ქართულ–აფხაზურ–ოსური ურთიერთობები

საქართველოს კონფლიქტები აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში დაწყების დღიდან აქტუალობას არ კარგავს. იწერება წიგნები, სტატიები, ეთმობა კონფერენციები და საჯარო შეხვედრები, განიხილება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მოგვარების გზები არ ჩანს. სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებებში ძირითადად ვხედავთ კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივ და პოლიტიკურ გზებს. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შოთა მალაშხიას წიგნი „კონფლიქტების ანატომია“, სადაც საუბარია, რომ საქართველოს შეუძლია აქტიურობა წარმართოს ოთხი მიმართულებით: 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი). 2. გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ჰააგა). 3. საერთაშორისო ტრიბუნალი. 4. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში.  კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკურ გზებზე საუბრისას ძირითადად განიხილება  ორი მიმართულება: რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი საქმიანობის შეკავება ევროსტრუქტურებსა და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე და პირიქით, ხელის შეწყობა ამ პროცესისათვის. მიმდინარეობს დისკუსია რა სტრატეგია უნდა შეარჩიოს ქვეყანამ ე.წ გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამის ფონზე კი უგულებელყოფილია საზოგადოება და მისი ინტერესები. ნაკლებადაა საუბარი საზოგადოების როლზე კონფლიქტების დარეგულირების საქმეში, მაშინ როცა დასავლეთში საყოველთაოდაა აღიარებული ხალხური დიპლომატიის როლი და მნიშვნელობა მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზაზე.

საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაკლები ჩართულობა სოციალურ ცხოვრებასა და სახელმწიფოს საქმიანობაში ცუდად აისახება ქვეყნის მომავალზე. ახალი თაობა ის რესურსია, რომელმაც უნდა ჩაიბაროს მემკვიდრეობა და ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში. თაობები იცვლება და ახალგაზრდებმა უნდა უზრუნველყონ ახალი ურთიერთობები მათ შორის კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან. რეგიონისათვის ისტორიულად დამახასიათებელი იყო მჭირდო ინტეგრალურობა და სოლიდარობა ხალხებს შორის, კავკასიური საზოგადოება კარგად იაზრებდა მცირერიცხოვანი ერების გამოწვევებს და გადარჩენის გზას ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებაში ხედავდა. დღევანდელი გამოწვევების პირობებში კი ზემოთ აღნიშნული კავკასიური მახასიათებლები სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. კავკასიელ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა მნიშვნელოვანი გარდაქმნები რეგიონში და შეძლებენ ისინი თუ არა ტოლერანტული და კეთილმეზობლური ღირებულებების ტრანსფორმირებას ახალ დროში.'

კონფლიქტების დარეგულირებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე საუბრისას უმთავრეს პრობლემად უნდა გამოიყოს ინფორმაციის ნაკლებობა. მართალია, დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაა და შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილთან დაკავშირება, ინფორმაციის მოძიება და გადაცემა, მაგრამ ცხადია, რომ ქართული საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული რეგიონში მინდინარე პროცესებზე. ჩვენ შეიძლება კარგად ვიცოდეთ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ვერკვეოდეთ ევროპული თუ ამერიკული ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში, მაგრამ არ ვიცით რა ხდება ჩვენს მეზობლად. ახალგაზრდებმა ნაკლებად იციან კონფლიქტში მონაწილე მხარეების წარმომადგენელთა დამოკიდებულება პრობლემებისადმი.

საზოგადოების ასეთი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოწვეულია მედიის არაეფექტური მუშაობითაც ამ კუთხით. ცხადია სახელმწიფოსთვის ნაკლებ პრიორიტეტული გამხდარა რეგიონზე ორიენტირება, არადა საუკუნეების წინ საპირისპირო პროცესებს ჰქონდა ადგილი. კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელი ღირებულებები უზრუნველყოფდა ხალხებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. აქ ოდითგანვე არსებობდა ისეთი ძლიერი ინსტიტუტები, როგორიცაა ათალიყობა და ყონაღობა.
ქართველებს დიდი კულტურულ-გენეტიკური კავშირი გააჩნიათ აფხაზებთან და ოსებთან. საუკუნეთა განმავლობაში ეს ხალხები  მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. მუდმივად იყო ხალხთა შორის დიალოგი, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული. 

ზემოთ აღნიშნული ათალიყობის ინსტიტუტი ხელს უწყობდა ხალხთა შორის კულტურულ დიალოგს, რადგანაც მეზობელ ხალხთან გაზრდილი ბავშვი უკან დაბრუნების შემდეგ სხვა კულტურით ამდიდრებდა საკუთარი ხალხის კულტურას, ამასთანავე ის არ წყდებოდა გამზრდელ ხალხს. ტრადიცია თავისთავად გულისხმობდა, რომ საჭირო დროს ასე დანათესავებული ოჯახები ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ. ხალხთა შორის თანამშრომლობას ამტკიცებდა ასევე ყონაღობის ტრადიცია, როდესაც ქართველებს მეზობელ ხალხებში ძმადნაფიცები ჰყავდათ მრავლად. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ქორწინებითი ურთიერთობებიც, რაც საკმაოდ ხშირ მოვლენას წარმოადგენდა. ასეთი სოციალური დამოკიდებულებითი ურთიერთობების ფონზე კი დაპირისპირება და კონფლიქტები შეუძლებელი ხდებოდა.

დღეს, როდესაც კომუნიკაციის უდიდესი საშუალებები არსებობს მსგავსი კავშირები მაინც ვერ ხორციელდება. არადა ამ კუთხით მუშაობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ახალგაზრდებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ დასხდნენ და სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ახალი ისტორიის წერა, ყოველგვარი წარსულის წამოძახების გარეშე. ქართველი ახალგაზრდები უნდა დაუკავშირდნენ აფხაზ და ოს თანატოლებს, მოუსმინონ მათ და უთხრან საკუთარი სათქმელიც. უნდა იყოს მუდმივი დიალოგი, აზრთა გაცვლა ნებისმიერ თემაზე. ეს შეიძლება პირველ ეტაპზე მოხდეს ინტერნეტის საშუალებით. შემდგომ უფრო საქმიანი სახე უნდა მიიღოს, დაიგეგმოს ახალგაზრდული შეხვედრები, სადაც მოხდება მათი გაცნობა საქმიან და არაფორმალურ გარემოში, დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კონფლიქტის მოგვარების საქმეში განათლების და მეცნიერების როლია. განათლების სისტემა საქართველოში ისეა მოწყობილი, რომ არ ითვალისწინებს ცოდნის მიღებას ამ კუთხით. ძალიან ცოტა რამ ისწავლება სკოლის პროგრამაში აფხაზებზე, და თითქმის არაფერია ოსების შესახებ. ვფიქრობ, როდესაც სახელმწიფოს აქვს ასეთი სახის კონფლიქტები ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მათი ობიექტური ისტორია და მნიშვნელოვანი ფაქტები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ისტორიას, კულტურას და თუნდაც ტრადიციებს, მივიღოთ ჩვენს სახელმწიფოში და ახალ თაობას ვასწავლოთ მათ შესახებ. ეს სამართლიანი იქნება ისტორიული კუთხითაც და თანამედროვე კონფლიქტის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს. 

როგორც აღინიშნა, ქართველები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან. ჩვენ ყოველთვის კარგად ვიცნობდით რეგიონს და შესაბამის პოლიტიკასაც ვატარებდით. დღესაც ჩვენი მხრიდან უნდა შენარჩუნდეს ტოლერანტობა, რაც აღადგენს ნდობას ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის. სწორედ განათლების დონე და მაღალი თვითშეგნება განაპირობებდა კავკასიის რეგიონში ხალხთა კონსოლიდაციასა და სოლიდარულ პოლიტიკას. საერთო ისტორიული ბედის განცდა აახლოებდა კავკასიელ ხალხებს. საქართველოს კონფლიქტის მოგვარების წარმმართველ ძალად ესეც უნდა გამოვიყენოთ, ახალგაზრდებში განათლების სახით ჩავდოთ მსგავსი ტრადიციული მიდგომები.

განათლების დონის გაზრდა ამ კუთხით გარკვეულწილად მოაგვარებდა პირველად დასახელებულ პრობლემასაც: განათლებული და ქვეყნის პრობლემებში ჩახედული პიროვნება აუცილებლად დაინტერესდება რეგიონში მინდინარე პროცესებსა და ამის ფონზე საქართველოს კონფლიქტების თემით. შესაბამისად, როცა ახალგაზრდობაში ჩნდება ინტერესი, იწყება მისი დაკმაყოფილებისთვის მოქმედებები, რაც აუცილებლად დააკავშირებდა ქართველ ახალგაზრდობას აფხაზ და ოს თანატოლებთან. ასეთ შემთხვევაში კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდები მეტად პროგრესულად მოაზროვნეები არიან. გაცნობიერებულნი არიან რა  მსოფლიოში მინდინარე პროცესებში, მათ შორის დიალოგი მეტად ეფექტური იქნებოდა.

სახალხო დიპლომატიის და განათლებული ახალგაზრდების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მით უფრო ეფექტური იქნება, რადგანაც ეს ის თაობაა, რომელსაც პირადად არ გამოუვლია დაპირისპირების პერიოდი, არ დარჩენია არანაირი წყენა მოძმე აფხაზებისა და ოსების მხრიდან; არ იცნობს საბჭოთა კავშირს და თავისუფალ ქვეყანაში გაიზარდა. თუ იქნება შესაბამისი ცოდნა და პრობლემების ანალიზი მიწოდებული, ვფიქრობ ახალი თაობა თვითონ გააცნობიერებს საკუთარ ადგილსა და შესაძლებლობებს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. მოხდება ცნობიერების ინტეგრალური აზროვნებით მარკირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამიჯნვა.

და ბოლოს, უნდა შევეხოთ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ქვეყანაში არც ისე კარგ მდგომარეობაშია. საქართველოში არის ძალიან ბევრი არასამთავრობო, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაცია და იქმნება კიდევ ახალი ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულნი არიან  სოციალურ თემებზე, ან დასავლური ღირებულებების გავრცელებაზე. გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდული გუნდიც, რომელიც ორიენტირებულია კავკასიის მიმართულებაზე. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურობით გამოირჩევიან, თუმცა გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესი დაფინანსების საკითხია. სამწუხაროდ არ არის სისტემა ისე მოწესრიგებული, რომ დაფინანსდეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველას ქონდეს გარკვეული ბიუჯეტი.

არასამთავრობო სექტორი ის ძალაა, რომელიც ქმნის სახალხო დიპლომატიას და მეტ-ნაკლებად საზოგადოების წარმმართველ ძალად გვევლინება. აქედან გამომდინარე, მისი როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში ძალიან დიდია. იმ შემთხვევაში თუ მოგვარდება დაფინანსების საკითხი და ორგანიზაციებიც გარკვეულწილად კვალიფიციური კადრებისგან დაკომპლექტდება, არასამთავრობო სექტორს შეუძლია ხელში აიღოს ინიციატივა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში და ჩაატაროს სხვადასხვა ღონისძიებები. მაგალითად, მოაწყოს ტელეხიდები, ერთობლივი კონფერენციები, სემინარები, დებატები, ინტელექტუალური და თუნდაც სპორტული ღონისძიებები. ახალგაზრდებს უნდა გაუჩნდეთ ამის მოტივაცია და მიეცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა, დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი საქმიანობა.

არასამთავრობო სექტორმა, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ასევე უნდა იზრუნონ საზოგადოების განათლების დონეზე, ცნობიერების ამაღლებაზე აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. საზოგადოებას სწორად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, გააღვივონ სოლიდარობის გრძნობა და სოციალური ინტეგრაციის გზები დასახონ. ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ინდივიდუალურ საქმიანობასთან შედარებით მეტი პოტენციალი აქვთ, რის გამოც უნდა მოხდეს მისი კარგად გამოყენება, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიაში ჩართვა.

შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ სახალხო ახალგაზრდული დიპლომატიის გზით უნდა მომზადდეს ნიადაგი, რათა შემდგომ კონფლიქტის პოლიტიკური მხარე მარტივად მოგვარებადი გახდეს. გადაიჭრას უნდა ინფორმაციის სიმცირის პრობლემები, გამოსწორდეს განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და არასამთავრობო სექტორი გახდეს პრიორიტეტი. ამაზე მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგანაც საქართველო იმყოფება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენი რეგიონი. მომავალი წლების საქმიანობა გადაწყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს მთლიანად რეგიონისთვის და ამ პროცესებში რაც მეტი იქნება საზოგადოების ჩართულობა, მით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ. საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საკითხი არ წარმოადგენს გადაუჭრელ პრობლემას და შესაძლებელია სწორი პოლიტიკის პირობებში, რადგანაც ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს ამდენი საერთო მახასიათებელი მოეძებნება, აქვს ზიარი წარსული და საერთო ისტორიული ბედი,  ჩამოყალიბებული კავკასიური ცნობიერება და გენეტიკურად შემორჩენილი სოლიდარობისა და ტოლერანტობის გრძნობა.






წყარო:
„კონფლიქტების ანატომია“ - შოთა მალაშხია.
 „კავკასია და კავკასიელები“ -  ჯონი კვიციანი.
http://zakareishvili.com/?p=85

Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment