ათი წლის თავზე

შენ გნატრობ ყოველ წამშია,
გიგონებ მალი მალაო,
წაუშლელი ხარ ჩემს გულში,
როგორც დღეს ისე ხვალაო.

ათი წელია უშენოთ
ობლის ცხოვრება გავლეო,
მოვალ და გნახავ ოდესმე,
სულს ისე აროთ დავლეო,

ბუნება გამშვენიერებს,
მთები დაგყურებს დიადი,
გარს სალ კლდეები გარტყია,
სილაღეს გიკლავს წყვდიადი

მრავალ ტყვეობით ცხოვრებამ
გრძნობას ღიმილი მოგტაცა,
ნამტირალევი გული გაქვს,
მოიცადევი ცოტაცა.

ყინულის სუსხმა დააზრო
მაისის ვარდის კოკრები,
ქართული სულის სიმძლავრეს
ვერ სპობენ მტრისა ისრები!

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე,
არ არი გათავებული,
სამშობლოს ნახვას მოველი,
დიდის ხნის დამწუხრებული.

ვიმედობ გამოდარდება,
მოვა ლამაზი ზაფხული,
თავისუფლება იელვებს,
ძველადაც ბევრჯერ ნახული!

გაიფანტება უეცრივ
უცხო ყინულის ნისლები,
არწივი იფრენს ფრთა გაშლით,
იჭიკჭიკებენ მერცხლები.

ბულბული მღერით დაგვატკბობს,
შეიმოსება ბაღები,
გაიზრდებიან ლაღადა
ობლად რჩენილი ბალღები.

მტევნებს მიიბმენ ვაზები
ატმები სურნელს გაშლიან.
ასეთი სიტკბოს დანახვა
საამო არი ძალიან

ბოროტს კეთილი დასთრგუნავს,
გამოაშუქებს ნათელი,
ხალხში თაობით გადავა
ჩვენი გმირების სახელი.

კავკასიონის ქედზედა
მზე სხივს მოაფენს ახალი,
მიებარება სამარეს
უღვთო მოსისხლე მტარვალი.

ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა
მისთვის გვსურს საღი წამალი
ვფიქრობ მოატანს თენება,
მალე იყივლებს მამალი!

არწივი  ლესავს ბრჭყალებსა
გაფრენას ლამობს მყივარი
ახლად მოელის მებრძოლსა
თოვლით ნაკვეთი მყინვარი.



ნ.წაწალაშვილი
ბერლინი 1939 წ. 15 ივნისი
ქართველი ემიგრანტების ჟურნალი "კავკასია"


Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment