მიხეილ წერეთელი - კავკასიური რასისა და კულტურის პრობლემები

"მე ქართველი ანარქისტი ვარ, ჩემთვის ეროვნული საკითხი ყოფნა-არყოფნის საკითხია, რომლის გარეშე ანარქიზმიც არაა. მე ჩემი ერის უფლებას ვამტკიცებ..."


მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე მიხეილ (მიხაკო) წერეთელი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწეა. ადამიანმა, რომელმაც ცხოვრების ერთი ნახევარი სამშობლოში გაატარა, ხოლო მეორე ნახევარი მის გარეთ, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ეროვნულ საქმეებს. მისი კვალი მეცნიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარუშლელია, რაზეც არაერთხელ დაწერილა.  ახლახანს კი გამოიცა მიხეილ წერეთლის გერმანულენოვანი ნაშრომი ქართულ ენაზე (1916 წ.  ბერლინის გამომცემლობა Welt- verlag. ნაშრომი Rassen- und Kulturprobleme des kaukasus).

ავტორი ნაშრომის "კავკასიური რასისა და კულტურის პრობლემები" მიზანზე დასაწყისშივე საუბრობს: "ჩემი მთავარი მიზანია მკითხველს ვუჩვენო რამდენად საჭიროა კავკასიის უფრო საფუძვლიანი ცოდნა ზოგადი სამეცნიერო პრობლემების გადასაჭრელად." აშკარაა, რომ მიხაკო წერეთლის უმთავრესი ამოცანაა სამეცნიერო მნიშვნელობაზე ხაზგასმით მსოფლიო საზოგადოება დააინტერესოს საქართველოთი და კავკასიით. იგი მიანიშნებს, რომ ასეთი მდიდარი რეგიონი არ შეიძლება სასიკვდილოდ გაიწიროს ევროპისაგან. ერთგვარად გულისტკივილის შემცველიცაა ეს ნაშრომი:

"კავკასია მხოლოდ ლამაზი და მდიდარი რეგიონი არ არის. ის არ იმსახურებს იმას, რომ მარტოოდენ ტურისტები სტუმრობდნენ და ფინანსური თვალსაზრისით უწევდნენ ექსპლუატაციას. მისი პოლიტიკური მნიშვნელობა საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ იგი მარადიულად პოლიტიკური ექსპლუატაციის ობიექტად არ განიხილებოდეს. ევროპამ უპირველეს ყოვლისა ინტერესი უნდა გამოხატოს კავკასიის რეგიონის მოსახლეობის მიმართ, რომელმაც ათასწლოვანი ღვაწლის შედეგად სრულიად ორიგინალური კულტურული სამყარო შექმნა."

დიდი ქართველი შემდეგ ციტატაში კიდევ უფრო ღრმად საუბრობს რეგიონის შესახებ:

"კავკასიაში დღემდე ცხოვრობენ იმ უძველესი რასის წარმომადგენლები. ქვეყანაში უამრავი სულიერი კულტურის ძეგლია, აქაური ენები ჯერ კიდევ ცოცხალია; ანთროპოლოგიური ტიპი, ჩვეულებები, წესები სრულიად არის შენახული; დღესაც შეხვდებით მათი წარმართული რელიგიების ნაშთებს. და კვლევამ ყოველივე იმისა, რაც წარსულს გააცოცხლებს, ისევე როგორც კავკასიის ხალხების დღევანდელი სულიერებისა და კულტურის შესწავლამ შესაძლოა მიგვიყვანოს იმ ვითარებამდე რომ უძველეს კულტურებთან დამაკავშირებელი ხიდი გაიდოს და მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრასთან დაგვაახლოვოს."

ნაშრომის ძირითად ნაწილში მიხაკო წერეთელი ყურადღებას ამახვილებს ანთროპოლოგიაზე, ენაზე, ეთნოგენეზისა და განსახლების არეალზე, განიხილავს რეგიონში სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას და რეგიონის კულტურულ განვითარებას XV ს.მდე. მსჯელობისას მოყვანილია სხვადასხვა ავტორთა შეხედულებები, რასაც ახლავს მიხაკოსეული განმარტებები და სამეცნიერო შეხედულებები.

ანთროპოლოგიაზე საუბრისას პირველ რიგში უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას "კავკასიური რასის" არსებობის შესახებ. ეს არის მცდარი ტერმინი, რადგანაც მხოლოდ კანის ფერით არ შეიძლება ერთი ანთროპოლოგიური ტიპისადმი კუთვნილება. ანთროპოლოგიურად დასტურდება, რომ ქართველები და კავკასიელები არიან ბრაქიკეფალები და არაფერი აქვთ საერთო ინდოევროპელებთან, რომლებიც არიან დოლიქოკეფალები. მიხეილი ასახელებს ანთროპოლოგებსაც, რომლებმაც დაამტკიცეს ამ ტერმინის უმართებულობა: ვირხოვი, ფონ ლუშანი, შანტრი, გიორგი და ალექსანდრე ჯავახიშვილები.

შემდეგ საუბარია იმაზე, რომ ქართველები და კავკასიელები უნდა იყვნენ მონათესავე კაბადოკიელების, კილიკიელების, კარიელების, ხეთების. ცნობილია, რომ მცირე აზიელი არასემიტები და არაარიელი ხალხები აგრეთვე ბრაქიკეფალები იყვნენ. ამდენად, ავტორი სვამს კითხვას: "კავკასიელები ხომ არ არიან ერთადერთი ნაშთი იმ დიდი რასისა?" კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია და მასზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ, კავკასიოლოგიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ენებზე საუბრისას მოყვანილია სხვადასხვა მეცნიერთა შეხედულებები. მათ შორის: ლაიბნიცი, ბოპი და ბროსე - ქართული ენის ინდოევროპულთან ნათესაობის შესახებ, მაქს მიულერი- თურანულიდან წარმომავლობის შესახებ, ნიკო მარი - სემიტურთან შედარება და იაფეტური თეორია, ფრანსუა ლენორმანი- ქართული ენის ურარტულთან შედარება, ფრიც ჰომელი - ელამურთან შედარება. ჰომელის მიხედვით შუმერები, ელამები, მითანელები, ხეთები, ქასიტები, ურარტუელები, ეტრუსკები, ბასკები და ქართველები კავკასიელები არიან, რასაც ნაშრომის ავტორიც დასაშვებად მიიჩნევს და შემდგომი კვლევა-ძიების საგნად ტოვებს. თავის მხრივ მან ქართული ენა შეადარა შუმერულს, გამოყო ელამურთან და ურარტულთან საერთო ნიშნები.

ამ ნაწილის დასასრულს მიხაკო წერეთელს მეცნიერებაში შემოაქვს ცნება "კავკასიოლოგია" და ფაქტობრივად, ახალი სამეცნიერო დარგი:

"კავკასიოლოგიამ მეცნიერებაში ისეთივე ადგილი უნდა დაიკავოს, როგორც სემიტოლოგიამ, რადგან ქართველი ხალხი და სხვა კავკასიელები, ჩერქეზები, ჩეჩნები, ინგუშები, ლეკები და სხვები, დღეს ამ რასის ერთადერთი ცოცხალი წარმომადგენლები არიან, რომლებსაც წინააზიური არასემიტურ და არაარიულ ხანაში თავისებური თვითმყოფადი კულტურული სამყარო შექმნეს."

შემდგომი ნაწილი ეხება კავკასიელი ხალხების განსახლების არეალსა და მიგრაციებს. მოყვანილია ვირხოვის მოსაზრება ქართველთა აქ დამკვიდრების რკინის ხანით განსაზღვრის შესახებ. არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობს რეგიონში როგორც ბრაქიკეფალების, ასევე დოლიქოკეფალების არსებობის დადასტურებაზე. ავტორი იზიარებს ჩრდილო კავკასიელთა, ჩერქეზების, ლეკების, ჩეჩნების სამხრეთიდან მიგრაციის თეორიას, თუმცა ზუსტი პერიოდის დასახელებისგან თავს იკავებს. ქართველებთან დაკავშირებით კი რეგიონში მათი გამოჩენა XI-X საუკუნეებზე ადრე მიაჩნია, რადგანაც ისინი უკვე ასურელებთან და ურარტუელებთან ჩანან წყაროებში. მოკლედაა ჩამოყალიბებული მესხების, დიაოხელების, კოლხების, ტიბარენების განსახლებისა და მიგრაციის საკითხები; ტიგლათფილესელ I-ის ლაშქრობები; ქსენოფონტესა და ჰეროდოტეს ცნობები; ქართველურ ტომთა დაწინაურებულობის ერთ- ერთ მაგალითად მოყვანილია რკინის წარმოების მაღალგანვითარებულობა. ავტორის აზრით მეტალის სახელები ევროპულ ენებში ქართულიდან უნდა შესულიყო:  "ქართული რკინა- Eisen, სპილენძი-Kupfer, ვერცხლი-Silber, ოქრო-Gold, თითბერი- Zinn,  ბრინჯაო Bronze აიხსნება ფილოლოგიურად." 

დასკვნითი აზრი ამგვარადაა ჩამოყალიბებული:

"ქართველურმა ჯგუფებმა შექმნეს თავისებური კულტურული სამყარო, რომელიც ასურულ-ბაბილონურ კულტურულ წრეს უკავშირდებოდა და ერთდროულად მისი მეტოქეც იყო და თანამოაზრეც." 

სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობა ამგვარადაა შეფასებული:

"ერის ჩამოყალიბებით, სახელმწიფოს დაარსებით და ქრისტიანობის მიღებით საქართველო და მთელი კავკასია რომაულ, ბერძნულ, ბიზანტიურ და არაბულ სამყაროს დაუკავშირდა და საუკუნეების განმავლობაში საკმარისად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთში. "

ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველოსა და სომხეთს განიხილავს ერთიანი ქრისტიანული კულტურული სამყაროს ნაწილად:

"ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში სომხებმა, ქართველებმა და სხვა კავკასიელებმა შექმნეს ერთი ნაწილი იმ კულტურული სამყაროსი, რომელიც ამ პერიოდში სპარსელი, სირიელი და ებრაელი ქრისტიანების კუთვნილებაც იყო. მიუხედავად სხვადასხვა ენებისა ეს ხალხები, როგორც პროფესორი მარი შენიშნავს, ერთი სულიერი ორგანიზმის ქრისტიანული კულტურული სამყაროს წევრები გახდნენ. კულტურული სამყაროს, რომლის კვლევა თანამედროვე მეცნიერებას ასევე ბევრ საინტერესოს სთავაზობს, როგორც ყველა სხვა."

რეგიონში შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ამგვარი შეფასებაა წარმოდგენილი:

"შემდეგ იწყება კულტურის ნაციონალიზაციის პროცესი და ქართული, სომხური და სხვა კულტურები სხვადასხვა მიმართულებით ვითარედებიან. ქართული სახელმწიფოებრიობა უკვე ჩამოყალიბებულია, ერის სოციალური სტრუქტურა დასრულებულია. ამასთანავე მაღალგანვითარებულ სპარსულ კულტურას ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოზე, ხოლო საბერძნეთიდან ახალი იდეები შემოდის."

საინტერესო და საყურადღებოა მოსაზრება საქართველოს ოქროს ხანად წოდებულ პერიოდზე:

"ფეოდალური საქართველოს ცხოვრება ნეოპლატონიზმი და სპარსული გავლენა იყო ის ფაქტორები, რომელმაც რუსთაველს ხელოვნების ეს ნიმუში შეაქმნევინა. რუსთაველი იმ მწერალთა რიგს მიეკუთვნება, რომელთა ნაწარმოებიდან დროთა განმავლობაში რაღაც იკარგება, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი რჩება იმის დასტურად, რომ მხატვრულ ლიტერატურაში ქართველებმა სომხებსა და ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვა ხალხებს ბევრად გაუსწრეს. ამის საპირისპიროდ სომხებმა განავითარეს ქალაქური ცხოვრება და შექმნეს არაჩვეულებრივი არქიტექტურა, რომლის ამსახველი ძეგლები პროფესორმა მარმა ანისში გათხრების შედეგად აღმოაჩინა."

ამგვარად, მოკლედ და დამაჯერებლადაა შეფასებული სხვადასხვა ფაქტები. რის შემდეგაც ავტორი კვლავ საუბრობს ამ რეგიონის ინტენსიურად შესწავლის აუცილებლობაზე, მის მნიშვნელობაზე ქართველებისთვის:

"ჩვენი კულტურისა და ისტორიის სპეციალისტი გაიგებს და შეისწავლის ჩვენს სულს, ჩვენს ტკივილს და ჩვენს მისწრაფებებს. ის მიხვდება იმას, თუ ჩვენ, ქართველებმა ჩვენი უბედურების ჟამს რატომ ვუხმეთ რუსებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის ჩვენი ისტორიის მთელ ტრაგედიას ჩასწვდება."

ბოლო ციტატა, რითიც სრულდება კიდეც ნაშრომი, უცოეთში გადახვეწილი მამულიშვილის სიტყვებია, რომელიც გაახმოვანა მთელი ერის სახელით. ეს არის ის, რაც მაშინაც და დღესაც ერის უმთავრეს პრობლემად და სათქმელად რჩება მსოფლიო საზოგადოებისთვის:

"ჩვენ გვინდა თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრება, რათა გავაგრძელოთ ჩვენი იძულებით შეწყვეტილი ისტორია. ეს ისტორია შესაძლოა ისე ვერ წარიმართოს როგორც ევროპელებთან, მაგრამ თუ ჩვენ ევროპული სტილის აზროვნებასა და შრომას შევეჩვევით ეს დააჩქარებს ჩვენს სვლას განვითარებისკენ."


Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment