ჩერქეზი ხალხის ტრადიციული ინსტიტუტები

რუსეთმა, კავკასიაში შემოსვლის შემდეგ, დიდხანს ვერ შეძლო დაენერგა რუსული ადმინისტრაციული მმართველობა, რადგან აქ იყო ძლიერი ტრადიციული ინსტიტუტები. კავკასიური ტრადიციული ინსტიტუტები საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა და რეგიონში მცხოვრები ყველა ხალხისთვის ყოფა-ცხოვრების განმსაზღვრელი გახდა. ამ ფენომენალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ერთ-ერთი მთავართაგანი იყვნენ ჩერქეზები. ჩერქეზეთში საქმე გვაქვს საკმაოდ ჩამოყალიბებული, თვითმყოფადი ადმინისტრაციის მქონე საზოგადოებრივ ერთეულებთან, რომელსაც გააჩნდა საკუთარი ენა, კულტურა, ტერიტორია საზღვრებით, ადმინისტრაციულ-მმართველობითი ორგანიზაცია თავადებისა და დიდებულების სახით, დაბალი დამოკიდებული ფენა - ტროფოკლებისა და თავისუფლად გაშვებულთა სახით, სამართლებრივი ორგანოები, შეიარაღებული სამხედრო პირები წესრიგისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის - ვოტჩინის დამცველის სახით.

ჩერქეზული ტრადიციული ინსტიტუტები მოიცავს ადამიანთა ურთიერთობის ყველა სფეროს, აწესრიგებს და ნორმალიზებას ახდენს სოციალური ცხოვრებისა. თითოელ ამ ინსტიტუტში ჩადებულია ძლიერი მექანიზმები, გონივრულად გააზრებული და დროით გამოცდილი, რაც გამომდინარეობს ერთმანეთისგან და მისი შემოქმედი ხალხის ისტორიული მდგომარეობის გათვალისწინებისგან. ასე, მაგალითად, ტრადიციულ კავკასიურ ინსტიტუტებში დომინანტური ხაზი უჭირავს საერთო კავკასიურ ტოლერანტობას, კავკასიაში მცხოვრები ხალხების ძმებად აღიარებას და მასთან ნათესაობით დაახლოებას. რაც გვაძლევდა პოლიტიკურად ასე მომგებიანი საერთო კავკასიური ფრონტის ხაზს სოციალურ დონეზე, ხალხთა შორის მჭიდრო კავშირს.

კავკასიაში და კერძოდ ჩერქეზეთშიც, საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო ადათებით. ადათობრივი სამართალი განსაზღვრავდა ადამიანთა ურთიერთობებს, ავალდებულებდა ხალხს. თემის სასამართლოზე ამ ადათობრივი წესების მიხედვით ხდებოდა გასამართლება. უხუცესთა საბჭო თემისთვის დამახასიათებელი კანონების მიხედვით განსჯიდა დამნაშავეს, მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც თემს უნდა შეესრულებინა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალაუფლების სამართლებრივ გადანაწილებაზე. ხალხი გვევლინება აღმასრულებელ ინსტანციად, მოვალეა რა წესრიგში მოიყვანოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ დროს დამნაშავე ხდებოდა საზოგადოებისგან გარიყული, ყველა უბიძგებდა მას, გასცლოდა თემს.

ჩერქეზული ადათობრივი სამართალი უაღრესად ჰუმანურ მოვლენას წარმოადგენს, რადგანაც ის ითვალისწინებდა გარკვეულ ქმედებებს, რითიც შესაძლებელი იყო დამნაშავის უფლებებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვა. კონკრეტულად ეს გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამნაშავეს შეეძლო მისი გასაჩივრება და სხვა მოსამართლის დანიშვნის მოთხოვნა. ამას გარდა, თუ დანაშაული განსაკუთრებულად მძიმე არ იყო, საზოგადოებას ეკისრებოდა მორალური ვალდებულება დახმარებოდა ადამიანს რესოციალიზაციაში, თემში ღირსეულად დაბრუნებაში.

ძლიერი ტრადიციული ინსტიტუტებიდან, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ უფროსისადმი პატივისცემა, რაც გულისხმობდა უფროსი ადამიანის, მამაკაცის როლს და ადგილის ოჯახში, თემში, საქმის წარმართვაში. უფროსები, უხუცესები განაგებდნენ ასევე სასამართლოს და მთელ რიგ სხვა პროცესებს. მათი აზრი ყოველთვის მიღებული იყო და მათი ქმედებები მისაბაძი. ეს მიუთითებს ჩერქეზთა აზროვნების დომინანტურ მატრიცაზე. ეს გახლავთ პრინციპი, რომ ასაკი განსაზღვრავს აზროვნების სრულყოფილებას, ცხოვრებაში მეტად გაცნობიერებას, შესაბამისად, მიღებულია ასეთი ადამიანების პატივისცემა და მათი აზრის გათვალისწინება ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.

ადიღეში ასევე განსაკუთრებით ფასობდა სტუმართმოყვარეობის ინსტიტუტი და ტრადიცია. სტუმარი ითვლებოდა განსაკუთრებულ მოვლენად ოჯახში. სტუმრის განსაკუთრებულობა ოჯახში შესვლისთანავე იგრძნობოდა - მთელი ოჯახი ფეხზე უნდა შეგებებოდა და საპატიო ადგილას მოეთავსებინა. სტუმრის მოსვლისთანავე იწყებოდა სუფრის მომზადება. პარალელურად იცოდნენ სოფელში გამორჩეული კაცის მოყვანა სტუმართან სასაუბროდ. სუფრაზე ოჯახის წევრები არ სხდებოდნენ, მხოლოდ ოჯახის უფროსი შეიძლებოდა დამჯდარიყო, ისიც დიდი თხოვნის შედეგად. სტუმარი ხელშეუხებელი იყო და მთელი ოჯახი მზად იყო მისთვის თავი გაეწირა. სტუმრის შეურაცხყოფის გამო კი ხშირად მოჰკიდებია მტრად ერთი ოჯახი მთელ სოფელს. სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას მეტწილად მივყავდით ყონაღობისა და ათალიყობის ტრადიციებთან, რომელიც ხელოვნური დანათესავების გონივრულად განსაზღვრულ ფორმას წარმოადგენდა.

ყონაღობა გულისხმობდა ძმადნაფიცობას, ყონაღი იგივე ძმადნაფიცია შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ. როგორც უკვე ვთქვი, ტრადიციას საფუძველი ეყრებოდა სტუმრიანობისას, ან ომში, სუფრაზე და სხვა. ყონაღობის ინსტიტუტი ხელს უწყობდა ოჯახებს შორის დაახლოებას, ასევე ეთნოსებს შორის დაახლოებას, რადგანაც შესაძლებელი იყო ოჯახის თავს რამდენიმე ყონაღი ჰყოლოდა სხვადასხვა მეზობელ ეთნოსში. ეს ფაქტი ხელს უწყობდა ეთნოსთა კულტურულ დიალოგს და მინიმუმამდე ამცირებდა ლოკალურ კონფლიქტებს.

მეორე ხელოვნური დანათესავების მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ათალიყობა. ათალიყი მამას ნიშნავს. ტრადიცია გულისხმობდა ბავშვის გარკვეულ ასაკში გაძიძავებას და ჩერქეზების ათალიყობის ინსტიტუტი თითქმის იდენტურია ქართული მამამძუძეობისა. გაძიძავება ხდებოდა სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორისაც, რაც ხელს უწყობდა კვლავ კულტურულ დიალოგს, ხალხთა ინტეგრაციას და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას. სხვა ოჯახში გაზრდილი ბავშვი გამზრდელთან მთელი ცხოვრება არ კარგავდა კავშირს, მორალური ვალდებულება დახმარებისა, თუნდაც სიცოცხლის სანაცვლოდ, ორივე მხარეს ეკისრებოდა და ხშირად, უხდებოდათ კიდეც ამგვარი გადაწყვეტილების მიღება.

ჩერქეზეთში დაცული იყო თითოეული ადამიანის, ინდივიდის ინტერესები. ამას მოწმობს აქ არსებული ქონების დაცვის ინსტიტუტი, რომელიც იცავდა ადამიანის და ოჯახის ქონებრივ უფლებებს. მატერიალური ზარალი ფასდებოდა თემის მიერ და დამნაშავეს უნდა აენაზღაურებინა. სამართლებრივი გადაწყვეტილების შემსრულებლის როლში აქაც მთლიანი საზოგადოება გვევლინება.

ამის მსგავსად, გვქოდა პიროვნების დაცვის ინსტიტუტი, რომელიც იცავდა პიროვნებას თემისაგან. ეს ტრადიცია პიროვნებას მაღალ დონეზე აყენებდა და მისი უფლებების შელახვა სასჯელს იწვევდა. მათ შორის სასჯელი ითვალისწინებდა სხვადასხვაგვარი შეურაცხყოფის დასჯადობას. ამის ნიადაგზე ჩამოყალიბდა ადიღე ხაბზე და უორკ ხაბზე, მორალურ-ეთიკური დაუწერელ კანონთა კრებული, რომელიც ევროპული რაინდული ცხოვრების წესს მოგვაგონებს და ჩემი აზრით, უფრო მეტად ღირებული და მრავლისმომცველია.

ბოლოსთვის უნდა განვიხილოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებული იყო, როგორც ჩერქეზებს შორის, ასევე სხვა კავკასიელებთანაც.
ეს გახლავთ სისხლის აღების ინსტიტუტი, რომლის პრინციპად შეგვიძლია მოვიაზროთ: "კბილი კბილის წილ". ამ პრინციპის გატარება სავალდებულო იყო თემის ყველა წევრისთვის. სისხლის აღება ევალებოდა ზოგჯერ ერთ კონკრეტულ პირს, ან მთელ ოჯახს, გვარს, შესაძლოა მთელ სოფელსაც. მოგვიანებით შემოღებულ იქნა სისხლის ფასის განსაზღვრა და დამნაშავისგან მატერიალური სარგებლის გადახდა. მიუხედავად ამისა, მკვლელი საზოგადოებაში მორალურ რეაბილიტაციას ვერ ახერხებდა დიდხანს. ეს იყო საკმაოდ რთული, ეტაპობრივი პროცესი, რომელიც უნდა გაევლო მას საზოგადოების დახმარებით, რაც ასევე საინტერესო მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს კავკასიური კულტურის ფენომენალურ თავისებურებას.
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment