აინუს ხალხის საიდუმლო

მსოფლიოში წარმოდგენილია ბევრი ხალხი, რომელთაგან ზოგიერთი თანამედროვე ცივილიზაციების მამოძრავებელი გახდა, ზოგიერთი კი კვლავაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ლოკალიზდება, დავიწყებულია ან/და ნაკლებად აქვს კომუნიკაცია სხვებთან. თანამედროვე ანთროპოლოგიაში დიდი ნაბიჯები გადაიდგა მათ შორის ძალიან იზოლირებული ტომების წარმომავლობისა და კულტურული კუთვნილების კვლევის საკითხებში, მაგრამ ზოგჯერ მაინც რთულდება მიგრაციებისა და ისტორიის რეალური სურათის აღდგენა. ზოგიერთი იდუმალი ტომები გვაფიქრებენ, გვაიძულებენ დავსვათ კითხვები ვინ ვართ თავად ჩვენ და საიდან მოვდივართ. ერთ-ერთი ასეთი იდუმალებით მოცული ხალხია აინუს ხალხი შორეული იაპონიის კუნძულებიდან. ეს არის უძველესი, ამაყი ტრადიციებისა და კულტურის ხალხი, რომელმაც შეძლო თავი აერიდებინა რომელიმე კატეგორიაში მოქცევას და ანთროპოლოგებისა და სხვა მეცნიერებებისათვის დაესვა დღესაც აქტუალური კითხვები.

აინუს ხალხების გავრცელების არეალი

აინუს ხალხი არის იაპონიის მკვიდრი. დასახლებულია კუნძულ ჰოკაიდოზე, ასევე კურილიასა და სახალინზე. სახელწოდება აინუს ენაზე "ადამიანს", "ხალხს" ნიშნავს. ისინი ნადირობას, თევზაობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ საუკუნეების განმავლობაში. აინუების ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად (ლეგენდებს უწოდებენ იუკარ უპოპოს. Yukar Upopo (Ainu legends)) : “აინუები ცხოვრობდნენ ამ ადგილას მრავალი ათასი წლით ადრე სანამ მზის ხალხი მოვიდა.” დაახლოებით 2,300 წლის წინ აზიიდან იმიგრირებულთა ძალისხმევით ჩრდილოეთით გადაინაცვლეს, რის შემდეგაც იწყება აინუს ხალხის საკმაოდ განვითარებული კულტურის უკანდახევა. 

აინუს ტომის ხალხი, 1902 წლის ფოტო

აინუს ხალხი წარმოადგენს დიდი გაჭირვებისა და ზეწოლის ისტორიას. თანამედროვე პერიოდში მათ ასიმილაციის საფრთხე ემუქრებათ, განიცდიან იძულებით შრომას, კულტურული იდენტობისა და საგადასახადო რეპრესიებს. 1800-იან წლებში იაპონიის მთავრობის ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად აიკრძალა მათი ტრადიციული ყოველდღიური სამოსი, შეფასდა როგორც "ყოფილი აბორიგენული მოსახლეობა". 1997 წელს კი საბოლოოდ ხელისუფლებამ აღიარა მკვიდრ უმცირესობათა ჯგუფად.  მათი რაოდენობა ვინც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს აინუს ხალხთან 20,000 დან 60,000-მდეა (უმრავლესობა შერეული რასა). ამ რიცხვის სიზუსტე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც დიდი ხნის განმავლობაში იაპონიის საყოველთაო აღწერები არ განარჩევდა აინუსა და ეთნიკურ იაპონელს ერთმანეთისგან. ასევე, იყო ტენდეცია საკუთარი წარმომავლობის დაფარვის, რათა აერიდებინათ თავიდან დისკრიმინაცია. ზოგიერთი ცნობის მიხედვით რეალურად ათჯერ მეტი შეიძლება იყოს ეს რიცხვი. 



გარდა ამ პოლიტიკური წინააღმდეგობისა, აზრთა სხვადასხვაობაა ანთროპოლოგებსა და ჰომონოლოგებს შორის მათთან დაკავშირებით. მთავარი სადისკუსიო საკითხია აინუს ხალხის წარმომავლობა და ისტორია. ეს ხალხი ფიზიკური მახასიათებლებით მკვეთრად განსხვავდება ეთნიკური იაპონელისგან და სხვა აზიელისგან. საშუალო იაპონელებზე მაღალ აინუელებს აქვთ მოგრძო თავის ქალა, ღია კანის ფერი, ხშირი წვერი და აშკარა კავკასიური ნაკვთები. თმები ხშირი და ტალღოვანია, ასევე სხეულზე საკმაოდ ხშირი და გამოხატულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ადრეული კვლევის შედეგად ანთროპოლოგები ასკვნიდნენ, რომ აინუ ევროპული წარმოშობისანი იყვენ, თუმცა დნმ-ის მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტმა ეს ვარაუდი არ დაასტურა. კავალი-სფორზა აინუს ჩრდილო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიის გენეტიკურ ჯგუფში განიხილავდა. ანთროპოლოგი იოსებ პოველი (ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი) ეთანხმება ბრეის, ჰანთსა და ტერნერს და აინუს განიხილავს ადრეული ჯომონის ხალხის შთამომავალ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოპულაციად. 1893 წელს ანთროპოლოგმა არნოლდ ჰენრი სევეჯ ლენდორმა აინუ აღწერა, როგორც ევროპელების მსგავსი თვალის ჭრილის მქონე ხალხი, დიდი და წინ წამოწეული წარბის ხაზით, დიდი ყურებით, ჭარბი თმიანობით, ოდნავ შებრტყელებული კეხიანი ცხვირით, ფართო ნესტოებით, ყვრიმალის გამოკვეთილი ძვლებით, დიდი პირითა და სქელი ტუჩებით. აინუს მონღოლოიდურ წარმოშობას  კი ადასტურებდა ომოტო, რომელმაც აინუ მონღოლოიდებს თითის ანაბეჭდებისა და დენტალური მორფოლოგიის საფუძველზე მიაკუთვნა.

აინუელი მამაკაცი

გარდა ფიზიკური განსხვავებისა, აინუს ენაც საკმაოდ უნიკალურია, რადგან არ ამჟღავნეს მსგავსებას არც იაპონურთან და არც სხვა აზიურ ენებთან. ამ ენაზე რამდენიმე ათეული ადამიანიღა საუბრობს დღეს და ოფიციალურადაა აღიარებული გადაშენების პირას მყოფ ენად. არაა ასევე ცნობილი მათი დამწერლობის შესახებ. აინუელები იყენებდნენ ან იაპონურ კანას ან რუსულ კირილიცას. დღეს ის ჩაიწერება იაპონური კატაკანათი ან ლათინური ასოებით. იაპონური დამწერლობით ჩაწერამ აინუს ენის დეგრადირება გამოიწვია, რადგან იაპონური დამწერლობა მარცვლოვანი ტიპის ენაა და მიმდევრობით ორი თანხმოვნის ჩაწერა თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, სიტყვა „კორ“ (ზმნა „ჭერა“) იაპონური დამწერლობის გავლენის გამო ახლა გამოითქმება, როგორც „კორო“.

ადრეული ანთროპოლოგები მოხიბლულნი იყვნენ აინუს ხალხით და ხაზს უსვამდნენ დიდ ფიზიკურ განსხვავებებს რაც არსებობდა იაპონელებსა და აინუელებს შორის. ეს ადრეულ კვლევები ხშირად გადაჭარბებულად წარმოაჩენდნენ მათ ფიზიკურ თვისებებს. ისინი მიუთითებდნენ, რომ ეს იყო კავკასიური წარმომავლობის მაჩვენებელი. აინუ ითვლებოდა ერთგვარად "დაკარგული კავკასიური რასის" წარმომადგენლად. თუმცა, არ არის რაიმე კონკრეტული გენეტიკური კვლევა ამის დასადასტურებლად და ამდენად ეს ითვლება მოძველებულ თეორიად.  საიდუმლო კი კვლავაც ამოუხსნელია. 

დღეისათვის არის ბევრი იდეა მათი წარმომავლობის შესახებ. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ხალხის იგივე პრეისტორიული ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ავსტრალიის აბორიგენულ მოსახლეობას, ე.წ "ოკეანის რასა", ასევე დასახლებული იყო იაპონიის არქიპელაგზე იაპონიის ჯომონის პერიოდამდე (14,000 წლიდან  2,500 წლამდე). ეს იდეა დამყარებულია 10,000 წლის წინანდელ სამარხებზე, რომელიც ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მკვიდრთა მსგავსებას აჩვენებს. სხვები თვლიან, რომ აინუელები არიან შთამომავლები მონღოლოიდების ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან, რომლებიც იაპონიაში მიგრირდნენ ჯომონის პერიოდამდე. გენეტიკური მასალები, როგორც ჩანს, მხარს უჭერს ამ მოსაზრებასაც, რადგანაც დნმ-ის ტესტმა აჩვენა  აინუელების ნათესაობა ტიბეტელებთან და ინდოეთის ოკეანის ადამანის კუნძულების მცხოვრებლებთან. ყოველი რვიდან ერთი აინუელი აჩვენებდა გენეტიკური თვისებების ყველაზე დიდ მსგავსებას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთთან და მონღოლეთთან. ასევე არის სხვა იდეებიც, როგორიცაა, ის რომ აინუელები წარმოადგენენ ადამიანთა სრულიად უნიკალურ ჯგუფს, ან უძველეს აზიურ რასას, მაგრამ აინუელთა ზუსტი წარმომავლობის საკითხი რჩება კვლავაც გადაუჭრელი. 

აინუელი ქალები ტრადიციული სამოსითა და სახის მოხატულობით

აინუელთა საიდუმლო არ მთავრდება მხოლოდ მათი წარმოშობით. ერთ-ერთი ცხელი სადისკუსიო საკითხია თემა, რომ ისინი შესაძლოა იყვნენ პირველი ადამიანები, ვინც დასახლდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში. ამას ყველაზე მეტად ცხადყოფს კენევიკელი ადამიანის ნაშთები. კენევიკელი ადამიანი, ასევე მოიხსენიება როგორც რიჩლანდის ადამიანი, არის ჩონჩხი, რომელიც შემთხვევით აღმოჩენილია ვაშინგტონში 1996 წლის 28 ივლისს. ჩონჩხი იყო კარგ მდგომარეობაში, დაკარგული იყო მხოლოდ  მკერდის, ხელისა და ტერფის რამდენიმე ძვალი. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ჩონჩხი მკვეთრად განსხვავდებოდა ადგილობრივი ამერიკელების თავისებურებებისგან და ასევე, ავლენდა ზოგიერთ კავკასიურ მახასიათებელს. თავის ქალისა და ძვლების მახასიათებლებთან ერთად კბილების მდგომარეობა საკმაოდ განსხვავებულია მკვიდრი ამერიკელებისგან. ამიტომაც, გამოითქვა აზრი, რომ ნაშთები შესაძლოა იყოს ადრეული ევროპელი მკვლევარის. 

წინასწარი რადიო კარბონული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნაშთები 9,000 წლის წინანდელია. აღმოჩნდა, რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო ევროპელი მკვლევარი, მაგრამ ქვის ხანის წარმომადგენელია ინდივიდუალური მახასიათებლებით, რაც განსხვავდება შემდგომში ამერიკის წარმომადგენელი ხალხისგან. ანთროპოლოგები და პალეონტოლოგები წავიდნენ რათა გაეკეთებინათ დეტალური გამოკვლევები და განესაზღვრათ ამ უცნაური აღმოჩენის ბუნება. ამ ნაშთების თანამედროვე 18 პოპულაციასთან შედარებამ აჩვენა ყველაზე ახლო მსგავსება აინუს ხალხთან. 



კენევიკელი ადამიანის ჩოჩხის შესწავლაში სხვადასხვა ვერსია გაჩნდა.  ნაშთები თავდაპირველად აშშ-ს არმიის ინჟინრების კორპუსის ხელში აღმოჩნდა, რადგან ისინი ფლობდნენ იმ მიწას სადაც ჩონჩხი აღმოაჩინეს.  1990 წლის 16 ნოემბრის აქტის (NAGPRA) მიხედვით ამერიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა არტეფაქტი განიხილება ადგილობრივი ტომების კუთვნილებად. კანონმდებლობა მიზნად ისახავს აბორიგენი მოსახლეობის თვითმყოფადობის შენარჩუნებას. 1996-1998 წლებში რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა სხვადასხვა ტომს შორის მისი კუთვნილების შესახებ. 2002 წელს ფედერალური სასამართლოს დადგენილების შედეგად მეცნიერებს მიეცათ საშუალება უკეთ შეესწავლათ აღმოჩენილი ჩონჩი. ამჟამად, ჩონჩხი ინახება ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბურკეს ისტორიისა და კულტურის მუზეუმში და მიჩნეულია  აშშ-ს არმიის ინჟინრების კორპუსის საკუთრებას. სხვადასხვა სამეცნიერო მეთოდის გამოყენების მიუხედავად ნაშთების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დღესაც რჩება. თუმცა დასტურდება შემდეგი: მამაკაცი იყო 45-55 წლის ასაკის, 175 სმ. სიმაღლის, განვითარებული კუნთებითა და სხვადასხვა დაზიანებებით სხეულზე. 2006 წელს შესწავლილი მასალის შედეგად გამოითქვა მოსაზრება, რომ ისინი ყველაზე ახლოს იდგა აზიაში მცხოვრებ აინუს ხალხთან. თუმცა ზოგიერთები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მასალა ამის დასამტკიცებლად. ისინი საუბრობენ რომ ერთი ადამიანის განსხვავებული ფიზიკური მონაცემები არ კმარა საერთო სურათის აღსადგენად. 
კენევიკელი ადამიანის თავის ქალის რეკონსტრუქცია

ისტორია და კულტურა

აინუ არის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ტრადიციულად ცხოვრობდა ჰოკაიდოზე და გარშემო მყოფ რეგიონებში ჰონსიუ ჩრდილოეთში, სახალინისა და კურილიის კუნძულებზე. ისტორიულად აღქმადი აინუს კულტურა დაიწყო შუა საუკუნეებში, დაახლოებით ჩვ.წ მე-12 ს. როდესაც ჩამოყალიბდა მდიდარი კულტურა. ეს კულტურა იყო შედეგი იაპონიისა და ჩრდილო აღმოსავლეთ აზიის კომპლექსური ურთიერთობისა.  სახალინის აინუს მოსახლეობა, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მერყეობდა 1200-იდან 2400-ამდე, გადმოსახლდა ჰოკაიდოდან, სავარაუდოდ, პირველ ათასწლეულამდე. ისინი ეკონტაქტებოდნენ სახალინისა და ამურის მკვიდრ მოსახლეობას, გილიაკის, ოროკოსა და ნანაის ჩათვლით.

შესაძლებელია იმის თქმა, რომ პირველი ათასწლეულისათვის კუნძულზე გავლენა იქონია ჩინეთმა. 1263-1320 წლები ცნობილია მონღოლების კოლონიზაციის პერიოდად. სახალინზე აინუს ხალხი იბრძოდა 1308 წლამდე, მაგრამ საბოლოოდ დაემორჩილა იუანის დინასტიას. იუანი წარმოადგენდა მონღოლთა დინასტიას, რომელიც ჩინეთს მართავდა. აინუ მათ ხარკს უხდიდა. დროთა განმავლობაში მოხდა ხარკის სისტემის შერწყმა იაპონურ ჰოკაიდო აინუს ვაჭრობასთან. შედეგად, იაპონურ რკინის ნამუშევრებს იღებდნენ მანჩუები, ხოლო ჩინური ფარჩა და ბამბა იგზავნებოდა დასავლეთ იაპონიაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, მანჩუს კონტროლის შესუსტებამ სახალინზე გამოიწვია ხარკის სისტემის მოშლა. ამ დროისთვის იაპონელები და რუსები ერთმანეთს ეცილებოდნენ კუნძულზე კონტროლის მოპოვებისათვის. მათი მთავარი სამიზნე კუნძულის მდიდარი ბუნებრივი რესურსები იყო.

აინუ ძალიან დიდი ხანი შეადგენდა იაპონური საზოგადოების უმცირესობას. იყო ცრურწმენების, დისკრიმინაციისა და მატერიალური შეჭირვების მსხვერპლი. მოგვიანებით, აინუს ხალხმა საგრძნობლად გააუმჯობესა თავისი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა იაპონურ საზოგადოებაში და, ამასთან ერთად, განამტკიცა თავისი კულტურული იდენტობა. იაპონიის ცენტრალური მთავრობის ძალაუფლების ზრდასთან ერთად აინუ იდევნებოდა ჩრდილოეთით და ტოვებდა თავისი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილს.

აინუსა და იაპონიას შორის ვაჭრობა დაიწყო მეთოთხმეტე საუკუნის შუა პერიოდში. მეთექვსემეტე საუკუნისთვის მაცუმაეს კლანმა, რომელსაც გავლენა ჰქონდა ჰოკაიდოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონსა და მის შემოგარენზე, ვაჭრობის სისტემა იაპონელებისთვის აინუს ექსპლოატაციის საშუალებად აქცია. ამ ფაქტს დიდი პროტესტი მოჰყვა აინუს მხრიდან. პროტესტის ტალღაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აინუს ცნობილმა პოლიტიკოსმა შაკუშაინმა. 1660 წელს აინუმ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ პროტესტი ჩაახშეს მაცუმაეს სამურაებმა და მოკლეს შაკუშაინი. საბოლოოდ პროტესტის ტალღა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ აინუს ისტორიაში ყველაზე დიდ წინააღმდეგობად რჩება.

რუსეთის სამხრეთით ექსპანსიის საწინააღმდეგოდ იაპონელების ინტერესების დასაცავად 1779 წელს ჰოკაიდოზე მაცუმაეს ტერიტორიაზე ტოკუგავას შოგუნატის პირდაპირი კონტროლი დამყარდა. ადმინისტრაციული ერთეული შეიცვალა 1821 წელს მაცუმაეზე და შემდეგ - 1854 წელს ისევ შოგუნატზე.

მრავალი ცვლილება მოჰყვა 1868 წელს მეიჯის მმართველობას. მეიჯის მმართველობის პერიოდში აინუს ხალხსა და იაპონელებს უფლება ჰქონდათ ჰოკაიდოზე ნებისმიერ ადგილას დასახლებულიყვნენ. კუნძულის ბუნებრივი რესურსების დასაუფლებლად იაპონელებისთვის ხელსაყრელი იყო მასობრივი ემიგრაცია ჰოკაიდოზე. რესურსების ექსპლუატაციის მიზნით უამრავი იაპონელი გაემგზავრა სამხრეთ სახალინზე. ამავდროულად, მთავრობა უზრუნველყოფდა ჰოკაიდოს აბორიგენი მოსახლეობის უსაფრთხოებას. აგრეთვე, აინუს მოსახლეობას იაპონურ სკოლებში სიარულს აიძულებდნენ. მოგვიანებით - 1883 წელს მათ გადასცეს მიწები და ხელი შეუწყვეს ამ ხალხში მიწათმოქმედების განვითარებას. ისინი გადაასახლეს მიწაზე, სადაც მიწათმოქმედების განვითარების შანსი გაცილებით დიდი იყო. ამ ნაბიჯმა მათ საზოგადოებაში დიდი ცვლილებები გამოიწვია.

1875 წელს სახალინის აინუ მოექცა რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაგრამ იაპონიამ ეს ტერიტორია 1905 წელს დაიბრუნა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  სამხრეთ სახალინი ისევ საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და აინუს დიდი ნაწილი ჰოკაიდოზე გადაასახლეს.

უცხოელებთან კონტაქტი ეკოლოგიურ ფაქტორებთან ერთად აინუს ცხოვრების წესსაც ცვლიდა. იმის გამო, რომ კურილიის კუნძულების მკვიდრ აინუს ხალხს კონტაქტი არ ჰქონდა რკინის მომპოვებელ კულტურებთან, ისინი აგრძელებდნენ ქვისა და ძვლების გამოყენებას მაშინ, როცა სახალინელ და ჰოკაიდოელ აინუებში მეტალის დამუშავების კულტურა უკვე დიდი ხნის განვითარებული იყო. მეთვრამეტე სუკუნის ბოლოდან ზღვაში მონადირე რუსებმა და იაპონელებმა აინუს ხალხში გაავრცელეს მრავალი დაავადება, რამაც შეამცირა პოპულაცია.

1875 წელს კურილიის კუნძულები დაექვემდებარა იაპონიის მთავრობას, რომელიც ცდილობდა აინუს დაცვას, თუმცა უშედეგოდ - ამ ტერიტორიაზე უკანასკნელი მაცხოვრებელი გარდაიცვალა.

მამი აოიამა აინუს ისტორიას ორ პერიოდად ყოფს. პირველი პერიოდი მოიცავს ტოკუგავას ერას, როდესაც აინუს გააჩნდა მეტნაკლები ავტონომია.მეორე პერიოდი მოიცავს ტოკუგავას შემდგომ პერიოდს, როდესაც აინუ მოექცა იაპონიის მზარდი გავლენის ქვეშ.

თანამედროვე ეპოქის დასაწყისში აინუ აგრძელებდა თავის ტრადიციულ საქმიანობას, მაგრამ მათი სავაჭრო აქტივობები შეზღუდული იყო იაპონიის სავაჭრო სადგურებზე მუშაობით. აინუს საცხოვრებელი ადრე წარმოადგენდა ადგილს, სადაც ისინი მხოლოდ თავისთვის შრომობდნენ, ხოლო თანამედროვე ეპოქის დასაწყისში მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადასახადების გადახდა გახდა. ამ ცვლილებების შედეგად აინუმ დაკარგა ავტონომია საქმიანობაში. მათი ცხოვრების წესს ახლა უკვე  დამქირავებლები წყვეტდნენ, რამაც მასობრივი მიგრაცია გამოიწვია, რადგან ზედმეტი ნადირობის, თევზაობისა და მიწის გაუკონტროლებელი დამუშავების შედეგად მზარდი მოსახლეობა რესურსების ნაკლებობას განიცდიდა.

აინუს ხალხმა საბოლოო ტრანსფორმაცია განიცადა მაშინ, როდესაც იაპონელებმა აიძულეს, მიეტოვებინათ ტრადიციული საქმიანობა და ემუშავათ სულ სხვა სფეროებში. ამ ცვლილებამ გამოიწვია ასიმილაცია რუსეთისა და დასავლეთის გავლენით. საქმიანობაში ასეთი დრამატული ცვლილებების შედეგად აინუ გახდა სიღარიბის მსხვერპლი.

ბოლო წლებში იზრდება ინტერესი ამ, გადაშენების პირას მყოფი, ხალხის მიმართ. 2007 წელს გაერომ გამოსცა დეკლარაცია, რომელიც იცავს ამ ხალხის უფლებებს, ასევე ჩამოყალიბდა ამგვარი ხალხის სპეციალური სამიტი.  2012 წლის 21 იანვარს დაარსდა აინუს პოლიტიკური პარტია. მას შემდეგ, რაც 2011 წლის 30 ოქტომბერს აინუ აქტივისტების ჯგუფმა ჰოკიდოზე გამოაცხადა, რომ აინუს საკუთარი პარტია ეყოლებოდა. „ჰოკაიდოს აინუს ასოციაციამ“ ცნობილი გახადა, რომ აინუს ყოფილი ლიდერის, კაიანო შიგერუს შვილი - კაიანო შირო -  სათავეში ჩაუდგებოდა პარტიას. პარტიის მიზანია იაპონიაში ჩამოყალიბდეს მულტიეთნიკური და მულტიკულტურული საზოგადოება, რომელშიც აინუ აღარ იქნება დისკრიმინაციის მსხვერპლი. აინუ დღემდე ცდილობს, რომ აღადგინოს თავისი ეთნიკური იდენტობა და თავი გააცნოს მსოფლიოს.

Ainu Art Project

“აინუ არტ პროჯექტი“  2000 წელს ჩამოაყალიბა ახალგაზრდა აინუთა ჯგუფმა,რომლებიც პირველად, 200 წლის შემდეგ აგებდნენ ტრადიციულ გემს - ოტაომასიპს. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები. ჯგუფში ახლა 23 წევრია და მათი მიზანია თავიანთი ტრადიციული კულტურის აღდგენა და ამ კულტურის თანამედროვე ვარიაციების შესწავლა. „აინუ არტ პროჯექტი“ მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და მსოფლიოს აცნობს აინუს ტრადიციულ ცეკვას, სიმღერასა და ვიზუალურ ხელოვნებას. ჯგუფის ლიდერია კოჯი იუკი, რომელიც ცეკვავს, მღერის და ხის გრავიურებზე მუშაობს. 2011 წლის დეკემბერში ტოკიოს მოცარტის გალერეაში გაიხსნა კოჯი იუკის ხის გრავიურების გამოფენა.

ხელოვნება და ჩაცმულობა

ესთეტიკური სილამაზით გამოირჩევა აინუს ხეზე კვეთა, კალათების წვნა, ქარგვა და მუსიკა. ტრადიციულად, ეს საქმიანობა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ჰოკაიდოელი აინუს სამოსი მზადდებოდა მცენარეული ბოჭკოსგან, სახალინელები -
ცხოველების ტყავსა და ბეწვს ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო კურილიის კუნძულებზე მცხოვრები აინუ თავიანთ სამოსს ცხოველების ტყავისა და ბეწვის გარდა ფრინველის ბუმბულს უმაგრებდნენ. აინუს აქვს თავისი ტრადიციული სამოსი - მანტია, რომელსაც „ატტუსი“ ეწოდება (ხანდახან „ატტუშიც“). ატტუსის რამდენიმე სტილი არსებობს. ეს ძირითადად არის მოკლე მანტია სწორი სახელოებით, რომელსაც წელზე ქამრით იკრავდნენ. სახელოების სიგრძის ორი ვარიანტი არსებობს. ისინი მთავრდებოდა ან ხელის მტევანთან, ან იდაყვთან. ამ სამოსს აინუ ნაციონალური ორნამენტებით რთავდა.

კაცები ატარებდნენ გვირგვინს, სახელად „საპანპე“, როცა ესწრებოდნენ მნიშვნელოვან ცერემონიებს. „საპანპე“ მზადდებოდა ხის ბოჭკოსა და ნახევრად გათლილი ხისგან. გვირგვინის ცენტრში გამოსახული იყო კამუის ფიგურები, გარშემო სხვა ორნამენტებით. ორნამენტებითვე იყო შემკული ემუში - ხმალი, რომელსაც ატარებდნენ კაცები ცერემონიების დროს.

ქალებს ეცვათ მეტანპუში - მოქარგული თავთასმა - და ატარებდნენ მინკარის, სპეციალურ საყურეს (მეტალის რგოლი ბურთით). თავიდან მეტანპუშის და მინკარის კაცები ატარებდნენ, თუმცა ახლა ქალებს აცვიათ. ასევე ძველი დოკუმენტები მეტყველებს, რომ კაცებს ეცვათ წინსაფარი - მაიდარი, თუმცა ამითაც ახლა მხოლოდ ქალები იმოსებიან. ქალები ასევე ატარებენ სამაჯურს - ტეკუნკანს, ისევე, როგორც ყელსაბამს - რეკუტუნპეს და კამასაის (შიტოკის), რომელიც კეთდებოდა შუშის ბურთებისგან. აინუ ამ ბურთებს  აზიის სხვა ქვეყნებისა და მაცუმაეს კლანისგან ყიდულობდა.
ტრადიციული ორნამენტი

რელიგია

აინუს ტომს, ტრადიციულად, სწამთ ანიმიზმის. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს ბუნებაში აქვს სული და ამ მოვლენას  მოიხსენიებენ, როგორც კამუის. არსებობს კამუის კლასიფიკაციაც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნია: კამუი ფუჩი – ჯანმრთელობის ქალღმერთი, კიმ-უნ კამუი – დათვებისა და მთების ღმერთი და რეპუნ კამუი – ზღვის თევზისა და ზღვის ცხოველების ღმერთი.

აინუს ხალხს არ ჰყავს სასულიერო პირები, მათ ნაცვლად საჭირო რელიგიურ ცერემონიას ბელადი ატარებს. უფრო მასშტაბურ რელიგიურ რიტუალებს კი, როგორიცაა იომანტე, ატარებს კოტანი (სოფლის საზოგადოება). რიტუალები რამდენიმე დღე გრძელდება  მათ სწამთ, რომ საჭმლის ნარჩენი და გატეხილი ნივთები უნდა განადგურდეს.  რასაც ჩვენ ეკონომიკურ საქმეებს ვუწოდებთ, აინუსთვის არის რელიგიური – მიწისა და წყლის ანიმიზმი, რაც მათთვის არის ღვთაებრივი.

აინუს რწმენის სისტემაში მნიშვნელოვანი კონსტრუქციაა სული, რომელიც უმეტესობას აქვს მათ სამყაროში. რწმენის მიხედვით, სული ხდება აღქმადი, როცა ის პატრონის სხეულს ტოვებს. მაგალითად, როცა მას სძინავს, სული ათავისუფლებს საკუთარ თავს მძინარე სხეულისგან და მოგზაურობს იქაც კი, სადაც ფიზიკურად არასოდეს ყოფილა. ანალოგიურად, გარდაცვლილი პირი შეიძლება გამოჩნდეს ვინმეს სიზმარში, რადგან გარდაცვლილის სულს შეუძლია, მკვდართა სამყაროდან ცოცხალთა სამყაროში იმოგზაუროს. შამანური პროცესების განმავლობაში, შამანის სული ტოვებს თავის სხეულს და მიდის მკვდართა სამყაროში, რათა დააბრუნოს მკვდარი ადამიანის სული. ამით მას შეუძლია ადამიანი გააცოცხლოს.

სულს აქვს ძალა, დასაჯოს ისინი, ვინც მას უსამართლოდ მოექცა. ღვთაებების კამუისგან განსხვავებით, სულებს აქვთ ძალა, დასაჯონ ან დაასაჩუქრონ თავიანთი ნებით. ზოგ მეცნიერს სჯერა, რომ აინუმ ბუნება გაუთანაბრა ღვთაებას. სხვებს სჯერათ, რომ მხოლოდ სამყაროს ნაწილია ღვთაებრივი. აინუ მიიჩნევს, რომ ყველა სული ღვთიურად გამოიყურება, ზუსტად ისე, როგორც ადამიანები ვიზუალურად, და ფიქრობენ, რომ ისინი ცხოვრობენ, როგორც ადამიანები, თავიანთ ღვთაებრივ სამყაროში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი აინუს რელიგიაში. სულიერი ღვთაებები თავს ინიღბავენ, როცა აინუს სამყაროში ჩამოდიან და მოაქვთ ხორცი და ბეწვი, როგორც საჩუქარი, აინუსთვის, ზუსტად ისე, როგორც აინუს სტუმრებს მოაქვთ ყოველთვის საჩუქრები.

რეგიონთა უმეტესობაში ჯანმრთელობის ქალღმერთს (ცეცხლი) თითქმის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც დათვს. მას „ბებია ბუდისაც“ ეძახიან. ის აინუს სამყაროში ჯანმრთელობის განსხეულებაა. სხვა მნიშვნელოვანი ღვთაებები არიან: მელია, ბუ (დასახლების ღვთაება), ბეჭდები და ზღვისა და მიწის სხვა ცხოველები და ფრინველები. ღვთაებების  მნიშვნელობა ყოველთვის იცვლება რეგიონიდან რეგიონამდე. ამას დამატებული – ქალღმერთები მზისა და მთვარის (ზოგ რეგიონში მზე და მთვარე ასახავს ორ სახეს ერთი ღვთაებისა), დრაკონი ღვთაება ცისა, ღვთაება  სახლისა, ღვთაება ნუსასი, ღვთაება ტყისა, ღვთაება ამინდისა და კიდევ სხვები.

აინუს მითოლოგიაში დომინირებს დათვი. ზოგადად, ისინი მათ მიიჩნევენ კეთილისმსურველ ცხოველებად, თუმცა არსებობს ზღაპრები არაუშიზე (მონსტრ დათვზე).  არსებობდა მუდმივი რიტუალიც, რომელსაც სოფლის ყველა ის მცხოვრები ატარებდა, ვისაც კი შეეძლო, ცოცხლად დაეჭირა ბელი. რიტუალისთვის ბელს ერთი წლის განმავლობაში ამზადებდნენ: აჭმევდნენ და უფრთხილდებოდნენ. მერე იწყებოდა დათვის ცერემონია, სადაც მას ესროდნენ ისრებს და კლავდნენ. მის ხორცს ჭამდნენ, რათა დათვის სული გაეთავისუფლებინათ და მას შესძლებოდა, კამუის სამყაროში დაბრუნებულიყო. მათ სწამდათ, რომ როცა სული კიმ-უნში  – კამუის სახლში მივიდოდა, ის ღვთისმოსაობით გადაუხდიდა ადამიანებს მათი მსახურების გამო.

კიმ-უნის მითი გასაგებს ხდის დათვის შესახებ მნიშვნელოვან რიტუალს. ერთ დღეს ღმერთ დათვს ყვავმა უთხრა, რომ მისი ცოლი კამუის სამყაროდან ადამიანების სოფლისკენ წავიდა და აღარ დაბრუნდა. ის სახლში გაიქცა, ბავშვი აიყვანა და ადამიანების სოფელში წავიდა. იქ მას ღმერთებზე მონადირე კამუის მოგზაური შეხვდა, რომელმაც ჯანმრთელობის ქალღმერთთან  კამუი ფუჩისთან დაპატიჟა. სანამ ისინი ლაპარაკობდნენ, მელამ ის მოაჯადოვა და კამუი მოგზაურმა გათიშა. ღმერთმა დათვმა ხის ტოტზე გაიღვიძა და დაინახა ბებერი დათვის სხეული, რომელიც ქვემოთ ეგდო, და პატარა ბელი, რომელიც იქვე თამაშობდა. ის უყურებდა, როგორ ეთაყვანებოდა ადამიანი მკვდარ დათვს, სწირავდა ღვინოსა და საჭმელს. მერე ადამიანმა წაიღო დათვის ხორცი და წაიყვანა ბელი თავის სოფელში, სადაც ბელს სხვერპლშეწირვის რიტუალი ჩაუტარეს. დათვი ღმერთი თავის ცოლსაც პოულობს. ის იჯდა ღუმელის გვერდზე. ღმერთმა დათვმა და მისმა ცოლმა რამდენიმე დღე გაატარეს მათთან ერთად „ქეიფში“, სადაც დანარჩენი კამუიც დააპურეს. ბელი კი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და კიდევ მოიტანა ღვინო და საჭმელი, რის გამოც კიდევ „იქეიფეს“ ღმერთებმა.

ბოროტ სულებსა და დემონებს ჰქვიათ ოიაში, ვან კამუი (ბოროტი ღვთაება) და ასე შემდეგ. ბოროტი სულები განეკუთვნებიან არსებების მეორე ჯგუფს, რომლებიც ადამიანებზე უფრო ძლიერები არიან. ისინი ავარჯიშებენ თავიანთ გამანადგურებელ ძალებს უბედურების გამოწვევით, როგორიც არის ეპიდემიები. ზოგი მათგანი ჩვეულებრივია, ან, როგორც განმარტავენ, პატიოსანი დემონები, მაშინ როდესაც დანარჩენები ჩვეულებრივი დემონები ხდებიან. მაგალითად, თუ სულს უსამართლოდ მოეპყრობიან, პატრონის სიკვდილის მერე ის დემონად გადაიქცევა. აინუ დიდ ყურადღებას უთმობს ბოროტ სულებსა და დემონებს, რელიგიური წესების შეცნობითა და ეგზორცისტული რიტუალების ჩატარებით. ადამიანების დემონებთან ბრძოლა ვრცელი თემატიკაა მათ ეპიკურ პოემებში. ამ თემას ქვემოთ ისევ შევეხებით.

ღვთაებები  პირდაპირ არ ებრძვიან დემონებს, არამედ, ეხმარებიან აინუს მათთან ბრძოლაში. ოღონდ, ერთი პირობით - აინუმ შემდეგ მათ თაყვანი უნდა სცენ.





Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment