კავკასიურ ერთა “აკციონს - პროგრამა” - ვლადიმერ ახმეტელი

როს ეს ტოტნი, ერთ ცხოვრების, ერთ არსებისა,
ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან?
როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისა
ერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან?
ი. ჭავჭავაძე


ცნობილია ყველა კავკასიურ ერთა მიერ შენახული ცოცხალი გადმოცემა, აღბეჭდილი, სხვათა შორის, ქართული ქრონიკის “ქართლის ცხოვრების” მიერაც, რომ ყველა ეს ერნი ერთის წინაპართაგან ჩამომავლობენ...

ხანგრძლივი საერთო ისტორიული ცხოვრება, გეო - პოლიტიკური პირობებით შექმნილი, ტომობრივი სიახლოვე, ენათა ნათესავობა, მსგავსი ზნე და ჩვეულებანი, მათი სრული გაერთიანების მტკიცე საფუძველი არის. რა ხალხი არ წამოსულა ჩვენსა საერთო სამშობლოზედ, მის ჩასანთქმელად!.. ხანდახან კიდევაც ახერხებდნენ ამას. ისინი დროებით იპყრობდნენ ჩვენს მიწებს, იმონებდნენ მის მოსახლეობას, შეჰქონდათ შუღლი მის მრავალფეროვან წიაღში და ძმათა შორის სისხლიან შეტაკებას აჩაღებდნენ. ამისდა მიუხედავად, ტომებმა, რომლებიც კავკასიაში უხსოვარ დროთგან მოსახლეობენ, მაინც შესძლეს და დღევანდელამდის შეინახეს როგორც რასული თავისებურება, ისე თავისი ენა, ზნე, ჩვეულება და ტრადიციანი. სამშობლოს სიყვარულმა მიაჩვია ისინი იმ აზრს, რომ საერთო კავკასიურ სახემწიფოებრიობის შექმნა აუცილებელი რამ არის. ჩვენმა ბრძენმა ილიამ, რომლის დაბადების მეასე წლის თავს ამ ჟამად ვდღესასწაულობთ და რომელსაც ეკუთვნის ზემოდ მოყვანილი “მოტტო” მესამოცე წლებში ნათქვამი, თავის მრავალ - სასიკეთო მოღვაწეობის დასაწყისში, კავკასიურ ერთადმი მიმართული საკრამენტალური სიტყვები წარმოსთქვა:

“ერთად დავიღუპებით, ერთად ავშენდებითო”!

განა ჩვენი წარსული, როგორც უძველესი, ისე უახლოვესი სავსებით არ ადასტურებს ამ ლაკონურ ფრაზაში გამონასკვულ აზრის ჭეშმარიტებას!..

თუმცა მე ყოველივე დაჯგუფების გარეშე ვდგევარ,  მაგრამ მაინცა მსურს, რომ შეძლებისდა გვარად და მოკლედ მეც გამოვსთქვა ჩემი შეხედულებანი, იმ საკითხის გამო, რომელსაც კავკასიური ემიგრანტული ეროვნული პრესა აყენებს. ეს არის იმ საფრთხის საკითხი, რომელიც თავისუფალ კავკასიას ჩრდილოეთიდგან და სამხრეთიდგან ემუქრება. ყველამ გულწრფელად და გულახდილად უნდა ვაღვიაროთ, რომ დღევანდელ კავკასიის სამზღვრების გარეშე, ბედის ტრიალის გამო, დარჩა ისეთი ადგილები, რომლებიც ოდესღაც ჩვენს ხალხებს ეკუთვნოდა და რომელიც მორწყულია ჩვენი სამშობლოს გმირულად დამცველ მამა-პაპათა წმინდა სისხლით. ეს ჩვენი მშობელი ადგილები ყველამ დავკარგეთ: მთიელებმაც, სომხებმაც, აზერბაიჯანელებმაც და ქართველებმაც. ეს ისტორიული ფაქტებია! მათი გაბათილება შეუძლებელია!... მაგრამ დღევანდელი რეალური პოლიტიკა ჩვენგან დიდ წინდახედულებას მოითხოვს. ამ დაკარგულ ადგილების დევნა ცუდი დახასიათება იქნებოდა კავკასიელ პოლიტიკოსისათვის, რომელიც ნამდვილად ისწრაფის, რომ დამოუკიდებელ კავკასიის იდეა განახორციელოს. ჩვენ არ უნდა გადავსცდეთ ჩვენს მთავარ ამოცანას. ჩვენი დროის იმ ერთად ერთ მტერზედ, რომელსაც ჩვენი ყოფილი მიწები კი არ უჭირავს, არამედ ის ნამდვილი ჩვენი ტერიტორიები, რომელზედაც ჩვენი ერები თავის თავისუფლების და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ეროვნულ-კულტურულ ცხოვრების აშენებას ფიქრობენ. მიმოვიხედოთ გარშემო! ვინ ჩაჰკვდომია განუკითხავად ჩრდილო კავკასიის საქართველოს, სომხეთის და აზერბეიჯანის ტერიტორიებს? ჩრდილოეთის საშინელი საფრთხეც სწორედ ეს არის! ის არ არის მხოლოდ გუშინდელი ამბავი! მას იხსენიებდნენ ბერძნული თქმულებანი, ბიბლიაში წინასწარმეტყველები (იეზეკილი და სხვ.) ქადაგებდნენ “ჩრდილო ზღვათაგან მოსულთა” გამოჩენას. რომელთაგან, ინგლისელ ჯონ ურკვარტის მტკიცებით, ჯერ სკვითნი წარმოიშვნენ, მერე სარმატები, შემდეგ ხომ სლავიანებიც. ჩვენი ქართველი მეფენი, ამ ჩრდილო საფრთხის მოშიშარნი, დაუზოგველად სცდილობდნენ, რომ ისინი დარუბანდის რკინის კართან შეეჩერებინათ. მათი ცდა ამაო გამოდგა. მტერი კავკასიაში შემოვიდა და დარუბანდის კარი ტფილისში გაჩნდა, სიონის ტაძარის გალავანში. ეს მტერი მარტო ჩვენთვის, კავკასიელებისათვის, არ არის საშიში. იგი საშიშია ბევრი სხვა მრავალი ხალხებისთვისაც. ჩვენზედ უფრო უდრეკ
და დიდბრძანებელთათვის. ჩრდილო ძალამ, მოსკოვის სახელმწიფოს დაარსების დროთაგან შემომტკიცებულმა ბოლოს და ბოლოს უზარმაზარი სახელმწიფოებრივი გაერთიანება შექმნა, რომელიც კულტურულ სამყაროსათვის, ჭეშმარიტ საფრთხობელად იქცა. უკვე პეტრე დიდიდგან იწყება ამ ჩრდილო ძალის სამხრეთისაკენ მოზღვავება. რუსეთის პირველ იმპერატორს მარტო კავკასიისათვის არ ერჩოდა გული. მისი გულის ყური სპარსეთისაკენ, ოსმალეთისაკენ და თვით შორეულ ონდოეთისაკენაც იწევდა. უკანასკნელმა გარემოებამ ინგლისსაც კი უცვალა ფერი. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში პეტრეს წადილი სინამდვილედ იქცა და რუსეთის მიერ კავკასიის შემოვლამ, სხვასაც ამცნო მოსალოდნელი საფრთხე. ოსმალეთმა და სპარსეთმა მეტად მაგრად დაიხიეს კავკასიიდან. რუსეთის ბატონობა ჩვენს სამშობლოში საუკუნეზედ მეტი გაგრძელდა და იგი დაბალ კოლონიის ხარისხად აქციეს. ისინი გამრავლდნენ ჩვენში იმ დროს, როცა უწინ სულ არ ყოფილან. რუსები ძალით მიერეკებოდნენ კავკასიიდგან მის ადგილობრივ მცხოვრებლებს და მათ ადგილზედ რუსულ მოსახლეობას ჰქმნიდნენ, ან ასახლებდნენ არა კავკასიურ ძირის ელემენტებს, რითაც ჩვენ ერებს მიწის საშინელ კრიზისს უქმნიდნენ, ისინი სთრგუნვიდნენ ჩვენ ერთა ენებს, ისინი უცოდინარობდნენ ჩვენს ზნესა და ჩვეულებას, ისინი არუსებდნენ კავკასიელებს რუსული განათლების ხერხებით, რუსის სამართალით, რომლის ენა ჩვენთვის უცნობი იყო. რუსებმა ამით ჩვენს ერებში სრული დემორალიზაცია შეიტანეს. ბოლოს ჩვენ სოფელს ის საჭირო საზოგადო დაწესებულებანიც ვერ მისცეს, რომელბიც თვითონ ჰქონდათ ცენტრში. თუ რომელიმე ერს რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, ამასაც იმიტომ სჩადიოდნენ, რომ დანარჩენებში შური და ღვარძლი დაეთესათ. ასეთი მოქმედებით, ჯერ  მეფის მოხელენი, ეხლა კი მათი ეპიგონები, მხოლოდ იმას სცდილობდნენ, რომ  ყველაზედ ადრე, ეროვნულად განწყობილ და განუყოფელ კავკასიის ერთა გაერთიანების ცხოველ იდეისათვის ჩაეცათ სასიკვდილო ლახვარი. ამნაირის სისტემით იქცევიან ეხლაც, არა მარტო ჩვენში, არამედ რუსეთის ყველა ნაწილში, სადაც კი სცხოვრობენ ისინი, ვისაც მათის ნომენკლატურით “ინოროდცები” ჰქვიან. აი სად არის საფრთხე! აი ვინ არის ჩვენი მთავარი მტერი - ძალა, რომელიც ასეთ ექსპანსიებს და ასეთ დამთრგუნველ პოტენციას იჩენს. ამ ძალის საერთო ღონისძიებით თავიდგან მოშორება - ჩვენი დროის მოთხოვნილებას წარმოადგენს! კავკასიურ ერთა აქტივური პროგრამის შინაარსი ეს უნდა იყოს. ეს ამოცანა არც ისე ადვილია, რომ თავი სხვა ირიბულ შიშებსაც მივსცეთ. კავკასიელები დამფრთხალი არ უნდა ვუყურებდეთ აქეთ იქით. თუ ამ ძნელ ამოცანას ვსძლიეთ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ცხოვრების მოსურნე კავკასიურ ერებს, იმავე გაერთიანებული ძალით, არ გაუჭირდებათ, თავიდან აიცილონ სხვა საფრთხეც, საიდგანაც არ უნდა იყოს იგი, ოღონდ ისიც ისევე რეალური და ნამდვილი იყოს, როგორც ჩრდილოეთის საფრთხე. მთავარია, რომ ჯერ ეს ჩრდილოეთის აპოკალიპსური ცხოველი მოითოკოს, რომელიც ასე თავ-აღებული მოიწევს ტფილ სამხრეთ ადგილებისაკენ...

უნებლიეთ გვაგონდება ახოვანი ძეგლი, რომელიც გერმანულ რაიხსტაგის წინ არის ამართული... გერმანიის დიდებულ დამფუძნებლის თვალი ჩრდილოეთს გასცქერის. ყური დაუგდეთ ხალხის ხმას - როგორ ფიქრობს ამაზედ... მას ჰგონია, რომ უკვდავი თავადი ბისმარკი თავის სამშობლოს და მთელ ქვეყანას ამ ჩრდილოეთიდგან მომავალ საფრთხიდგან აფრთხილებს. თუ ასე ფიქრობს ძლიერი ევროპა, რაღა უნდა ვიფიქროთ ჩვენ, - ვინც ამ ჩრდილოეთის ვეშაპის უშუალო კერძნი ვართ?!..

ყველა და ყველაა მოვალე, რომ ვინცა გრძნობს ამ უდიდეს საფრთხეს, თავისი ძალები გააერთიანოს, რათა წინაღუდგეს მას, არა მარტო თავის, არამედ საკაცობრიო კეთილდღეობისთვის.

ვაი იმ ერებს, ვინც დარჩება ან ვისაც ელის დარჩენა რუსეთის ბატონობის ფარგალში!..

ვლადიმერ ახმეტელი
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N2)
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment