საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია

უძველესი დროიდან  X საუკუნემდე


ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის უმეტესობა ავტოქტონია და აქ უძველესი დროიდან მოსახლეობს. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მდიდარი არქეოლოგიური მასალა, რაც ერთმანეთში გარდამავალ კულტურათა თანმიმდევრულ განვითარებას გვიჩვენებს. ისივე, როგორც ეს შეგვიძლია ვთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი წყაროების შესახებ.  არქეოლოგების მიერ შესწავლილი მასალით აშელური ეპოქის ნიმუშები ჩანს საქართველოს ტერიტორიაზე იაშთხვას ღია სადგომში სოხუმთან, კუდაროს და წონას გამოქვაბულებში, ასევე დადასტურებულია სახელოსნოს არსებობა ფარავნის ტბასთან. ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ამ ეპოქის ადამიანთა სადგომები დასტურდება აულ ხაჯოხთან, მდ. ბელაიაზე, მაიკოპის მახლობლად, მდ.ფორთეპიანკაზე, სტანიცა სმოლენსკაიასთან და ა.შ. 150 ათასი წლის წინ დაწყებული მუსტიეს ხანის ადამიანთა საცხოვრებლებია ჩრდილოეთ კავკასიაში ყუბანისპირეთში სტანიცა აბაძეხსკაიასთან,ილსკაიასთან. ჩრდილო  დასავლეთ კავკასიაში ახშტირის და ნავალიშენის ძეგლები ადლერთან. ჩეჩნეთში – სოფელ კაზერთან, ოსეთში – გიზელთან. საქართველოს ტერიტორიაზე კი მუსტიეს ხანის ძეგლები დაფიქსირებულია  მდირანე ყვირილას აუზში, ლიახვის, ფრონეს, ქსნის და მეჯუდას ხეობაში.


პალეოლითის ხანაში ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე უნდა გამოიყოს ადამიანთა საცხოვრისები ბალყარეთში – ყალა-ტიუბეში, ჩეჩნეთში – კეზენის, ხოის, მაკაჟოის საცხოვრისები, მდ. იამან-სუს და დაღესტნის მთიანეთის ჩოხის საცხოვრისები. ქვედა პალეოლითის ხანის ადამიანის საცხოვრებლებია საქართველოში დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, წოფის ნასახლარი, კუდაროსა და წონას გამოქვაბულები, ხოლო ზედა პალეოლითში  დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში;  მეზოლითის ეპოქას განეკუთვნება ყარაჩაიში სასრუყოს გამოქვაბული, ჩეჩნეთში – სოფ. ვედენოში და მთიან დაღესტანში რუმუჯაში, უსიშაში, გროტში, მეკეგეში და ა.შ. საქართველოს მეზოლითური ხანის ძეგლებიდან შეგვიძლია დავასახელოთ  საგვარჯილე, ახათი, წონა, კუდარი, შავი მღვიმე,იაშთხვა, ცივი მღვიმე და სხვა.

ნეოლითური ხანის საცხოვრისებია: დაღესტანში – ბუინაკსკსა და ტარხაირში, მალინ-კარატიში, ღუნიბის რაიონ სოფ. რუგუჯიში. ჩეჩნეთ-ინგუშეთში – ტბა კეზენოიამთან, სოფ კეზენოსთან. ყაბადრო-ბალყარეთში – ნალჩიკის მახლობლად მდ. კენჟაზე. ყარაჩაი-ჩერქეზეთში – სოსრუყოსა და ყალა-ტიუბეს გამოქვაბულებში. ასევე ტამანის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი ძეგლებია მიჩნეული: ხუცუბანში, ანასეულში, ქობულეთში, თეთრაწმინდაში.

ძვ.წ  III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან გვხვდებიან ადრებრინჯაოს კულტურის მატარებელი ხალხები. აღსანიშნავია მაიკოპის ყორღანი და კულტურა, რომელიც ვრცელდებოდა ტამანიდან ჩეჩნეთის ჩათვლით. მაიკოპის ყორღანი წარმოადგენდა ძლიერი ტომის ბელადის სამარხს. ერთ-ერთი ასეთი ნამოსახლარი იყო დოლინსკის ნამოსახლარი ნალჩიკის მახლობლად. ამ კულტურის თანადროულ და ახლოს მდგომ კულტურადაა მიჩნეული საქართველოს ტერიტორიაზე ადრე ბრინჯაოს ხანაში დაფიქსირებული მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც თარიღდება ძვ.წ IV ათასწლეულის დასასრულითა და III ათასწლეულის I ნახევრით.

ძვ.წ II ათასწლეულში მაიკოპის კულტურის ბაზაზე იქმნება შუა და განვითარებული ბრინჯაოს კულტურა. ხოლო ძვ.წ XII-XI საუკუნეებში ყობანის კულტურა, რომლის გავრცელების არეალსაც წარმოადგენდა ყუბანის სათავეებიდან დასავლეთ ჩეჩნეთამდე ტერიტორია. ყობანის კულტურის ნამოსახლარებია: ზმეისკის, სერჟენ-იურტისა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს თრიალეთის კულტურა, რომელიც ძვ.წ III ათასწლეულის ბოლოდან დაიწყო და საკმაოდ დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ჩრდილო კავკასიის აღნიშნულ კულტურებთან. ასევე, მტკვარ-არაქსის კულტურის მემკვიდრე კულტურად შეგვიძლია მოვიაზროთ.

გვიან ბრინჯაოს ხანა გამოირჩეოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ერთგვაროვანი კულტურის წარმოქმნით, რომელიც ცნობილია კიაკენტ-ხოროჩოის კულტურის სახელით. გვიან ბრინჯაოს კულტურის ბოლო ეტაპზე ჩნდება რკინის ნაკეთობანი, რომლებიც აღმოჩენილია სერჟენ-იურტის ნამოსახლარებში. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რკინის გავრცელება სამხრეთ კავკასიიდან მოხდა. სამხრეთ კავკასიაში, საკუთრივ საქართველოში კი განსხვავებული პროცესები წარიმართა გვიან ბრინჯაოს ხანაში: ძვ.წ II ათასწლეულის შუა ხანებიდან ყალიბდება ე.წ დასავლურქართული და აღმოსავლურქართული კულტურები, რომელთა ნიადაგზეც წარმოიქმნა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები. ამ სახელმწიფოთა შექმნის წინაპირობა გახდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი საზოგადოების გაჩენა, ტომთა კავშირები, სამხედრო დემოკრატია და სხვა ფაქტორები.

ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი  ისტორია აქვთ. გეოგრაფიულმა სიახლოვემ და ურთიერთთანამშრომლობამ კარგი გავლენა მოახდინა ამ ხალხების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, მათი მატერიალური და სულიერი კულტურების ჩამოყალიბებაზე. თანაარსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქართველი და ჩრდილო კავკასიელი ხალხები ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ, როგორც კულტურულ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში. ცნობილია, რომ  ჩვ.წ. II საუკუნეში ქართლის შეიარაღებულ ძალებში თითქმის სრული შემადგენლობით იყვნენ თავმოყრილი ჩრდილოკავკასიელი ტომები.

ანტიკურ ხანაში შეგვიძლია ვისაუბროთ საერთო კავკასიურ ფრონტზე, რომელიც გამოდიოდა კავკასიაში შემოჭრილი ხალხების წინააღმდეგ. ამ სამხედრო ალიანსს, გარდა ზემოთ აღნიშნული კულტურული და გეოგრაფიული სიახლოვისა, ხელს უწყობდა სწორედ საერთო მტრის არსებობა. წყაროებში ცნობილი პირველი უცხოური ტალღა, რომელიც შემოიჭრა ჩრდილოეთ კავკასიაში იყვნენ კიმირიელები, ხოლო შემდეგ სკვითები. მათი შემოსევები რუსეთის სტეპებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა  ძვ.წ VIII ს. მეორე ნახევარსა და ძვ.წ. VII ს. პირველ ნახევარში რამდენიმე ნაკადად: 1. ძვ. წ. VIII საუკუნის 30-20-იან წლებში წინა აზიის, მეოტიდა-კოლხეთის გზით, აზოვისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებით შემოესიენ კიმერიელები. 2.ცოტა უფრო გვიან, დერბენდის გავლით, კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროდან წინა აზიაში მოვიდნენ სკვითები. 3. როგორც ჩანს, მათი შემოსევები მოხდა, აგრეთვე დარიალით და კავკასიონის სხვა გადასასვლელებით, რაზეც მიუთითებს არქეოლოგიური მასალა.

ძვ.წ-ის VII საუკუნის პირველ ნახევარში სკვითებმა დაიპყრეს ჩრდილო კავკასიის ველები და მთისძირა ტერიტორია, რასაც თან ახლდა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობა. არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ იმ დროს განადგურდა ადგილობრივი ტომების ბევრი სამოსახლო, რომელთაგან შეგვიძლია გამოვყოთ სერჟენ-იურტის ნამოსახლარი ჩეჩნეთში. ამის შემდეგ სკვითები გადავიდნენ სამხრეთ კავკასიაში, საიდანაც თავს ესხმოდნენ წინა აზიის ქვეყნებს. არქეოლოგიური მასალები აქაც მოგვეპოვება. კერძოდ სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილია სკვითური ტიპის იარაღები, ნაპოვნია სამარხები სკვითური ინვენტარით: წიწამურთან, სამთავროში (მცხეთაში), ბეშთაშენთან (თრიალეთში); სამაროვნები: დვანში, კულანურხვაში(გუდაუთასთან), სკვითური იარაღი სოფელ კოლხიდასთან (გაგრა), ახალი ათონის მიდამოებში და სხვა.

სამხრეთ კავკასიაში ქართული ტომები აქტიურად გამოდიან ასპარეზზე ძვ.წ XIII საუკუნიდან. ჯერ დიახი და შემდეგ კოლხა წარმოადგენდნენ ჩვენთვის ცნობილ პირველ ქართულ სახელმწიფოებს. რამდენიმე საუკუნეში კი გარკვეული პროცესების გამო ეს სახელმწიფოები განადგურდებიან. ანტიკურ ხანაში კი კოლხურ და იბერიულ სამყაროს ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ კოლხურ სამყაროს კავშირები ჰქონდა ბერძნულ სამყაროსთან და ბერძნული ახალშენებიც დაარსდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში: ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი, პიტიუნტი. მსგავსი ახალშენები შეიქმნა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში: პანტიკაპეონი, ოლივია და ხერსონესი. მოგვიანებით ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში გვაქვს ბოსფორის სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც ექცევა ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი.

ძვ.წ IV საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამეფო ფარნავაზიანთა დინასტიით სათავეში. ჩრდილოთ კავკასიაში კი სახელმწიფო, როგორც ასეთი ინსტიტუცია არ გაჩენილა, თუმცა იყო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები; სავაჭრო ურთიერთობები რომთან და საქართველოსთან; სოციალური ფენების ჩამოყალიბება და ადრეფეოდალური ურთიერთობები.

სხვადასხვა წყაროების ცნობით V-X  საუკუნეებში ადიღეელთა საზღვრები ასე გამოიყურებოდა: დასავლეთით ტამანის ნ.კ. და შავი ზღვა, ჩრდილოეთით მდინარე ყუბანი, აღმოსავლეთით ოსეთი. ამ პერიოდში ადიღური ტომები სხვადასხვა სახელით მოიხსენიებიან: ქართულ წყაროებში – ჯიქები, რაც სხვაგან დასტურდება ზიხების სახით; ქართულ ტერმინს ქაშაგებს/ქაშქებს შეესაბამება არაბული და რუსული კოსოგები ან  კასოგები. ადრეფეოდალურ ხანაში ადიღურ ტომებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ ალანებთან, ბიზანტიასთან, საქართველოსთან, ბოლგარელებთან და სხვა თურქულენოვან ტომებთან. მოგვიანებით ისინი აღმოჩნდნენ ხაზართა ხაკანატის შემადგენლობაში და მეცხრე საუკუნისთვის გამოვიდნენ მათ წინააღმდეგ. რასაც მოჰყვა მათი სამ ნაწილად დაშლა და მიგრირება  სხვადასხვა ტერიტორიებზე.

V-X საუკუნეებში ალანებს ეპყრათ ტერიტორია მდ. თერგის ზემო წელსა და მდ. ყუბანის სათავე-შენაკადებს შორის. ამ პერიოდში შესაძლებელია ალან ტომთა კონსოლიდაციისა და გაერთიანების ფონზე ადრეფეოდალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩამოყალიბებულიყო ოსეთში. VII  საუკუნიდან ხაზარებმა წაართვეს დიდი ტერიტორიები, რასაც დაემატა არაბების შემოსევები და მათ მიერ დარიალის ხელში ჩაგდება, რამაც მძიმე დარტყმები მიაყენა ოსებს. მეცხრე საუკუნეში არაბების სახალიფოს დასუსტებასთან ერთად იწყება ოსეთის პოლიტიკური აღმავლობა.

ამ პერიოდში ძალიან შემცირებული იყო ვაინახების სამოსახლო ტერიტორია. მათი დიდი ნაწილი დაიკავეს ოსებმა, ასევე ხაზართა სამეფომ. V-X  საუკუნეებში ვაინახების კუთვნილი მიწებია მდ. არღუნისა და მისი შენაკადების აუზი.. მეშვიდე საუკუნის ცნობებით აქ ცხოვრობენ შემდეგო ტომები: ნახჩმატიანები -ანუ ისინი, ვინც საუბრობენ ჩეჩნურ ენაზე; კუსტები – ანუ ქისტები; და დურცკები – ქართული წყაროებით დურძუკები.

ადრეფეოდალურ ხანაში დაღესტანი მოიცავდა აღმოსავლეთ კავკასიას, ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ხაზარეთი, დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთი, სამხრეთიდან ალბანეთი და ნაწილობრივ კახეთი, აღმოსავლეთიდან კასპიის ზღვა. მეექვსე საუკუნიდან ამ ტერიტორიებზე სპარსეთთან და ხაზართა ხაკანატთან ერთად ბიზანტიაც ცდილობდა დამკვიდნებას. მეშვიდე საუკუნეში არაბებმა დაამარცხეს სპარსელები და გამაგრდნენ დასავლეთ კასპიისპირეთში. 739 წელს კი არაბებმა დახარკეს დაღესტნის ტერიტორიაზე არსებული ადრეული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: სერირი, თუმანი, ზირიჰგარანი, ხაიდაყი, თაბასარანი, ლაკზი და ფილანი.  მეათე საუკუნიდან, როდესაც იშლება არაბთა სახალიფო აქ ჩამოყალიბდა შირვანისა და დერბენტის პოლიტიკური ერთეულები არაბული წარმოშობის დინასტიით.

მოკლედ შეიძლება ვისაუბროთ V-X  საუკუნეების საქართველოზეც: ამ პერიოდში საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ცხადდება ქრისტიანობა და ქვეყანა მკვეთრად იღებს ორიენტაციას დასავლეთისკენ. საპირისპიროდ კი ძლიერდება მტრების გარემოცვა და ვხედავთ ჯერ სასანიდური ირანის, ხოლო შემდეგ არაბების მიერ დაპყრობით ომებს. მეფობის გაუქმებას, მარზსპანისა და ამირას დასმას ქვეყნის სათავეში. ამ პერიოდში სუსტდება საქართველოს კავშირები და გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზე. სწორედ არაბობის დროს იწყება აქ ისლამის გავრცელება.  X  საუკუნისთვის ტერიტორიული ფორმირება და მიგრაციული პროცესები მიმდინარეობს.  საქართველოში კი იწყება გაერთიანების პროცესი.



გამოყენებული ლიტერატურა: “კავკასიის ისტორიული გეოგრაფია” – სარდიონ ზედელაშვილი.
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment