ერის ზეწამოდგომისათვის - გრიგოლ დიასამიძე

„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაიცემის“ - ბრძანა მგოსანმა - ყრმამ, რომლის სიკვდილს უღვთო უწოდა მეორე დიდმა მწერალმა. ერთხელ ნაგემი თავისუფლება მუდამ სანუკვარია და სანატრელი! უამისოდ ამოსუნთქვა არ შეუძლია არც საღ მამულიშვილს, არც სიცოცხლით სავსე ერს... ჩვენი ხალხის უსაზღვრო ტრფიალი თავისუფლებისადმი ხშირად შებღალულა გარეშე მტრების მიერ. სიცოცხლე ისე გაგვმწარებია, რომ გამოგვიძებნია ერთმორწმუნე მეზობელი, შევკრივართ პირობით, ნდობით და რწმენით აღვჭურვილვართ მისი დახმარებით შვება-აღორძინების მოსაპოვებლად. პირობა არ გაგვიტეხია. „კრწანისის ველის“- ამ მესამე დიდი მგოსნის „საგულისხმო გასაგონის და სისხლით მორწყულ გმირთა კალოს“ ასი წლისათვის უმაღლესად ღკრძალულმა დღესასწაულმა ყველასათვის ცხად ჰყო, თუ ვინ გასტეხა სიტყვა, უღალატა ფიცს... განვლო დრომ, მიწიერისათვის დიდმა, ერისათვის წამიერმა, სიტყვის გამტეხმა იგემა უზენაესი განაჩენი, ამოისუნთქვა თავისუფლად და ჩაგრულმა, მაგრამ ვაი, რომ დიდხანს არ დასცალდა! ხალხთა ულმობელ და უნახავ ჟლეტის შემდეგ გაჩენილმა დაავადებულ სულის სენმა ისიც არ დაინდო. მოზღვავებულმა მოარულმა შეიპყრო! მას აქეთ დიდი თუ პატარა, გარეშე თუ შინაური მთელს მსოფლიოში თავს იმტვრევს, ჰფიქრობს, ცდილობს როგორმე უხერხოს, წამალი რამ დასდოს. ბრძოლაში ერი მარტო არ არის.., ამ სენმა ვით ანდაზის აქლემმა ყველა ხალხის წინაშე დაიჩოქა... ჩვენის მხრით კიდევ პატარა თმენაა საჭირო, თავისგამაგრება, შინაურობაში უაზრო და მავნებელ დავიდარაბის გაქარწყლება. ყველაფერი ერთი მიზნისაკენ!. მიზანსა და დამმიზვნელის შორის არ უნდა იყოს არაფერი, ზედმეტი ატეხილი!. ვინც ამ მანძილის ნისლში გახვევას მოიწადინებს პირადული თუ ჯგუფობრივი განზრახვით - მოღალატეა უეჭველი, ვინც უნდა იყვეს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ბრძოლა გვჭირდება საარაკო და მრისხანე... 

ასპარეზი მარტო მხარ-მკლავის სიმარდის გამოჩენას არ მოითხოვს -  ეს იქნებ კიდეც არ დაგვჭირდეს!. ეს სიმამაცე უკვე ნახულია წარსულში და ნაქები აწმყოში... ახლა საჭიროა სხვაგვარი სიმამაცე! სიმამაცე ცხოველმყოფელ აზრთა გამოჩენისა, ხსნის მომტან ხერხთა გამოძებნისა. ყველა უნდა ჰფიქრობდეს განუწყვეტლივ! ყველა უნდა ეძებდეს გამოსავალს!.. პატივისცემა და ყურადღება ყველა პატიოსან წრფელ მძებნელს და მომფიქრებელს! ყოველი ასეთი პიროვნება, ყოველი ასეთი გვამი ჰსაჭიროებს თანაგრძნობას, წაქეზებას, ხელის შეწყობას, არა თუ დევნას და ხელის შეშლას. - აზრთა, ფიქრთა დაპირისპირება, შებრძოლება, ჭიდილი დიდი, მიმზიდველი და ძნელი სარბიელია... გალილეს გამბედაობა სჭირდება კაცს ახლანდელ დროშიაც, რომ მიგნებული უებარი წამალი მოანდომოს ქვეყნის ტკივილს. ძველად აწამებდნენ, კოცონს უმზადებდნენ გამბედავს, ახალი ფიქრის გამომთქმელს. დღეს, როცა მსოფლიო ამაყობს წარმატებით, დღეს მაინც მეტი მოთმინებით, მეტი შეგუებით უნდა ვუსმენდეთ ასეთ თანამოძმეს. 

სამშობლოს სიყვარული და მისადმი სამსახური - უზენაესი მოვალეობაა ყველასათვის. ვინც მშრომელ ერს ეკუთვნის რა წრისა, რა მიმართულებისაც უნდა იყოს იგი. ვერავინ დაიჩემებს ჩვენი ქვეყანაო! საღი უმრავლესობის აზრი - ყოვლად ძლიერი ძალაა, ყოველ დაბრკოლებათა მძლევი და ბედნიერების დამსახავი. საზოგადოებრივი აზრი ჩნდება არა ერთს რომელსამე ჯგუფში, არა ერთს რომელსამე მიმართულებაში, უკეთუ თუ ესენი არ სცილდებიან სინიდისსა და ნამუსს. ჭეშმარიტი საზოგადოებრივი აზრი არც ერთმხრივია, არც ცალმხრივი! ის საყოველთაოა! ყველა ეს საგულისხმოა მეტადრე სამშობლოს ხსნის საქმეში. რაც ამხანად ჩვენს უმთავრესს ყურადღებას იზიდავს. ვინც სამართლიანად, ვინც მაღალზნეობრივად ჰინდოელ სულის მესაიდუმელსავით წმინდათ ჰმეთაურობს ქვეყანას, საზოგადოებრივი აზრის შექმნას და განმტკიცებას, საბოლოოდ ის იმარჯვებს და იპყრობს ასპარეზს. დროებით დევნა, წამიერი წამება არაფერია მისთვის: ის ემსახურება და ემსხვერპლება მარადიულს. 

სმენა და თმენა მოპირდაპირის, მოწინააღმდეგის უმაღლესი კულტურული მიღწევაა! ის ასხვავებს განათლებულს ბარბაროსისაგან! აი რით უნდა ვამაყობდეთ!.. ოჯახი დაგვენგრა, საზოგადოებრივი დაწესებულებანი მოისპენ ან სულს ძლივს ღაფავენ. სად უნდა ვღებულობდეთ აღზრდას, წვრთნას? როგორ უნდა ვეჩვეოდეთ ზნეობის განმტკიცებას, სიყალბის დანახვას! ყველა ამაზე დღე მუდამ საჭიროა ფიქრი, ჭეშმარიტების დამშვიდებული გზით ძიება! ერთხელაც უნდა ვიხილოთ საღად, აუკვიატებლად მომფიქრალი დარბაისრულად, წინდახედულად და შორს მჭვრეტელად მომქმედი პიროვნება... მოწინააღმდეგეს აზრის და ქცევის მავნებლობა უნდა იყოს დამტკიცებული მიუდგომლად და მიუკერძველად, რომ საყოველთაოდ მისაღები გახდეს. თორემ ჩვენც გავხდებით სასაფლაო მყუდროების შემქმნელნი, რასაც სხვაგან ვძრახავთ. მხოლოდ ამნაირად შევიქნებით ღირსნი იმ ძველების ხსენებისა, რომელთ დაგვიტოვეს დიდებული სამკვიდრებელი. 

ამ დიდებულების წარმოსადგენად გადავშალოთ თუნდ სამშობლოს გარედ გამოსული ისტორიული წიგნის კაბადონები: თავისიანთა და უცხოთა მიერ აღსარებული ნიჭიერი მეცნიერი უცხოეთში მონახულ წყაროთა შესწავლის შემდეგ მოგვითხრობს, თუ როგორ ესმოდათ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში შარავანდედით მოსილ ჩვენს საამაყო წინაპრებს ნეტარ დავით აღმაშენებელს და დიდ თამარს - ქართველი ერის დანიშნულება. მათ შეხედულებას და რწმენას დრო არ შეჰხებია!.. მათი აზროვნება, მათი გზა, მათ საშუალება ისევ ისე მიმზიდველი და გამოსაყენებელია ჩვენთვის... მაშინდელ ქართველთა სახელმწიფოს სიდიადე ჩვენი გამოგონილი არ არის: აღსარებულია უცხოელ თანამედროვეთაგანაც. დიახ სახარბიელოა, როცა შინაობაში შექმნილი საზოგადო აზრი მისაღებია გარეშეთათვის და ამათ მიერ შეწყნარებული. ამიტომ სრულებით საშიში არ არის, როცა მსჯელობა იმართება ერის ცხოველმყოფელ საგნებზე. არა მარტო მშობლიურ ენაზე, არამედ უცხო ენებზედაც. უაღრესად საჭიროა თანაგრძნობის მოპოება და მრავალ თანამოაზრეთა გაჩენა განათლებულ ერებში. საღ, მაღალზნეობრივ სამართლიან აზრს არ ეშინია უცხო ენის და გარედ გამოტანის. პირიქით ამ გზით ეროვნული საქმე უფრო მტკიცდება; ყოველივე კერძოობა, წვრილმანობა ჰწრება და ცისრკოვნდება ბედნიერ მერმისისაკენ მიმავალი გზა. 

ნაკლები ბრძოლა საშინაოში! მეტი ყურადღება უცხოთა საქმიანობისადმი! მაგრამ აქაც სამართლიანობაა დასაცველი, ურთიერთობის ხეირიანი ახსნა-განმარტება, მოაზრებული მოქმედება. მეტადრე საკუთარ საქმეს ვერ გადავწყვეტთ, სამეზობლო კითხვების აბუჩად აგდებით, მიჩქმალვით და გადაუწყვეტელობით. ამის წამალს ბევრს და საგანგებოს, სწორედ იმ შესანიშნავ წიგნში მოსძებნის ჩვენი ბედკრული ცხოვრების დაკვირვებული მეთვალყურე, როცა ყველაფერი გამორკვეული და მოწესრიგებული გვექნება სამეზობლოში, უფრო თამამად და მედგრად გავალთ საგარეო სფეროში... სხვებთან ერთად მოვითხოვთ ერის, ხალხის დამონების გადაგდებას როგორც უარყოფილია და აღკრძალული ადამიანის მონათ გახდომა განათლებულ ქვეყნიერობაში. 

წარმატება კაცობრიობისა შეუძლებელია ჩაგრულ ერთა არსებობის დროს!.. მშვიდობიანობის საყოველთაოდ ჩამოგდებას დაჩაგრულ ერთა განთავისუფლება უნდა უსწრებდეს! აი რა მხიბლავი გამზირი გვეშლება თანამედროვეთ. ამ სანეტარო დროს მოსაახლოვებლად ღირს ვიცოცხლოთ და ვიმუშაოთ! საკეთებელი ბევრია, ყველას გვეყოფა. უცხოეთის ბუნდოვან ცის ტატნობზე აქა-იქ გამოჩნდნენ მრავალ მეტყველი ცისიერნი, სამარცხვინო გულზე ხელის დაკრეფა, მცონარეობა და სისუსტე!.. ნუ დავივიწყებთ: როცა სამშობლოს ჭირი ადგია, გარედ ყოფნა დანაშაულია!.. გარედყოფნას გამართლება ესაჭიროება ხალხის თვალში!.. აი ჩვენი კატეგორიული ვალდებულება!

საწადელსაც მივაღწევთ, თუ სწორე გზას არ გადავცდით. მართალია, დღეს ჩვენს გულში და გარშემო მწუხრია გამეფებული, მაგრამ მივმართოთ ჩვენს მთაწმინდას - ჩვენს საქართველოს - იმავე ყრმის-მგოსნის წინასწარმეტყველის დიადი სიტყვით:

„მწუხრი გულისა - სევდა გულისა
-ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და
ყოველ ბინდსა ის განანათლებს!“



გრიგოლ დიასამიძე
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N4)
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment