პოსტი პირველი - კავკასია

პოსტი პირველი - დიდი ხანი მინდოდა გამეკეთებინა ბლოგი, რომელზეც დავწერდი საკუთარ თავზე, საკუთარ შეხედულებებზე, საქმიანობასა და თუნდაც მიზნებზე. ბლოგმა, თავისი დატვირთვიდან გამომდინარე,  აღმოჩენის დღიდან მიიქცია ჩემი ყურადღება. საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის წერო რაზეც გინდა, როგორც გინდა, საიტი მოაწყო საკუთარი გემოვნებით ძალიან მარტივად და ალბათ, ყველაზე მთავარი, მეგობრებს თუ უბრალოდ ადამიანებს, ესაუბრო ამ ფორმით, გააცნო თავი და ამ გზით მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება.

რამდენჯერმე ვცადე კიდეც შემექმნა პერსონალური საიტი, საათობით ვიჯექი ჩემს პორტატულ კომპიუტერთან და ვათვალიერებდი სხვადასხვა ბლოგს, შემდეგ ვაწყობდი საკუთარს,რომელიც ძირითადად რამდენიმე დღე არსებობდა, ისიც მხოლოდ ჩემთვის. ამ დროის განმავლობაში კი ძალიან დიდ დროს ვატარებდი მისი შიგთავსის თვალიერებით, ასე ვთქვათ, ტექნიკური მხარის შესწავლაში. და ბოლოს... ახლა, როცა დავხურე მეორე კურსი ( და სხვათაშორის, არ ვარ უკმაყოფილო J ) და დავრჩი საკუთარ თავთან, რადგან დაიცალა ქალაქი ჩემი მეგობრებისა და უძვირფასესი ადამიანისგან ( ამაზე სხვა დროს), ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, კვლავ  მივუბრუნდი თითქმის აკვიატებად ქცეულ საქმეს. ამგვარად, ახლა აქ ვარ და ვიწყებ, თუ დავიწყე უკვე ჩემი პირველი პოსტი.

კავკასია- ზემოთ უკვე ვთქვი, რომ მეორე კურსი დავხურე და საკმაოდ წარმატებული წელი მქონდა. ახლა ვთქვათ რას, ანუ „რაზე ვსწავლობ“. ჩემს სპეციალობას კავკასიოლოგია ჰქვია და შესაბამისად ვსწავლობ კავკასიის რეგიონს მთელი თავისი სიგრძე-სიგანითა და ასპექტებით.  ინტერესი მანამდეც მქონდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში განსაკუთრებით გავიაზრე  და ჩავუღრმავდი ცნებას „კავკასია“. შეიძლება ითქვას, დღეს ჩემთვის ყველაფერი კავკასიასთან ასოცირდება და ყველაფერს ამ გადმოსახედიდან ვუყურებ. ლოგიკურია, ბლოგზეც გვერდს ვერ ავუქცევდი მას და პირველივე პოსტით დავიწყე, რადგან არ ვიცოდი სხვა რაზე შეიძლებოდა მესაუბრა. მერეც ასე ვაპირებ... ეს იქნება ბლოგი, სადაც წაიკითხავთ ჩემზე, საზოგადოებაზე, სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემატურ თემებზე, ჩემს შეხედულებებზე, რასაც გასდევდეს იქნება „კავკასია“ და „კავკასიელობა“, როგორც ასეთი ცნებები და ღირებულებები. ვფიქრობ, ამგვარად ვიქნები უფრო ნამდვილი და ბლოგიც უფრო საინტერესო იქნება.

არის ბლოგები, სადაც ადამიანები წერენ საკუთარ ცხოვრებაზე,ზოგჯერ ზედმეტად პირადულზე, არის თემატური ბლოგებიც ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, კინოსა თუ მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე... სწრაფად იზრდება პოლიტიკური თემატიკის ბლოგების რაოდენობა. მე კი თავს კონკრეტული თემატიკით არ შევიზღუდავ. დავწერ რის საჭიროებასაც დავინახავ კავკასიაში, დავწერ რისი დაწერაც მომინდება, მოვყვები, რისი გაზიარებაც მომინდება კავკასიელებისთვის. იმედი მაქვს დაგაინტერესებთ და იდეალური იქნება, ამას კომენტარებში თუ ასახავთ.


მოკლედ, ეწერება რიგით კავკასიელს და იწყებს წერას: სადღაც მთიანი კავკასიის ერთ ქვეყანაში, საქართველოში, უფრო კონკრეტულად, მის მზიან დედაქალაქ თბილისში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ უბანში ზის კომპიუტერთან და წერს: „პოსტი პირველი - კავკასია.“







Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment