურუნგის“ წრეს და მიზნად ისახავდნენ უზბეკური ენიდგან შეუფერებელი უცხო ტერმინები განედევნათ, რათა დაეახლოვებინათ იგი ჯაღათურ ორთოგრაფიასთან, რომლითაც სწერდა შესანიშნავი ალი შირ ნავაი და მით ეს ენა უცხო და რევოლიციონურ რუსულ-ლენინურ ტერმინებისაგან განეწმინდათ. მოსკოვს ეს არა სურს, დემაგოგიურად ვითომდა უზბეკურ ხალხურ ენას ამ „მკვდარ ჯაღათაურ ენისაგან“ იცავს, სდევნის ამ ხალხს, როგორც სხვა ერთა მწერლებსაც და კონტრ-რევოლუციონერებს და ხალხის „მტრებს“ უწოდებს. 

აი ერთი დამახასიათებელი ადგილი აღვირახსნილ „პრავდა ვოსტოკა“-ს წირილიდგან, თუ რამდენად უბირია მოსკოვის ბრძოლა თურქულ ხალხებთან:

„ბურჟუაზიულ ნაციონალისტების იდეოლოგიურ ბრძოლის სული და გული ფითრათი იყო, მოჭახრაკებული კონტრ-რევოლუციონური და პან-თურქიზმის უკვდავი ლიდერი... მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში საბჭოების წინააღმდეგ ბრძოლის ბევრ ეპიზოდს წავაწყდებით, დაწყებული კოკანდის ავტონომიაში მონაწილეობით და გათავებული ცდით, რომ მის ნამსხვრევებისათვის „ჩაღათაი შურუნგი“-ში მოეყარა თავი, რაიცა პანთურქიზმის იდეოლოგიურ ბჭეს წარმოადგენს.. პანთურქიზმის ყველაზედ უფრო იოლი თეორიები მისი გამოგონილია, მაგალითად - მტკიცება, რომ ჩაღათაის პოეტები უფრო მაღლა დგანან, ვიდრე თანამედროვე ევროპის ლიტერატურა, აღმოსავლეთის თვით- ყოფისა და თვით - განვითარების თეორია“.. და სხვა...

აქ ბოლშევიკები ვითომ „დასავლეთ“ იცავენ, მაგრამ უკრაინაში იმავე „დასავლეთის“ ორიენტაცია „კაზუს ბელად“ ითვლება. მოსკოვი მხოლოდ ერთ ორიენტაციაზედ სთანხმდება - ეს არის ყველა არა რუსი ერის გარუსება.

მხოლოდ ამ საფასურით შეუძლია ამ ერების ინტელიგენციას გადირჩინოს თავისი თავი სრული მოსპობისაგან. მაგრამ მოსკოვის „ინტერნაციონალისტების“ განზრახვალ წრეს გადასულია. 



აზად ბეი
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N5)



Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment