უდიების კულტურულ-ცივილიზაციური კუთვნილება


                                                                    შინაარსი

1.შესავალი
2.რაოდენობა და განსახლება
3.ისტორია და წარმომავლობა
4. ენა
5. რელიგია
6.ანთროპოლოგია
7.გვარები და ნათესაური ურთიერთობები
8.საცხოვრებელი გარემო
9.წეს-ჩვეულებები და დღესასწაულები
10.თანამედროვე ვითარება
11.დასკვნა


შესავალი

 “ თანამედროვე მსოფლიოში და კერძოდ კავკასიაშიც ყალიბდება ახალი რეალობა, რომელიც სულ უფრო ფართოდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან და მის თანმხლებ რეგიონალიზაციის პროცესებთან. ეს ტენდეცია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების პირობებში სწრაფად მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ადამიანის იდენტურობისა და მისი ცივილიზაციური კუთვნილების პრობლემები.“ [1] - ასე აფასებს თანამედროვე ვითარებას ბატონი ჯონი კვიციანი.  თანამედროვე ეთნოსები დღეს ეთნიკური თვითგამორკვევის გზას ადგანან. ეს განსაკუთრებით შეინიშნება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებსა და იმ ეთნოსებში, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში, ნებით თუ ძალით, მეზობელი სახელმწიფოს მიერ იქნენ ათვისებულნი. კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი გამორჩეულია მრავალფეროვნების თვალსაზრისით. „ევრაზიის მზის წნულად“  წოდებული რეგიონი პოლიეთნიკური, პოლიკონფესიური და პოლილინგვისტურია. ერთ-ერთი კავკასიური ეთნოსი უდიები არიან, რომელთა შესახებ მწირი ისტორიული მასალები მოგვეპოვება. შედარებით უკეთაა შესწავლილი მათი ენობრივი კუთვნილება და თანამედროვე ვითარება. ასევე მათი ანთროპოლოგია. საინტერესოა, ყველაფრის გათვალისწინებით უდიების კულტურულ-ცივილიზაციური კუთვნილება და მისი ლოკალიზება კავკასიის ხალხებს შორის.
კავკასიაში ეთნოსთა კულტურულ-ცივილიზაციური კუთვნილების შესახებ საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი: 1. „კულტურა არის ადამიანის მოღვაწეობის საყოველთაო ტექნოლოგია. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ადამიანის კულტურას შესაბამის ცივილიზაციურ ეპოქაში განსაზღვავდა მისი აზროვნების დომინანტური მატრიცა.“[2]  ადამიანები და ეთნოსები იმ კულტურის ნაწილნი არიან, რომელსაც იზიარებენ ცნობიერად. კავკასიის ხალხების ცნობიერების საფუძველზე, მიუხედავად მათი ენობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა,  შეგვიძლია ვისაუბროთ საერთო კავკასიურ კულტურაზე. ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ცალკეული ვარიანტები. უდიების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი აზროვნების დომინანტური მატრიცა საერთო კავკასიური კულტურითაა მარკირებული, თუმცა გასარკვევია მისი ლოკალურ ვარიანტთა მიკუთვნებულობა.  2.  „ცივილიზაცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნოსთა ჯგუფები და სახელმწიფოები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ფასეულობათა საერთო გაგებით.“ [3]  კავკასიური ცივილიზაციის გამაერთიანებელ ფასეულობათაგან სტუმართმასპინძლობის, ათალიკობის, ყონაღობისა და ძმადნაფიცობის ტრადიციული საერთოკავკასიური ინსტიტუტების გამოყოფაც კმარა. უდიები, ისევე როგორც სხვა კავკასიელები იზიარებენ აღნიშნულ ღირებულებებს და მათი ერთ-ერთ შემოქმედადაც მოიაზრებიან.
იმისათვის, რომ კონკრეტულად გაეცეს პასუხი უდიების კულტურულ-ცივილიზაციურ მიკუთვნებულობის საკითხს საჭიროა ახლებურად გავიაზროთ მათი ისტორია და ისტორიული მემკვიდრეობა, კულტურის ელემენტები, ენა და რელიგიური ფაქტორი. მნიშვნელოვანი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს, გვარებისა და ნათესაური ურთიერთობების გამორკვევა/ინტერპრეტირება; უდიების, როგორც ეთნიკური ჯგუფის ანთროპოლოგიური შესწავლა და ტაქსონომიურად ღირებული ნიშნების გამოყოფა; შესაძლოა ბევრი მივიღოთ უდიების თანამედროვე ვითარების შესწავლითაც.


რაოდენობა და განსახლება

უდიები კავკასიის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი  აბორიგენული ეთნიკური ჯგუფია. მიუხედავად ამისა, მათი განსახლების არეალი საკმაოდ დიდია. ამჟამად უდიები ცხოვრობენ სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში: საქართველოსა და აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში განსახლებულნი არიან სამ სოფელში: ოღუზში (ვართაშენი), ნიჯსა და მირზაბელოში. საქართველოში კი ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში (ადრე ერქვა ოქტომბერი). ასევე, უდიების მიგრაცია მოხდა 1980-იან წლებში როსტოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში.  დღეს უდიების რაოდენობა 7-8 ათასია  მთელ მსოფლიოში. აქედან 80% ნიჯში ცხოვრობს. 1980 წელს რუსეთის ფედერაციაში 10 ათასი უდი იქნა აღრიცხული. 1989 წლის მონაცემებით კი საბჭოთა კავშირში 8652 უდი ცხოვრობდა. აქედან აზერბაიჯანში - 6125, რუსეთში - 1102, ყაზახეთში - 366, უკრაინაში - 109, უზბეკეთში - 46, თურქმენეთში - 32, ტაჯიკეთში - 31, მოლდავეთში - 16, ბელორუსიაში - 15, ლატვიაში - 15, ყირგიზეთში - 2.[4] სოფ. ზინობიანში კი დაახლოებით 300 უდი.
სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე სახელდება რამდენიმე უდიებით დასახლებული ტერიტორია: ყაზანის მაზრის სოფელი ყირზენე, სადაც გვიან გასომხდნენ უდიები; შექის რაიონის სოფელი ბუმი და სულთნუხა, სადაც უდიები გათურქებულან. ასევე: ვარდანლიში, ბაიანსა და ქიშში. უნდა ითქვას, რომ მეცნიერები თანამედროვე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ სამ რაიონში შექში, ოღუზსა და ყაბალაში ძველ ალბანელთა სუბსტრატულ ფენს ხედავენ.
უდიების რაოდენობის არაერთგვაროვნება გამოწვეულია აღწერისას მათი რელიგიური ან ეთნიკური მიკუთვნებულობით. ხშირ შემთხვევაში სოციალური აღწერები პოლიტიკური ხასიათისა იყო და სულაც არ ისახავდა მიზნად რეალური ფაქტების დადგენას. კერძოდ, უდიების შემთხვევაში ბევრი უდი რელიგიურ ნიადაგზე თურქულ ან აზერბაიჯანულ ეთნოსად იქნა გამოცხადებული. ბევრი მათგანი მონოფიზიტური მრწამსის გამო სომეხ ეთნოსთან გაიგივდა. უდიელთა სხვადასხვა ხალხებისთვის მიკუთვნება ხდებოდა ასევე მათ საცხოვრებელ არეალში გავრცელებული და ეთნოსთა შორის კომუნიკაციის ენის მიხედვით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ ხალხებისთვის მიკუთვნება, რომელთა ენაზეც იღებდნენ უდიები განათლებას და აწარმოებდნენ კომუნიკაციას.

ისტორია და წარმომავლობა

უდიების წარმომავლობის შესახებ მეცნიერებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ გამოთქმული: 1. უდიები  ალბანელთა შთამომავლები არიან - ა. იანოვსკი, ა კრიმსკი. გ. მელიქიშვილი, ფ. მამედოვა და სხვ. 2. უდიების სამშობლო ჰერეთია - მ. ჯანაშვილი.  3. უდიები ნოეს შთამომავლები არიან - მ. ნეშუმაშვილი. 4. უდიები ცხოვრობდნენ მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე ალაზნის შესართავთან - კ.ტრევერი. 5. ცხოვრობდნენ  მდ. არაქსის სამხრეთით, ირანის აზერნაიჯანში. [5] თუმცა ჩვენთვის არსებითია ის ფაქტი, რომ უდიები უდაოდ წარმოადგენენ კავკასიურ ეთნოსს და მათი ფორმირება მოხდა სწორედ ამ რეგიონში. განხილვის თემად შეიძლება იქცეს მხოლოდ მათი საბოლოოდ ფორმირების საკითხი და ამ პროცესებში მონაწილე ეთნოსთა სახელი და ხვედრითი წილი. უდიების კულტურული დაწინაურება მოხდა კავკასიის რეგიონში და ისინი საერთო ცივილიზაციის დომინანტური ნიშნის მატარებლები არიან.
ქართულ მეცნიერებაში გაზიარებულია აზრი, რომ უდიები ალბანელთა შთამომავლები  არიან. ალბანეთის სახელმწიფო ძირითადად დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობდა.  ის სამხრეთ კავკასიაში ლაზიკა-იბერიის და სომხეთის გვერდით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეული იყო. ძველი მსოფლიოს სახელმწოფოებისათვის არაერთგვაროვანი მოსახლეობა დამახასიათებელი ნიშანია. კავკასიის ალბანეთის  შემთხვევაშიც ასეთი ვითარება გვაქვს. ორ ათეულამდე ხალხთა ჯგუფებიდან განსაკუთრებით  გამოყოფენ ოთხ მნიშვნელოვან ტომს: უტიები, გარდმანელები, გარგარელები და წავდეელები.
 უდიების ალბანური წარმომავლობა საბოლოოდ დაამტკიცა ზ. ალექსიძის მიერ აღმოჩენილმა ძველი ალბანური დამწერლობის ძეგლებმა სინას მთაზე. მათი გშიფვრა მოხდა უდიური ენის საშუალებით. რაც, რა თქმა უნდა სარწმუნო არგუმენტია უდიების ალბანურ ეთნოსთან დასაკავშირებლად და მეტიც, საკითხი გადაწყვეტილად მიმაჩნია: უდაოა, რომ უდიები ალბანელთა ერთადერთი და პირდაპირი მემკვიდრეები არიან.  ალბანეთის სახელმწიფო დაახლოებით მტკვრისა და არაქსის ხეობებში მდებარეობდა. მეცნიერებაში ასევე არის მოსაზრება, რომ ალბანეთი მოიცავდა დაღესტნის სამხრეთ ნაწილსაც და ყარაბაღსაც. მის სამხრეთით ირანული პროვინცია ატროპატენა მდებარეობდა. აღმოსავლეთით კასპიის ზღვა ესაზღვრებოდა, ხოლო დასავლეთით -  ქართლის სამეფო. V-დან მათ ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა. მან დაახლოებით ოთხი საუკუნე იარსება და გარკვეული მიზეზების გამო მერვე საუკუნეში არსებობა შეწყვიტა. ალბანელები იყვნენ ქრისტიანები და მათ ენაზე იყო თარგმნილი ბიბლია სრულად.
უშუალოდ უდიების შესახებ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცნობები ძველაღმოსავლურ და ანტიკური წყაროებში. მაგალითად: ძვ.წ. III ათასწლეულის შუმერულ-აქადურ ტექსტებში მოხსენიებულნი არიან კუტიები, რომლებიც მთიანი ზაგროსის უძველეს მოსახლეობას შეადგენდნენ. ისინი უდიელთა წინაპრებად არიან მიჩნეულნი. ბაბილონური წყაროების მიხედვით კუტიების შემოსევამ დაამხო  აქადური დინასტია. კუტიები  ბატონობდნენ მესოპოტამიაში 125 წელი.[6]  მათი უკანასკნელი მეფე იყო ტირაკანი, რომელიც ურუქის მბრძანებელმა უტუხეგალემ დაამარცხა. შუამდინარეთიდნ სამშობლოში დაბრუნებული უდიები  ლულუბების მიერ იქნენ შევიწროებულნი იძულებულნი გახდნენ ამიერკავკასიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში დასახლებულიყვნენ. ურარტული ლურსმნული წყაროები მათ ეტიუნების სახელით მოიხსენიებენ. მკვლევრთა ერთი ნაწილი „ეტიუნებს“ ანტიკური წყაროების „უტიებთან“ აიგივებს.
ჰეროდოტე აქამენიდთა იმპერიის მეთოთხმეტე სატრაპიის აღწერისას ასახელებს საგარტიებს, სარანგიებს, თამანელებს, მიკებს, უტიებს და სხვ. ჰეროდოტეს მიხედვით ქსერქსეს ლაშქარში მყოფი უტიები ტყაპუჭით იყვნენ  შემოსილნი და მშვილდი და ხანჯლები ჰქონდათ. სტრაბონი „გეოგრაფიაში“  ასახელებს კასპიის ზღვის მთიან სანაპირო ზოლში მოსახლე გელებს, კადუსებს, ამარდებს, ვ’უტიებს და ანარიაკებს. პტოლემაიოსიც კასპიის ზღვის გასწვრივ ედებს, ოლონდებს, ისონდებსა და გერებს ასახელებს.  მოვსეს ხორენაცი „სომხეთის ისტორიაში გვანცნობს რომ ალბანეთის მკვიდრი მოსახლეობა ოთხი ტომისგან შედგება: უტეაცთა, გარდმანელთა, წავდეელთა და გარგარელთა. [7] იქვე აღნიშნულია ალბანელთა მითიური წინაპრისგან  - არანისგან - წარმოდგება უტეათა გვარი. მოვსეს კალანკატუაციც, რომელიც უტიების პროვინციის სოფ. კალანკატუკიდან იყო, „ალვანთა ქვეყნის ისტორიაში“  უტიებს მიიჩნევს არანის შთამომავლებად.
უდიების კულტურულ-ცივილიზაციურ კუთვნილებაზე საუბრისას ისტორიულად არსებული წყაროების გათვალისწინებით ვიღებთ, რომ უდიები კავკასიაში არიან ლოკალიზებულნი უძველესი დროიდან. ამ მონაცემებით ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად მივუთითოთ მათი კულტურული სიახლოვის შესახებ,  მაგრამ ისტორიის დამხმარე დისციპლინების (ანთროპლოგია, ლინგვისტიკა და ეთნოლოგია)  გამოყენებით უფრო კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი.


ენა

ენათმეცნიერებაში მიღებულია განმარტება, რომ ენა არის აზროვნების გამოხატულების საშუალება. ამასთანავე, ენას ეკისრება საკომუნიკაციო ფუნქცია.  ენაში ილექება ეთნოსის ისტორია , კულტურა და კონკრეტული ხალხისათვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ,  უნივერსალიები. ხშირად ენობრივი კუთვნილება განსაზღვრავს ეთნოსის კულტურულ და ცივილიზაციური კუთვნილებასაც კი. საინტერესოა, რამდენად არის ასე უდიების შემთხვევაში?
უდიური ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფში. აზერბაიჯანში მცხოვრები უდიები ფლობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს, ისევე როგორც ზინობიანში მცხოვრები უდიები ფლობენ ქართულ ენას.  . ალექსიძის ერთმნიშვნელოვანი დასკვნა ასეთია: “ალბანური ენა მართლაც არის ძველი უდიური ენა ან პირიქით  - უდიური ენა არის ახალი ალბანური”.  ალბანური ენა, როგორც ლექსიკის, ისე მორფოლოგიის  თვალსაზრისით  ძლიერ  ახლოს  არის უდიურთან”. ამის თქმის საფუძველს იძლევა მის მიერ სინას მთაზე აღმოჩენილი „ლექციონარი“. რომლის წაკითხვაც ახლანდელი უდიური ენის დახმარებით მოხდა.
უდიურ ენას აქვს ორი დიალექტი: ვართაშნულ-ზინობიანური და ნიჯური. [8] როგორც ევგ. ჯეირანაშვილი აღნიშნავს, კილოური სხვაობა თავს იჩენს ენის ყველა კომპონენტში: ლექსიკაში, ფონეტიკურ სისტემასა და მორფოლოგიურ-სინტაქსურ წყობაში.  უდიური ენა ყველაზე ახლოს დგას წახურთან, რუთულურთან, ლეზგიურთან, აღულურთან, თაბასარანულთან და ე.წ.  „შაჰ-დაღის“ ენებთან. [9]  ეს ენა ხმოვანთა რთული და თანხმოვანთა მეტ-ნაკლებად რთული სისტემით გამოირჩევა: 13 ხმოვანი და 38 თანხმოვანი. უდიურს მოეპოვება ყველა ის ბგერა რაც აქვს ქართულს. ასევე აქვს თავისებური ხმოვნები და თანხმოვნები. უდიურს არ მოეპოვება 1. სპეციფიკური ლატერალური თანხმოვანი; 2. ფარინგალური მჟღერი ხშული და სპირანტი;  3. პრერუპტივი; 4. ინტენსიური თანხმოვნები; 5. სუსტადაა დაცული ლაბიალიზებული თანხმოვნები.[10]
როგორც უკვე ვთქვი, უდიურ ენას აქვს 13 ხმოვანი. ამათგან,   5 მარტივი ხმოვანია,  3 პალატალიზებული და  5 ფარინგალიზებული.  ყველა იხმარება ქართულის მსგავსად: 1. სიტყვის ყველა პოზაში. - როგორც დახურულ ისე ღია მარცვალში.. 2. ბგერათა ყოველ კომპლექსში.  - უკანა და წინა რიგის თანხმოვანთან; 3. საკუთარ და ნასესხებ სიტყვებში  - მეტყველების თითქმის ყველა ნაწილთან; 4. ერთ და ერთზე მეტ მარცვლიან ფუძეებში. [11] გარდა უმლაუტის პროცესის შედეგად განვითარებული ხმოვნებისა ყველა სხვა ხმოვანი უდიურში წარმოადგენს ფონემას.  ამას გვიჩვენებს მათი აკუსტიკურ-ფიზიოლოგიური ბუნება, არტიკულაციის ხასიათი (წარმოადგენენ წმინდა ხმოვნებს) და ბოლოს, ისიც, რომ ამ ხმოვანთა ცვლა იწვევს სიტყვის მნიშვნელობის ცვლას. მაშასადამე მათ აქვთ დისტინქციური ფუნქცია. მაგ. მარტივ ხმოვანთა შემთხვევაში: მაP  - სარი,  მეP - მატლი.  კაჯ - ვარცლი, კოჯ - სახლი, ოთახი.  ახ - შორისდებული, ეხ სამკალი, იხ - მეხსიერება, ოხ - სავარცხელი.  ამ მხრვივაც შეგვიძლია უდიური ენის შედარება ქართულთან.[12]
აქვს Y  და N  ნახევარხმოვნები, რომლებიც დამოუკიდებულ ფონემებს არ წარმოადგენენ. თუმცა ერთიც  და მეორეც მკაფიოდ გამოხატული ცალკე ბგერაა და გამოიყენება ისეთ სიტყვებში როგორიცაა : Yან -  ჩვენ,  Yაყ - გზა, ყNწ - ქსოვილი. ყNრყNრ-  ბუზღუნა. [13]
უდიურს მოეპოვება თანხმოვანთა ყველა ის ოთხეული, სამეული, წყვილეული და ცალეული, რაც - ქართულს. კონკრეტულად: 1 .ბაგისმიერი ბ, ფ, პ.  სონორი - მ. 2. კბილბაგისმიერი სპირანტ - ვ  3. კბილისმიერი - ხშულები: დ, თ, ტ . აფრიკატები -  [ძ] (მხოლოდ ოთხ სიტყვაშია: ძაბრი - ძაბრი,  ხაძალ- ფოთოლი, მანძილ-მანძილი, ღანძილ- ღანძილი. ახლა „ზ“ ენაცვლება. ) ც წ. სპირანტები - ზ,ს. სონორები - ნ,ლ. 4. ალვეოლარული თანხმოვნები: აფრიკატები -ჯ, ჩ, ჭ. სპირანტები- ჟ, შ. სონორი - რ 5. რბილსასისმიერი : ხშულები  - გ, ქ,კ სპირანტები - ღ, ხ  6. ფარინგალური ხშულები  ხარი, ყ. 7. ლარინგალური სპირანტები - ჰ.
დამატებით აქვს 1.  კბილბაგისმიერი  სპირანტი და 2. თავისებური ალვეოლარული აფრიკატები - ჯa, ჩa,  ჭa და სპირანტები  ჟa, შa. [14]
მორფოლოგიური თვალსაზრისით უდიური ენა აგლუტინაციურია. მორფოლოგიური კატეგორიის გამოსახატავად გამოიყენება აფიქსები: პრეფიქსები და სუფიქსები.  ინფიქსები არ აქვს, ისევე როგორც, ქართულს. დამახასიათებელია სისტემებრ განვითარებადი ფორმები ბრუნვათა და რიცხვის - სახელში, პირისა და დრო- კილოთა - ზმნაში. ასევე გადმონაშთები ასპექტის ფორმისა და ჩანასახები გვარის კატეგორიისა. მოშლილია კლას-კატეგორია , შემონახულია გაქვავავებული პრეფიქსებისა და სუფიქსების სახით.[15] 
 სინტაქსში აღსანიშნავია ქვემდებარე , შემასმენელი, დამატება - პირდაპირი, ირიბი და უბრალო;  მსაზღვრელი, გარემოება-  ადგილის, დროის, ვითარების, კითხვის, მიზნის; მაკავშირებელი სიტყვები.[16]
უდიური ენა უმწერლობო ენაა.  არაა გამორიცხული, რომ საქარართველოში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში წაუკითხავი წარწერები უდიურ ენაზე იყოს შესრულებული. უდიური ანბანი შეიქმნა რუსულ და ლათინურ ანბანზე დაყრდნობით - ახალი ასოებისა და დიაკრიტიკული ნიშნების დამატებით. შემდგომ  ქართული ანბანის გამოყენებით - ამ შემთხვევაში დიაკრიტიკული ნიშნები მინიმუმამდე დადის. ახალი ასოების შემოღება აღარაა საჭირო. უდიური ენის ორთოგრაფიისა და ორთოეპიის პრინციპი მარტივია: იწერება ისე როგორც გამოითქმის და იკითხება ისე როგორც იწერება. ასევე ქართულის მსგავსად და ინდო-ევროპულის საპირისპიროდ ყველა ბგერის გადმოსაცემად, თუ არ ჩავთვლით თავისებურ ბგერებს რომელთა გამოხატვა დიაკრიტიკული ნიშნების გარეშე შეუძლებელია.[17]
როგორც დავინახეთ, უდიური ენა დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს ქართულ ენასთან. მართალია, ის  დაღესტნური ენების  ლეზგიურ ქვეჯგუფში შედის, მაგრამ ქართულთან მსგავსება გვაფიქრებინებს ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხების კულტურულ სიახლოვესა და საერთო ისტორიულ წარსულზე. საუკუნოვანი თანაცხოვრებისა და საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფნის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ქართულ- უდიური ეთნიკური სიახლოვე განსაკუთრებით თვალსაჩინოა ანთროპოლოგიური მონაცემების შედარებისას. საფიქრებელია, რომ უდიური ენა (ალბანური) სამხრეთ კავკასიაში ქართულ და სომხურ ენებთან ერთად წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ ენებს. ამიტომაც უდიურის მსგავსება სომხურთანაცაა მოსალოდნელი. დღეს უდიურ ენას არ აქვს კავშირი მის ირგვლივ მცხოვრებ აზერბაიჯანელების ენასთან, თუმცა ცხადია, რომ უდიების მონათესავე სხვა ალბანური ხალხები ტრანსფორმირდნენ თანამედროვე აზერბაიჯანელების სახით.

რელიგია

უდიები ქრისტიანები არიან.   სოფ. ვართაშენსა და ზინობიანში მცხოვრები უდიები მართლმადიდებლობას მისდევენ, ხოლო ნიჯელი უდიები მონოფიზიტობას. საგულისხმოა, რომ ნიჯელი უდიებიც თავის დროზე მართლმადიდებლები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო მოხდა მათი მიქცევა გრიგორიანულ მრწამსზე. უპირველესი მიზეზთაგანი ეთნიკური თვითშეგნების შენარჩუნება უნდა გამხდარიყო. მაჰმადიანთა კავკასიაში მოსვლისა და ალბანეთის მიწებზე გაბატონების შემდეგ ქართლის აღმოსავლეთით, უძველეს ქართულ მიწებზე ( დღევანდელი აზერბაიჯანის  კახის, ზაქათალასა და ბელაქნის რაიონები) ქრისტიანი მართლმადიდებლების რაოდენობა შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა უდიებზე მათი გავლენა. უდიებთა ნაწილი ამ დროს გამაჰმადიანდა, ნაწილმა კი შეინარჩუნა ძველი რწმენა, თუმცა მათ მოუხდათ, არაბთა ხალიფის განკარგულებით, სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიას დაქვემდებარებოდნენ.  სომხური ეკლესია კი უკვე VI საუკუნიდან ცდილობდა ალბანური ეკლესია შეერთებინა. [18]
ქრისტიანობის ორად გაყოფის შემდეგ კავკასიაში საქართველო დიოფიზიტური მიმდინარეობის მიმდევარი და დამცველი გახდა, ხოლო სომხეთი მონოფიზიტობის. ალბანური სახელმწიფო თავდაპირველად დიოფიზიტური მრწამსის იყო, მაგრამ მოგვიანებით სომხური ეკლესიის იდეური გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გამოდიოდნენ ისინი ქალკედონის კრების წინააღმდე. ალბანელები იმყოფებოდნენ ვაღარაშაპტის საეკლესიო კრებაზე 491ელს  და დვინის  საეკლესიო კრებაზე 527წელს, რომელზედაც დაიგმო  ქალკედონის კრება და  დაამტკიცეს სომხური სარწმუნოება.
XI-XIII საუკუნეებში დაიწყო უდიების მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე გადასვლა. ეს გამოწვეული იყო ქართული სამეფოს გაძლიერებით, რომელიც  დიოფიზიტური მოძღვრების მიმდევარი იყო და აქტიურ რელიგიურ პოლიტიკას ატარებდა კავკასიაში სახელმწიფოებრივი ძლიერების პერიოდში. უდიელებში ქრისტიანობის ქადაგება ელისეს მიეწერება.
 უდიელებს ასევე შემორჩათ გადმოცემა XV საუკუნეში ქართველი სასულიერო პირის იოანეს საქმიანობის შესახებ. [19]  მიუხედავად ამისა უნდა ითქვას, რომ მათში შემორჩენილი იყო ბოლო დრომდე წარმართული, ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები. უდიური  სადღესასწაულო ცერემონიები ძველი უდიური წარმოდგენებისა და ქრისტიანული რწმენის ნაზავია.
ენობრივ ფაქტორთან ერთად რელიგია დიდად განაპირობებს ეთნოსთა კულტურულ მიკუთვნებულობას. რელიგია თავისთავად მსოფლმხედველობად აღიქმება, რომელიც აახლოებს საერთო ცნობიერების ხალხებს. უდიები ამ მხრივაც ქართველების საზიარო სივრცეში მოიაზრებიან. მათთვის რელიგია გამხდარა  ეთნიკური იდენტობის მარკერი.


ანთროპოლოგია

ანთროპოლოგია ყველაზე ზუსტ მეცნიერებად შეიძლება ჩაითვალოს ხალხთა ეთნოგენეზისა და გლოტოგენეზის გასარკვევად. ანთროპოლოგიური მასალების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორ და მეტ ეთნოსს შორის მსგავსება-განსხვავებაზე, მათ დომინანტურ და რეცესიულ ნიშნებზე. ანთროპოლოგიური მიკუთვნებულობა ყველაზე კარგი  გამოვლინებაა  ეთნოსის კულტურული მიკუთვნებულობისა და მისი ადგილისა კონკრეტული ცივილიზაციის ფარგლებში.
უდიების პირველი ანთროპოლოგიურ შესწავლა ეკუთვნის ა. არუთინოვს: 1896 წელს შეისწავლა  25 უდი, ხოლო 1898 წელს 150 უდი. რასაც მოჰყვა მისი მონოგრაფია „უდები“. იგი დღემდე ერთადერთ მონოგრაფიად  ითვლება  უდიების შესახებ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია ამ ნაშრომის მთელი რიგი ხარვეზებისა:  შეიცავს მნიშვნელოვან ანთროპონომეტრიულ მონაცემებს, მაგრამ ამ მონაცემთა ანთროპოლოგიურ გააზრება და მიღებული პარამეტრების ინტერპრეტაცია  ხარვეზულია. შრომაში უგულებელყოფილია ნიშნების ტაქსონომიური შეფასების პრინციპი, რასაც ავტორი მეორეხარისხოვანი და მაღალი ღირებულების მქონე ნიშნების არევამდე მიყავს. ეს კი თავის მხრივ არასწორად წარმოადგენს ჯგუფებს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავების სურათს. ავტორს უჭირს გაარჩიოს ანთროპოლოგიური ტიპების მსგავსება და ნათესაობა. რისი შედეგიცაა ავტორის არასწორი დასკვნა. მისი აზრით უდიები დგანან სხვა კავკასიელი ხალხებისაგან განკერძოებულად.[20]  
უდიები ანთროპომეტრულად შესწავლილ იქნა 1951 წელს ორი ანთროპოლოგიური ექსპედიციის მიერ: აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიურმა ექსპედიციამ პროფესორ დებეცის ხელმძღვანელობით სოფ. ვართაშენში შეისწავლა უდების ჯგუფი სრული პროგრამით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიურმა ექსპედიციამ პროფ. ა. ნათიშვილის ხელმძღვანელობით ასევე  სრული პროგრამით შეისწავლა სოფ. ოქტომბერში მცხოვრები უდები. ქართულმა ექსპედიციამ შეისწავლა 50  მამრობითი სქესის უდი, 20-60 წლის ასაკის და მნიშვნელოვნად წასწია წინ უდიების ანთროპოლოგიურად შესწავლის საკითხი.
დღეისათვის ცნობილი მონაცემებით უდიების ანთროპოლოგიური დახასიათება ასეთია:  უდიები არიან დაბალი ტანის; გამოირჩევიან  მკვეთრი ბრაქიკეფალიით, თავის მცირე გრძივი და საშუალო განივი დიამეტრით; ვიწრო, დაბალი და არამკვეთრად პროფილირებული სახით; მცირეა  სახის მორფოლოგიური და ფიზიონომიური სიმაღლე;  მესამეული თმოვანი საფარველის მცირედაა  განვითარებული;  ვიწრო და საკმაოდ გამოდრეკილი ცხვირი;  საშუალოზე ოდნავ მაღალი ზედა ტუჩითა და მუქი პიგმენტაცია (ღია ფერის პიგმენტაცია მხოლოდ 4%-ში დაფიქსირდა, თმების ფერი კი იმდენად მუქია, რომ ქართველური ჯგუფებისთვისაც იშვიათი მოვლენაა[21]).ქუთუთოს ნაოჭის პროცენტი საშუალოა, ისევე როგორც, თვალის ნაპრალის სიმაღლე და მისი დახრილობა. [22]
შესწავლილი მასალა  გვაძლევს საშუალებას გამოვყოთ  უდიების მორფოლოგიურად მსგავსი ვარიანტები. მ. აბდუშელიშვილი ამ მონაცემებს უდარებდა საქართველოს მოსახლეობის ხუთ მორფოლოგიურად განსხვავებულ ლოკალურ  ვარიანტებს (შავიზღვისპირული, დასავლურ-ქართული, აღმოსავლურ-ქართული, სამხრეთ-ქართული და კავკასიონის.).  მისი აზრით უდიები ყველაზე დიდ სიახლოვეს ამჟღავნებენ სამხრეთ-ქართულ ვარიანტთან.[23]  ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელია: თმისა და წვერის უხვი განვითარება, დახვეწილი ყვრიმალები, მკვეთად პროფილირებული სახე, სწორი შუბლი, ცხვირის მაღალი უნაგირი, ორტოქეილური ზედა ტუჩი, ფართო შუბლი, ხრტილოვან ნაწილში გამოდრეკილი ცხვირის ზურგი, დაშვებული ცხვირის წვეტი, დაბალი სახე და დაბალი ტანი, ნიშანთა ასეთი კომპლექსი გვხვდება მესხებში, ბოლნისისა და ბორჯომის ქართველებში, სოფ. სარფში მცხოვრებ ჯგუფებს შორის. [24]
მ. აბდუშელიშვილი უდიებს განიხილავს ქართველური ეთნიკური ჯგუფის ინგილოების გვერდით. მას გამოყოფილი აქვს საერთო ანთროპოლოგიურ ნიშანთა მთელი კომპლექსი, რომლებიც ეჭვს აღარ იწვევენ ამ ორი ჯგუფის დიდი სიახლოვისა. კერძოდ ეს ნიშნებია: ორივენი ხასიათდებიან დაბალი ტანით, მკვეთრი  ბრაქიკეფალიით, ვიწრო და დაბალი სახით, მუქი პიგმენტაციით, მესამეული თმოვანი საფარველის მცირე განვითარებით და სხვა. საყურადღებოა, რომ ინგილოებიც ისევე როგორც უდიები კერძოდ არცერთ ქართველურ ვარიანტში არ შედიან, მხოლოდ შეინიშნება მსგავსება ისე, როგორც უდებსა და „სამხრეთ-ქართულ“, ასევე ინგილოებსა და „სამხრეთ-ქართულ“  ვარიანტს შორის, მაშინ როდესაც თვითონ ამ ორ  ჯგუფს შორის განსხვავება არ აღემატება 26 %-ს,  ე.ი. მცირეა.[25]
უნდა ითქვას, რომ უდიების ანთროპოლოგიური კუთვნილება არ მოდის თანხვედრაში ენობრივ კუთვნილებასთან. ხშირად ენობრივი კუთვნილება არ განსაზღვრავს ეთნოსის ისტორიულ-კულტურულ და ცივილიზაციურ-კულტურულ მიკუთვნებულობას. უდიები ენობრივად იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის  დაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფში შედიან, ანთროპოლოგიურად კი მათგან რადიკალურად განსხავდებიან. ლეზგები ხასიათდებიან საერთო დაღესტნური ანთროპოლოგიური ნიშნებით: სხეულის სიმაღლე საშუალოზე მაღალი, თმები ძირითადად  შავი და წაბლისფერი ( და არა ძალიან შავი, როგორც უდიების შემთხვევაში.), ძალიან ცოტა მუქი რუხი და წითური თმები. კანი ღია ფერის. თმოვანი საფარველი გულ-მკერდზე საშუალოდ აქვთ განვითარებული. წვერი უხვი. სახე ვიწრო და დაბალი, ნაკლებად პროფილირებული. ცხვირი ვიწრო და მცირე სიმაღლის და სხვა. [26]
მაშასადამე, უდიების ანთროპოლოგია ხაზს უსვამს მათ სიახლოვეს ქართულ ეთნიკურ ჯგუფებთან და გვიბიძგებს მათი კულტურულ-ცივილიზაციური კუთვნილება კვლავ კავკასიის შიგნით საქართველოს ლოკალურ ვარიანტში განვიხილოთ. თავისთავად საინტერესოა და შემდგომ მეცნიერულ კვლევებს საჭიროებს მ. აბდუშელიშვილის შემდეგი ჰიპოთეზა: ინგილოებისა და უდების ანთროპოლოგიური მსგავსების ფაქტი გვაფიქრებინებს მათს შთამომავლობით ნათესაობაზე კავკასიის ალბანეთისა ან ჰერეთის მკვიდრ მოსახლეობასთან.[27]   ანთროპოლოგია ისტორიისათვის წარმოადგენს ყველაზე სანდო და შედეგის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დისციპლინას, რომელზეც დაყრდნობა და სწორად ინტერპრეტირება ნათელს ფენს ბევრ მოვლენას. ამას ადასტურებს უდიების მაგალითიც.
როგორც დავინახეთ ქართველებთან უდიების ანთროპოლოგიური მსგავსება თვალსაჩინოა, რაც, სხვა არგუმენტების  არ არსებობის შემთხვევაშიც კი, უდაოდ დამამტკიცებელია უდიების კულტურულ-გენეტიკური მიკუთვნებულობისა  სხვა კავკასიელებთან. ანთროპოლოგიური ნიშნებისა და  მით უმეტეს, ტაქსონომიურად ღირებული ნიშნების, რითიც უდიები უკავშირდებიან, ქართველებსა და მეტ-ნაკლებად დაღესტნელებს,  ჩამოყალიბება რამდენიმე საუკუნეში არ ხდება. ანთროპოლოგიაში არ არსებობს განსაზღვრული დრო ანთროპონომიური ნიშნების ჩამოყალობებისა. უდიების ანთროპოლოგიური მონაცემები კი გვაძლევს შემდეგის  თქმის საშუალებას: მათი ფორმირება და ჩამოყალიბება მოხდა საუკუნეების წინ, ქართველებისა და სომხების გვერდით.      უდიების, როგორც ალბანელების უშუალო მემკვიდრეების ანთროპოლოგიური შედარების ჩატარება  აზერბაიჯანის მოსახლეობასთან  კი დამაჯერებელს გახდის უდიების მონათესავე სხვა ალბანელი ხალხების  გენეტიკურ-კულტურულ და ცივილიზაციურ-ცნობიერ ტრანსფორმაციას აზერბაიჯანის თანამედროვე მოსახლეობაში.


გვარები და ნათესაური ურთიერთობები

უდიური გვარების დაბოლოება განპირობებულია მათი საცხოვრებელი ადგილით. აზერნაიჯანში მცხოვრები უდიების გვარები ორი სუფიქსითაა წარმოდგენილი: ნიჯელთა გვარები სომხური სუფიქსით  „იან“  არის ნაწარმოები, ხოლო ვართაშნელებისა რუსული  სუფიქსით „ოვ“.  საქართველოში მცხოვრები უდიების გვარები კი ქართული სუფიქსით - „შვილი“-  არის გაფორმებული. ასევე არიან ისინი დარეგისტრირებულნი საქართველოს მოქალაქეებად. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უდიები ერთმანეთთან საუბრისას ამ სუფიქსებს არ გამოიყენებენ. როგორც აღნიშნავენ, თითოეულ გვარს თავისი უდიური ფორმა აქვს.
სოფ.ნიჯსა და ვართაშენში უდიები გვარების მიხედვით ცხოვრობენ.  ე.ი ერთი გვარი ერთ უბანს ან მთელ სოფელს იკავებს.  ყოველ გვარს თავისი საძოვრები, ყანები და ბაღები ჰქონია.ნიჯელებს საერთო სალოცავი არ ჰქონიათ, მაგრამ თითოეულ გვარს თავისი სალოცავი „ქილისა“ ჰქონდა. ისინი დიდ დღესასწაულებზე მიდიოდნენ სალოცავად  ვართაშენში „იეღიმ არაქელში“. სოფ. ჯილტში კი იყო საერთო სასაფლაო. ნიჯური გვარებიდან შეგვიძლია დავასახელოთ: მურადაარხო, დამეჩაარხო, შირიანლუხ და სხვ. [28]  ხოლო ვართაშნული გვარებია: კანანჩი, ივანი, ჰაჯინ, აღასი, სილიკი, ნეშუმი, გოგოლი. [29] ვართაშნული გვარები შედგებოდა 4-5 სახლისაგან - ოჯახისაგან „ქულატ“ , ყოველი ოჯახი 3-4 თაობისაგან, რომელშიც 20-40 წევრი იყო. [30]
სოფ. ზინობიანში მცხოვრები უდიები გვარების მიხედვით არ ცხოვრობენ. ამის მიზეზი მარტივია, 1920-22 წლებში ზინობი სილიკაშვილის მეთაურობით ვართაშენიდან და ყიშლაღიდან (სოფ. ვართაშნიდან 2-3 კილომეტრზე) რამდენიმე გვარი გადმოსახლდა, რომლებიც ერთად დააასხლეს აღნიშნულ ადგილას. მათ აქვთ სალოცავი ნიში „ეველ“, რომელიც შედგება ვართაშნის სალოცავ  „წიმერიდან“  წამოღებული ქვის, მიწისა და ჯვრისაგან.
უდიებს ოდითგანვე ახასიათებთ ნათესაობის სამი ფორმა: სისხლითი, მოყვრობითი და ხელოვნური. სისხლითი ნათესაობის აგნატური კატეგორიის შიგნით ქორწინება აკრძალულია შვიდ თაობამდე, კოგნატური კატეგორიის შიგნით თაობათა ზღვრის დაუდგენლად. [31]  მოყვრობითი ნათესაობისას ქორწინება ეკრძალებათ დაქორწინებულთა ოჯახის წევრებს. ხელოვნური დანათესავების შემთხვევაში მოქმედებს იგივე აკრძალვები, რაც სისხლით ნათესაობისას. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ უდიები  დაქორწინებისას  ჯერ სარწმუნოებას ანიჭებენ უპირატესობას და მერე ეროვნებას. ნიჯელების მიერ სომხური მრწამსის მიღების შემდეგ, ვართაშენელებისთვის ქორწინებითი ურთიერთობებისთვის უფრო მისაღები ერთმორწმუნე ინგილოები აღმოჩნდნენ. აქ გასათვალისწინებელია ანთროპოლოგიური მონაცემები: როგორც ზემოთ აღინიშნა, უდიები ახლოს დგანან ინგილოებთან ანთროპოლოგიურად, შესაძლოა ეს სწორედ მათ შორის ხანგრძლივი ნათესაური კავშირით იყოს გამოწვეული.
უდიებში ქორწინებისათვის მისაღები ასაკი ქალისთვის 12-15 წელი იყო, ხოლო ვაჟისთვის 15-17 წელი. დასაქორწინელბად ქალს რელიგიური დღესასწაულისას ირჩევდნენ. ეს ხდებოდა ქალის წარმომადგენელთან არყის დალევით, ქალისათვის მანდილის სროლით, საქანელაზე ჯოხის შეხებით, ან სხვ რაიმე ნივთის დადებით. [32]  უდიებმა იცოდნენ  გარიგებით ქორწინებაც. ამას თავის წესი ჰქონდა, ისევე როგორც ქორწილს, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ეტაპისაგან. მრავალდონიანი ქორწინების სისტემა საერთოკავკასიური მოვლენაცაა, ამიტომ ეს ტრადიცია ცალკე შესწავლას საჭიროებს.
საერთო ჯამში, უდიებისთვის დამახასიათებელი ნათესაური კავშირების ფორმა და გამოვლინება კავკასიისათვის დამახასიათებელ ჩარჩოშია მოქცეული. ამ მხრივ არის მსგავსება როგორც  ქართველებთან, ასევე ჩრდილო კავკასიელებთან.  ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი კულტურულ-მეზობლური ურთიერთობითაა  გამოწვეული. ხოლო აზერბაიჯანელებთან გამოვლენილი მსგავსება მემკვიდრეობითობის პრინციპებში უნდა მოექცეს, რაც  ცალკე კვლევას  მოითხოვს.


საცხოვრებელი გარემო

უდიების საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვან მასალას გვაძლევს მათი კულტურული მიკუთვნებულობის შესახებ. როგორც წესი კულტურის ერთ-ერთი გამოვლინება საცხოვრებელ გარემოსა და ცხოვრების პირობებშია. უდიების საცხოვრისების აღწერისას კი ბუნებრივად მივდივართ ქართულ საცხოვრებელ გარემოსთან.  აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათი საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მათი ცხოვრების წესი და საცხოვრებელი გარემო არსებითად არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ბუნებრივი პირობებით გამოწვეულ ცვლილებებს. პირინციპულად ეს საერთო ამ ორი ხალხის საერთო კულტურულ სივრცეში მოაზრებას ნიშნავს.
აზერბაიჯანში უდიების  სოფლები მთისწინა ზოლშია განლაგებული. დასახლება დაგეგმარება არ ქონდა. საცხოვრებელი ნაგებობის საძირკველს აგებდნენ ქვებით, კედლებს გამოუწვავი აგურით, გადასახურად კი გამოიყენებდნენ თივას. ჭერს ამაგრებდნენ ორი დედაბოძით. ცენტრში ჩაუქრობლად ენთო კერა. კედლებზე მოთავსებული იყო ნიშები სადაც ინახავდნენ ლოგინს და ჭურჭელს. ჭერში კი - ადამიანისა და საქონლის საკვებ მარაგს. ნაგებობა შედგებოდა 2-3 ოთახისაგან.[33]  ეზოში მათ იცოდნენ თონისა და საქონლის სადგომის გაკეთება. უდიების კარ-მიდამო  მოიცავდა არამარტო საცხოვრებელ კომპლექსს და სამეურნეო ნაგებობებს არამედ ხილის ბაღს, სადაც მოშენებული კაკალი, თხილი, წაბლი. აღნიშნავენ იმასაც, რომ უდიები ნაწილობრივ  ვაჭრობასაც მისდევდნენ. გასაყიდად გაჰქონდათ აბრეშუმი, კაკალი, თხილი, ბრინჯი, წაბლი და ..
თითქმის ყველა უდიურ ოჯახს ასამდე  ქათამი  ჰყავდა. ცნობილია ისიც, რომ მოხარშული ფეტვით გასუქებულ ქათამს ბრინჯით ტენიდნენ და ბუხარში წვავდნენ. გავრცელებული იყო  ჩიხირთმა. დღესასწაულზე და სტუმრიანობისას აუცილებელი იყო ხორციანი კერძები. უდიების საკვების მნიშვნელოვან  ნაწილს რძის პროდუქტები შეადგენდა. ძალიან გავრცელებული იყო თევზის კერძები.  ტკბილეულიდან უდიების კვების რაციონში აუცილებლად იყო თაფლი და ალვა. დახელოვნებული იყვნენ მწნილების დამზადებაში. სხვადასხვა ხილისაგან იცოდნენ  არყის გამოხდა.
აქვე უნდა შევეხოთ უდიურ სამოსს: უდი მამაკაცის ტრადიციული სამოსი შარვალი, ჩოხა და ახალუხია, ქამრით დამშვენებული. ფეხზე იცვამენ ჩექმას ან ტყავის ქალამანს. თავსაბურავად იყენებენ ცხვირს ბეწვის ქუდს ან ყაბალახის მსგავს „დინგას“.  უდი ქალის სამოსი კი შედგება გრძელი პერანგისაგან „გურატ“ და მიწამდე დაშვებული ფართო, წითელი შარვლისაგან „ხოლოხ“. მის ზემოთ იცვამდნენ ახალუხის მსგავს „კავაის“, რომელსაც იკრავდნენ შალის ნაჭრით ან ვერცხლის ქამრით. თავსაბურავი მრავალფეროვნად იყო გაწყობილი. ქალი ქორწილისას სახეს იბურავდა „იეშმაღით“, რომლიც მთელი ცხოვრება უნდა ეტარებინა და რომლიდანაც მხოლოდ ცხვირი და თვალები უჩანდა.[34]


წეს-ჩვეულებები და დღესასწაულები 

ამა თუ იმ ეთნოსის წეს-ჩვეულებებზე საუბრისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკრძალვის ტრადიციაა. უდიებში ეს პროცესი ძირითადად საერთო კავკასიური ელემენტებისგან შედგება, თუმცა არის კონკრეტულად მათთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, ნიშნები. უდის გარდაცვალებისას მის დასატირებლად იკრიბებიან ნათესავები, ახლობლები და მეზობლები გარდაცვლილის ოჯახში. უდიებმა იციან მიცვალებულის განბანვა და ზიარება, რის შემდეგაც  ეზოში გამოასვენებენ და სპეციალურად გამზადებულ კიბეზე „სალაპა“ დაასვენებენ.[35]  შემდეგ მღვდელი მიცვალებულს დააფენს გულზე ჯვარს, რომელსაც ყველა იქ მყოფი უნდა ემთხვიოს და ფულიც დაადოს. მიცვალებულს კიბითვე გაასვენებდნენ ეკლესიაში და მეორე დღემდე იქ დატოვებდნენ. მეორე დღეს ქალები დასხდებოდნენ და დაიტირებდნენ, სანამ მღვდელი არ შეაწყვეტინებდა. მამაკაცები მიცვალებულს სასაფლაოზე წაასვენებდნენ, ქალები კი გარდაცვლილის ოჯახში დაბრუნდებოდნენ. დასაფლავების შემდეგ კაცები მათ შეუერთდებოდნენ და იმართებოდა ქელეხი „ფათარაკ“. [36]  ფათარაკს შვიდჯერ იხდიდნენ.
უდიები მიცვალებულს მიწაში ამოშენებულ სამარხში ჩაასვენებდნენ, სამარეს გადახურავდნენ და მიწას დააყრიდნენ. ისინი მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად სექტემბრის შუა კვირას სასაფლაოზე გადიოდნენ და მიჰქონდათ „ტაბაკი“ - ფლავი, ხილი, ტკბილეული და ღვინო.[37]
უდიების რწმენით არსებობენ კეთილი და ბოროტი სულები. პირველ მათგანად ანგელოზებს აღიქვამენ, ხოლო მეორეთა რიგში აერთიანებენ: ალის „ჰალ“. „ჯინ“ს,  ეშმაკს „შეითან“. სულთამხუთავს „ქავთაე ქსტი“. ასევე, კოჭლი ეშმაკი „კალა შეითან“. [38] მათი წარმოდგენით კეთილი სულები ადამიანებს ეხმარებოდნენ სხვადასხვა საქმეებში და განაპირობებდნენ მათ კეთილდღეობას, ხოლო ბოროტი სულები პირიქით, ზიანის მოტანის ცდაში იყვნენ. უდიებთა სადღესასწაულო ქმედებები და რელიგიური აღნიშვნები ამ რწმენა-წარმოდენებით იყო მოტივირებული. მაგალითად რელიგიური დღესასწაულისას იცოდნენ სხვადასხვა თამაშები: „ზანგუ“ და ნიკო ბეშ ჰინგ“ ბურთით,  „ჩილინგ ჰსთი“ ჯოხით, ხოლო „ჩიზ“ - ბურთით და ჯოხით.[39]
უდიური სადღესასწაულო და არა მარტო სადღესასწაულო კერძები ძალიან მრავალფეროვანია. მათგან შეიძლება გამოვყოთ: ერბოს ფლავი, რომელიც მზადდება ქიშმიშით, წაბლით, ქათმის  ხორცითა და ბრინჯით  ლობიოს ფლავი  - მზადდება ლობიოთი და ბრინჯით; გოზინაყი - დანაყული ნიგვზითა და თაფლით.
რელიგიური დღესასწაულებიდან აღსანიშნავია ბზობის კვირა, აღდგომა და ფერისცვალება. ბზობის კვირაში გოგონები და პატარძლები ეკლესიაში მიდიოდნენ წირვაზე. ეკლესიასთან იკრიბებოდნენ უდიები აღდგომის წინა დღესაც, მზის ჩასვლისას. აქ ისინი კლავდნენ შესაწირავებს, ზეიმობდნენ და ღარიბებისთვის იღებდნენ მოწყალებას. აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე გადიოდნენ. მესამე დღეს კი დიდ ეკლესიაში „ქალა გერგეც“, რომელიც ვართაშენში იყო.  აქ მოდიოდნენ როგორც ნიჯელები, ასევე სომხებიც, რომლებიც „იეღიშ არაქელის“ უწოდებდნენ.  ფერისცვალებისას კი ახალგაზრდები იკრიბებიან ეკლესიასთან, ცეკვავენ და ერთმანეთს სიმღერებში ეჯიბრებიან. აქვე გოგოები საქანელაზე ქანაობენ, სადაც ხდება ხოლმე მათი დათავისების რიტუალის შესრულება.


თანამედროვე  ვითარება

თანამედროვე უდიები კომპაქტურად სამ სოფელში არიან დასახლებულნი. აზერბაიჯანის ორ სოფელში ნიჯსა და ვართაშენში ისინი ინარჩუნებენ ეთნიკურ სახეს, თუმცა ინტეგრაციის დონეც საგრძნობია. ისინი აზერბაიჯანულ ენასთან  ერთად ფლობენ  რუსულს, ასევე სომხურს - ნიჯელი უდიები. მიუხედავად მათ მიმართ განხორციელებული ქმედებებისა უდიებს შენარჩუნებული აქვთ ძველი ტრადიციები და რელიგია; ხსოვნა თავიანთი ვინაობისა ( მათი ენდოეთნონიმია „უდი“) და შეგნება ალბანური კულტურის მემკვიდრეობისა. აზერბაიჯანულ ეთნოსთან ნაკლებად შერევა გამოწვეულია მათი ცხოვრების წესით: უდიები წლების განმავლობაში შიდაეთნიკურ ქორწინებას ანიჭებდნენ უპირატესობას. როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებით რელიგიურ ფაქტორს აქცევდნენ ყურადღებას.
საქართველოში უდიები 1920 წელს დასახლდნენ ყვარლის რაიონში. მათ სოფელს სახელი ეწოდა მათი წინამძღოლის, ზინობი სილიკაშვილის სახელის მიხედვით, რომელიც წამოუძღვა მათ აქ. შემდეგი ნაკადი მართლმადიდებელი უდიებისა 1921-22 წლებში გადმოსახლდა აზერბაიჯანში  მომხდარი სამოქალაქო ომის გამო. გადმოსახლების შემდეგ მათ შეინარჩუნეს ტადიციული სამეურნეო დარგები. მათ  აზერბაიჯანში მოჰყავდათ ხორბალი, ფეტვი, ქერი, ბრინჯი და ყურძენი.  საქართველოში მათ დაიწყეს სიმინდის მოყვანაც. აღნიშნავენ, რომ ცვლილებები მოხდა სახლის მშენებლობის ტრადიციაში. ისინი ადრე ქვას იყენებდნენ სამშენებლო მასალად, კახეთში გადმოსახლების შემდეგ  ხის გამოყენება დაიწყეს, რადგანაც ტყიან ადგილებში მოხდა მათი ჩასახლება. დროთა განმავლობაში შეიცვალა მათი ჩაცმის სტილიც:  გაქრა ქალის თავსაბურავი და სახის დაბურვის ტრადიცია. ქართველებთან მეზობლური ურთიერთობის შედეგად შეიცვალა მიცვალებულის დაკრძალვის ტრადიცია და მეორე დღის ნაცვლად გარდაცვლილს 3-4 დღის მერე კრძალავდნენ. [40]
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ უდიები, მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ინარჩუნებენ ეთნიკურ თვითმყოფადობას. საკმაოდ მაღალ დონეზე არიან ინტეგრირებულები საცხოვრებელ გარემოში და მეზობელ ხალხებში. საქართველოში სწავლობენ ქართულ სკოლებში და კარგად ფლობენ ქართულ ენას. 2002 წლის მონაცემებით საქართველოში 203 უდი იქნა აღრიცხული, თუმცა საქართველოს უდიების ასოციაცის ხელმძღვანელის მამული ნეშუმაშვილის,შეფესებით ზინობიანში ორჯერ მეტი უდი ცხოვროობს[41]. ასეც რომ იყოს,  რიცხოვნობის შემცირება საგრძნობია, რადგანაც 1970 წლის მონაცემებით  800 უდი ცხოვრობდა, 1989 წლის  მონაცმებით - 793. მათი რაოდენობა შემცირდა რუსეთსა და აზერბაიჯანშიც. კერძოდ, რუსეთში 3700-მდე უდია აღრიცხული, ხოლო აზერბაიჯანში 4100-მდე. [42]


დასკვნა

უდიები წარმოადგენენ კავკასიურ ეთნოსს. დღევანდელი მდგომარეობით მათი რაოდენობა მცირეა, მაგრამ ისტორიული ფაქტები გვაფიქრებინებს მათ დიდ ისტორიულ წარსულსა და განსახლების ფართო არეალზე. ფაქტია, ისიც, რომ დღეს, ძირითადად, სამ სოფელში გაფანტული  უდიების წინაპრები ოდესღაც ერთად ცხოვრობდნენ, ერთ მთლიან ორგანიზს წარმოადგენდნენ. ისტორიული მონაცემებით რთულდება მათი ზუსტი საცხოვრისის დადგენა, თუმცა უდაოა, რომ კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთით იყვნენ ლოკალიზებულნი. თუ ისტორიოგრაფიაში გარკვეულად არაა მითითებული მათი ნათესაობა  სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან,  უდიების ენის დახმარებით დამტკიცებულ იქნა მათი ალბანური წარმომავლობის საკითხი, რადგანაც უდიური ენის საშუალებით მოხერხდა ძველი ალბანური მემკვიდრეობის ძეგლების წაკითხვა.
მათი რელიგია ქრისტიანობაა, რაც გამხდარა კიდეც ეთნიკური იდენტობის მარკერი. უდიებისთვის ქრისტიანი მონათესავედ აღიქმებოდა, ხოლო არაქრისტიანი უცხოდ, ვინაიდან მიუღებლად მიაჩნდათ მათთან ქოწინება. აღსანიშნია ისიც, რომ თავდაპირველად ყველა უდი მართლმადიდებელი იყო და მხოლოდ მოგვიანებით მოხდა მათი მონოფიზიტობაზე მიქცევა, რასაც  თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
უდიების გვარები და ნათესაური ურთიერთობები მსგავსია სხვა კავკასიელებისა. უდიებისთვის დამახასიათებელი დანათესავების სამი ფორმა -  სისხლითი, მოყვრობითი და ხელოვნური -, საერთო კავკასიური ფენომენია, რაც ნიშანდობლივია ქართველებშიც და აზერბაიჯანელებშიც. ქორწინებით კავშირებში კი ეგზოგამიის დაცვა ქართულთან უფრო ახლოს აყენებს მათ ვიდრე სხვა ენდოგამიური ქორწინების სისტემის ხალხებთან. ასევე საცხოვრებელი გარემოს ქართულთან აშკარა პარალელებია: დედაბოძი, ჩაუქრობელი კერა, კედლებზე ნიშები, ეზოში თონისა და საქონლის სადგომის არსებობა და სხვა.
უდიური ტრადიციული სამოსი ჩოხა-ახალუხია, ქართულ-კავკასიური კულტურის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლენა. ტრადიციული სამოსის ტრადიციულ დღესასწაულებზე (და არა მარტო) ტარება ჩვეულებრივ მოვლენადაა  ქცეული. დღესასწაულები კი მრავალფეროვანი და მნიშვნელობით დატვირთულია, ისევე როგორც დამახასიათებელია ჩვენი რეგიონისთვის. წეს-ჩვეულოებებიდან დაკრძალვის  რიტუალზე საფიქრალია, რომ უფრო ჩრდილო კავკასიის გავლენაა, ვიდრე ქართული. ხოლო უდიების რწმენა წარმოდგენა კეთილ და ბოროტ სულებზე, ქართულ მენტალობასთან აახლოებს, რადგანაც ქართულ ხალხურ წარმოდგენებშიც არსებობენ კეთილი სულები, ადამიანის დამხმარეები და ბოროტი სულები (ჭინკები და სხვა), რომლებიც ხელს უშლიან ადამიანებს კეთილ საქმეებში.
ყველაფერი ზემოთ თქმულის გამყარებისთვის ანთროპოლოგია და ანთროპომეტრიული კვლევის შედეგები მნიშვნელობას იძენს.  მ. აბდუშელიშვლის მიერ ცალსახადაა გადაწყვეტილი უდიების ყველაზე დიდი მსგავსება ქართველებთან. ეს მოწმობს უდიების ყველაზე დიდ სიახლოვეს ქართველებთან, საუკუნეთა განმავლობაში არსებულ კულტურულ ურთიერთობებს, რასაც თან უნდა დართვოდა ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობები. შესაბამისად მივიღეთ, რომ უდიებისა და ქართველების ისტორიულ-გენეზისური კავშირი იმაზე დიდია, ვიდრე ამაზე მითითებულია სამეცნიერო ლიტერატურაში. ყველაფერმა კი ასახვა ჰპოვა ქართველებისა და უდიების ანთროპოლოგიურ იერში. მომავალმა კვლევებმა უნდა ცხადყოს  უდიების მონათესავე ეთნოსთა დღევანდელი რეალობის სურათი უდიებზე არსებული მასალების გამოყენებით.
ამგვარად, უდიების ქართველებთან ნათესაობის ჩვენებით ვადასტურებთ მათ კულტურულ-ცივილიზაციურ კუთვნილებას კავკასიურთან, როგორც ერთ-ერთ შემქმნელს ამ კულტურული ცივილიზაციისა, საერთო ალბანური ეთნოსის სახით. მეორე მხრივ, სხვა ალბანური ხალხების კულტურულ-გენეტიკური მემკვიდეობის  საკითხს  გამოვყოფთ, როგორც შემდგომი კვლევების მიმართულებასა და მეცნიერული არგუმენტებით გასამყარებელ ისტორიულ-მემკვიდრეობით, ლოგიკურ რეალობას.






















Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment