საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები (1)

საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეები

აბაზგია · არგვეთი · აფხაზეთი · აჭარა · ბაზალეთი · ბაიდარი · ბამბაკი · ბასიანი · ბორჩალო · გაგი · გარდაბანი · გარეკახეთი · გაღმამხარი (კახეთი) · გაღმამხარი (ქართლი) · გაჩიანი · გუდამაყარი · გურია · გუჯარეთი · დვალეთი · დიღმისხევი · დმანისხევი · ეგრისი · ელისენი · ერუშეთი · ერწო-თიანეთი · ზემო ქართლი · ზენა სოფელი · თაკვერი · თორთომი · თორი · თრიალეთი · თუშეთი · იმერეთი · კამბეჩოვანი · კანგარი · კახეთი · კლარჯეთი · კოლა · კოლბოფორი · კუხეთი


აბაზგია  - (ბერძნ. აბასგია), აბაზგებით დასახლებული ისტორიული მხარე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახ.წ. დასაწყისში ეკავა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია. I-II საუკუნეებში აქ წარმოიქმნა აბაზგების სამთავრო, რომელმაც VI-VII საუკუნეებში ჩრდილოეთით გადაინაცვლა მდ. გუმისთასა და ბზიფს შუა. აბაზგიაში ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო: ჩრდილოეთით ბიჭვინთა, სამხრეთით ანაკოფია. აბაზგია თავდაპირველად ეგრისის სამეფოში შედიოდა. VI საუკუნის შუა წლებიდან ბიზანტიას დაემორჩილა, მაგრამ აბაზგები დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ (აბაზგების აჯანყება 550). ამ დროისათვის აბაზგიაში უკვე მიმდინარეობდა ფეოდალიზაციის პროცესი. VIII საუკუნეში აბაზგია და აფსილეთი ერთ სამთავროდ გაერთიანდა.



აბოცი - ასე იწოდებოდა შუა საუკუნეებში საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი განაპირა ქვეყანა, რომელსაც გვიან შუა საუკუნეებში ყაიყულსაც უწოდებდნენ. ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი, ასე აღგვიწერს აბოც-ყაიყულს: "ხოლო ტაშირს, აბოცსა და ბერდუჯ-ბამბაკსა ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული (ქართლის ცხოვრება, IV, გვ.313)"არს მარადის თოვლიანი და უტყეო, და კალთათა ბალახოვანი, ყუავილიანი, წყარონი მრავალნი კეთილნი”. ვახუშტი ასახელებს აქაურ მარცვლეულ კულტურებს: ხორბალი, ქრთილი, შვრია,…მოჰყავდათ სელი და სხვა. უხვად გააჩნდა საზაფხულო საძოვრები, ხოლო საზამთროდ თივა და ამ ნიადაგზე მეცხოველეობაც დიდად იყო განვითარებული. რაც შეეხება თევზს, აბოცის წყლებში მხოლოდ კალმახი ხარობდა.

ვახუშტი აბოცისა და პალაკაციოს გამმიჯნავად აღაბაბას მთას ასახელებს. გვიან შუასაუკუნეებში აბოცის გული იყო მცირე ქალაქი ყაზანჩი. აბოცი მდებარეობდა მნიშვნელოვანი გზების გასაყარზე. აქ გადიოდა ისპაჰანისკენ მიმავალი მოკლე და მოსახერხებელი გზა. შიდა ქართლიდან გადადიოდნენ ატენითა და თრიალეთით აბოცში და იქიდან ერევანში. აბოცზე გადიოდა ასევე კარიდან და არტაანიდან მომავალი გზებიც.

აბოცს ასახელებს ლეონტი მროველი და გაჩიოსის ქვეყანას აკუთვნებს: "ხოლო გაჩიოს მისცა ორბის ციხე და სკვრეთის მდინარითგან (ეხლანდელი ვერე) ვიდრე თავადმდე აბოცისა" (ქართლის ცხოვრება, 1, 1955, გვ.9). ძვ.წ XI ს.ში აბოცი არის კოლხას შემადგენლობაში. ფარნავაზის მიერ საერისთავოებად დაყოფილ საქართველოში იყო ერთ-ერთი სამშვილდის საერისთავო, რომელიც ტაშირსა და აბოცს მოიცავდა (ქართლის ცხოვრება, I, გვ.24). IV საუკუნეში მირიან მეფის ძემ, ბაქარმა პოლიტიკური მოსაზრებით სამშვილდე აბოცითურთ რანის ქვეყანაში გაცვალა, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა საქართველომ. IX საუკუნეში აბოცსა და მის მომიჯნავე ქართულ ქვეყნებში დიდი ენერგიულობით იღწვოდა აშოტ დიდი კურაპალატის უმცროსი ვაჟი გუარამ მამფალი. გარდაცვალების წინ გუარამმა თავისი ვრცელი სამფლობელოს დიდი ნაწილი თავის ძმებს უანდერძა, ხოლო ერთი განაპირა ქვეყანა (აბოცი) ცოლის ძმას მისცა (იქვე. გვ.257).

XI ს.ში აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ თურქ-სელჩუკები ზამთარს მტკვრისა და იორის პირებში ატარებდნენ, ხოლო ზაფხულს აბოცისა და არარატის მთებზე (ქართლის ცხოვრება, IV, 1973, 157) აბოცის მშვენიერი მთები არც მონღოლებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. 1393 წელს თემური აბოცის გზითაც შემოიჭრა და ყველაფერი ნაცარტუტად აქცია. ვახუშტი ბაგრატიონი ძველ წყაროებზე დაყრდნობით შენიშნავდა: "გამოვლო აბოცი და…მოსვრიდა და მოსტყუენვიდა ყოველივე გარემოთაო" (იქვე, გვ.264)

შემდეგ იყვნენ ყიზილბაშები: "მოვიდა იაყუბ ყაენი, გამოვლო აბოცი და მოადგა ახალქალაქს.." (იქვე, გვ.207) ეს მოხდა 1486 წელს. XVI საუკუნეში საქართველოს დაუფლებისათვის დიდხანს ეცილებოდნენ ერთმანეთს ძლიერების ზენიტზე მყოფი წინააზიის უდიდესი სახელმწიფოები ირანი და ოსმალეთი. დიდი ბრძოლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მტრები საქართველოს გაყოფაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით აბოცი და მის აღმოსავლეთით მდებარე ქართული ქვეყნები ირანს ერგო, ხოლო დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო-ოსმალეთს.

ვახუშტი ბაგრატიონი ვახტანგ V შაჰნავაზზე წერდა: "ააშენა და განავსო ქართლი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, რომელსა შინა კაცნი არა იყვნენ" (იქვე, გვ.453). აბოცს არც მისი მემკვიდრე ქართლის მეფე გიორგი XI (1675 - 1688, 1703 - 1709) აკლებდა ყურადღებას და არც სხვა მეფეები. ქართლის ამ სახელოვან მეფეს უშუალოდაც მოუვლია თვალი საქართველოს ამ მარგალიტისათვის და დამტკბარა იქ თავისი მამისა და მისი ნამუშაკევით.

1735 ნადირ შაჰმა აჰყარა მთელი აბოცი და ირანის შორეულ გზას გაუყენა, როგორც ერთ დროს შაჰ-აბას პირველმა კახელები. ეს იყო და მის შემდეგ ქართულ აბოცს აღარც გაუხარია და დროთა განმავლობაში ტერიტორიულადაც მოწყდა საქართველოს. დღეს იგი სომხეთის ფარგლებშია და ლუკასიანის (გუკასიანი) რაიონს შეადგენს. 


არგვეთი - ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. ლეონტი მროველის (XI .) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, . . ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. არგვეთი საერისთავო ქვეყანა იყო. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ ჯერ კიდევ ქართლის მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია შორაპნისა და დიმნას ციხეები. ვახტანგ გორგასალის დროს არგვეთი თაკვერსაც მოიცავდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არგვეთის მთავრები იყვნენ დავითი და კონსტანტინე. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. XI საუკუნის I ნახევარში არგვეთის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი.

არგვეთში იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი ფეოდალური გვარის, ბაღვაშების (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის, სიკვდილის შემდეგ (1103 წელი) დავით აღმაშენებელმა მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII საუკუნეებში არგვეთის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო.

არგვეთში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი. არგვეთში უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, აკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სხვა. საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია უბისისა და ჯრუჭის მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X-XI საუკუნეების მიჯნაზე), ტაბაკინი და კაცხის ტაძარი, აგებული 1010-1014 წლებში ბაღვაშების საგვარეულო სამარხად.



არტაანიქალაქი და რაიონი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს არტაანის პლატოზე, მდინარე მტკვრის სათავესთან, მის ორივე ნაპირზე. საუკუნეების განმავლობაში არტაანი იყო საქართველოს სამეფოს განუყოფელი ნაწილი. 1555 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე-საათაბაგოს ოკუპირების შემდეგ სანჯაყის სტატუსით შევიდა იმპერიის შემადგენლობაში. თავდაპირველად არტაანი მხარის სახელწოდება იყო. წყაროების მიხედვით, შემდგომ არტაანი იყო როგორც მხარის, ასევე ციხე - ქალაქის სახელწოდება.

ლეონტი მროველის (IX ს.) ცნობით, არტაანის ციხე, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა ააშენა, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, იმავე ცნობით, ფარნავაზის დროს, ძვ.წ. III საუკუნეში წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა. თურქებიც მას „შაითან ყალას“, ანუ „ქაჯთა ციხეს - ქაჯთა ქალაქს“ ეძახდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი „მრისხანე ციხედ“ მოიხსენიებს, მროველის დროს კი მას ჰური ეწოდებოდა. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა. ზოგიერთი მეცნიერის, მათ შორის ლევან მელქისედ-ბეგის აზრითაც, სწორედ ეს არის „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯთა ციხე.

XVI საუკუნეში არტაანი დაიპყრეს თურქებმა და ორ ნაწილად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი). ამ დროს არტაანის მთავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. სახელწოდება არტაანი ქალაქს XVII საუკუნეში უნდა დარქმეოდა. 1877 - 1878 წლებში რუსეთ - თურქეთის ომის დროს ეს მხარე რუსეთმა დაიკავა, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებითა და 1878 წლის ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა, 1917 წლამდე შედიოდა ყარსის ოლქის შემადგენლობაში. 1918 - 1921 წლების ომის დროს კი კვლავ თურქეთის ფარგლებში მოექცა და 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების შედეგად გადაეცა თურქეთს




ბაზალეთი - ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმოსავლეთიდან - ბოდავის ციხე და ტინის მთა, დასავლეთიდან - გრემისხევი და ალევის მთა (ახლანდელი ალევის ქედი), ჩრდილოეთიდან - ჭართლის მთა. ბაზალეთის პლატოზე ადამიანი ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში სახლობდა. ლეონტი მროველის ცნობით, ბაზალეთი მოაოხრეს ქართლის მესამე მეფის მირვანის დროს (ძვ.წ. II ს.) ჩრდილოეთიდან შემოსეულმა დურძუკებმა. X საუკუნეში ბაზალეთი და მისი მიდამოები (კერძოდ ლოწობნის ციხე) საცილობელი გახდა აფხაზთა და კახთა სამეფოებს შორის. XIII საუკუნის მიწურულს მონღოლმა სარდალმა ხუტლუბუღამ საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად ბაზალეთიც დაარბია. არაგვის საერისთავოს წარმოშობის შემდეგ ბაზალეთი მისი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებული რაიონი გახდა.

სოფელი ბაზალეთი მდებარეობს მდინარე ტინისხევის მარცხენა ნაპირას, ბაზალეთის პლატოზე, დუშეთიდან 9 კილომეტრზე. სოფლის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. აქ აღმოჩენილია ნეოლითურ სადგომთა ნაშთები. „ქართლის ცხოვრებაში“ ბაზალეთის მხარე მოხსენიებულია ძვ. წ. II საუკუნეში. ლეონტი მროველის მიხედვით, IV საუკუნის მეორე ნახევარში ბაზალეთი ცალკე ადმინისტრაციული ერთეულია. გეოგრაფიული მდებარეობით ბაზალეთსა და ბაზალეთის მხარეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შიდა ქართლზე ბატონობისათვის, ამიტომ იგი ხშირად შინა ომებისა და უცხოელ დამპყრობთა თარეშის ასპარეზი იყო.


1626 წელს ბაზალეთის ტბასთან გაიმართა სასტიკი, სისხლისმღვრელი ომი, ე. წ. „ბაზალეთის ბრძოლა“ - საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ გიორგი სააკაძის ლაშქარსა და ქართველ ფეოდალთა რეაქციულ ძალებს შორის. ფეოდალებს შაჰ-აბასის მიერ ქართლ-კახეთში გამეფებული თეიმურაზ I ედგა სათავეში. ბრძოლამ სასტიკი ხასიათი მიიღო და დიდი ზიანი მიაყენა ორივე მხარეს. გიორგი სააკაძე დაიჭრა და მისი ლაშქარი დამარცხდა. ამ ომის შემდეგ გიორგი სააკაძე იძულებული გახდა გადახვეწილიყო სამშობლოდან, ამჯერად უკვე თურქეთში, სადაც 1629 წელს გარდაიცვალა. 1653 წელს როსტომ მეფემ გადაწვა ბაზალეთი. 1688 წელს იგივე გაიმეორა გიორგი XI-მ. 1743 წელს არაგვის საერისთავოს მიწები, მათ შორის ბაზალეთიც გააუქმეს და სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილეს.


ბაიდარი (მხარე) - ძვ.წყალთაშუა, ისტორიული მხარე ქვემო ქართლში. მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გაშლილ ველს ახლანდელი ბოლნისის რაიონის სოფ.არუხლოს (ძვ.ნახიდური) აღმოსავლეთით. XVII საუკუნეში ირანის შაჰებმა აქ თანდათან ჩამოასახლეს მაჰმადიანი ტომები, რომლებიც ცელკე სოფლებად სახლდებოდნენ და ქართველი მეფის ზმებად ითვლებოდნენ.

ბამბაკი - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე დებედის სათავის მთიან ხეობას. იგი სტრაბონისეული გოგარენეს და სომხური წყაროების გუგარქის ანუ ქვემო ქართლის უკიდურესი სამხრეთი თემი იყო. ძვ.წ. II საუკუნეში გოგარენეს პროვინციას სომხური სამეფო დაეუფლა. მომდევნო ხანაში ბამბაკი ხან სომხეთის, ხან კი ქართლის შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე იგი V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა არ შემოიერთა.

IX - X საუკუნეებში ბამბაკი შედიოდა ჯერ ანისის სამეფოს, შემდეგ კი ტაშირ - ძორაგეტის სამეფოს შემადგენლობაში. მომდევნო საუკუნეებში საქართველოს ფარგლებში იყო. XVII საუკუნის დასაწყისში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ყიზილბაშური ირანის ექსპანსიის შედეგად შეიქმნა თურქმანული პოლიტიკური ერთულები - ბორჩალოს სახანო და ლორის სასულთნო. ბამბაკი ბორჩალოს სახანოს შემადგენლობაში მოჰყვა. XVIII საუკუნის II ნახევარში იგი გამოეყო ბორჩალოს და ჩამოყალიბდა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად - ბამბაკის სამოურავოდ, რომელსაც ქართლ-კახეთის მეფის მიერ დანიშნული ქართველი მოურავი მართავდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ბამბაკი თბილისის გუბერნიის ლორის მაზრის შემადგენლობაშია. XIX საუკუნის II ნახევარში ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის მაზრაში შევიდა.

ბასიანი - პროვინცია ისტორიულ სამხრეთ - დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში (თურქეთის ტერიტორია). სახელწოდებას უკავშირებენ ფასიანების კოლხურ ტომს. სომხეთის სამეფოს წარმოქმნისა და მისი გაფართოების შედეგად (ძვ.წ. II ს.) ბასიანი მის ფარგლებში მოექცა. უფრო გვიან იგი შეადგენდა არარატის სამეფოს ერთ-ერთ გავარს (პროვინციას). 384 წელს რომსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გავლენის სფეროების განაწილების შედეგად ირანის საზღვრებში მოექცა. VII-VIII საუკუნეებში ბასიანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. არაბთა მფლობელობის დასუსტებისა და ქართული სამეფო-სამთავროების გაძლიერების პერიოდში ბასიანი საცილობელი გახდა ბიზანტიისა და "ქართველთა სამეფოს" შორის. მალე "ქართველთა სამეფო" მთლიანად დაეუფლა ბასიანს. X საუკუნის I ნახევარში საზღვარი ბიზანტიასა და "ქართველთა სამეფოს" შორის მდინარე არაქსზე დაიდო და ბასიანის ჩრდილოეთი ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა მფლობელობაში დარჩა. 1001 წელს დავით კურაპალატის მემკვიდეობის გამო ბიზანტიასთან კონფლიქტის შედეგად იმიერ - ტაო და ბასიანი ბთლიანად ბიზანტიელთა მფლობელობაში გადავიდა. ქართველები დაჟინებით ცდილობდნენ ბასიანის დაბრუნებას ბიზანტიელთაგან, შემდეგ თურქ - სელჩუკთაგან. XII საუკუნიდან ბასიანი კვლავ ფეოდალური საქართველოს მონარქიის ფარგლებში შედიოდა. 1203 წელს ბასიანში ქართველთა ლაშქარმა სძლია თურქ - სელჩუკებს. 1545 წელს ბასიანი ოსმალებმა მიიტაცეს. XVII საუკუნიდან იგი არზრუმის ვილაიეთის ერთ - ერთი სანჯაყია.


ბორჩალო - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე იყო. სახელწოდება მომდინარეობს დებედის ხეობაში XVII ს-ში ჩამოსახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან. 1604 წელს შაჰმა აქ სახანო შექმნა, რომელიც XVIII ს-ში ქართლს დაუბრუნდა. 1880 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ბორჩალოს მაზრა ცენტრით დაბა შულავერში. იგი მოიცავდა წალკის, მანგლისის, თეთრი წყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის ტერიტორიას, აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონს.


გაგი (პროვინცია) - ისტორიული პროვინცია (სანაპირო) საქართველოში, ცენტრი გაგის ციხე. გაგი დაახლოებით ემთხვეოდა ძველი გარდაბნის პროვინციას და XIII საუკუნის დასაწყისისათვის მოიცავდა ტერიტორიას მდინარე დებედიდან ქ.შამქორამდე (აზერბაიჯანი), მდინარე მტკვარსა და განჯის მთებს შორის. გაგის პროვინციაში მოხდა საქართველოს ლაშქრის პირველი ბრძოლა მონღოლებთან, რომელთაც მალე გაგის ციხე დაიკავეს.

გარეკახეთი - ისტორიული სამხრეთ - აღმოსავლეთი მხარე, მდინარე ივრის შუა დინებაზე, ერწოდან ქიზიყამდე. ტერიტორიულად დაახლოებით ემთხვევა ახლანდელი საგარეჯოს რაიონს.


გაღმამხარი (კახეთი)  - ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ "გაღმამხარი" იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ - ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გაღმამხარის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან - შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონომიურმა განვითარებამ განაპირობა გვიანი ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრის გაღმამხარში (გრემში) გადანაცვლება. XVII - XVIII საუკუნეებში გაღმამხარის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმინისტრაციული - ტერიტორიული დაყოფით გაღმამხარი მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის რაიონების ტერიტორიას.


გაღმამხარი (ქართლი) - ისტორიული მხარე ქართლში. სახელწოდება გვხვდება გვიანდელი ფეოდალური ხანის საბუთებში. ზოგი მკვლევრის აზრით, გაღმამხარი ეწოდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირს ტაშისკარიდან მცხეთამდე, ზოგის აზრით კი - გვიანდელი ფეოდალური ხანის სათავადოს - საციცინოს. ქართლის მოსახლეობა დღეს გაღმამხარს უწოდებს ისტორიული საციცინოს ტერიტორიას.


გაჩიანი - ქალაქი და მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ვახუშტის (XVIII ს.) მიაჩნდა, რომ იგი მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ქართველთა ლეგენდარულმა მამამთავარმა ქართლოსმა თავის ერთ-ერთ ძეს, გაჩიოს მისცა ქალაქი სამშვილდე და ქვემო ქართლის ნაწილი მდინარე ვერიდან მოყოლებული აბოცის მთამდე. გაჩიოს აუშენებია ქალაქი გაჩიანი, რომელსაც ძველად სანადირო ქალაქი ერქვა. გაჩიანის მხარე, ანუ სამშვილდის საერისთავო, ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანაპირო საერისთავო იყო. X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი ქალაქ გაჩიანს ვრაცდაშთში ("ქართველთა ველში") ათავსებდა და იგი ცურტავის მერმინდელ სახელად მიაჩნდა. გაჩიანის მხარე ანუ სამშვილდის საერისთავო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირა საერისთავო იყო.

გუდამაყარი -  აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ - ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა.

გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ - ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა - მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში, გუდამაყრის საკრებულოში.


გუჯარეთი - (მხარე  აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბორჯომის რაიონის ტერიტორიის ნაწილი. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (კოლხური ცულის ყალიბი, ზოდები, თოხები) დასტურდება, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ ბრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული, ისტორიულ წარსულში გუჯარეთი შედიოდა თორის მხარეში. მონღოლთა ბატონობის პერიოდიდან დაკნინდა. XIV საუკუნეში სამეფო მამული იყო. XV საუკუნიდან ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. XVI საუკუნის ბოლოს გუჯარეთი ოსმალებმა დაიკავეს. მათი მფლობელობის პერიოდში ამ მხარის მოსახლეობა თითქმის მთლიანად შიდა ქართლში გადასახლდა. ოსმალთა განდევნის შემდეგ, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ამ მხარის ხელახალი დასახლება. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან აღსანიშნავია უზნარიანის, თოთხამის, მომწვარასი და სარბიელას ციხეები, ტიმოთესუბნის, დაბის, მაღალჯვარისა და სხვა მრავალი დიდი თუ მცირე ეკლესია - სამლოცველო და გამოქვაბულ - სახიზარი. გუჯარეთზე გადიოდა გზები, რომლებიც ჯავახეთსა და თრიალეთს შიდა ქართლთან აკავშირებდა.


დვალეთი - ისტორიული მხარე შუა საუუნეების საქართველოში, ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) მოხსენიებული აქვს დვალეთის ხევები: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსი მაღრანდვალეთი. ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ.წ. IV - ძვ.წ. III სს.) დროიდან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა - გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო "გზა დვალეთისა". საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (დვალები) კი, თავის მხრივ მასობრივად გადმოდიოდა კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე.

დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა - კასრის - კარმა და ხილკამ; ზროგოსა და მამისონის ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.


დიღმისხევი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი; ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთული შუა საუკუნეების საქართველოში. ცენტრი - დიღომი. დიღმისხეში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა; ხევის ქვედა ნაწილი - დიღმის ველი მეფეთა სანადირო ადგილი იყო. იყენებდნენ აგრეთვე საძოვრად. დიღმისხევის მიწებზე სახლობდნენ სამეფო კარის, საეკლესიო და სათავადო გლეხები. სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თბილისს მომდგარი მტერი ჩვეილებრივ დიღმისხევის მიდამოებში ბანაკდებოდა. IX-XI საუკუნეებში დიღმისხევი თბილისის საამიროს ტერიტორიის ნაწილი იყო. დიღმისხევის ტერიტორიაზე მიკვლეულია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი.

დმანისხევი - დბანისხევი, ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი, აღმოსავლეთ - ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ახლანდელი ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე, მაშავერის ხეობის ადრინდელი სახელწოდება.

ელისენი - ენისელი, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი. მოიცავდა მდინარეებს ბელაქნისწყალსა, გიშისწყალსა, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწებს (XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან საზღვრის ერთმა მხარემ გიშისწყლიდან ქურმუხისწყალზე გადაინაცვლა, რადგან აქ ამ დროისათვის ძირითადად უკვე ლეკი მოსახლეობა იყო). სახელწოდებას უკავშირებენ მისიონერ ელისეს, რომელიც, სომეხი ისტორიკოსის მოვსეს კალანკატვაცის (X ს.) ცნობით, ახ.წ. I საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ქრისტიანობას ქადაგებდა. V საუკუნიდან ელისენი ჰერეთის საერისთავოს ნაწილს წარმოადგენდა და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნეში ერისმთავარი არჩილი ამ ტერიტორიაზე კულტურულ აღმშენებლობას ეწეოდა. XI საუკუნეში, კახეთის საერისთავოებად დაყოფის დროს, ელისენი მაჭის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. XV საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე გიორგი VIII-მ აქ სამოურავო შექმნა. XVI საუკუნიდან ელისენში დაღესტნიდან გადმოსული ლეკი მოახალშენენი სახლდებიან. მხარის ნაწილობრივმა ეთნიკურმა ცვლილებამ ელისენს არ დაუკარგა ადრინდელი პოლიტიკური შინაარსი, იგი კვლავინდებურად ქართველი მეფეების ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XVII საუკუნის დასაწყისში ელისენის აღმოსავლეთი ნაწილი ახლად წარმოქმნილი მაჰმადიანური პოლიტიკური ერთეულის ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში მოექცა. კახეთში ყიზილბაში ხანების მმართველობის ხანაში (1677 - 1703) მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, როგორც კაკში, ისე ელისენში ლეკი მოახალშენენი უკვე კომპაქტურად სახლდებოდნენ, მკვიდრ ქართულ მოსახლეობაში კი დაიწყო იძულებითი გამაჰმადიანების პროცესი. 1803 წლიდან ელისენი ჭარ-ბელაქნის "თავისუფალ თემებთან" ერთად დამოკიდებული გახდა რუსეთის იმპერიაზე. 1830 წლიდან კი საბოლოოდ შევიდა მის შემადგენლობაში როგორც ჭარ-ბელაქნის ოლქის (შემდგომში ოკრუგის) ნაწილი. 1921 წლიდან ისტორიული ელისენი დანარჩენ საინგილოსთან ერთად აზერბაიჯანის ფარგლებშია.

ერუშეთი -  ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, არტაანის ჩრდილოეთით (ახლანდელი თურქეთის საზღვრებში). მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიცის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.). შემდგომში (V ს.) ვახტანგ გორგასალს აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. XVI საუკუნიდან ერუშეთი სამხრეთ საქართველო სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877 - 1878 წლების ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) და ბერლინის კონგრესის (1878) თანახმად, ერუშეთი რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდგომში მას კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. XIX საუკუნის დასასრულს ერუშეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა ე.თაყაიშვილმა. მიკვლეულ იქნა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც.

ერწო - თიანეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდ.ივრის ზემოთის ზეგანს (თიანეთის რაიონი). ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ორ ცალკეულ ისტორიულ - გეოგრაფიულ რეგიონს - ერწოსა და თიანეთს. მათ ერთობლივი ისტორიული განვითარებისა და მჭიდრო კავშირის გამო ისინი უძველეს წყაროებშივე ერთად მოიხსენიებიან. ერწო - თიანეთი ადმინისტრაციულად კახეთის საერისთავოში შედიოდა. ქართული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელი ნინო აქ ქრისტიანობას ქადაგებდა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ერწო - თიანეთს დიდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო მაგისტრალისა, რომელიც ქართლის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს ალბანეთთან (კავკასიისა) და სომხეთთან აკავშირებდა. გარკვეულ პერიოდში თიანეთი იყო პლაცდარში, საიდანაც ქართლის სამეფო პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას ახდენდა კავკასიის მთიანეთზე. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლაში "აფხაზთა მეფეები", პირველ რიგში, თიანეთის დაპყრობით ცდილობდნენ კახეთი თავიანთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექციათ. XIII საუკუნეში ერწო-თიანეთი არაერთხელ დალაშქრეს მონღოლებმა. XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, ერწო - თიანეთი კახეთის სამეფოს ერთ - ერთი სამოურავო გახდა. იგი ხშირად საცილობელი ტერიტორიაა კახეთის სამეფოსა და არაგვის საერისთავოს შორის. ფშავ - ხევსურეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები ძირითადად ერწო - თიანეთთან იყო დაკავშირებული, ამიტომაცაა იგი ძირითადად მთიელი ქართველებით დასახლებული. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით ერწო -თიანეთი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის რაიონში.


ზემო ქართლი - ასე ეწოდებოდა XVI საუკუნემდე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს — მტკვრის ზემოთს ტაშისკარიდან მდინარე მტკვრის სათავემდე და ჭოროხის აუზის ზემო წელს. ეს ტერმინი წყაროში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, მაგრამ გაცილებით ადრინდელი უნდა იყოს. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ზემო ქართლი ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის ქართლოსის უფროსი ძის მცხეთოსის შვილების ოძრხოსის და ჯავახოსის წილხდომილი მხარეა. იგი მესხების და ჯავახების თავდაპირველი განსახლების ტერიტორიაა. ანტიკური წყაროების მიხედვით (სტრაბონი), ამ ტერიტორიას "მოსხიკე" (ქართულად: მესხეთი) ეწოდებოდა.

ზემოქართლში შედიოდა შემდეგი ერთეულები: სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი და კოლა — მტკვრის ზემო წელზე: კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი - ჭოროხის ზემო წელზე. VIII-IX საუკუნეებში ზემო ქართლის ტერიტორიზე ჩამოყალიბდა ქართველ ბაგრატიონთა საკურაპალატო (IX საუკუნის დასასრულიდან - სამეფო). XII-XIII საუკუნეებში ამ მხარის ფეოდალური მფლობელები იყვნენ თორელები, ჯაყელები, ფანასკერტელები. XV საუკუნის II ნახევარში ჯაყელების საგვარეულოს მეთაურობით ზემო ქართლი დამოუკიდებელ სამთავროდ (სამცხე - საათაბაგო) ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრიც ახალციხე იყო. XVI საუკუნეში ეს ტერიტორია თანდათან ოსმალეთმა დაიპყრო და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული - ახალციხის საფაშო შექმნა. XVI საუკუნიდან ასე ეწოდებოდა ძვ.შიდა ქართლის ტერიტორიას, უფრო მის ჩრდილოეთ - დასავლეთ ნაწილს. ვახუშტის მიხედვით XVIII საუკუნეში შიდა ქართლი შეადგენდა მეორე სასპასპეტოს, რომლის ცენტრი გორი იყო.

ზენა სოფელი - ისტორიული მხარე ქართლში გვიანდელი შიდა ქართლის ნაწილი. მოიცავდა მდ.მტკვრის შუა წელის აუზს, რომელსაც აღმოსავლეთიდან მდ.არაგვი და არმაზის ხევი ესაზღვრება, დასავლეთიდან - ლიხის ქედი, სამხრეთიდან - თრიალეთის ქედი, ჩრდილოეთიდან - კავკასიონი.

თაკვერი - ისტორიული მხარე საქართველოში. პირველად დამოწმებულია VII საუკუნის ანონიმურ სომხეთის გეოგრაფიაში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სახელწოდება "თაკვერი" ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელი რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნელობით - ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და მდინარე ლაჯანურის (რიონის შენაკადი) ხეობას შორის მდებარე ტერიტორიას. შუა ფეოდალურ ხანაში სახელწოდება "თაკვერს" მხოლოდ მეორე მნიშვნელობით ხმარობდნენ. XI საუკუნეში თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავის საგამგეოში იყო. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში შედიოდა.

თორთომი - თორთუმი, პროვინცია ისტორიულ საქართველოს სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ცენტრი თორთომის ციხე (ნანგრევებიღაა შემორჩენილი მდ.თორთომის შუა წელზე). მოიცავდა მდ.ოლთისის (თურქ.ოლთუჩაი) შენაკად მდინარე თორთომის (თურქ.თორთუმჩაი) ხეობას. თორთომი ტაოს მხარეში შედიოდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა იშხნის ეპისკოპოსს. აქ იყო ქართული კულტურის მძლავრი კერები - ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თორთომს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრეთიდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII საუკუნეში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები. შემდგომში თორთომი სამცხე - საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI საუკუნეში მას საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.

თორი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII - XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.



თრიალეთი (მხარე) - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა, ქვემო ქართლის ნაწილი. წყაროებში პირველად მოიხსენიება I საუკუნეში რომაელ ავტორ პლინიუს უფროსთან. მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს (ახლანდელი წალკისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე). სხვადასხვა პერიოდებში შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების (სამშვილდის და კლდეკარის საერისთავოები, თბილისის საამირო და სხვა) შემადგენლობაში. XIII საუკუნიდან მოყოლებული თანდათან დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. XIX საუკუნეში მათ ადგილზე თურქეთიდან დევნილი სომხური და ბერძნული მოსახლეობა მოვიდა. თანამედროვე შინაარსით ტერმინი "თრიალეთი" გულისხმობს ქვემო ქართლის მხარის წალკის რაიონის ტერიტორიას.


თუშეთი  - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი - გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა - პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი "მთათუშეთი" არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.


კამბეჩოვანი -  კამბეჩანი, კამბეჩიანი (სახელწოდება წარმოდგება კამეჩ - კამბეჩისაგან), მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, კახეთში, მოიცავდა ტერიტორიას მდ.ალაზნის ქვემოწელსა და მდ. მტკვარს შორის. ცენტრი ხორნაბუჯი, ანტიკურ წყაროებში მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს.) როგორც კამბისენე. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში კამბეჩოვანი ალბანურ ტომთა კავშირის გაერთიანებაში შედიოდა. აქ ერთმანეთს ემიჯნებოდნენ იბერიელები (აღმოსავლეთ ქართველები), ალბანელები და სომხები. კამბეჩოვანის გამო ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები. V საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კამბეჩოვანი მკვიდრად შევიდა ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში. VI საუკუნეში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, კამბეჩოვანი სპარსელთა მოხელეს ემორჩილებოდა. VII საუკუნის შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან კამბეჩოვანი ჰერეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, კახეთის სამეფოს საერისთავო გახდა. XII საუკუნეში გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოში კამბეჩოვანი ერთ - ერთი სანაპირო საერისთავოა. XIII საუკუნის დასაწყისში იგი რამდენიმეჯერ ააოხრეს ხვარაზმელებმა, შემდეგ - მონღოლებმა. XV საუკუნის ბოლოდან ისტორიული კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება.


კანგარი - ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენეს) უკიდურესი სამხრეთი მხარე. მოიცავდა მდინარე დებედის (ქურდვაჭრისხევის) სათავეებში მდებარე ტერიტორიას (სომხეთი). კანგარის უძველესი ცენტრი უნდა ყოფილიყო დაბა გოგარანი (ახლანდელი გუგარქი). V საუკუნის 80-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასალი ქართლის ლაშქრით აქ შეხვდა მსხვილ სომეხ ნახარარს (ფეოდალს) ვაჰან მამიკონიანს, სპარსელებთან ერთობლივი ბრძოლის წინ.

კლარჯეთი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე. სახელწოდება მომდინარეობს დაბა კლარჯეთიდან. მასში შედიოდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის და სხვა ხევები (საკუთრივ კლარჯეთიც თავდაპირველად ხევი იყო). კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნეში არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (|V ს.) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია - მონასტრები, დაარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. XVI საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია - მონასტრებით, რომელიც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.


კოლა - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს მტკვრის სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება კოლხას ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ - ქართული იქნებოდა. ძვ.წ. IV საუკუნეში შედიოდა წუნდის საერისთავოში, ძვ.წ. II-I სს-ში სომხეთის სამეფოს მფლობელობაშია, ახ.წ.-ის I-II სს-ში - იბერიაში. შემდეგ V საუკუნემდე კვლავ სომხეთს ეკუთვნის. IX-XI სს-ში ქართველთა საკურაპალატოშია, XVI ს-დან ოსმალეთის მიერაა მიტაცებული. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია. ასევე არსებობს თხზულება კოლაელ ყრმათა წამებაზე.



კოლბოფორი - ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენე), კერძოდ, გარდაბნის პროვინციის ერთ-ერთი მხარე, მოიცავდა მდინარე ინჯა-სუს ხეობას (სომხეთი), ცენტრი - დაბა კოლბი (ახლანდელი სოფ.კოხბი). სოფლის მახლობლად არის ციხის (ვარაუდით, შუა საუკუნეების კაიწონის ციხე) ნანგრევები.

კუხეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარეების არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. ცენტრი ქ.რუსთავი. ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც - კაწარეთი და ბოდბე. გადმოცემით, მეფე ფარნავაზ I-ის (ძვ.წ. III ს.) დროს კუხეთი კახეთთან ერთად ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. შემდგომშიც იგი ადმინისტრაციულად კახეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა, გარკვეულ პერიოდებში ცალკე საგაგებლოდაც ჩანს. VIII საუკუნის 80-იან წლებში კუხეთი, როგორს საერისთავო, ახალწარმოქმნილ კახეთის სამთავროში შევიდა. არის მონაცემები, რომ X-XI საუკუნეებში კუხეთის ნაწილი ქ.რუსთავიანად თბილისის საამიროში შედიოდა. კუხეთი წყაროებში უკანასკნელად მოიხსენიება XII საუკუნეში, ამჯერად - როგორც გეოგრაფიული ცნება. XV საუკუნის ბოლოს კი ყოფილი კუხეთის ტერიტორია უკვე კახეთად იწოდება. გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ კაწარეთში მოაქცია ქრისტიანობაზე კუხელები. გადმოცემითვე წმ.ნინო ბოდმის მონასტერშია დაკრძალული.

Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment