კავკასიური იარაღი

კავკასიის ომმა უჭკნობი დიდებით შემოსა ორივე მეომარი მხარე. სიმტკიცე, სიმამაცე, თავდადება, ამაღლებული გმირობის უმაღლეს საფეხურამდე, იყო დამახასიათებელი “კავკასიელთათვის” როგორც რუსულ ჯარში, ისე მთიელებში.

უახლეს ისტორიაში ძნელი საპოვნია კავკასიის ომის სადარი ეპოპეა.

ეს ომი განპირობებული იყო მოწინააღმდეგეთა პიროვნული თვისებებით, რამეთუ, რომ არა მთიელთა ის მაღალი აღმაფრენა, რომლითაც მზად იყვნენ ყოველ წუთს აღმდგარიყვნენ თავიანთი მბრძანებლის მოწოდებაზე, მათ რუსები შეტაკების პირველსავე წელს გასრესდნენ და ომი 60 წელიწადს არ გაჭიანურდებოდა.

მათ განკარგულებაში კი ძალზედ მარტივი იარაღი იყო. მთელი ბრძოლა, ძირითადად, ცივ იარაღზე გადადიოდა – შაშკასა და ხანჯალზე.ცეცხლსასროლი იარაღი, თოფი, დასამუხტი მოწყობილობის თავისებურების გამოისობით, ერთობ მოუხერხებელი გახლდათ.

იარაღს მთიელნი დიდ ყურადღებას აქცევდნენ. კარგი იარაღის დამზადების წესი მთიელ ოსტატთა საიდუმლოებას წარმოადგენდა და კარგი შაშკა და ხანჯალი ძვირადაც ფასობდა.

კავკასიური “შაშკა” მოსევადებული ვერცხლის დეტალებით.


ცივ იარაღს ცალკეული ოსტატები ამზადებდნენ და თუმცა ამ ტიპის დიდი საამქროები არ არსებობდა, არსებობდნენ მთელს დაღესტანში ცნობილი ოსტატები.

ბევრ ხანჯალს დღესაც ატყვია წარწერა “ბაზალაი”, რაც მის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ეს წარწერა კარგი ხანჯლის სინონიმადაა ქცეული. მისი წარმოშობა ღრმა წარსულში ძევს და თქმულება გადმოგვცემს, რომ ოდესღაც დაღესტანში ცხოვრობდა დიდი ოსტატი, სახელად ბაზალაი. მის ნახელავს ბადალი არ ჰყავდა და მისი ხანჯლის პირს დამასკურიც ვერ აღემატებოდა. მრავალი სასიკვდილო იარაღის გაჭედვა მოასწრო გიაურთა ჭირად ბაზალაიმ და მოკვდა ღრმად მოხუცი, ხოლო თავისი საიდუმლო გუბიაჩინელებს (გუბიაჩის აული) უანდერძა. მისი სახელით აღბეჭდილი ხანჯლის პირი არაჩვეულებრივად ძვირად ფასობდა და ეს სახელი კარგი იარაღის მეტსახელად იქცა.

გუბიაჩინელი ოსტატები დღესაც განთქმულნი არიან. მათი ნამუშევარი ხესა და ლითონზე არა მარტო რუსეთში, საზღვარგარეთაც სახელს უხვეჭს ოსტატებს.

ფასეული ხანჯლები მორთული იყო ოქროთი, ნაჭდევებით, ნახატებითა და წარწერებით ყურანიდან. ამ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და ნაკეთობაც შესაბამისად ფასდებოდა.

კარგი იარაღი გვარით გადადიოდა. იგი მთელი ოჯახის სიამაყე იყო და მამაცთა, “ჯიგიტთა” საკუთრება. შაშკები კავკასიაში კეთდებოდა, მაგრამ განთქმული მაინც თურქული შაშკა იყო, ხოლო დამასკური პირი – იარაღის იდეალად მიჩნეული.

განთქმული იყო შაშკა, რომელიც მოდრეკის შემდეგ სწრაფად სწორდებოდა. იყო შაშკები, რომელთაც გატეხვის შიშის გარეშე ირტყამდნენ წელზე. ფასობდა ყირიმული შაშკაც.

ამ მიმართებით რუსები ჩამორჩებოდნენ მთიელთ და ყველა ოფიცერი და კაზაკი ცდილობდა კავკასიური შაშკა ეგდო ხელთ.

შაშკის ტარი ირთვებოდა ვერცხლით, მაგრამ ნამდვილი მეომარი “ჯიგიტი” არ დაგიდევდათ ამ მორთულობებს და ჩვეულებრივ ტარი შავი ან თეთრი ძვლისა იყო.

ქარქაში ტყავით იყო დაფარული და ვერცხლით გაწყობილი.

შაშკა იტარებოდა მხარიღლივ ქამარზე მარცხნივ, მაგრამ ხანდახან წელზე ირტყამდნენ ხოლმე, რაც ძველ ქვის სტატუებშიაც ჩანს. ეს ხერხი მეტწილად მხედართაგან გამოიყენებოდა და ჩვენს დროშიაც შემორჩა.

მხედრებს კაუჭებიც ჰქონდათ, რომელთაც, სავარაუდოა, მეტოქის ცხენიდან გადმოსათრევად ხმარობდნენ. ეს კაუჭები ძველ სტატუებზედაც ჩანს. ისინი ხის ტარზე მაგრდებოდა.

შაშკები გადრეკილი იყო და ილესებოდა გარე მხარე, თუმც კავკასიურ იარაღში იატაგანის მსგავსად შიდამხარე გალესილი შაშკებიც გვხვდება.

პირებს ჰქონდათ მორთულობა და არაბული წარწერები, ზოგიერთი სურა ყურანიდან, როგორც ხანჯლებზე. ასეთი ფასეული იარაღი შურის საგანი იყო და მათ ხშირად იტაცებდნენ, თუმც ამას ქურდობის მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.

მეგობრები ცვლიდნენ იარაღს და “ძმები” ხდებოდნენ.

ხანჯლები შემდეგი სახისა განირჩეოდნენ : ლეკურები, თავლინურები – დიდი და მძიმე, რომლითაც კი არ ჩხვლეტდნენ, არამედ ჩეხავდნენ. ყაბარდოული –მომცრო, წვრილი და შაპსუღური –მოკლე და ფართო. ყველაზე საშიში ჭრილობა ამ უკანასკნელისა იყო.

კავკასიურ იარაღში ცნობილია აგრეთვე “ყამად” სახელდებული ხანჯალი. იგი შედგება ორი ნახევრისაგან, რომელნიც, სურვილისამებრ, ერთ ხანჯლად მაგრდება, ან იყოფა ორივე ხელით სამოქმედოდ. ასეთი კავკასიური ხანჯალი, (ტიფლისელ ოსტატთა ხელობისა, გასული საუკუნის პირველი მეოთხედის) ინახება ერმიტაჟში, მაგრამ მთიელთა მიერ არ გამოყენებულა.

აუცილებელ საკუთნოს წარმოადგენდა საპირისწამლე და კვესი, რომლებიც ნაირგვარი ფორმისა და მასალისა იყო.

მთიელთა შორის გავრცელებული იყო ჭრილობის წამლობის, ტყვიის ამოღების, ამოვარდნილობისა და მოტეხილობის მკურნალობის ხელოვნება. ჰყავდათ თავისი ქირურგები, ჰქონდათ მედიცინა, რომელიც, ძირითადად, ტრავმების მკურნალობას ეფუძნებოდა. ცნობილია განკურნების გასაოცარი შემთხვევები.

იყვნენ ისეთი ყოჩაღებიც, რომლებიც ერთი დაკვრით კვეთდნენ კაცს მხრიდან სარტყლამდე, ანუ, როგორც ამბობენ – თავით ფეხამდე.

შაშკის ტარი ყოველთვის გლუვი იყო და ბოლოგაფართოვებული, ხოლო ხანჯლის ტარს ჰქონდა ამობურცულობები, რათა მოძრაობისას ხელიდან არ დასხლეტილიყო.

შეტაკებისას, ხშირად, ხანჯალს ხელიდან გლეჯდნენ მეტოქეს – პირის შუაში ჩაავლებდნენ და სწრაფად და ღონივრად დაქაჩავდნენ ძირს, თუმც რაღა თქმა უნდა, ასეთი ილეთი დიდ ძალას მოითხოვდა.

ბრძოლის დროს, ზალპის შემდეგ, მთიელი ცხენოსნები გაშმაგებული ეკვეთებოდნენ მტერს. ყოველ მხედარს მარჯვენა ხელით შიშველი შაშკა ეპყრა, მარცხენით სადავე და კბილებით ხანჯალი. თვითმხილველთ უთქვამთ, რომ ასეთი თავდასხმა, თავისებური კიჟინით თანხლებული, ერთობ შემზარავი იყო და ხშირ შემთხვევაში მოწინააღმდეგის გამოუცდელი ჯარი თავზარდაცემული ილტვოდა ამგვარი შეტევისას. თუმც ძველმა ჯარისკაცებმა და კაზაკებმა იცოდნენ, რომ ეს აღტკინება ერთი–ორი წარმატებული ბათქით საგრძნობლად ნელდებოდა და მთიელები იფანტებოდნენ. ამიტომ, საჭირო იყო პირველ მომენტში არ შემდრკალიყვნენ, ახლო მოეშვათ და შემდეგ მიეცათ ბათქი.

თოფებსა და პისტოლეტებს მთელს გუბიაჩის აულში ამზადებდნენ, მაგრამ სახელი მაინც თურქულ და ყირიმულ თოფებსა ჰქონდა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ კავკასიური შაშხანა დიდი ღირსებებით გამოირჩეოდა. პირველყოვლისა – ძალზე მსუბუქი იყო. მთიელებმა, უწინარეს, ვიდრე რუსები ქვეითი ჯარის თოფებს დახვეწდნენ, თავიანთი თოფები ხრახნილლულიანი გახადეს და ამით შორსმსროლელობა მიანიჭეს.

ამას გარდა, კავკასიური შაშხანა სამიზნის მოწყობილობით ბევრად აღემატებოდა რუსულ ჯარისკაცულ იარაღს შტუცერების შემოღებამდე.

მთიელთა შაშხანისა და პისტოლეტის ნაკლი დამუხტვის ხერხში მდგომარეობდა – დენთი იყრებოდა ფალიაზე, თოფის გვერდზე და ალდებოდა კაჟის დაცემით ფოლადის ფირფიტაზე, რომელიც ფალიას ფარავდა. ნოტიო ამინდში დენთი სველდებოდა და აღარ ალდებოდა. მოგვიანებით მთიელებმა თავისი იარაღის ჩახმახი ფისტონს მოარგეს და შაშხანამაც დიდი უპირატესობა მოიპოვა (კაჟის სასხლეტი 1840 წლამდე შემორჩა, რადგან, მართალია ფისტონი 1812 წელს გამოიგონეს, მაგრამ თოფს მხოლოდ 1840 წელს მოარგეს).

იმ დროს, როცა ჩვენს იარაღს რკინით მოჭედილი, ფართო და მძიმე კონდახი ჰქონდა, მთიელებისას ჰქონდა ვიწრო, მსუბუქი, ძვლით დაბოლოებული.
ქვეითთა იარაღს ხიშტი ჰქონდა და ხელჩართულ ბრძოლაზე იყო გათვლილი, ხოლო მთიელთა შაშხანა მხოლოდ სასროლად იხმარებოდა.

მთიელთა შაშხანის ზრო მეტწილად კოჟრიანი მერქნის, ან რაიმე მაგარი ჯიშის ხისაგან კეთდებოდა და ძვირფასი თოფები ტყავითაც იყო გაწყობილი. ეს მეტყველებდა ამ თოფის კუთვნილებაზე ცნობილი პირისადმი.

თოფი სიგრძით ორ არშინსა და შვიდ გოჯს აღწევდა და ასეთი თოფი ვარგისი იყო ქვეითთათვის, ოღონდ საჭიროებდა მოწყობილობას. ხმარობდნენ სადგარსაც, ოღონდ იშვიათად.

კონდახის ზომა ძირზე 4 გოჯს აღწევდა. მთლიანად თოფი ათიოდე გირვანქას იწონიდა. საცემი მოწყობილობის გამო, რომელშიაც წამყვან როლს კაჟი ასრულებდა, ამ თოფებს კაჟიან თოფებს ეძახდნენ.

სამიზნე მოწყობილობა მდებარეობდა ჩახმახის წინა გაფართოებაზე, რომელშიაც იყო ნახვრეტი, რომელიც, თავის მხრივ სწორდებოდა ლულის დაბოლოებაზე მყოფ კორაზე. ჩახმახს ორი მოსამართი ჰქონდა. გამშვებს ერქვა სასხლეტი.

დენთის სატარებლად ჩოხის (“ჩერკესკა”) ორივე მხარეს, მკერდზე განლაგებულ ჯიბაკებში (“სამასრე”) მოთავსებული იყო ე.წ. “გაზირები”. ეს გახლდათ ხის ორგოჯიანი მასრები, რომლებშიაც ეყარა დენთი ერთი ან ორი მუხტის ოდენობით. მასრები დარქმული იყო შალით, ან რაიმე ძონძით.

ლულაში ჩაყრილი დენთი იცობოდა, რისთვისაც იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ – ჩოხის კალთის ნაკუწი, ქუდის სარჩული, ისე კი საჩურთს წინასწარ იმარაგებდნენ. შემდეგ იდებოდა ტყვია და კვლავ საჩურთი.

საჩურთი თოფში მაგრად უნდა ჩატკეპნილიყო. სხვაგვარად ნასროლს დიდი ძალა და სიშორე არ ექნებოდა. თუ ტყვია თავისი საჩურთით მძლავრად არ მიეტკეპნებოდა ქვედა (დენთის) საცობს, გასროლას დიდი უკუცემა ექნებოდა.

ჩასატკეპნად იხმარებოდა რკინის ან ხის ზუმბა. უკანასკნელს ლითონის ბუნიკი უკეთდებოდა. ზუმბა ღონივრად უნდა ჩაეკრათ ლულაში და თუ უკან ამოვარდებოდა, თოფი კარგად გატენილად ითვლებოდა. ზუმბა ლულისქვეშა საგანგებო ღარში თავსდებოდა. თოფს ზურგზე ქამრით გადაკიდებულს ატარებდნენ.

მთიელები ჩინებული მსროლელები იყვნენ და როგორც იტყვიან, ტყვიას ქარს არ ატანდნენ. დენთი და ბრპენი ძვირი ღირდა. ტყვია ბრპენისა იყო, მრგვალი, პატარა და მისი ჭრილობა არ იყო დიდად საშიში. მოგვიანებით დაიწყეს თასმიანი ტყვიის გამოყენება ნაჭდევებითურთ. ესენი ზრდიდნენ დაზიანებას, ხოლო თასმა აბინძურებდა კიდეც. ჰყვებოდნენ აგრეთვე მოწამლულ ტყვიებზე, მაგრამ პირადად მე ჩემთვის სანდო პირთაგან არაფერი მსმენია, თუმცა ბაბუა, ბიძა და ბიძაშვილები კაზაკები იყვნენ და ზოგი მათგანი ომში დაიღუპა კიდეც.

პისტოლეტიც ამავე მეთოდით იმუხტებოდა და იტარებოდა სარტყელზე ზურგსუკან.

პისტოლეტისა და თოფისათვის იხმარებოდა ფერადი შალითები, წითელი და ყვითელი მთიულური მაუდისა.

ყოველ მეომარს უნდა ჰქონოდა თოფის შესაკეთებელი საკუთნო, რომელსაც სარტყელზე მიბმულს ატარებდა. მარჯვნივ – “საქონე” იყო, ლითონის კოლოფი ქონით, რომელსაც იარაღის გასაპოხად და ჟანგისგან დასაცავად იყენებდნენ.

ამათ გარდა, ფოლადის სახრახნისი და მრგვალნახვრეტებიანი ფირფიტა ტყვიის ჩამოსასხმელად.

მარცხენა მხარეს, სარტყელზე ეკიდა ლითონის ბუნიკიანი თასმები, რომელთაც პირვანდელი დანიშნულება დაკარგული ჰქონდა, სარტყლის ლითონის ბუნიკზე კი მფლობელის ვინაობა ეწერა.

სარტყლის გვერდებზე განლაგებული იყო ნახევარმთვარის ფორმის ლითონის ღილები, რომელთა დანიშნულებაც ჩემთვის უცნობია, თუმც კი ადრე მათ უნდა ჰქონოდათ ასეთი.

ამათ გარდა იყო კავიც, მაგრამ დანიშნულება ასევე უცნობია. სარტყელი ტარებისას ძალზე ორიგინალურად იკვრებოდა, რასაც შეიძლება კავკასიური ვუწოდოთ. სარტყლის ბოლოზე მაგრდებოდა ლითონის ნახევარწრე ხარიხით, რომელზედაც ყრუდ ეკერებოდა სარტყელი. სარტყლის მეორე ბოლო ეყრებოდა პირველ ნახვრეტში, მერე მეორეში – ხარიხაზე გადავლებით და სარტყელი შესანიშნავად იყო შეკრული.

სარტყელი ოქროთი და ვერცხლით ირთვებოდა, რასაც “ბალთანი” ეწოდებოდა. “ბალთანზე” იყო ნაკვეთი და სევადიანი ნახატი. ასეთ სარტყელს ვერცხლის სევადიანი ერქვა. სარტყელი ისე ეკეთათ, რომ დაბოლოება მარცხნივ ყოფილიყო. სარტყელზე ცალკე თასმით ეკიდა ხანჯალი, რომლის მოხსნაც, სურვილისამებრ, შესაძლებელი იყო.

ხანჯალიც და შაშკაც ასევე სევადით იყო მოხატული.

ქარქაში იფარებოდა ტყავით ან ხავერდით.

კაზაკთა ახლო ურთიერთობამ მთიულებთან განაპირობა მათი შეიარაღების დამსგავსება მთიულურთან. თავდაპირველად ეს შეიარაღება სულაც ბრძოლაში მოპოვებული იყო. მხოლოდ მოგვიანებით მიიღეს კაზაკებმა გაუმჯობესებული თოფი.

1864 წლამდე იარაღი ერთნაირი იყო და კარგი მთიულური შაშხანა კი შურის საგანს წარმოადგენდა. ჩვენმა ქვეითებმა უფრო ადრე მიიღეს ფისტონიანი თოფი და “შტუცერები” და ამის შემდეგ ნემსიანი თოფი წარმატებით მეტოქეობდა შაშხანასთან. მანამდე კი ხმარებაში გლუვლულიანი, მძიმე და არაშორსმსროლელი თოფები იყო.

მთიულურ თოფთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ მან თანმიმდევრული ცვლილებები განიცადა შორსმსროლელობის მიღწევის წადილით. ჩვენი მუზეუმის (აქ და მერმის იგულისხმება სტავროპოლის მუზეუმის 1915 წლის ექსპოზიცია) კავკასიური იარაღის კოლექცია მშვენივრად წარმოადგენს, თუ რა გადახდა თავს ამ თოფს.

საქმე იმაშია, რომ თავიდან თოფს ჰქონდა მოკლე, მსხვილკალიბრიანი, ბოლოგაფართოებული ლულა. ეს იყო რაღაც კარაბინის მსგავსი. ასეთი ტიპის იარაღი განეკუთვნება XVI–XVII საუკუნის დასაწყისს და გამოიყენებოდა კავკასიაში. რა თქმა უნდა სავარაუდოა, რომ იგი დასავლეთიდან იყო გადმოღებული. ჩახმახი კაჟიანი ჰქონდა და გვაგონებდა მუშკეტონს (კაჟიანი იარაღი შემოდის XVII საუკუნის პირველ ნახევარში, XVIII–ში ჩნდება მუშკეტონი, მანამდე კი პატრუქით ალდებოდა). შემდეგ საბრძოლო ცხოვრებამ წამოაყენა მოთხოვნა, რომ მოწინააღმდეგე შორ მანძილზე დაეზიანებინა და არა მხოლოდ ხმაურით დაეფრთხო. ამასთან, ასეთი იარაღი მოითხოვდა დენთის საგრძნობ რაოდენობას მუხტისათვის, დენთი კი ძნელი საშოვნი იყო.

თუმცა ამტკიცებენ, რომ დენთი უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე დასავლეთში გამოიგონებდნენ, მაგრამ მონაცემთა უქონლობის გამო დარწმუნებით ვერ ვიტყვი, თუმც ვერც უარვყოფ. უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენი კოლექციის თოფებს სიძველის კვალი ატყვიათ და შესაძლოა XVI საუკუნეზე ადრინდელობის.

ამ საკითხზე მუშაობას ცალკე გთავაზობთ ხსენებული კოლექციის ბაზაზე და ამიტომ დარწმუნებით აღარაფერს ვიტყვით, თუმც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისტორიული მონაცემები, რომ თოხთამიშის მიერ 1382 წელს წარმოებული მოსკოვის ალყის დროს მოსკოველნი ისროდნენ დენთით სიათებიდან და ზარბაზნებიდან, ხოლო თათრები ლინგიცის ბრძოლაში 1241 წელს იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და აქიდან გამომდინარე – დენთი XVI საუკუნემდე იყო ცნობილი.

თუმცა იყენებდნენ თუ არა კავკასიაში, ამის თაობაზე სარწმუნო წყაროები არ არსებობს (1494 წელს ფრანგთა მეფეს კარლოს VIII ჰქონდა არტილერია, ხოლო არაბები XIII საუკუნეში იყენებდნენ დენთიან ლითონის მილებს).

შორსმსროლელობის მიღწევის წადილმა ოსტატები აიძულა, უპირველესყოვლისა, დაეგრძელებინათ ლულა. ამ თვალსაზრისით ჩვენი კოლექცია მდიდარ მასალას იძლევა. ნათლად ჩანს თუ როგორ გრძელდებოდა ლულა თანდათან. ამასთანავე შეინიშნება ლულისთვის განსაკუთრებული ხასიათის მიცემის მცდელობა. და აი, თანდათან ლულას უჩნდება ხრახნილი, ხდება წახნაგებიანი. მუშავდება შაშხანა, იზრდება ტყვიის მანძილი თვით ტყვიის ფორმისა და საცემის შეუცვლელად. (თოფის ხრახნილზე მინიშნება არსებობს 1630 წელს.). ამის შემდგომ ლულა მოკლდება და გრძელლულიანი თოფი მოძველებულად ითვლება, თუმც კი გრძელი ლულა განაგრძობს არსებობას.

უდავოა, რომ მთიელთა თოფის ცვლილება მათი მოწინააღმდეგის, რუსების შეიარაღების სრულყოფით იყო განპირობებული. თუმც მთიელებმა ვერ შეძლეს წამოსწეოდნენ რუსების ტექნიკის სწრაფ განვითარებას და შერჩათ კაჟიანი და ნაკლებ შორსმსროლელი თოფი.

ყოველ შემთხვევაში, მან შეასრულა თავის საქმე და იქცა ნიმუშად, შემდგომი სრულყოფისათვის, ხოლო თავის დროზე საუკეთესოც იყო.
ლულის დამოკლება ევროპულ იარაღსაც დაეტყო და ამჟამინდელი კავალერიის კარაბინი, თუნდაც “ბერდანკა” და მითუმეტეს, უახლესი იარაღი სათამაშოდ გვეჩვენება 1848 და თუნდაც 1854–56 წწ. ქვეითთა თოფთან შედარებით.

რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში მთიელნი, რომელთაც ნახეს, რომ რუსული იარაღი თანდათან სჯაბნიდა მათსას, მივიდნენ საკუთარი პისტოლეტის გარდაქმნის აუცილებლობამდე.

ჩვენი კოლექცია იძლევა მთიელთა ამ მცდელობების ბრწყინვალე ნიმუშებს. მთიელებმა დაიწყეს სპილენძის პისტოლეტების კეთება, შემდეგ ორლულიანის, შემდეგ კი ოთხლულიანის. უკანასკნელი ჩვენს ყურადღებას იპყრობს იმით, რომ აქვს საგანგებო მოწყობილობა, რომლის წყალობითაც ძალუძს ზემოთა ორი და ქვემოთა ორი ლულებიდან ერთდროული გასროლა კაფსულებში ხვრელების დაფარვით.

ზოგს ოთხი ლულა უბრუნავდა და თვითოეულს თავის კაფსულა ჰქონდა. ეს მოწყობილობა შექმნილია რევოლვერის სისტემის გამოგონებამდე.

ბოლოს კი, როცა რუსებმა რევოლვერი შემოიღეს, მთიელები შეეცადნენ არც აქ ჩამორჩენოდნენ მათ და ცდილობდნენ კუსტარულად გაეკეთებინათ დოლიანი რევოლვერი. რუსული იარაღის შემდგომმა სრულყოფამ წერტილი დაუსვა მთიელთა მონდომებასა და გამომგონებლობას. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ოსტატები თავის დროზე მართლაც იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთიულური შაშხანა არასოდეს გახეთქილა. იგი მზადდებოდა განსაკუთრებული წესით სხვადასხვა ნაჭრებისაგან.

რაც შეეხება ოსტატებს, მათი ვინაობა თოფებზე არ გვხვდება. არ გვხვდება არც დამღა. არის მხოლოდ სურები ყურანიდან. ცნობილი ევროპული დამღები – “მგელი”, “ეპისკოპოსის თავი” და “მავრის თავი” ასევე არ შეგვხვედრია.

მთიელებს არტილერიაც ჰქონდათ: ზარბაზნებს სპილენძისას ასხამდნენ, მაგრამ ისინი ხშირად სკდებოდნენ. ქვემეხთა უმრავლესობა რუსული წარმოებისა იყო, ბრძოლაში მოპოვებული.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ შამილის ჯარში გამოიყენებოდა მოძრავი ფარები, რომლებიც ბორბლებზე გადაადგილდებოდა და იცავდა უკანმავალ მებრძოლებს: ისინი ხის სქელი ფიცრებიდან და ძელებისგან მზადდებოდა.

იმ დროისათვის ეს საბრძოლო ხელოვნების უკანასკნელი სიტყვა იყო.

კავკასიურ იარაღს თავისი ისტორია აქვს. იმის მიუხედავად, რომ თავისი ფორმითა და ლითონით ოდინდელია, იგი თვითმყოფადობით გამოირჩევა ყველა დანარჩენისაგან და გარეგნული სახე და თავისებურებანი ადგილობრივი პირობების გავლენითა აქვს მოპოვებული.

კავკასიური იარაღი, ანუ კავკასიის ომის ეპოქისა და მოცემული დროის, სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა: მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა ხანჯალი და ხმალი, ანუ შაშკა.

მთიელთა ცხოვრების უფრო ადრეულ ეპოქაში იარაღი უფრო ნაირგვარი იყო, რასაც ცეცხლმსროლელი იარაღის უქონლობა განაპირობებდა. ამჟამად, ამა თუ იმ სამარხსა და ყორღანში ვხვდებით ისეთ საბრძოლო ნივთებს, რომლებიც არა თუ ახლა, კავკასიის ომის დასაწყისშიაც კი აღარ გამოიყენებოდა.

ჩვენ ვპოულობთ: საბრძოლო უროებს, კვერთხებს, გურზებს, კომბლებს, კისტანებს, შუბებსა და ისრებს. საცემი ცივი იარაღის ეს სახეობანი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება, თუმც გასცდა თავის დროს და საგრძნობლად მოგვიანებით, რკინის ნივთებთან ერთად გვხვდება, როგორც წინაპართაგან შემორჩენილი ნაშთები.

იარაღის ასეთი შემონახვა გარდა საბრძოლო ღირსებებისა, გამოწვეული იყო შეთქმისა და შელოცვის რწმენით. ეს შელოცვები, ერთი მხრივ, იარაღს სიკვდილის მთესველს ხდიდა, მეორე მხრივ კი მის პატრონს – მოუწყვლადს.

ეს საცემი იარაღი, ძველ სამარხებში ნაპოვნი, ნაწილობრივ აქამდე შემორჩა და მისი ნაშთები, მიუხედავად პრაქტიკული ღირებულების უქონლობისა, გამოიყენებოდა როგორც ღირსების ნიშანი. მაგალითად, შამილს ჰქონდა: არღუნის შტურმის დროს, 1839 წლის 31 მარტს მოპოვებული კვერთხი, ახულგოს შტურმის დროს, 22 აგვისტოს მოპოვებული გურზი, დაღესტანში 1846 წელს მოპოვებული ბერდიში; შამილის თანამებრძოლ ანწუხის ნაიბს ჰქონდა საბრძოლო ნაჯახი. ყველა ეს ნივთი პეტროგრადში, ერმიტაჟში ინახება. იარაღის ფორმა ბრინჯაოს ხანაში იყო ათვისებული, შენარჩუნდა ხანგრძლივად რკინის იარაღის დროშიც, ხოლო სავსებით გაქრა დენთის გამოგონების შემდეგ.

ამ გამოგონების შემდეგ ოსტატთა მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ჯაჭვის პერანგის, აბჯრის, ფოლადის კვართის შექმნაზე, რომელთაც ტყვიისგან უნდა დაეცვათ კაცი. ამოცანა რთული იყო და კავკასიელმა ოსტატებმა, შესაძლოა გარე გავლენითაც, ფრიად დამაკმაყოფილებლად გადაჭრეს იგი: ჯავშანი სრულიად იცავდა ტყვიისაგან ნემსიანი თოფის შექმნამდე.

მართალია კაჟიანი თოფიდან გატყორცნილი ტყვიის სისუსტე აიოლებდა ამ ამოცანას, მაგრამ ტყვია, როგორც იტყვიან, სხლტებოდა მეომრისგან ან მხოლოდ ალილავებდა და სხეულში ვეღარ აღწევდა.

ამასთანავე დაიწყო დამცავი იარაღის სხვა სახეობათა დაცემა: თორი და ფარი უსარგებლონი აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ XVII–XVIII საუკუნის დასაწყისში ყაბარდოელთ ყავდათ “ჯავშნოსანთა” (ჯავშანი იყო ქერცლოვანი, ფირფიტოვანი და რგოლოვანი) რჩეული ლაშქარი, ფარმუზარადიანი, მაგრამ ყველაფერი ეს უსარგებლო აღმოჩნდა სიმძიმის, სიძვირის და მოწინააღმდეგის სიახლეებთან შეუსაბამობის გამო.

ცხოვრებისეულ პირობებს, ცხადია, უზარმაზარი გავლენა ჰქონდა იარაღზე და კავკასიის ვიწროებში, ფხიანი მოწინააღმდეგის არარსებობის პირობებში ცხოვრება საშუალებას იძლეოდა ტყავის აბჯრის, ტყავისავე ფარისა და თავსარქმელის ამარა გასულიყავი იოლად. ასეთი აღჭურვილობა, თავის დროზე, უეჭველია აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და სამხედრო საქმეშიაც წინ წადგმული ნაბიჯი იყო, ოღონდ იმ პირობით, რომ მოწინააღმდეგე სამხედრო ტექნიკის განვითარებაში ფხასა და გამომგონებლობას არ გამოიჩენდა.

ჩვენს დროში “ხევსურული ფარები” და აბჯარნი, ადრე ესოდენ განთქმულნი, არც მეტი, არც ნაკლები –– სათამაშოებად გვეჩვენება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი დამცავი აღჭურვილობა დანიშნულებას ამართლებდა, მაგრამ არსებობს მრავალი საბუთი იმისა, რომ კავკასიური ტყვია ვერ ხვრეტდა მათ.

მუზეუმში არის ერთი ასეთი ფართაგანი, აქლემის ტყავისა. თუმცა იგი თექურია, მაგრამ სრულიად იგივურია კავკასიური ფარებისა. ამ ფარზე ჩატარდა ცდა. კაზაკმა ურიადნიკმა სახაზინო ნიმუშის კარგი შაშკით მძლავრი დარტყმა განახორციელა ტაბურეტზე დადებულ ფარზე. შაშკა ნამსხვრევებად იქცა, ხოლო ფარზე უმნიშვნელო კვალი დარჩა. ამ ცდას ესწრებოდა სტატსკი სოვეტნიკი ს. მ. დოლინსკი, ამჟამად სტავროპოლის სწავლული საარქივო კომისიის წევრი.

მშვილდ–ისარი თოფის შემოსვლამ უსარგებლოდ აქცია. ამის მიუხედავად XVII საუკუნის დასასრულს და XVIII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ კავკასიის მთიელნი კიდევ იყენებდნენ, ხოლო 1812 წლის ომში მონაწილე ყალმუხები მშვილდით იყვნენ შეიარაღებულნი.

იმ შორეულ დროში ისარი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იგი იოლად აღწევდა ძვლამდე და სასიკვდილოდ აზიანებდა მოწინააღმდეგეს, განსაკუთრებით, როცა მოწამლული იყო. გათხრები ბრწყინვალედ ადასტურებენ ამ ცნობებს, როცა ვპოულობთ ხერხემალსა და მენჯის ძვლებში გარჭობილ ისრებსა და სატყორცნ შუბებს.

ისრის გაფრენის ძალა ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ და მის წინააღმდეგ ჯავშანს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ცხადია, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო მშვილდის ხარისხზე, ისარზე და კაცის ძალაზე. სუსტი ნასროლი მიზანს ვერ აღწევდა.

მოხუცები იგონებდნენ, რომ როცა ე.წ. “რუსული ხუტორები” იქნა დაკავებული (სტავროპოლთან ახლოს), მცხოვრებნი ჩერქეზთა ხშირ თავდასხმებს შეეგუვნენ. რაკი თავდაცვის საშუალება არ ჰქონდათ, ისინი მთიელ მტაცებელთა გამოჩენისას იცვამდნენ ამობრუნებულ ცხვრის ტყავს და ცდილობდნენ რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ თავდამსხმელთაგან. მთიელები მშვილდებით იყვნენ შეიარაღებულნი. მათი ნატყორცნი ისრები ხშირად ცხვრის ხშირ მატყლში ეჩხირებოდა და ზიანი არ მოჰქონდა.

მშვილდის გაუმჯობესება სასხლეტითა და ლარის მოსაჭიმით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ დენთის გამოჩენამ ესეც უმნიშვნელო გახადა. უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის მთიელებმა არ განავითარეს ამ სახეობის იარაღი და დარჩნენ დასავლეთის გავლენის გარეშე, რომელსაც ბრწყინვალე ნიმუშები აქვს ამ იარაღისა, არბალეტები ნამუშევრის სინატიფით და ლარის დაჭიმვის ძალით სრულყოფილების მწვერვალს წარმოადგენდნენ.

ჩვენი მუზეუმის კოლექციაში არის თიხისა და ქვის ტყვიები ჩრდილო კავკასიის ძველ სამარხებში ნაპოვნი. მათი პოვნა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ არსებობდა სასროლები და არბალეტები, საიდანაც მათ ისროდნენ. უშუალოდ სასროლები და არბალეტები ნაპოვნი არ არის, მაგრამ შესაძლოა დაიკარგნენ, ან სხვა იარაღად იქნენ გადაკეთებული. მათ არსებობაზე მიუთითებს უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი საბავშვო სათამაშო – ფიცარზე დამაგრებული მშვილდი და ლარის დასაჭიმი რაზა.

თუკი მშვილდი დასავლეთში 1558–1603 წლებში შემოინახა, შესაძლოა, რომ კავკასიაშიც იყო მისი რომელიმე სახესხვაობა ხმარებაში. თუმც ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ დენთის ადრე შემოღებამ განაპირობა სასროლებისა და არბალეტების არარსებობა.

აქ მშვილდი XVIII საუკუნემდე შემოგვრჩა. მის შემონახვას და სასროლებთან და არბალეტებთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას საფუძველიც ჰქონდა, რადგან მშვილდოსანი წუთში 12–ჯერ ისროდა, მეარბალეტე 3–4–ჯერ.

ალბათ აქ მშვილდიდან უშუალოდ თოფზე გადავიდნენ. ამგვარი შეიარაღებისას, როცა პიროვნული ძალა და სიმარჯვე გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო, საბრძოლო მოქმედება, ხშირად, ცალკეულ მეომართა ორთაბრძოლებამდე დადიოდა და ძალიან საშიში იყო მოსახლეობის არამებრძოლი ნაწილისათვის, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ნადგურდებოდა.

ბრინჯაოს იარაღი არ იყო ისე ბასრი, როგორც მოგვიანებით ათვისებული რკინა და ფოლადი. ამ მიმართებით კავკასიელმა ოსტატებმა სრულყოფის მწვერვალს მიაღწიეს. ბაზალაის ხანჯლისთვის არ არსებობდა დაბრკოლება.

ზოგიერთ ქვაკაცებზე ვპოულობთ საბრძოლო უროებისა და მახვილების გამოსახულებებს, რომლებიც ამჟამინდელის მსგავსია, მაგრამ გრძელი მახვილი არ შეგვხვედრია.

კავკასიურ ქვაკაცებზე ვხვდებით იარაღს უროს ან ნაჯახის, ბრინჯაოს ხანჯლის ფორმისას, ბრინჯაოს ნაწიბურიან საყელოს, რომელიც კისერსა და კეფას იცავდა, როცა თავი ჩაფხუტით იყო დაცული. ჩაფხუტი დაბალ ქუდს ჩამოჰგავს, რომელსაც ჯვარედინად გასდევს ოვალური ნაწიბური და ასეთივე ნაწიბური არტყია ირგვლივაც. ზემო ნაწილი არ იყო მაღალი, მაგრამ მასიურობის გამო თავს იცავდა უკეთ, ვიდრე წოწოლა ჩაფხუტი.

კავკასიაში წარმოებული იარაღის განსაკუთრებული თვისებების მიუხედავად განთქმული იყო დამასკური ცივი იარაღი, თურქული ხმალი და გერმანული თოფი. შავზღვისპირელ კაზაკებს ჰქონდათ გამონათქვამი (ალბათ ზაპოროჟიელთაგან გადმოღებული): “ცხენი თათრულიო, მუშკეტი გერმანულიო, ხმალი თურქული და მარჯვე მარჯვენიო”.

კავკასიური ომის მთელი პერიოდის თითქმის ნახევარი შამილს ეკუთვნის. იგი 25 წელს იდგა იმამად, ხოლო წინა იმამების დროსაც თვალსაჩინო როლსაც ასრულებდა. ამდენად, როცა კავკასიურ იარაღზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია გავიხსენოთ მთიელთა ეს მბრძანებელი და საბრძოლო მოქმედებათა მართვის მისეული სისტემა.

საერთო აღიარებით, შამილი არა მხოლოდ უიშვიათესი ნიჭის მეომარი იყო, არამედ უდიდესი ადმინისტრატორიც, რაც პიროვნულ ხიბლთან ერთად აქცევს მას თანამედროვეობის უდიდეს პიროვნებად. ამდენად, ბუნებრივია, რომ 25 წლის განმავლობაში შამილმა არა მარტო რუსეთის, არამედ ევროპის ყურადღებაც მიიჯაჭვა. მიუხედავად მთიელი მოსახლეობის ტომობრივი სიჭრელისა, გამჭრიახმა შამილმა სწორად შეაფასა მთიელთა ხასიათი და გრძნობდა რა მათ თანდაყოლილ საბრძოლო ჟინსა და სამართლიანობის გამახვილებულ მოთხოვნილებას, მან ამ თვისებებზე ააგო მართვის თავისი სისტემა.

ყურადღების ღირსია შამილის შემართებული ღვაწვა თავისი ხალხის ზნეობის განმტკიცებისთვის. “კავკასიის მეომარი ტომები, მიუხედავად თავისი ნატურის მრავალმხრივი სიმდიდრისა, უხეში ნაკლოვანებებითაც გამოირჩეოდნენ: სასმელის, ძარცვის, მკვლელობისა და გარყვნილებისადმი მიდრეკილებით. შამილმა ყურადღება მიაქცია და სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა მათ. იგი სასტიკად სჯიდა უმნიშვნელო გადაცდენისთვისაც კი. დანაშაულთა სიაში, მკვლელობისა და ძარცვის გვერდით, მოხვდა თუთუნის წევა–ყნოსვა, ცეკვა და სპირტიანი სასმელის მოწრუპვაც კი. ყველა ამ სიმკაცრეს იგი სამართლებრივ ხასიათს აძლევდა. ყველაფერს წყვეტდა სასამართლო, რომელიც საჯაროდ იმართებოდა. განაჩენი დაუყოვნებლივ მოჰყავდათ სისრულეში” (რომანოვსკი, “კავკასიის ომი”. გამოქვეყნებული ლექციები, 1860 წ.).

სასჯელთა სისტემაში უმთავრესი ადგილი დიდ და მცირე ჯარიმებს ეკავა, მაგრამ ღალატისთვის, დეზერტირობისთვის, ჯაშუშობისთვის დაწესებული იყო სიკვდილი, რომელსაც აღასრულებდა ჯალათი ცულით. ნაკლები დანაშაულისთვის ხაროში სვამდნენ. საინტერესოა, რომ ლაჩრობისთვის დამნაშავეს მარჯვენა ხელს ქეჩით უკრავდნენ, რასაც იგი მანამდე ატარებდა, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებდა.

მთიელთა საბრძოლო ორგანიზაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა, 16–დან 60 წლამდე სამხედროვალდებული იყო, რითაც იქმნებოდა ერთიანი სამხედრო ფენა. ყველა ვალდებული იყო ჰქონოდა შაშხანა, პისტოლეტი და შაშკა. რაც შეეხება ხანჯალს, მას ლამის დაბადებიდან ატარებდა ყველა.

შამილი მხედრიონის შექმნაზეც ზრუნავდა და ყველა შეძლებულს ცხენის ყოლას ავალდებულებდა. მებრძოლთა საჭირო რაოდენობას შამილი ადგენდა, ხოლო საჭირო შემთხვევაში ქუდზე კაცს ეძახდნენ. ჯარის ცალკეულ დანაყოფებს მიურიდები მეთაურობდნენ. ლაშქრის გარდა შამილს ჰყავდა ცხენოსანი ებგურნი, მურთაზიგეტებად წოდებულნი. ისევე, როგორც მიურიდები, მურთაზიგეტებიც საუკეთესო იარაღს ფლობდნენ.

დენთს, ცეცხლმსროლელი იარაღისთვის, დაღესტანში ამზადებდნენ. ვედენოში, უნცუყლსა და გუბინში გამართული იყო დენთის ქარხნები. თუმც დენთი დაბალი ხარისხისა იყო.

გოგირდისა და გვარჯილის ქარხნებს პლოხის, მუნოს, გუბინის, ოთაჩის, ხინდოკის მოსახლეობა და ხოისუბულისა და ანდალიალის საზოგადოებები აწვდიდნენ. სამხედრო ვალდებულების ნაცვლად, ამ აულთა მცხოვრებთ შამილი დენთის წარმოებას ავალდებულებდა, რადგან მათ უხეირო მეომრებად თვლიდა და ამ საქმიანობაში ოჯახზე მანეთნახევარსაც კი უხდიდა.

შამილისეული მართვის არსი შემდეგში იყო: მთელი მოსახლეობა დაახლოებით 1000 კომლიან სანაიბოებად იყო დაყოფილი. მათ ნაიბები ხელმძღვანელობდნენ. რამდენიმე სანაიბო ოლქს შეადგენდა. ცნობილი ნაიბები იყვნენ: შუაბინ–მოლა, ჰაჯი–მურატი, ყაბით–მუჰამა. ნაიბებს ყოველ აულში ჰყავდათ ყადი და ზემდეგი. პირველი იმამი იყო მოლა აულ გიმრიდან ყაზი მუჰამედი, შემდგომში ყაზი–მოლად ცნობილი.

კავკასიის ომზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიურიდიზმი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მთის მთელი მოსახლეობის ისტორიაში, თუმც კი იარაღთან მიმართებაში არაფერი არ მოუცია, გარდა ხანჯალზე დაფიცებისა (”ძიკრა”) და იარაღის განწმენდისა წმინდა ომისკენ მოწოდებისას.




Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment