,,ხაიბახი" - ფილმი ჩეჩენი ერის ტრაგედიაზე

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე,რომელიც მოხდა ჩეჩნეთის სოფელ ხაიბახში. 

1944 წლის 23 თებერვალს სტალინის განკარგულებით, ვაინახური მოდგმის ხალხები – ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები მასობრივად გაასახლეს საკუთარი სახლებიდან. ამ ტრაგედიას ასობით ადამიანი შეეწირა. განსაკუთრებულად შემზარავია სოფელ ხაიბახის ისტორია. შემზარავია იგი ქართველებისთვისაც, რადგან ხაიბახის ოპერაციას საბჭოთა უშიშროების ქართველი გენერალ-მაიორი მიხეილ გვიშიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც შემდეგ დარჩენილი სიცოცხლე თბილისში მშვიდად გაატარა და საკუთარ საწოლში გარდაიცვალა.

მაღალმთიანი ხაიბახის მოსახლეობის დეპორტირება 23 რიცხვში ვერ მოხერხდა, – გზები თოვლით იყო ჩახერგილი. 27 თებერვალს გვიშიანმა სოფლის მოსახლეობა, დაახლოებით 750 სული ბერიას სახელობის საჯინიბოში შეადევნინა. ხაიბახში უმეტესწილად ქალები, მოხუცები და ბავშვები იყვნენ დარჩენილები, ბრძოლისუნარიანი მამაკაცები კი თითქმის უკლებლივ ფრონტზე იბრძოდნენ. იმ ღამეს საჯინიბოში ერთმა ქალბატონმა იმშობიარა და ორი ვაჟი შეეძინა. სქესი იკითხა გვიშიანმა, ხოლო როდესაც გაიგო, განაცხადა –  “ესე იგი, კიდევ ორი ბანდიტი გაჩნდაო”. დილით საჯინიბოში ბავშვები სიცივისგან და შიმშილისგან ატირდნენ. გვიშიანმა ჯერ მათი დაპურების ბრძანება გასცა, შემდეგ კი – საჯინიბოსთვის ცეცხლი წაკიდების. ვინც გარეთ გამოაღწია, ავტომატების ჯერით ჩაცხრილეს.

აღნიშნულ ისტორიას ფარდა  მდინარე დესნის პირას ნაპოვნმა წითელარმიელთა სამარხმა ახადა. დაღუპულ კავალერისტებს კავკასიური ქუდები ეხურათ. როგორც გაირკვა, ეს მეომრები მტრის ზურგში მარშალ როკოსოვსკის განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდნენ და 1943 წლის 12 მარტს დაიღუპნენ. ერთ-ერთს გულის ჯიბეში დედისთვის გასაგზავნად გამზადებული წერილი აღმოუჩინეს. ეს ამბავი გროზნოს ხელმძღვანელობას აცნობეს, მაგრამ ჩეჩნეთიდან მიღებულ პასუხში იუწყებოდნენ, რომ წერილზე აღნიშნული მისამართი, “სოფელი ხაიბახი” არასწორი იყო, რადგან მსგავსი სოფელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფიზიკურად არ არსებობდა. ასე გაირკვა, რომ ვიდრე მეომარი საბჭოეთს იცავდა, “სამშობლომ” მთელი სოფელი ცოცხლად გაუნადგურა.

მოგვიანებით იგივე ბედი გაიზიარეს ჩეჩნურმა სოფლებმა  მაზგარამ და მაწკარამ, ინგუშურმა თარგმა, გულმა და წორმა. დეტალები აღწერილი არაა.


იხილეთ ფილმი 

Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment