მესხური ფოლკლორი

მინდა დავწერო მესხებზე. ქართველებზე, რომლებსაც მრავალი გასაჭირის გადატანა მოუხდათ, ნაწილს მშობლიურ მიწაზე და ნაწილსაც ცხრა მთას იქით, შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში. ალბათ, ყველამ იცის დეპორტირებული მესხების შესახებ, მაგრამ ვერ თანხმდებიან მათ ვინაობასა თუ რეპატრიაციის საკითხზე. თავისთავად ეს სამწუხაროა და ჩემთვის კი უფრო მეტად მტკივნეული. ამ თემის გარშემო რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ კიდეც აქტიური მუშაობა, მაგრამ ამჯერად არ შევეხები ამ თემას ვრცლად, რადგან მსურს გესაუბროთ „დეპორტირებული მესხი ქალის, ნაზირას წიგნზე.“ უფრო კონკრეტულად კი წიგნის ბოლოში დართულ მესხური ფოლკლორის ნიმუშებს გადმოვიტან აქ, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს მას და თვითონ შეაფასოს შესაფასებელი.

წიგნის შესახებ უნდა ითქვას, რომ მისი ავტორია მესხეთიდან დეპორტირებული ნაზირა ვაჩნაძე, რომელსაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით საშუალება მიეცა დაბრუნებულიყო მისთვის და ყველა მესხისთვის სანატრელად გამხდარ სამშობლოში. მძიმე და გასაჭირით აღსავსე ცხოვრების ბოლოს ამ გაუტეხელი სულის პატრონმა ქალმა მოაღწია სამშობლოში და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „კავკასიურ სახლშიც“ კი დაიწყო მუშაობა. შემდეგ იყო ეს წიგნიც, მოგონებათა წიგნი, სადაც ასახა საკუთარი და თავისი ხალხის ბედი და მდგომარეობა წლების განმავლობაში. წიგნს ბოლოში კი მესხური ფოლკლორის ნიმუშები დაურთო, ისინი რაც თავად ახსოვდა და რაც მოიძია კიდეც. საოცარია, რომ ისინი ღრმად ქართულია და მესხურ ცნობიერებაში მთლიანად გატარებული. ლექსები და ხალხური ანდაზები, ეს ყველაფერია, რაც დეპორტირებულებს დარჩათ სამშობლოსგან და რაც აკავშირებდათ მათ მშობლიურ ფესვებთან.

დეპორტირებულ ქართველთა მძიმე ფიზიკურ და სულიერ ყოფას ემატებოდა დიდი გაურკვევლობა, რაც გამოწვეული იყო მათი უცხო ქვეყანაში მოხვედრის მიზეზის ვერ შეცნობით. ამის დასადასტურებლად მოვიყვან ერთ ციტატას ამ წიგნიდან: ყველა დარწმუნებული იყო, რომ სტალინმა არაფერი იცოდა ჩვენ გაჭირვებაზე და ამას მისი გარემოცვის წევრები  სჩადიოდნენ. " ახლა ის ომიდან ჩვენი ქვეყნის გამოყვანაზე იქრობს. წყეული ჰიტლერი, რა საზიზღარი და ვერაგია, მეგობრად მოაჩვენა თავი, სტალინმაც დაუჯერა, მან კი ზურგში ლახვარი ჩასცა. მაგრამ, არაფერია, სტალინი ძლიერია, ჭკვიანია, გაუსწორდება. ჩვენ კი უნდა დავეხმაროთ. ჩვენი გასაჭირი მის გასაჭირთან, თავს რომ დაატყდა, რა მოსატანია. სახელმწიფო საქმეებს არ უნდა მოვწყვიტოთ, მოვითმინოთ! როცა ომი დამთავრდება, მივწერთ და აუცილებლად ყველაფერს გაარკვევს, ყველას დასჯის. რუსებისთვის სულ ერთია, რაც საქართველოში ხდება. ის კი ქართველია და თავისი ხალხის უბედურების ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებსო“. ომი დამთავრდა, ორდენოსანი ჯარისკაცები ფრონტიდან დაბრუნდნენ, კომუნისტებმა განცხადებები გაგზავნეს კრემლში. პასუხი არ გვაღირსეს და ისევ დაასკვნეს: „ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ისინი, ვინც გადასახლებაში გამოგვიშვა, ისინი აკავებენ ჩვენს წერილებს და სტალინამდე არ უშვებენ, რომ სტალინმა არ დასაჯოს, მაგრამ ოდესმე მათთვისაც მოიცლის. სანამ ომის შემდეგ ქვეყანას ფეხზე დააყენებდეს ბევრი საზრუნავი აქვსო.“ და ჩვენც ველოდით, თუ როდის დადგებოდა ფეხზე ქვეყანა და როდის მოიცლიდნენ ჩვენთვის.“

უზარმაზარი მოთმინების უნარი ჩანს, გაუტეხელი სული, რომელიც არ ურიგდება გასაჭირს. რომელიც კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ელის თავის შანსს, დაბრუნდეს მშობლიურ მხარეში. ამასობაში, დროს არ კარგავს, ეგუება ახალ რეალობას, ახალ გარემოებებს და სიტუაციას კარგად ითავსებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ დეპორტირებულმა მესხებმა აზიის მოუსავლიანი ხრიოკი მიწები ოაზისებად აქციეს. აქ გავიხსენოთ ისევ წიგნიდან ფრაზა, რომელიც თურმე მესხური გამოთქმა ყოფილა და ამითი ამხნევებდნენ ერთმანეთს: „დაივიწყე სიტყვა  - არ შემიძლია, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მაშასადამე, შესაძლებელია და შეძლებ კიდეც.“  ეს გაუხდიათ, ასე ვთქვათ, ცხოვრების კრედოდ და შეძლეს კიდეც... ნაწილმა მაინც. მათ შორის წიგნის ავტორმა, მისმა ოჯახმა. სხვებმაც...

გადასახლებაში მყოფი ხალხი მსგავსი ლექსებით იმხნევებდა თავს. გაეცანით და თვითონ განსაჯეთ. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ფოლკლორის შეთვისება და მიღება არ ხდება, ის ხალში იქმნება და ერთი ხალხის კუთვნილებაა. აქ კი კარგად ჩანს საერთო ქართული ფოლკლორული მოტივები.

 ***
სიკვდილო, დარში, ავდარში,
რას დაძრწი ზაფხულ-ზამთარში,
ჯერ ჯეილი ვარ, ნუ მომკლავ,
ჯერ არ ჩამწერო დავთარში.

*** 
ოქროს ბეჭედში ლალი ვარ,
თვით  ოქროდ მისათვალი ვარ,
ჩემ თავსაც ძვირად ვაფასებ,
გურჯისტანელი ქალი ვარ.

***
ხელთ სანთლით, სანთლის სახითა,
დავალთ ახით და ვახითა,
ჩვენს მიწას, ჩვენს ხალხს გაგვყარეს,
დაგვადგნენ იარაღითა.

*** 
შორს ზღვა რო ტალღებს აფოთებს,
ნავები ჰგვანან ნაფოტებს,
სამშობლოს მოშორებულსა
ძილშიც სამშობლო აბოდებს.

***
ტაბაკია თუ გობია, -
ვაშლი თავს გადამხობია.
ბევრი ქვეყანა მივლია,
ჩემსას ვერცერთი სჯობია.

მართლაც, სამშობლოს მოშორებულებს უდიდესი განცდა ჰქონდათ სამშობლოსი. ყოველ წამს, მოქმედების ყველა ეპიზოდში ისინი გრძნობდნენ კავშირს საქართველოსთან და გრძნობდნენ პასუხუსმგებლობასაც, შეიძლება ითქვას... მესხი ქალის ნაზირას წიგნში არის ერთი ეპიზოდი, როცა მისი ოჯახი დარღვეულ საბანში აღმოაჩენს კენჭს, რომელიც სამშობლოდან შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად შორეულ ქვეყანაში. შემდეგ მოქმედება დრამატურად ვითარდება, ერთი მშობლიური კენჭის გარშემო, ტკივილია, ცრემლიანი ეპიზოდებია, როცა კოცნიან და შეჰხარიან ამ ერთადერთ დასტურს მშორბლიური მხარის არსებობისა, მასთან კავშირისა. ამ ეპიზოდს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. შემდეგ კი გაეცანით ამ ანდაზებსა თუ გამოთქმებს, რომელიც ასევე გადასახლებაში მყოფი ქართველების თავში ტრიალებდა და ნაზირა ვაჩნაძემ შეაგროვა, თავის წიგნში მოუყარა თავი:


  1. აჩქარება ხეა, სინანული - ნაყოფიო.
  2. აჩქარებით მანძილს ვერ შეამოკლებო.
  3. სულსწრაფ საქმეში ეშმაკის ხელი ურევიაო.
  4. ვისაც სიმწარე არ უგემია, სიტკბოს გემოს ვერ გაიგებსო.
  5. დამწუხრებულ ადამიანს ჭკუა არ უჭრისო.
  6. მშიერი ძაღლი საცხობს დაანგრევსო.
  7. მაძღარი მშიერს ვერ გაუგებს, როგორც ჯანმრთელი ავადმყოფსო.
  8. მშიერი კუჭს გააძღობს, თვალს კი ვერაო.
  9. მშიერი ძაღლი მგელსაც არ ეპუებაო.
  10. მშიერი მგელი ლომსაც დაეტაკებაო.
  11. მშიერს ძილიც არ ეკარეობაო.
  12. დაღებული პირი მშიერი არ დარჩებაო.
  13. ღია ჭრილობას მარილს არ აყრიანო.
  14. მშიერ კაცს ფეტვის პური ჰალვაზე გემრიელი ეჩვენებაო.
  15. მოთმინებიდან გამოვიდა, გამოვიდა და გაუტიაო.
  16. ნუ აიძულებ სკივრს, თავი ახადონ, ცუდის სათქმელად პირს ნურავის დააღებინებო.
  17. ერთხელ მოიპარე და საუკუნოდ ქურდად იქეციო.
  18. ეშმაკს თვალიდან სურმას ჰპარავსო.
  19. ჩვეულება - მეორე ბუნებააო.
  20. ჭია ხეს შიგნიდან ღრღნისო.
  21. სჯობს გვიან, ვიდრე ძნელადაო.
  22. დაგვიანებულ საქმეში სიკეთეც არისო.
  23. თავი ბაღჩაში არ იზრდებაო.
  24. თავი გებას და თუნდაც ვირისაო.
  25. ნამდვილი ცრემლით მარტო დედა ტირის,  სხვები - თვალს ძალით ინამავენო.
  26. მკვდარზე ნუ წუხხარ, ცოცხალზე იზრუნეო.
  27. საყვარელს ცრემლით ვერ შეაკავებო.
  28. იოლად მოსულს, იოლად დაკარგავო.
  29. ავის ჩამდენი, სიავითვე ისჯებაო.
  30. შინაური ანგარიში ბაზარში არ მართლდებაო.
  31. სახლის მფლობელს ერთი სახლი აქვს, დამქირავებელს - ათასიო.
  32. მისატყუებლად ერთი მარცვალიც არ აბადია, წისქვილის რიგში კი ჩამდგარაო.
  33. ღარიბისთვის პური ჭვავია, თხა კი  - ძროხაო.
  34. ღარიბის ნუგეში სიკვდილიაო.
  35. ბედი ვისთვის დედაა, ვისთვის დედინაცვალიო.
  36. ბედი ზოგს დიდ დოლზე აბრაგუნებინებს, ზოგს - პატარა დაფდაფზეო.
  37. ცუდი თუ არა შეგმთხვევია რა, კარგის ფასსაც ვერ გაიგებო.
  38. ცუდი ამბავი უფრო სწრაფად ვრცელდებაო.
  39. ვაჟი ეუბნება: „მამა, სამოთხეშიო მოხვდებიო“, მამა პასუხობს“ „არა მჯერა, შვილო, მე ხომ ვიცი, რა ცოდვებიც ავიკიდეო.“
  40. ბრმა ვერ ხედავს, მაგრამ გრძნობსო.
  41. ბრმა თავის ჯოხს მხოლოდ ერთხელ კარგავსო.
  42. ზოგი ჭირი მარგებელიაო.
  43. თავისუფლებას მხოლოდ სიკვდილი გვანიჭებსო.
  44. ჯანმრთელ თავს ბალიში არ სჭირდებაო.
  45. თეთრ ცხვარსაც ჰყავს შავი ბატკნებიო.
  46. რაც პატიოსნად გიშოვნია, ეშმაკს იმის ნახევარი მიაქვს, უპატიოსნოდ ნაშოვნს კი ეშმაკი პატრონიანად წაიღებსო.
  47. საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმააო.
  48. თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო.
  49. მოსახდენი მოხდებაო.
  50. წეროების გუნდს თუ ყვავი მეთაურობს, წეროებს ნისკარტი სამუდამოდ ნეხვში ჩარგული ექნებათო.
  51. ახალი ყველაფერი კარგია, მეგობარი კი ძველი სჯობიაო.
  52. მეგობარს საიდუმლოს ნუ გაანდობ, იმასაც თავისი მეგობარი ჰყავსო.
  53. საიდუმლოს ნაცად მეგობარსაც ნუ გაანდობ, შეიძლება, საფრთხობელად გაქციოსო.
  54. თუ კარგი მეზობელი გყავს, ხეიბარ ქალიშვილსაც იღბლიანად გაათხოვებო.
  55. წვიმას ემალებოდნენ და სეტყვაში მოხვდნენო.
  56. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო.
  57. ყოველ საღამოს თავის დილა აქვსო.
  58. ცოცხლებს ჰგონიათ, მიცვალებულები იმქვეყნად ჰალვას მიირთმევენო.
  59. თევზი ფიქრობს, პირში წყალი რომ არ მქონდეს ჩაგუბებული, ბევრ რამეს ვიტყოდიო.
  60. შენს ნივთებს ისე მოუფრთხილდი, რომ მერე მეზობელს ქურდობა არ დასწამოო.
  61. მომპარავი ერთ ცოდვას სჩადის, დამკარგავი - ათასსაო.
  62. სამოთხეში მინდა, მაგრამ ცოდვები არ მიშვებენო.
  63. ორ ღორის თავს ერთ ქვაბში არ ხარშავენო.
  64. ფეხს ავუჩქარე - უბედურებას დავეწიე, ნელა წავედი - უბედურება დამეწიაო.
  65. რასაც ჯამში ჩაყრი, კოვზითაც იმას ამოიღებო.
  66. თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვაო.
  67. გიჟისთვის სულ ერთია -  გინდ აქ ყოფილა, გინდა ბაღდადშიო.
  68. ერთმა გიჟმა ჭაში ქვა ჩააგდო და ორმოცმა ჭკვიანმა ამოღება ვერ შეძლოო.
  69. ერბო-კვერცხს უგუნური ძაღლი თუ ინატრებსო.
  70. ფეხები იქამდე გაიწვდინე, სადამდეც საბანი გაგწვდებაო.
  71. წარბის შესწორება უნდოდათ და თვალი კი ამოთხარესო.
  72. ძაღლთან დაწოლილს, ტილები დაესევაო.
  73. ვისაც ვარდი უყვარს, ის ეკლებსაც აიტანსო.
  74. იმ კაცს უფრთხილდი ვისაც სიკეთე გაუკეთეო.
  75. მტირალის ქონება მოცინარს სარგებელს არ მოუტანსო.
  76. სიკვდილი შავი გორგალია, ყველა სახლში შეგორდებაო.
  77. სიკვდილი საპალნეაკიდებული აქლემია, ყველას წინაშე მუხლებზე დაიჩოქებსო.
  78. ზურგი რომ მქონოდა, მუცელში ჩარტყმას ვერ გამიბედავდნენო.
  79. ვინც შრომობს, იმას ეხმარებიანო.
  80. მამას შვილისთვის მთელი ვენახი არ ენანება, შვილმა მამისთვის კუფხალიც ვერ გაიმეტაო.
  81. თვინიერმა ცხენმა მწარე წიხლი იცისო.
  82. მერე რა, რომ ცხვარს დიდი დუმა აქვს, მხოლოდ უკანალს უფარავსო.
  83. გიჯობს ერთ ღმერთს შეევედრო, ვიდრე ორმოც წინასწარმეტყველსო.



Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

2 კომენტარი:

  1. გაიხარე ნოდო! მიუხედავად იმისა, რომ წიგნი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, სტატიამ ძალიან იმოქმედა ჩემზე...

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ანზორ. არ ველოდი. უბრალოდ წიგნის წაკითხვის შემდგომ დარჩენილი ემოციით დავწერე და იმედი მაქვს ვინც წაიკითხავს დაფიქრდება მეტად ამ საკითხზე. დიდებული ქართველის (ვგულისხმობ წიგნის ავტორს) ღირსეული შთამომავალი ხარ ძმაოო ;)

      Delete