ერი

რა არის ნაცია, ანუ ერი? მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს და ცნებას უპირველესი ადგილი უნდა ეკუთვნოდეს ადამიანისა და კაცობრიობის შეგნებაში, ის საკმარისად ცხადი და ნათელი არ არის. მის უდაოდ შეგნებისათვის თითოეული ადამიანის შეგრძნობა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე განყენებული ჩამოყალიბებული აზრი. და ეს ასეა იმ დროს, როდესაც ეს უდიდესი ცნება უდიდეს ფაკტორად გაიზარდა. უეჭველია, რომ ერი იგივე არ არის, რაც რასსა და ან სახელმწიფო, როგორც ეს ჩვენშიც არსებულ ერთ ცნობილ მოძღვრებას ჰქონდა წარმოდგენილი. შესაძლებელია, წინდაწინ და ზერელედ განვმარტოთ, რომ ნაცია ანუ ერი არის ადამიანთა ისეთი კრებული, რომელსაც თავი ბუნებრივად შეერთებულად მიაჩნია სხვა და სხვა განსაზღვრით (აფინიტე) და რომლისთვის ეს უკანასკნელი გარემოება ისე ძლიერია, რომ ისინი კყაყოფილი არიან, როცა ერთად სცხოვრობენ, ხოლო უბედურნი ცალ-ცალკე ყოფნით, ან შეწუხებულ-უკმაყოფილო, როცა სხვის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. მაგრამ ერის ცნების ჭეშმარიტად გასაგებად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორი არიან ის გასაზღვრებანი და შემათანხმებელი ძალები, რომლებიც გაგრძნობინებენ მის თანამედროვე შეგნებას. ესენია: რასიულობა - ენა - რელიგია - გეოგრაფია - ეკონომიური ინტერესი - ისტორია - ერთ და იგივე ძალის ქვეშ ხანგრძლივი ყოფნა.

ესა თუ ის ერი წარმოადგენს ამა თუ იმ რასსას. მაგრამ არ არსებობს ერი, რომელშიც შერეული არ იყოს უცხო რასსის ელემენტი. ამ უკანასკნელს იტევს ხოლმე ძირითადი რასსა თავის ეროვნებაში. ეს მოვლენა ადვილი გასაგეი გახდება თუ გავითვალისწინებთ ხალხთა იმ შერევასა და გადაჯგუფებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა ჩვენს წინაისტორიაში. და რომ რასსა იგივე ერი არ არის იმნაირადვე თვალსაჩინოა, თუ გადავხედავთ ლათინურ რესსაზე წარმოშობილ ერთ, აგრეთვე სლავიანურ რასსის ერებს, კელტებს და სხვა. რასსიულობის ფაქტების გამო ამ ერებს თავი ერთ ერად არ უგრძვნიათ. სწორედ აქ სჩანს რასსიულისა და ნაციონალური რაობის სხვა და სხვაობა. ერის გაგებას ისეთ კათეგორიებისაკენ არ მივყევართ, როგორც რასსიზმს. ცხადია, ერში საჭიროა რასსიულობისათვის ზრუნვა-მოვლა. მაგრამ ეს არ ნიშნავს ერთი რასსის უპირატესობას მეორეზე. 

მეორე დამახასიათებელ თვისებათაგანია ენა. ზოგჯერ ენა ხერხემალია ეროვნულობისათვის. ერი როგორც ეროვნების სუბიექტი, თავის თავს ენისა და მით შექმნილ ღირებულებებით გამოსთქვამს. იგი არის ეროვნულ წარმატების უდიდესი ძალა. და კიდევაც აღნიშნავენ, რომ ენა არ არის მარტო სიტყვათა სისტემა, არამედ ერთგვარი გონებრივი მექანიზმი. მაშასადამე, ერთ და იმავე ენით ლაპარაკი დაახლოებით ერთ და იგივე აზროვნებასა ჰგავს. ძველი საბერძნეთი, ყოველთვის დანაწილებული და ერთმანეთში მოქიშპე, ერთიანდებოდა ხოლმე ბარბაროსთა წინააღმდეგ, მხოდლო სპირიტუალიზმის ნიადაგზე, რომლის სიმბოლოა ენა. იგი დიდ პირობათაგანია. მაგრამ უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ არა მუდამ გადამწყვეტი. მაგალითად, შვეიცარული ერი სამ ენაზე ლაპარაკობს. სამ ენაზევე ლაპარაკობს ბელგიაც. დიდ ინდოეთის ყველა წარმომადგენლებს კი მხოლოდ ინგლისურად შეუძლიანთ ერთურთის გაგება. არც არავინ ფიქრობს, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ამერიკელები ინგლისელები არიან. მაგრამ ენა ერში უდიდესი შექმნელი, შემოქმედი ძალაა. შემდეგ მოდის რელიგია, რაც აკავშირებს და არ ქმნის ერს. ბევრი ბელგიელი რელიგიურად უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ვიდრე ბევრი მათგანი ჰოლანდიელისაგან, თუმცა ნათელია, რომ ესენი ორი სხვა და სხვა ერია. არსებობს დიდი ინდოეთის ერი ორის რელიგიით - ისლამით და ჰინდუზმით. აგრეთვე გერმანელები ნახევრად პროტესტანტები და ნახევრად კათოლიკენი არიან. ინგლისს არასოდეს სჯულის ერთობა არა ჰქონია. თუმცა ისინი დასრულებულ ერს წარმოადგენენ. ასევე ითქმნის გეოგრაფიულ ერთ და იგივეობაზე. გეოგრაფიული ერთიანობა ან ხელს უწობს ან მხოლოდ აძნელებს ერის ჩამოყალიბებას, მაგრამ ერს არ ჰქმნის. შეიძება ერი გეოგრაფიულად ფრიად სხვა და სხვა ჯგუფებს წარმოადგენდეს, როგორც საბერძნეთია მაგალითად. ამ მხრივ საფრანგეთ-გერმანიის საზღვრები შემთხვევით საზღვარს უფრო გავს, იმდენად მსგავსია იგი, მეორე მხრივ უნგრეთი გავს მთა შემორტყმულ დიდ ველს ერთის ჰიდროგრაფიული ბაზით, რომელმაც ერის მთლიანობა ვერ შექმნა. უნგარი და მაგიარი სხვა და სხვა მოდგმაა. ამ რიგად, ნათელია, რომ გეოგრაფიული ერთი და იგივეობა არაა არც აუცილებელი და არც საკმარისი გარემოება ერის ჩამოსაყალიბებლად. 

ხოლო მეტად საინტერესოა თუ რა როლი აქვს მიკუთვნებული ერის შექმნაში ეკონომიკურ მოტივს. სწორედ აქა ვხედავთ, რომ ყველაზედ მართალი ის არ არის მუდამ, ვინც ყველაზე მეტსა ჰყვირის. ჩვენს დროში ბევრჯელ გვსმენია და დღესაც გვესმის, რომ ყოველი მოვლენა ეკონომიური მიზეზით უნდა აიხსნასო. თუ როგორ შეიძლება ამგვარი ლოღიკით ყველა ჰუმანიურ, მიზნისათვის ბრძოლის და იდეალისტობის ახსნა - ის სარკეა, რომელშიდაც ასეთი მოძღვრების უვარგისობა მოსჩანს. რაკი აქ ვეხებით ერის შექმნის საკითხში, საკმაოა როგორც მაგალითი, ითქვა, რომ არ არსებობს არავითარი ეკონომიურ ინტერესთა იგივეობა სამხრეთ საფრანგეთის მევენახისთვის და ჩრდილოელ, ვთქვათ, ქ. ლილის მუშისათვის. აგრეთვე აშკარაა, რომ აღმოსავლეთ პრუსიელნი უფრო ახლო არიან ეკონომიურ ინტერესთა მიხედვით, მოსაზღვრე პოლონელებთან, ვიდრე საქსონიის მუშებთან. თუმცა, აშკარაა, რომ რა კუნჭულიდანაც არ უნდა იყოს გერმანელი, შეგნებულად ის გერმანელია. მათში შეიქმნა რასსიზმის და მოგეხსენებათ, რომ რასსიზმი არ არის მარტო ომის შემდეგი მოვლენა. ამნაირად ყველა თქმულიდან უნდა დავასკვნათ, რომ ეკონომიურ ენტერესთა იგივეობის მოტივი სხვასთან შედარებით მცირე მნიშვნელოვანია. ერის ჩამოყალიბების პროცესში ასეთი თეორია ატყუებს ისეთ კაცს, რომელიც მხოლოდ თავის ცხვრ წინ იხედება. ეს ფაკტორი მხოლოდ ჰყოფს და არ აერთებს ერს, როცა იგი სცილდება კლესიურ ინტერესს. და რაკი მიუხედავად ამისა ნაციონალური მოძრაობანი მაინც არსებობენ, რაკი მათი გამარჯვებანი უდიდესი მიღწევანი არიან ერებისათვის და აქედან გაცობრიობისათვის, რის გამო ამდენ მოვლენას ჰქონია ადგილი და რომელზედაც ისტორია აშენებულა, მაშ სად ღა უნდა დავინახოთ ეკონომიურ მიზეზის უპირატესობა?! იქ ხომ არა, რომ, მაგალითად, კაპიტალისტურ ეპოქაში და აქედან ერებში ეკონომიურ ენტერესების ნიადაგზედ კლასები წარმოიშვენ, რამაც არა თუ შეკვეცა ერის ცნების მნიშვნელობა, ნაცია, ნაციონალური ერთეულები, არამედ ისინი უფრო გაიზარდა და დღეს ყველასათვის გარდაუვალ ისტორიულ დებულებად აქცია. მაშასადამე, წინსვლა და ისტორია მიემართება იქეთკენ, რომ ერთი ერისაგან ერთი სახელმწიფო მივიღოთ და რა იქითკენ, რასაც ეკონომიურ ინტერესთა უპირატესობის მოციქულნი გვასწავლიდენ, სავალდებულო, კოსმოპოლიტიზმით პროცესის ბოლოში.

განვიხილოთ, თუ როგორია ეროვნებისათვის ისტორიის მნიშვნელობა? ისტორის იგივეობა სხვა და სხვა დროს, სხვა და სხვა ძალებით ცხადდეა. წარსული თუ მომავალი, გამარჯვება თუ დამარცხება, სიმღერა - გალობანი, მითი თუ გმირი, ისტორიული სახელები თუ ტაძარი და სხვა დიდი აშკარა ფაქტორებია. ჩვენთვის მაგალითად ქართველი ერის ისტორიაც ამის მღაღადებელია. 

ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ოტომანთა იმპერიამ, მასში შემავალი ერები ერთ ერად ვერ შეადუღა, ერთმა ისტორიამ ეს ერები ვერ მოსპო და ამ ერებმა თავისი ახალი ისტორია შეჰქმნეს. მაგრამ უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის გარემოება, რომ ზოგჯერ ერთი და იგივე ძალია ქვეშ ხანგრძლივი ყოფნა, რომლის მართველობა სისტემატიური და მძლავრია, ან თუნდაც დესპოტიურიც, ერის ჩამოყალიბებას ჰქმნის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება იმდენად გამჭრიახია, რომ კანონთა ისეთ სამარიან და თანაბარ სისტემას იძლევა, რომელიც იქ შემავალ წევრთა არსებობისათვის მისეღები ხდება... მაგალითად, შარლ მეხუთე და ფილიპ მეორე იყვნენ, რომ დაყოფილი ისპანია ერთ ძლიერ ერად ჩამოაყალიბა. შემდეგ, ვიდრე ინგლისი ინდოეთს ერთი და იგივე ფისკალურ-ადმინისტრატიული სისტემით არ დაეუფლა, ინდოელებმა ერთი ეროვნება ვერ გამოიჩინეს. ესე იგი ეს მოვლენა ნაყოფიერია იქ, სადაც საამისო ნიადაგი არსებობს, სადაც არსებობს ნაწილი მაინც იმისა, რაც ჩვენ აქ განვიხილეთ, როგორც ერის დამახასიათებელი თვისებანი და რაიცა წარმოადგენს ერის ცნების შინაარს თანამედროვე გაგების მიხედვით.

ყველა ზემოთქმულის დასკვნა ის არის, რომ ერის ესა თუ ის ძირითადი განსაზღვრა, სხვა და სხვა დროს და სხვა და სხვა ადგილას. ხან მეტს და ხან ნაკლებ როლს თამაშობს ნაციის, ერის არსებობაში. არც ერთი მათგანი არ არის ერთადერთი და აუცილებელი. სინამდვილესთან მართლაც ახლოა მხოლოდ ის, რომ ეროვნული განცთაა ძირითადი ძალა შემდეგ შეგნებით და ეს განცდა იმდენად ძლიერია, რამდენად ის სოლირატულად მიღებულია მთელი ეროვნული კოლექტივის მიერ. აქ კი მას ადამიანები და ადამიანის სურვილი აძლევს ძალას.

რენანი ამბობდა: „ერთი ერი - ერთი სულია, ერთი სპირიტუალური პრინციპია... ერი როგორც პიროვნება ერთი წარსულის შედეგია... წარსულში დიდების მქონე, ერთი მაჯის ცემის მოსურნე, რომ დიდება ერთად ჰქონია და მომავალშიც სურს კიდევ ჰქონდეს. აი რა ყოფილა საჭირო, რომ ერი იყო“.

რაკი ეს ასეა, აშკარაა ისიც, თუ რაოდენ მტკიცე ყოფილა ქართველი რი.




სევ. ურუშაძე
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N5)



Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment