არნოლდ ჩიქობავა - 117

1898 წლის 26 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩიქობავოში დაიბადა საქართველოში კავკასიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა.

ივანე ჯავახიშვილი კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისას წერდა: ერთა შორის მჭიდრო დაახლოება შეუძლებელია, თუ რომ ენის უცოდინარობა ორთავ მხრივ მოღვაწეებს საშუალებას არ აძლევს ერის გულის ნადები შეიგნოს და გაიზიაროს და თავისის გულის ტკივილიც სიღრმემდე აგრძნობინოს, ამიტომაც ჩვენი მუშაობა თავდაპირველად კავკასიის მთიელთა და დაღესტნელთა ენის შესწავლით უნდა დაიწყოს. ეს კი ჩვენი უნივერსიტეტის წმინდა მოვალეობაა და სწორედ მან უნდა იკისროს.“ სწორედ ამ დიად, წმინდა მისიას ჩაუდგა სათავეში არნოლდ ჩიქობავა და თავისი მოღვაწეობით უდიდესი ღვაწლი დასდო ქართველ და კავკასიელ ხალხებს.

გავიხსენოთ თუ რას წერდნენ მასზე: 

"მე პირადად ვიცნობდი ბატონ არნოლდს, ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობის ბევრი წელი გვაკავშირებდა და ყოველგვარი გააჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, მისი ცხოვრება ჩემთვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის, ქვეყნისა და მეცნიერების უანგარო მსახურების იშვიათი მაგალითი იყო.

მეგრელი გლეხკაცივით უაღრესად კორექტული, ღვთით ბოძებული ნიჭით გამორჩეული, თავდაუზოგავად მშრომელი, მიზანმიმართული, ქვეყნისა და საქმის ერთგული, სამაგალითოდ პატიოსანი, შორს გამხედავი და სამართლიანი - ასეთად ჩამრჩა იგი მეხსიერებაში. ჩემი აზრით, იგი  ქართველი კაცის ჭეშმარიტი ეტალონი გახლდათ." ედუარდ შევარდნაძე. 

"წავიდა ჩვენგან დიდი მეცნიერი, რომლის სახელი დაუვიწყარი იქნება ქართველური და კავკასიური ენათმეცნიერების ისტორიაში." აკაკი შანიძე

"შეუცვლელი არავინ არისო, ითქმის და - ჭეშმარიტადაც, მაგრამ არა მგონია, ახლო ხანში გამოჩნდეს იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებაში არნოლდ ჩიქობავას სადარი, მით უფრო მისი შემცვლელი, მასავით ამაგდარი." ანდრია აფაქიძე

"არნოლდ ჩიქობავა იყო ტიტანური პიროვნება, მაცოცხლებელი ჰაერივით რომ სჭორდება წარმომშობ ერს. მეორე მხრივ, ასეთი ტიტნური პიროვნებისათვის ნიშანდობლივი შეუდრეკლობა და სტიოციზმი გარკვეულ დისკომფორტსაც უქმნიდა მის გარშემო მყოფ „ჩვეულებრივ მოკვდავთ“ და, ამდენად, პაექრობის დროს კი - წონასწორობის დაკარგვა (როცა მიბაძვა ძნელდება, კიცხვას რჩეობენ). ასეთი პიროვნების არამცთუ მტრობა-მეტოქეობა, მეგობრობაც კი არ იყო ადვილი. მტერიცა და მოყვარეც ბატონ არნოლდს მუდმივად მხედველობის არეში ჰყავდა მოქცეული და თავისი გამჭოლი მზერით არ ასვენებდა - აფხიზლებდა და ავაჟკაცებდა ერთსაც და მეორესაც." შუქია აფრიდონიძე

"ქართველ ხალხს მრავალი გამოჩენილი მეცნიერი ჰყავს, მაგრამ მხოლოდ რჩეულნი არიან მეცნიერული სკოლის ფუძემდებელნი. არნ. ჩიქობავა ამ რჩეულთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ენათმეცნიერების ახალი დარგის - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შემქმნელია და ამავე დროს, ამ დარგში მომუშავე სპეციალისტთა აღმზრდელი." დოც. ეკ.ოსიძე, პროფ. გ.როგავა

"არნ. ჩიქობავამ აზალგაზრდობიდანვე აირჩია ცხოვრების მძიმე გზა. თუ ზოგი დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი თავის შესაძლებლობას პირად კეთილდღეობას ახმარს, ბატონი არნოლდი მთლიანად სზოგადოებრივ საქმეებში იყო ჩაფლული. მოღვაწეობაში საზოგადო ინტერესებით ხელმზღვანელობდა, ერისადმი, მეცნიერებისადმი, ჭეშმარიტებისადმი ერთგულება მისგან მოითხოვდა ერთგვარ განდგომილობას, ასკეტურ ცხოვრებას..." პროფ. ვლადიმერ ნორაკიძე

"ჩემი სტუდენტობის დროინდელი ახალგაზრდობისათვის აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა თავისი მრავალმხრივი განსწავლულობით, აზროვნების მანერით და ასე განსაჯეთ, გარეგნობითაც კი, გახლდათ ევროპული ტიპის, ევროპული რანგის მეცნიერი, რომლის ლექციებს ისეთივე ინტერესით ვუსმენდით ახალგაზრდა მწერლები, როგორც ესთეტიკის კურსს, ვინაიდან მისეული მეცნიერული დებულებები ყოველთვის აღმეჭდილი იყო ფრაზის ელეგანტურობით, ფორმისეული სინატიფით." შოთა ნიშნიანიძე

"ვისაც მოუსმენია არნოლდ ჩიქობავას ზეპირი გამოსვლები და რაიმე მაინც წაუკითხავს ილია ჭავჭავაძის საჯარო გამოსვლების შესახებ, ძნელია თავი დააღწიოს ამ ანალოგიას: არნოლდ ჩიქობავა ჩვენს წარმოდგენაში აცოცხლებს ილია-ორატორის შთამაგონებელ სახეს - აზრის სიმწიფითა და ნების სიმტკიცით, რკინისებური ლოგიკითა და პოლემიკური ელვარებით, ამავე დროს, მეცნიერული აკადემიზმითა და სახელმწიფო მოღვაწის ღირსი სიდარბაისლით." შუქია აფრიდონიძე

"ბატონი არნოლდი იყო დიდი მეცნიერი, დიდი მოღვაწე, დიდი პატრიოტი-ინტერნაციონალისტი, დიდი მოაზროვნე მაგრამ ყველა ჩვენგანსავით იგი იყო უპირველესად უდიდესი მძვინვარე მორალური ავტორიტეტი." ნოდარ ანდღულაძე

"ცხოვრებას მხოლოდ ის აზრი აქვს, რასაც ადამიანები აძლევენ.
ეს არის არნ. ჩიქობავას საბოლოო გაკვეთილი." მურმან სუხიშვილი

"არნოლდ ჩიქობავა არა მარტო დიდი მეცნიერი, დიდი და მასშტაბური პიროვნებაც იყო. თავისი ცხოვრების წესით, თავისი გონების სიძლიერით და სულიერი სიმხნევით ამდიდრებდა ის ყველას, ვისაც ამის სურვილი და გაგების უნარი ჰქონდა, ვისაც სათანადო ძალა შესწევდა." მურმან სუხიშვილი

"არნოლდ ჩიქობავას მთელი ცხოვრება გახლდათ ღწვა, ხოლო ამ თავდაუზოგავი ღწვით ვლინდებოდა მისი ცხოვრება. მეცნიერების მსახურება მისთვის იყო მსახურება ერისა." თამაზ კვაჭანტირაძე

"ბატონი არნოლდის მთავარი სამრეკლო მის მიერ შექმნილი იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება იყო და მის მიერ აგებულ ამ მაღალ სამრეკლოში ჩამოკრული ზარის ხმა სრულად კავკასიას სწვდებოდა და ყველას მშვენივრად ესმოდა და ესმის, თუ რას და რისთვის რეკავდა ბატონი არნოლდი."
ავთანდილ არაბული, თეიმურაზ გვანცელაძე, გიორგი გოგელაშვილი, მურმან სუხიშვილი, მიხეილ ქურდიანი, რევაზ შეროზია, 1985 წ.

"არასოდეს დამცხრალა ჩემი აღფრთოვანება მისი ნათელი გონებით, რკინისებურუ ლოგიკით, ფართო და მრავალმხრივი ტალანტით, მისი მოქალაქეობრივი გამბედაობით. სომხეთში ყოველი მისი ჩამოსვლა ჩვენთვის დღესასწაული იყო: მას იცნობდნენ და უყვარდათ სომხეთში." აკად. გევორქ ჯაუკიანი

"ქართველი ხალხის მაღალი სულიერი კულტურა, კავკასია - ეს „ენათა მთა“ - ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა სახელგანთქმული ენათმეცნიერის სრულიად გამორჩეული პიროვნების ჩამოყალიბებისა და მთელი ძალით გამოვლენისთვის." პროფ. ზეინაბ კერაშევა

"ბატონმა არნოლდმა დიდი გავლენა მოახდინა ჩრდ. კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების არა მარტო ენათმეცნიერების, არამედ საზოგადოდ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ იგი იყო ამ რესპუბლიკათა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე." პროფ. ზეინაბ კერაშევა (ჩრდ.ოსეთი)

"არნ. ჩიქობავასათვის ნიშანდობლივი იყო დარწმუნების უზარმაზარი ძალა, მე ვიტყოდი მაგნეტიმზი. ამ ძალის მიღმა ჩანდა შესანიშნავი ბუნებრივი ნიჭი და ფართო გონებრივი თვალსაწიერი." პროფ. ტამერლან გურიევი

"პიროვნულმა მომხიბვლელობამ, პრინციპულობამ, მოზარდ თაობაზე ჭეშმარიტად მამობრივმა ზრუნვამ, უდიდესმა მოქალაქეობრივმა სიმამაცემ არნ. ჩიქობავას მოუტანა საყოველთაო სიყვარული." პროფ. ჯამალდინ კოკოვი (ყაბარდო-ბალყარეთი)

"არნ. ჩიქობავას სახით ჩვენ ვხედავთ მსოფლიო სახელის მქონე ერთ-ერთ უდიდეს საბჭოთა მეცნიერს, ქართული ეროვნული აზრის თვალსაჩინო წარმომადგენელს, კავკასიის პატრიოტს, მეცნიერ-ინტერნაციონალისტს, მეცნიერ მებრძოლს, პრინციპულსა და გაბედულს იდეისათვის ბრძოლაში, პატიოსანსა და კეთილშობილ მოქალაქეს..." პროფ. ნურისლამ ჯიდალაევი

"არნ. ჩიქობავას ადამიანური სიმაღლე, მორალური სისპეტაკე და სიმტკიცე მისი მეცნიერული მონაპოვარის თანასწორია.

იგი გვასწავლის მეცნიერებისთვის თავდადებას, მშობლიური კულტურისადმი მოწიწებასა და პატივისცემას. ის, როგორც მახვში, დასტრიალებდა საქართველოს ადგილის დედაც - ჩვენს დედენენას."  ნოდარ ანდღულაძე

"ყოველთვის მომავლისაკენ მიმართული მისი ცნობიერება პროგრესულად მოაზროვნე კაცის ცნობიერება იყო, რომლის „ანტენა“ მთელს მსოფლიოს „იჭერდა“, მთელს სამყაროს სწვდებოდა. სწვდებოდა ადამიანთა საკეთილდღეოდ...

არნ. ჩიქობავა წარსულის დიდ კაცებსაც ჰგავდა და მომავლის მოქალაქეც იყო." პროფ. გუჩა კვარაცხელია

შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ თამაზ გამყრელიძის სიტყვას, წარმოთქმულს არნ. ჩიქობავას 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო სხდომაზე. "დიდი ქართველი სწავლული და საზოგადო მოღვაწე".


რას წერდა არნოლდ ჩიქობავა: 

"მასწავლებელი დიდი ძალაა, როდესაც მან თავისი უანგარო მოღვაწეობით, ობიექტურობითა და პირუთვნელობით მოსწავლის, - პირველ ყოვლისა- მოსწავლის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

პატივი და დიდება ახალგაზრდობის აღმზრდელს, სკოლის ბურჯს, განათლების საქმის მედროშეს, მასწავლებელს."

"ხალხური სიმღერა, ენის შემდეგ ერის მეობის ყველაზე არსებითი ნიშანია"

"ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდობა, რომელიც მოვა არა იმისათვის, რომ იმსახუროს მეცნიერებაში, არამედ იმისათვის, რომ ემსახუროს მეცნიერებას."

"მეცნიერებაში საჭიროა გამბედაობა და არა გულადობა."

"გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე - მოდის... ხალხი კი უკვავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს."

"ქვეყანას სჭირდება განათლებული ახალგაზრდობა. ზერელე ცოდნა, უვიცობა პატრიოტული ვერ იქნება..."

"გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ახალგაზრდობას შრომაში, სწავლაში, კაიკაცობაში! სახელიანი ივლიდეთ ცხოვრების გზაზე!"


კავკასიოლოგების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი:


ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე


Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment