ნოვიე ალდი - ტრაგედია გრძელდება

2000 წლის თებერვალი ჩეჩნეთში განსაკუთრებულად ცივი და სუსხიანი გამოდგა. გროზნო უკვე ხელიდან ეცლებოდათ ჩეჩენ მებრძოლებს, რომლებიც სოფელ-სოფელ, მშვიდობიან მოსახლეობას ამოფარებულები, იხიზნებოდნენ მთებში. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ რუსი ფედერალები და გზად დაჭრილებსა და დაღუპულებს  ტოვებდნენ. რუსი გენერლები და პოლიტიკოსები, რომლებმაც გამარჯვების სუნი იგრძნეს, უმართავები გახდნენ.

ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას უკვე ვლადიმირ პუტინი ასრულებდა. იგი პირადად კურირებდა იმას, რაც ჩეჩნეთში ხდებოდა.
ათი წლის წინ თებერვალში გროზნოს მახლობლად დაბა ნოვიე ალდიში ჩეჩნეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. ბოევიკების განადგურების მოტივით, სოფელში სანკტ-პეტერბურგის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. ე.წ. წმენდას 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან არც ერთი არ ყოფილა ბოევიკი. ისინი, ძირითადად, ქალები და მოხუცები იყვნენ.

"ორი თვე გვბომბავდა ავიაცია, ჩვენ კი სარდაფებში ვიმალებოდით. 4-ში სოფელში რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ, საბუთებს გვიმოწმებდნენ. გვეგონა, ომი დამთავრდა. ერთმა რუსმა სამხედრომ, რომელმაც საბუთები შემიმოწმა, მითხრა: გაიქეცით, სარდაფებში ნუ დაბრუნდებით, ხვალ აქ ცხოველები მოვლენ. ისინი ქვას ქვაზე არ დატოვებენო. ასეც მოხდა. მეორე დღეს ჩვენი სოფელი აღარ იყო", _ ჰყვება მოვლენების თვითმხილველი ასეთ ჩადაევა.

ეს ამბავი მეორე ჩეჩნური ომის ნაწილია. ამ  ომმა პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ნოვიე ალდის სისხლიანი საქმისთვის რუსეთის მართლმსაჯულებას ამ დრომდე არავინ დაუსჯია. ეს ტრაგედია თითქმის აღარავის ახსოვს. მასობრივი მკვლელობებიდან 10 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველები რუსეთის მთავარ პროკურორს მიმართავენ, რათა ნოვიე ალდის საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყოს. "ამ ტრაგედიას არ აქვს ხანდაზმულობის ვადა", _ ამბობენ ისინი.

ნოვიე ალდიში დაზარალებულთა საქმეების განხილვისას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაადგინა, რომ მასობრივ მკვლელობებში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე. რუსეთის ფედერაციას მოსარჩელეებისთვის, რომლებიც ტრაგედიის დროს დაღუპულთა ნათესავები არიან, დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ტრაგედიის დღეს _ 5 თებერვალს დაბა ნოვიე ალდიში ჩავიდა და იქაურ მეჩეთში, პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე თქვა: "10 წლის წინ გარეწრებმა, რუსეთის არმიის შემარცხვენელებმა, აქ სისხლიანი წმენდა მოაწყვეს. ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად დაისჯებიან. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამიერიდან ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლოს ჩეჩნური მიწის სისხლით მორწყვა".

კიდევ ერთი ადგილი, სადაც 5 თებერვალი ახსოვთ, სანკტ-პეტერბურგია, რადგან სწორედ იქაურმა სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაიდინა ნოვიე ალდიში გაუგონარი სისასტიკე.

ამ დღეს პეტერბურგელი ლიბერალები, ადამიანის უფლებათა დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომელთათვისაც სულერთი არ არის, რა მოხდა ნოვიე ალდიში, ქუჩაში გამოდიან, რათა პატივი მიაგონ 5 თებერვალს დაღუპულებს.

წელს ხელისუფლებამ აქციის ორგანიზატორებს პიკეტის მოწყობის უფლება არ მისცა, იმ მიზეზით, რომ იქ, სადაც დემონსტრაცია დაიგეგმა, სახურავებიდან ყინულის ლოლოები უნდა ჩამოეტეხათ.

ტრაგედიიდან 10 წლის თავზე ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა "მემორიალმა" დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომლის ჩვენება 5 თებერვალს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მოეწყო. ფილმში "ნოვიე ალდი _ საქმე, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს" თვითმხილველები თავად ჰყვებიან რა გადახდათ 2000 წლის 9 თებერვალს. ინტერვიუების დიდი ნაწილი ადამიანის უფლებათა ცნობილმა დამცველმა ნატალია ესტემიროვამ ჩაწერა. ესტემიროვა გასულ ზაფხულს გროზნოში უცნობებმა გაიტაცეს და მოკლეს.

ფილმის გმირებს შორისაა ქალი, რომელმაც ქმარი და ორი შვილი დაკარგა. "არ ვიცი, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და რამდენი სისხლია კიდევ საჭირო პუტინის პრეზიდენტობისთვის,  არა მგონია, ჩვენ და რუსებმა ერთ ქვეყანაში ცხოვრება შევძლოთ", _ ამბობს ლუიზა აბულჰანოვა.

მალიკას ახსოვს, რომ იმ დღეს შავად თოვდა, იმიტომ რომ გარშემო სახლები იწვოდა. მისი სახლიც მათ შორის. "ბრძანება გვაქვს, ყველანი დაგხოცოთ! თქვენ თუ არ დაგხოცავთ, ჩვენ მოგვკლავენ, _ ყვიროდნენ ისინი, _ იხსენებს მალიკა, _ ოქროს სამკაულები მიჰქონდათ, თუ ვინმეს ოქროს კბილებს შენიშნავდნენ, კლავდნენ და კბილებს აცლიდნენ. ღრიალებდნენ: "ფული სად არის? ფული მოგვეცით!"
მალიკამ გადარჩენა მოახერხა, მაგრამ სამი ნათესავი დაკარგა.

ერთ-ერთი ქალბატონი იხსენებს: "ტელევიზორი აკუმულატორზე ჩავრთეთ. რუსული არხები გადმოსცემდნენ, ვითომ სპეციალური ოპერაციისას ფედერალებმა დაბა ბოევიკებისგან გაწმინდეს. ამ დროს გვერდით დახოცილი ნათესავების ცხედრები გვესვენა. რა დამავიწყებს ამას?"

დაზარალებულები ამბობენ, რომ მშვიდობამ ჩეჩნეთში დღემდე ვერ დაისადგურა. ნოვიე ალდის მსგავსი ეპიზოდები ჩეჩნეთის ომში არა ერთი და ორი იყო.

"ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ. უბრალოდ იმის გაგება გვინდა, რისთვის  მოხდა ეს ყველაფერი? და რატომ არ შეუძლია ხელისუფლებას ეს დანაშაული გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს?"  _ ამბობს ელვირა დომბაევა, იმ მოვლენების თვითმხილველი.

"დღეს, როცა გროზნოში დავდივარ, ვერ ვამჩნევ ვერც ახლად აშენებულ სახლებს, ვერც მაღაზიების ვიტრინებს, ვერაფერს. ირგვლივ მხოლოდ გარდაცვლილთა და მათი მკვლელების სახეებია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ომი დასრულდა. კი, მაგრამ როგორ დასრულდა, თუკი ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ ამ დღეს?"

მეორე ჩეჩნური ომი

მეორე ჩეჩნური ომი 1999 წლის 30 სექტემბერს  დაიწყო.  ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ძალების მეორედ შეყვანის მიზეზი გახდა დაღესტანში საველე მეთაურების შამილ ბასაევისა და ჰატაბის რაზმების შეჭრა და ასევე  ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქება.  კონფლიქტის აქტიური, შეიარაღებული ფაზა 1999-2000 წლებში გაგრძელდა. მეორე ჩეჩნური კამპანიის დროს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. რუსეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი 10-დან 20 ათასამდე მერყეობს. თუმცა, სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ეს რიცხვი 100 ათასამდე აღწევს. გარდა ამისა, 3 ათასზე მეტი ადამიანი  უგზო-უკვლოდ დაკარგულად და გატაცებულად ითვლება.

1999 წლის სექტემბერში რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაცია ჩეჩნეთში მხოლოდ 9 წლის შემდეგ,  2009 წლის 16 აპრილს, 00.00 საათზე რუსეთის მესამე პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ბრძანებით დასრულდა. თუმცა, ჩეჩენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ სრულფასოვან მშვიდობამდე აქ ჯერ კიდევ შორია.


წყარო გამოქვეყნებულია: 15.03.2010


Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment