მიხეილ ქურდიანი

"მე ვიცი, როდესაც ადამიანს უყვარს, თვალები დახუჭული აქვს და მაშინ ძალიან ადვილია ტკივილი მიაყენო, ამისთვის იარაღიც არ არის საჭირო, ამის გაკეთება შეიძლება მოუზომავი სიტყვით, საქციელით, ჟესტით, გადაწყვეტილებით, დაუნახაობით და ა.შ. და არა მარტო განგებ, უნებურადაც..." - ამონარიდი მიხეილ ქურდიანის წერილებიდან




მიხეილ ქურდიანი - ქართველი ფილოლოგი (ლიტერატორი, ენათმეცნიერი), მწერალი, მთარგმნელი, პოეტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემისს აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე; ადამიანი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ და მსოფლიო მეცნიერებაში. 

იგი  1954 წლის 1 იანვარს ქ. თბილისში დაიბადა. 1976 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1977 წელს – ხელოვნების ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.

1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - “ქართული ავანგარდიზმი”, ხოლო 1998 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საერთო ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსთწყობის ზოგადლინგვისტური თეორია”, რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ერთდროულად, როგორც ენათმეცნიერებაში, ასევე ლიტერატურათმცოდნეობაში. 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და გამოყენებითი ლინგვისტიკის სპეციალობით.

თსუ-ში მოღვაწეობა მან 1997 წლიდან დაიწყო. იგი ფილოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. 2006-2010 წწ. გახლდათ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1993-1994 წლებში იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1994-2001 წლებში ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგე.

მიხეილ ქურდიანის სამეცნიერო ინტერესის სფერო იყო: ზოგადი ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ზოგადი ლიტერატურათმცოდნეობა, ლექსთმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ეთნოგრაფია და ეთნოლოგია, ცივილიზაციათა დიალოგი, თეოლოგია.

ფლობდა 14 ენას, მათ შორის იბერიულ-კავკასიურ, სემიტურ, ინდო-ევროპულ და ძველი აღმოსავლეთის მკვდარ ენებს. გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი. 2007 წელს მიხეილ ქურდიანის ავტორობით გამოიცა სქელტანიანი, 1040 გვერდიანი, ფუნდამენტური მონოგრაფია სახელწოდებით - “იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები”. მასში ავტორი სერიოზული ლინგვისტური არგუმენტების მოხმობით უბრუნდება იბერიულ-კავკასიურ ენათა გენეტიკური ერთიანობის თეორიას და ივანე ჯავახიშვილისა და არნოლდ ჩიქობავას ლოგიკის კვალს მიჰყვება.

მიხეილ ქურდიანი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი (1987 წ.), გახლდათ დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1990-1994 წწ), რომლის სახელსაც უკავშირდება 3 მარტის დედის დღედ დაწესება. იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და შემდეგ პრეზიდენტი (2007 წ.). იყო საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (2003 წ).

მიხეილ ქურდიანი ევროპასა და ამერიკაში “წლის ადამიანად” 1999 წელს აღიარეს. კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მას “წლის საერთაშორისო ადამიანის” წოდება მიანიჭა. მიხეილ ქურდიანის ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯში მომზადებულ ენციკლოპედიაში _ “XX საუკუნის გამოჩენილი ადამიანები”.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობების შემდეგ გავეცნოთ ამონარიდებს მისი წერილებიდან და მისი კოლეგების მოგონებებს. 

აფხაზეთის ომში

 მიხეილ ქურდიანი აქტიური სამეცნიერო ცხოვრების დაწყებამდე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო და იბრძოდა აფხაზეთის ომში. აი რას წერს იგი ამ ომის შესახებ:

"1993 წლის სექტემბერში მე ყველა სურვილი სოხუმთან ერთად დავკარგე. მე 9 თვე ვიბრძოდი რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთისთვის და ეს ომი დაუმარცხებლად წავაგე. არცერთი სანტიმეტრი ქართული მიწისა ჩვენთვის მტერს არ წაურთმევია ბრძოლაში - ყველა ტერიტორია უბრძოლველად გვაქვს დატოვებული, სარდლობის ბრძანებით. ასევე ხელისუფლების ღალატის გამო დავთმეთ სოხუმიც. მე ამ ომმა თვალნათლივ დამარწმუნა, რომ ქართველი ჯარისკაცის დამარცხება მხოლოდ საკუთარ მთავრობას შეუძლია." 

"სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ უკანასკნელი სურვილი რევანშისა გაქრა, მე უკვე "ცოცხალი მოკლული" გავხდი და რაკი საკუთარი სურვილები აღარ მქონდა, სხვათა სურვილების ამსრულებლად ვიქეცი. მთხოვეს დამეცვა საკანდიდატო დისერტაცია და დავიცავი, მთხოვეს დამეცვა სადოქტორო დისერტაცია და დავიცავი..." ამონარიდი მიხეილ ქურდიანის წერილიდან სოფოსადმი. 

კოლეგები მასზე

„მიშა მთელი ცხოვრება ძიებაში იყო – მეცნიერებაში, მეგობარში, ქალში, სიყვარულში. ყოველთვის აღტაცებული იყო სიცოცხლით და თუ უყვარდა, თავდავიწყებით და სიგიჟემდე. ქალების მიმართ უსაზღვროდ დელიკატური იყო, გალანტური და სასიამოვნო მოსაუბრე. კოლეგებთან მხოლოდ კოლეგიალურ ურთიერთობას არ ამყარებდა. თუმცა, ჩვენთვის, როგორც ლინგვისტებისთვის, უდიდესი დანაკარგია, რადგან მიშას ყველა საკითხზე თავისი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. სტუდენტებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მის ლექციებზე არ იყო საათისა და დროის შეგრძნება. ყველა საკითხს განიხილავდა ისე ადვილი ენითა და სიცხადით მოწოდებულს, რომ ეს ცალკე ხელოვნება იყო. იყო არაჩვეულებრივი ორატორი, მასში ყოველდღე ახალი სიცოცხლე სუფევდა. სამყაროში ყველა მოვლენას ენობრივი კუთხითა და ენის ფილოსოფიით აღიქვამდა, ფართო ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა. საოცარი ადამიანი იყო, რომლის მსგავსი ჩვენს სივრცეში ვერც წარმომიდგენია, კოლეგიალური და ამავე დროს მეგობრული, წამიერად აბამდა გულიდან გულში ძაფს, ყველა ადამიანს უპოვიდა დადებითს და იმ დადებითით ხედავდა,“– იხსენებს ცირა ბარამიძე.

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ბატონი მიშას გახსენება ცრემლების გარეშე ყველას უჭირს, რადგან ის იყო არა მარტო დიდი მეცნიერი, არამედ დიდი მეგობარიც. როცა ინსტიტუტში მოდიოდა, კართან დადგებოდა და დაიძახებდა: არნოლდ ჩიქობავა სახლშია? კარი გამიღეთო – იხსენებენ მეგობრები. როცა პროფესორი თამარ უჯუხუ ჩერქეზეთიდან თბილისში ჩამოვიდა, 16 წლის იყო. მიხეილ ქურდიანი ერთ–ერთი პირველი გაიცნო. კავკასიის მთების ორი ეთნოსის შვილმა ერთმანეთს და–ძმობა შეჰფიცეს. ის იყო ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი, მჭევრმეტყველი – იხსენებს ქალბატონი თამარი ახალგაზრდა მიხეილს. „არ ვიცი როგორ გებულობდა , მაგრამ მიშა ყველაზე რთულ მომენტშიც ჩემს გვერდით ჩნდებოდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემი შვილიშვილი ექიმთან პირველად რომ მიგვყავდა, მიშა მოვიდა ექიმებთან, ყველაფერი მან გაარკვია და ტაქსით სახლში გამოგვიშვა, სადილადაც არ გამოგვყვა – სხვაგან მეჩქარებაო...“ 

კოლეგებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში კონფერენციებზე წასვლა ხშირად უწევდა. ის ყველას ეიმედებოდა, განსაკუთრებით კავკასიელებს. გადამწყვეტ სიტყვას მაშინ ამბობდა, როცა საჭირო იყო, ნებისმიერ ფორუმზე მისი გამოსვლა განსაკუთრებული იყო, რადგან ყოველთვის საფუძვლიანი არგუმენტები ჰქონდა. მიშა იყო ადამიანი, რომელიც არასდროს იცვლებოდა სიტუაციების მიხედვით, – იხსენებს რეზო აბაშია. „ის ყველასათვის, ყველა საზოგადოებაში მისაღები პიროვნება იყო და არავის ეზედმეტებოდა. ის იყო ცნობილი თამადა, რომელიც ღვინოს არასდროს სვამდა და არ მახსოვს, მეორე სუფრაზე იგივე განმეორებულიყო. ამავე დროს იყო ყველაზე დიდი ოპონენტი დისერტაციის დაცვაზე, რადგან ის უნიჭიერესი მეცნიერი იყო და მის სიტყვას ყოველთვის დიდი ფასი ჰქონდა. თუმცა, სულ ამბობდა ჩემს მეგობრებს იმიტომ არ შურთ, რომ ჩემზე ნიჭიერები არიანო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიყავით მასზე ნიჭიერნი, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ის ბედნიერი იქნებოდა ამით."


„შვილებისათვის დაწერილ ლექსში გამარითმინე სამშობლო და თავისუფლება“

ხუთ შვილსა და ოთხ შვილიშვილს მოესწრო. ორი ტყუპი შვილიშვილი მისი გარდაცვალების მერე დაიბადა. ამბობდა, მუხა მუხაში მეორდება და არა რკოშიო, ამიტომ შვილიშვილი ყოველთვის მეორდება ბაბუაშიო. 

ლევან ქურდიანი, უფროსი შვილი:  "მამასთვის ღირსება უმთავრესი მცნება იყო, ის ცდილობდა, დაეცვა ყველაფერი რაც მისი იყო. დაეცვა საკუთარი ოჯახი, ქვეყანა და ის დიდი ოჯახი, რომელსაც იბერიულ–კავკასიური ოჯახი ერქვა. მას ვერ წარმოედგინა, თუ როგორ არ უნდა დაეცვა ის, რაც მას ჩააბარეს, ამის გამო წავიდა აფხაზეთშიც. წუხდა, თუ ამ ოჯახის შვილი უღირსი აღმოჩნდებოდა. მამას მთავარი თვისება კი სიტყვის სიყვარული იყო, სწორედ სიტყვის სიყვარულმა მიიყვანა თავის მეცნიერებასთან, მას შეეძლო, ღამეები გაეტარებინა სიტყვასთან ჭიდილში, ამ ჭიდილის მერე კი იყო განცდა, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც ყოველივე ამის მერე რაღაც ან ვიღაც იხილა... "

სიყვარული ყველგან და ყველაფერში...

შეიძლებოდა, ერთი დღით ეცხოვრა და ისე, როგორც მას მიაჩნდა საჭიროდ. ყველასა და ყველაფერში სიყვარულს დებდა და თავადაც იგივეს ითხოვდა. სიყვარულიც ისეთივე უსაზღვრო იცოდა, როგორიც მისი ცხოვრება იყო. მეუღლე სოფიკო ლობჟანიძე ტაო–კლარჯეთში სამეცნიერო ექსპედიციის დროს გაიცნო და როგორც შემდგომ ამბობდა, მაშინვე შეუყვარდა. სადოქტორო დისერტაციაზე გერმანიაში წასულ სოფიკოს ყოველდღე წერდა სასიყვარულო ლექსებსა და წერილებს. წელიწადნახევარი დასჭირდა, სანამ საყვარელი ქალის გულს მოინადირებდა. შემდეგ კი ამბობდა, ჩემი სიყვარული საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე ვიპოვეო.

„წინააღმდეგობებით სავსე იყო, უცებ შეიძლებოდა რაღაცნაირი ყოფილიყო და მეორე წამში განსხვავეული. ხან ბავშვური იყო, ხან ორდინალური, ხან ჩვეულებრივი, ხან მხიარული და ხან საოცრად სევდიანი,“– იხსენებს ქალბატონი სოფიკო. „უამრავი მეგობარი ჰყავდა , მათ შორის ბევრი უცნაური ადამიანი, მეგობრები ყველა სფეროში ჰყავდა , ისინი რაღაცნაირად მარკირებული იყვნენ. როცა კარგ განწყობაზე დადგომა სურდა, მერაბ ბაბუხადიასთან მივდიოდით, ავთანდილ არაბული თავისებურად უყვარდა , ნუგზარ ბაბუციძე კი მისთვის სხვანაირი ავტორიტეტი იყო, ყველას თავისებურად აღიქვამდა.“

საყვარელი კავკასია და შეუფასებელი ნაშრომი

როცა მიხეილ ქურდიანზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მისი დიდი და უსაზღვრო სიყვარული კავკასიასა და კავკასიელი ხალხებისადმი. მათ სხვანაირი საზომით უყურებდა, ყველა ხალხში ნამყოფი იყო და ყველა ეთნოსს ზედმიწევნით იცნობდა თავისი ქცევებით. კავკასიელების სიყვარულით ზოგჯერ მეცნიერულ პრინციპსაც თმობდა. იგი კავკასიელი ხალხების სიმბოლო იყო.

ცირა ბარამიძე: “მიხეილ ქურდიანის ბოლო ნაშრომის “იბერიულ–კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლების“ გამოსვლა იყო უდიდესი მოვლენა კავკასიურ ენათმეცნიერებაში, ეს წიგნი არის დაგვირგვინება არნოლდ ჩიქობავას 50–წლიანი მუშაობის, ეს არის შემაჯამებელი ნაშრომი, რომელსაც კავკასიოლოგია ამდენ ხანს ელოდა, ამ თვალსაზრისით უნიკალურია და ანალოგი არ აქვს."


უცნაური წინასწარმეტყველება

თითქოს იცოდა, რომ მალე წავიდიდა. დაუღალავად შრომობდა საავადმყოფოში დაწოლამდე. სურვილებს ანდერძად უტოვებდა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. არასდროს ღალატობდა იუმორის გრძნობა, მისი იუმორი მწარე წინასწარმეტყველება აღმოჩნდა...

რეზო აბაშია: "ხუთი წლის წინათ მიშამ წონაში საგრძნობლად დაიკლო, ვკითხე, ცუდად ხომ არ ხარ მეთქი? არაო, საგანგებოდ გავაკეთე ასეო, რომ გარდავიცვლები ჩემმა მეგობრებმა ჩემი კუბო ადვილად რომ აწიონო, სამწუხაროდ, მისი სიტყვები ახდა..."

ქალბატონ ცირას ბარამიძეს სხვანაირი მიშაც ახსოვს. რაღაცნაირად ჩაფიქრებული, რომელსაც ხშირად ჰქონდა ზოგადფილოსოფიური მარტოობის განცდა, ასეთი ავადმყოფობამდე რამდენიმე დღით ადრეც ნახა. „ოთახში შემოვიდა და დაჯდა, რაღაც უნდა გითხრაო. მაცალე, ბევრი საქმე მაქვს–მეთქი, ვუთხარი, სამჯერ გამიმეორა და ინანებო მითხრა, იქნებ ორი თვის მერე მოვკვდე და ეს თხოვნა უნდა შემისრულოო, მე კი ვერ მოვუსმინე, ვიფიქრე, ეტყობა, ცუდ გუნებაზეა და ეს მის მორიგ ლირიკულ გადახვევად ჩავთვალე. ახლა კი ძალიან ვნანობ, იქნებ, რის თქმას აპირებდა, ალბათ, ეს მის გულში დაფარული ფილოსოფიური განცდა იყო, რომელიც სამუდამოდ წაიყოლა“...

და ბოლოს

სამთავროს მონასტერში ოჯახთან ერთად ხშირად დადიოდა. ერთხელ მეუღლესთან, სოფიკო ლობჟანიძესთან, ერთად ჩასული, მორის ფოცხიშვილის საფლავთან მივიდა და თქვა: რომ ვიცოდე, ჩემზეც ესეთი წყალობა იქნება,რომ აქ მექნება საბოლოო განსასვენებელი , დღესვე დავთმობდი სიცოცხლესო. მერე უკან მდგარ მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა: შენც დაგთმობდი ჩემო სიცოცხლეო. მალე მიხეილ ქურდიანი გარდაიცვალა. როცა მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ, მეცნიერის სურვილის შესახებ გაიგო, ბრძანა, მიხეილ ქურდიანი ყველაფერს იმსახურებს, დაიკრძალოს იქ, სადაც მას სურდაო.

ფილმი: "როცა კაცს უყვარს"






წყარო
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment