ვლადიმერ ახმეტელი - ჩვენი იმედები

ერთ დროს ჩინგიზ ყაენი მრისხანედ ღაღადებდა: „მსოფლიოს ერთი მმართველი, ერთი ბატონი უნდა ჰყავდესო“!!! ცელქი სურვილი თითქოს შეუსრულდა კიდეც. მან დიდი ქვეყნები და მრავალი ერები დაიპყრო. შორეულ აღმოსავლეთიდან დაძრულნი მისი ურდოები ევროპაში ვენის კარებს მოადგნენ და დასავლეთ სახელმწიფოების ერებს წალეკას უქადნენ. გზა და გზა ყველაფერი ცეცხლსა და მახვილს მისცეს.

ჩვენი მშვენიერი კავკასია ხომ ხიდია აზიასა და ევროპის შორის, ყელია ამ ორი მატერიკისა. და ეს აზიის ველური, გააფთრებული ხალხები ჩვენს ზურგზე გადად-გადმოდიოდნენ, კასპიის ზღვიდან - შავზღვამდე ქვა ქვაზე აღარ დასტოვეს. კარგი არც სხვებს დაუყრიათ ჩვენთვის. ვინც არა გნებავთ - ან ზედ გვბატონობდნენ, ან ფეხ-ქვეშ გვთელავდნენ და მიწასთან გვასწორებდნენ.

ბოლო დროს ხომ ჩრდილოეთის ვეშაპი შემოგვეხვია, უშველებელი ხახა დაუღია და ჩვენ გადაყლაპას ლამობს. რუსეთმა დროთა მსვლელობის გამო - მონღოლთა აუარებელი სისხლი შეისვა, მათი ხნე-ჩვეულება შეითვისა. იგი თავის უშველებელ საწოლში ვეღარ ტეულა და ქვეყნის დაპყრობის სურვილი „ლეიტმოტივათ“ გაუხდია. ტურფა კავკასია სათარეშოთ გაიხადა, ცეცხლითა და მახვილით თავზედ გვახვევს ისეთ ურთიერთობას, რომელიც სრულიად უარმყოფელია კავკასიელი ხალხების სულიერ კულტურის. ჩვენი ზნე ჩვეულებისა და ადათებისა. დოსტოევსკი - ტურგენევის გმირების „იდეალები“ ჩვენი ხალხების ყოფა - ცხოვრების საძირკვლად ეყრება; ამ სახით „მშენებლობა“ რუს ბოლშევიკების ჟარგონით ამ ქვეყანად სამოთხის დამყარებად იწოდება. შორს ჩვენგან ასეთი სანეტარო ქვეყნის დამყარება! დეე, იქ იხაროს და ისაზრდოვოს, საიდანაც ეს სათავე იწყება! ღმერთმა მისცეთ ძალი და ღონე - იქ აშენდნენ, საცა ამ შენობის ქვაკუთხედი დაუდვიათ!

მაგრამ რის აშენება, რის აღორძინება! რის ფლავი - რის ბოზბაში! ხალხი კალიასავით შემოგვესია, მიაქვთ მოსკოვში ჩვენი ქვეყნის აუარებელი ქონება, იქ უყრიან თავს ჩვენი ქვეყნის საუნჯეს ჯარის შესაიარაღებლად, ქვეყნისა და ჩვენი ერების დასამონებლად. კავკასია უგემრიელესი ლუკმაა და ამ ლუკმის ხელიდან გაშვება არ უნდათ.

მახსენდება სულ მოკლე წარსულიდან -  გერმანიის დედა ქალაქ ბერლინში მომხდარი სოციალისტური კონგრესის ამბავი. დასახელებულ კონგრესზე ბოლშევიკური რუსეთიდან დაესწრნენ კაცობრიობის ბელზებელი, შაითან რადეკი და ბ.მდივანი. ყრილოაზე სხვა მრავალ საკითხებთან ერთად წამოიჭრა დაპყრობილ საქართველოს საკითხიც. სოციალისტთა ეგრედ წოდებული მემარჯვენე ფრთა რუსის კომუნისტებს უსაყვედურებდა იმპერიალისტური მიზნით საქართველოს დაპყრობას. შარლატანმა რადეკმა უტიფრად, წარბშეუხრელად განაცხადა: რუსეთისათვის საჭირო იყო - ბაქოს ნავთის გამო - საქართველოს ხელში ჩაგდება, ბაქოს ნავთის მილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ეს ტერიტორია აუცილებლად საჭირო იყო საბჭოთა კავშირის ფარგლეში ყოფილიყოვო. ერთმა დამსწრეთაგანმა წააძახა: „მაშ თქვენ ნავთის კომუნიზმის დაარსება გსურვებიათ“-ო. თალმუდის აზროვნებაში გამოქნილმა რადეკმა მოკლედ უპასუხა: უშველებელ რუსეთს აბა, მაშ, თქვენი ტემპერამენტით ხომ ვერ გავათბობთო! ეს ის რადეკი გახლავთ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინეთ ძლივს გადაურჩა სტალინის მრისხანებას. ბუდუ მდივანი უკვე გაისტუმრა საიქიოს. მაგრამ ჩვენ რა გვენაღვლება, ჩვენ რა დარდი გვაქვს! - ერთი თხა და მეორე მგელი! ისეც უქნიათ -  რომ ერთი მეორე კბილით უგლეჯიათ! ასეთია ყველა ქვეყნის ტირანთა სვე-ბედი. ბოლოს, როცა მსხვერპლი შემოელევათ - ერთმანეთი უნდა ამოჭამონ! ერთმანეთი გლიჯონ!

სოციალისტური კონგრესის ამბავი მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ, რომ მკითხველს დავანახოთ - თუ რა უტიფრობით ამჟღავნებენ თავიანთ მაცდურ სურვილ-მისწრაფებას თავიანთსავე წრეში. რუსეთისათვის კავკასიის უძვირფასესი სიმდიდრე დიდი განძია და ამ საუნჯეს მომაკვდავისავით ჩაჰბღაუჭებიან. მაგრამ ჩვენ მაინც იმედს არ ვიტეხთ, გული - გულის ადგილას გვიძევს. შილერის უკვდავი სიტყვები გვანუგეშებენ. იგი ამბობს: უცხო დამპყრობელები მოდიან, იპყრობენ ქვეყანას, ბატონობენ; მერე ისევ მიდიან, საიდანაც მოსულან. მხოლოდ მკვიდრი მცხოვრებნი კი ისევ რჩებიანო. მრავალი უცხო ხალხი მოსულა ჩვენში, მრავალ უცხო ხალხს უბატონია ჩვენზე, მაგრამ კავკასიის ერები რომლებიც ისტორიის უხსოვარ დროიდან ბინადრობდნენ, დარჩენილან, შეუნარჩუნებიათ თავიანთი ეროვნული არსება, რასიული სახე.

ჩვენს ხალხში თქმულებათ დარჩენილა, ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა ამ ჩვენს ქვეყანაში დაიბერტყაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ კავკასია სხვა ქეყნებზე უფრო მდიდარი, მისი გული უფრო მეტი საუნჯით არის გატენილი. ღვთით არც ჩვენ ვართ უღონონი; მკლავ-ძარღვად კარგნი ვართ. ჩვენი წარსულში გმირობა შარავანდედით არის შემოსილი, თავზე ვაჟკაცობის ნიმბუსი გვავლია. სომხეთ, საქართველო, მითელეს თავიანთ ეროვნული თავდაცვის უნარი ისტორიაში ოქროს ასოებით აღუბეჭდიათ. შორს ნუ წაველთ, სანიმუშაოდ გავიხსენოთ თუნდაც მთიელები. ეს ერთი მუჭა ხალხი რა თავგანწირული გმირობით ებრძოდა - რამდენიმე ათეული წელიწაი - რუსეთის უამრავ და ურიცხვ მხედრობას. მათმა უმაგალითო ბრძოლამ მთელი ევროპა განცვიფრებაში მოიყვანა.

ეს მდიდარი და პატარძალივით მორთული ქვეყანა, ეს გამრჯელი და ოფლის მღვრელი ხალხი, რატომ თავის თავს თითონ არ უნდა ეკუთვნოდეს?! იმიტომ, რომ მამაპაპური მამულის სიყვარული, სამშობლოსათვის თავგანწირული ბრძოლა, ეროვნული შეგნება რუსეთის ზედგავლენით, სრულიად მოდუნებული იყო. რაც რუსეთს დააკლდა ჩვენ ხალხს სოციალდემოკრატებმა გადაუთავეს. თითქოს ცდილობდნენ ის ობოლი, ნაცარში გახვეული ეროვნული გრძნობის ნაღვერდალი მდუღარე წყლით ჩაექროთ. სჯობია ცოდვა გამოტეხილი იყოს!

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული - თითქმის უკანასკნელ დრომდის, კავკასიის ერებში საერთო ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა და სურვილები, რომლებიც ერთად, ხალისიანად, შეუპოვრად მიზიდული ყოფილიყვნენ საყოველთაო კავკასიის ბედნიერებისათვის, აღარ არსებობდა. ის შემკრებელობითი, დიდებული, ერთიანი აზრი, რომელსაც კავკასიის თვითეული ხალხის გულში ეცოცხლა, თითქოს სამუდამოდ დარღვეული და გონებიდან ამოგდებული იყო. აი, ასეთ ეროვნულ დაძაბუნებას ორმოცი წლის წინეთ ილია ჭავჭავაძემ თავის ბასრიანი და მწვავე სატირის ხმალი მოუქნია. იგი სწერდა: ...“მამული - სამშობლო... ეს დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულ უძრავ ქონებას ნიშნავს, და არა მთელი ხალხის სამშობლოს. მამულის ხსენებაზე ეხლანდელ ქონდრის კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგენია. მამულისათვის ბრძოლა, ეხლა სამართალში შეტანილ ღერბიან ქაღალდზე სადაო საჩივარია. მამულისათვის ძლევამოსილება მოგებული საქმის განაჩენი პირია; მამულის პატივი ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი, მამულიშვილობა მხვნელობა და მთესველობაა“ და სხვა...

ჩვენმა ბრძენმა ილიამ ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების დაძაბუნებას ასეთი განკიცხვა გამოუტანა. ჩვენ ვფიქრობთ, კავკასიის დანარჩენ ერებშიაც ასეთი ეროვნული მოდუნება არსებობდა. ასეთი ლუარსაბ თათქარიძესებური ყურზედ ძილი იყო, ის მთავარი სნეულება, რომლის გამო ჩვენ ეროვნულ სხეულზედ ანტიეროვნულმა მოძრაობამ გულუხვი საკვები იპოვნა; ეს მთავარი მიზეზი იყო, რომლის გამო კავკასიის ხალხებმა ვერ შესძლეს 1918 წ. მოპოვებული თავისუფლების დაცვა და მტერს ვერაგულად ხელში ჩაუვარდნენ.

ვინ არ მოგვსევია, რა ურიცხვი მტერი არ დაგვსხმია თავზე; ბევრი მოგვიგერიებია, ვისაც ვერ ვიგიერებდით - ლაყე კვერცხივით ზედ შევსკდომივართ. „ქართლის ცხოვრება“ ბევრ მაგალითებს მოგვითხრობს: მტერთან ბრძოლაში მთელი ხალხი გაიჟლიტა, ამოსწყდა, - მერე კვლავ დაიწყო მოშენება - მომრავლებაო.

კავკასიის ხალხების ახლო წარსულმა კი სულ საწინააღმდეგო დაგვანახა. 1918 წ. მოპოვებულ ეროვნულ თავისუფლების დაცვისათვის არც ქართველებს, არც სომხებს, არც ადერბეიჯანელებს და არც მთიელებს იმის მეასედიც არ გაუღიათ - რის გაღებაც შეეძლოთ. კიდევ იმიტომ, რომ გვაკლდა ის ცეცხლი, ის ეროვნული შეგნება, რომელიც ეგრედ საჭიროა თავისუფლების დაცვისათვის.

ჩვენი მთავარი ხსნა, ჩვენი მთავარი იმედი ჩვენშივეა ჩამარხული; ჩვენშივე უნდა შეიქმნას და შემუშავდეს ერის ფაქიზი სიყვარული. ილია ჭავჭავაძემ სამშობლოს სიყვარული კაკლის ხეს შეადარა. იგი ამბობს: „მამულის ანუ სამშობლოს სიყვარული ემგზავსება ნაზ კაკლის ხეს, რომლისთვისაც საჭიროა შესაფერი ნიადაგი, შეზავებული ჰაერი, რომელიც ვერ იმშვნევს სხვა დამჩაგვრელ ხეებს, რომელიც დიდ ხანს იზრდება. ეროვნულ პატრიოტულ გრძნობასაც დიდი ხნის ზრუნვა უნდა, მოვლა და ყურის გდება. იგი არის ნაზი, როგორც კაკლის ხე, ღრმა როგორც მისი ფესვები, მაღალი, როგორც მისი შტოები, მისი ტოტებისავით განიერი და ნაყოფიერი.“

ასე უნდა - კავკასიის თვითეული ერის სამშობლოს სიყვარულის გრძნობა - შეგნებას მოვლა-პატრონობა. „ქვეყანა ზევიდან არ აშენებულა, ქვეყნის ქვაკუთხედი ყოველთვის ძირიდან დადებულა, ყოველი შენობა ძირიდან ამაღლებულა“. კავკასიის თვითეულ ერში უნდა გაცხოველდეს ეროვნული შეგნება, სამშობლოსადმი სიყვარული. და ამ თვითეული ერის შეგნებაზე უნდა დაემყნოს მთლიანი კავკასიის მამულიშვილური გრძნობა; მხოლოდ ამ ნიადაგზე უნდა აღმოცენდეს, გაიზარდოს, და შემუშავდეს კავკასიის პატრიოტის ტიპი, მაშინ შეგვეძლება მხოლოდ კავკასიისაგან შვეიცარიის შექმნა, რომლის სიმაგრეზე ყოველი გარეშე მტერი ცხვირ-პირს დაილეწავს.

ამაშია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მთავარი იმედი. სხვა გარეშე იმედები მხოლოდ ამის გამოძახილია.


ვლადიმერ ახმეტელი
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N3)
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment