მგლის ლეკვი (გროზნოს ანგელოზი)

ნაწყვეტი ოსნე საიეშტადის წიგნიდან "გროზნოს ანგელოზი"

სისხლი ტალახში იღვრება და დაღმართზე წვრილ წითელ ღარებად იკვალავს გზას. სულ მალე ამ სისხლს მუქი ფერის, ლპობისგან ობმოკიდებული მიწა ბოლომდე შეიწოვს და შთანთქავს. გვამს თავის ქალა აქვს გაჩეჩქვილი, უსიცოცხლო სხეულს ყოველი ნაკვთი გაშეშებია. ხრიალიც კარგა ხნის წინ შეწყვიტა.

ბიჭს შარვალი სისხლის წვეთებით მოსვრია, მაგრამ ქვევით, მდინარის პირას ჩაირბენს და ჩამოირეცხავს. აგური ჯერ ისევ ხელში ჩაუბღუჯავს და ისეთი შეგრძნება აქვს, რომ საოცრად მშვიდი, ძლიერი და დაუმარცხებელია. ადგილიდან არ იძვრის და ცხოველის ლეშს უსიცოცხლო თვალებში ჩასცქერის. ჭრილობიდან სისხლი ისევ ნაკადად მიედინება და ტლაპოში იღვრება. ბიჭი ლეშს წიხლს ჰკრავს და გეზს მდინარისკენ იღებს. სულ მალე ამ გაძვალტყავებული მაწანწალა ძაღლის ლეშიც სხვა ძაღლების, ბუზების, მატლებისა და ათასგვარი ჭიაღუის კერძად იქცევა.

საკანალიზაციო მილში ერთხელ კატაც დაუხრჩვია, მაგრამ როცა ძაღლს კლავს, სულ სხვაგვარი განცდა ეუფლება. ახლა ძირითადად ძაღლებს ხოცავს... და კიდევ მტრედებს. მაღალსართულიან კორპუსებში უთვალავი მტრედი ბუდობს. ბიჭი შეშინებულ ფრინველებს დაერევა ხოლმე, ისინი კი ოთახიდან ოთახში დაფრთხიალებენ, სამზარეულოდან მისაღებში, საძინებლიდან სააბაზანოში დაფრინავენ, დაკაწრულ-დახვრეტილ კედლებს აწყდებიან და ჩამოქცეულ, საცოდავად დაკონწიალებულ უზარმაზარ ბეტონის ფილებს შორის გაძრომას ლამობენ. მოსახლეობისგან დაცლილი ბინები ახლა ნახევრადდამსხვრეულ ნიჟარებს უფრო წააგავს. ჩამწკრივებული ოთახების ნაცვლად მხოლოდ ჩამონგრეული, მტვრიანი კედლებიღაა დარჩენილი. ყველა ის ნივთი, რისი გამოყენებაც შეიძლებოდა და რაც ბრძო-ლებს ასე  თუ ისე გადაურჩა, მოგვიანებით დაიტაცეს, გაქელეს ან გაანადგურეს.  აქა-იქ მხოლოდ მონჯღრეულ ჯორკოს ან გატეხილ თაროს თუ წააწყდება კაცი.

სულ პირველად, როდესაც ქალაქი ყუმბარების სამიზნე გახდა,  ეს კორპუსები თავდაცვის ერთგვარ გალავნად იქცა. მეომრები მოწინააღმდეგეს სწორედ აქ ჩაუსაფრდნენ და ეგონათ, რომ მტრის შეჩერებას შეძლებდნენ. მკაცრ და ყინვიან ზამ-თარში ატეხილი ომი მალე მთელ ქალაქს მოედო. ხელჩართული ბრძოლები კვარტალიდან კვარტალში, ქუჩიდან ქუჩაში, სახლიდან სახლში ინაცვლებდა. ბოლოს მეომრები ქალაქს თანდათანო- ბით გასცდნენ და ხალხისგან დაცლილი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც უსახურ მოჩვენებებს დამსგავსებოდა და რუსული რაკეტების სამიზნედ ქცეულიყო, უკან ჩამოიტოვეს. ზოგიერთი ბინის კედელზე ჯერ კიდევ შემორჩენილა აჯანყებულთა მიერ დატოვებული გრაფიტი: Свобода или смерть – თავისუფლება ან სიკვდილი!

მოაჯირი არც ერთ კიბეს აღარ შერჩენია, ერთი არასწორი ნაბიჯი და პირდაპირ თავქვე გადაეშვები... ბინის ჭერი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიქცეს, ანდა შესაძლოა იატაკი ჩაინგრეს... სწორედ ასეთ სახლში ცხოვრობს თემური. უზარმაზარ, ბეტონის ჩონჩხად ქცეული კორპუსის ბოლო სართულზე აძრომა და კედლებზე გაჩენილი ვეებერთელა ნახეთქებიდან ქუჩაში მოსიარულე ადამიანების თვალიერება მისთვის სირთულეს სულაც არ წარმოადგენს. როდესაც მოშივდება, მტრედებს დაერევა ხოლმე. დამფრთხალი ფრინველები ყველანაირად ცდილობენ, ხელიდან დაუსხლტნენ, მაგრამ ბოლოს რამდენიმე მათგანს კუთხეში მაინც მოიმწყვდევს  და მსხვერპლად ერთ-ერთს, ყველაზე მსუქანს, აირჩევს. მერე  მუხლებში მოიქცევს და გაწაფული ხელით კისერს მოუგრეხს, თავს ოსტატურად წააწყვეტს და კისრით ქვემოთ იჭერს, რომ სისხლისგან დაიწრიტოს. ამის შემდეგ ბუმბულს დააპუტავს, ჩხირზე წამოაგებს და შებრაწავს. ცეცხლსაც იქვე, იმ სართულზე ანთებს, რომელსაც ყუმბარის აფეთქებისას სახურავი აღარ შერჩენია. ხანდახან ორ ცალ მტრედსაც იწვავს ხოლმე. 

ზოგჯერ ფერდობს ჩაირბენს და ნაგავსაყრელს მიაშურებს. ნაგავში გულმოდგინედ იქექება და ნახევრად დამპალ პომიდ- ვრებს, ხილის ნარჩენებსა და პურის ყუას პოულობს. ძირითადად ზედა ფენებს ათვალიერებს, რადგან ქვემოთ მოქცეული ნარჩენები ტალახითა და მტვრით არის გაჯერებული. წვიმის დროს კი ეს ყველაფერი თუნუქის ნაგლეჯებში, მინის ნამსხვრევებსა და პოლიეთილენის ცელოფნებში იზილება. ნაგავსაყრელი უსიცოცხლო, მკვდარ ადგილად ითვლება. მოძრაობას მხოლოდ მაშინ თუ შეამჩნევ, როდესაც ციცაბო აღმართს აივლი და ასფალტის ზოლს მიადგები. ადამიანებს, მანქანებს დაინახავ და ათასნაირ ხმას გაიგონებ. ქვემოთ, ნაგავსაყრელზე, იმ დამპალ-დაობებულ მიწაზე ყოფნისას ბიჭი ამქვეყნიურ ცხოვრებას, ქუჩურ ყოფასა და ხალხის თვალს, ფაქტობრივად, მთლიანად მოწყვეტილია. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სულ ზემოთ, რომელიღაცა მაღალი სახლის სხვენში იმალება, თითქმის ღრუბლებში. დაბლა კი მისთვის კარგად ნაცნობი სამყაროა.

ციყვივით სწრაფი, გველთევზასავით სხარტი, მელასავით მოხერხებული, ქორისთვალება და მგლისგულა ბიჭუნა ქვას ქვაზე არ ტოვებს, ყველაფერს ფეხქვეშ ქელავს. გაძვალტყავებული, მაგრამ დაძარღვული და საკმაოდ ძლიერი სხეული აქვს და სულ შია.  შუბლზე ჭუჭყიანი, ქერა თმა ჩამოშლია. თვალები მწვანე აქვს და სწორედ ეს თვალებია, მის ლამაზ, სახის რბილ ნაკვთებს უცნაურად მშფოთვარე იერს რომ სძენს. ჭროღა თვალები, აქეთ- იქით მოუსვენრად რომ დაურბის, თითქოს მუდმივად  საბრძოლო მზადყოფნაში არიან, თითქოს გამუდმებით სადღაც მიეჩქარებათ.

პანღურის კვრა მშვენივრად ეხერხება, განსაკუთრებით კარგად მაშინ გამოსდის, როცა მტრისკენ ზურგით ტრიალდება. მოწინააღმდეგეს თავს ისე აჩვენებს, თითქოს შეტევაზე მუშტებით უნდა გადავიდეს, ამ დროს კი ელვის სისწრაფით ბრუნდება და ძლიერად დაჭიმულ ფეხს რაც შეიძლება მაღლა იქნევს. სავარჯიშოდაც კორპუსის ბოლო სართულზე ადის და წარმოსახვით მტერს თავდაუზოგავად ურტყამს და აპანღურებს ხოლმე. ქამარში დანა აქვს გაჩრილი. თემურის იარაღს სწორედ ეს დანა და აგურები წარმოადგენს. მისი ცხოვრება ერთგვარი ბრძოლაა, რომელსაც არანაირი წესები არ გააჩნია. იმისთვის, რომ კარგი ჯიბის ქურდი გახდეს, მხნეობა არ ჰყოფნის: ეშინია, რომ დაიჭერენ და გაწკეპლავენ; ამიტომ მხოლოდ თავისზე სუსტებს ძარცვავს. შებინდებისას იმ მცირეწლოვან ბავშვებს უსაფრდება, ბაზრის მახლობლად ან მდინარე სუნჯის ხიდთან რომ მათხოვრობენ და მუქარის ძალით მთელი დღის განმავლობაში რის ვაივაგლახით ნაშოვნ  ხურდა ფულს სძალავს. მათ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ან გაქცევას შეეცდება, დაუნდობლად სცემს. ის უბედურები დგანან და ცხარე ცრემლით ტირიან, პატარა მტაცებელი კი ფეხაკრეფით აგრძელებს გზას.

ზაფხული ახლოვდება. პატარა მგელს სულ მალე თორმეტი წელი შეუსრულდება.


ყუმბარების გრუხუნის საშინელი ხმები პირველად რომ გაიგონა, მხოლოდ რამდენიმე თვის იყო. 1994 წელი იწურებოდა. ომი სწორედ იმ ზამთარს გაჩაღდა და ჩვრებში გახვეული პატარა თემური დედამ ბნელ სარდაფში გადაიყვანა. დედის მკერდზე აკრულ ჩვილს ყურში გამუდმებით სროლისა და გუგუნის ხმები ჩაესმოდა და ეს ხმები მის ცნობიერებაში სამუდამოდ დაილექა. თავად ჯერ სიარული არ შეეძლო, მაგრამ უკვე ნანახი ჰყავდა ადამიანები, რომლებიც სიკვდილს ებრძოდნენ, ეცემოდნენ და წამოდგომას ვეღარ ახერხებდნენ. მამამისი მოწინააღმდეგეთა რიგებში იბრძოდა და სამხრეთით მდებარე ბამუთის მთიანი რეგიონის დაბომბვისას დაიღუპა. მაშინ თემური ერთი წლის ხდებოდა. მარტოდმარტო დარჩენილმა დედამ ბიჭუნა ქმრის მშობლების სახლში პირსახოცშემოხვეული გააქანა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დედაც გარდაიცვალა.

თემური სოფელში, ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში შედარებითი სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ მოგვიანებით ახალი ომი გაჩაღდა და ეს ომი პირვანდელზე გაცილებით სასტიკი და სისხლიანი აღმოჩნდა. მაშინ თემური ხუთი წლისა იყო. მეორე ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ  ბიჭუნამ სკოლაში სიარული დაიწყო, მაგრამ ხშირი დაბომბვების გამო გაკვეთილები გამუდმებით ცდებოდა. ზოგჯერ შეტევა იმდენად ინტენსიური ხდებოდა, რომ სარდაფს თავშეფარებული ოჯახი სამალავიდან გარეთ თვეობით ვერ გადიოდა. გაზაფხულის ერთ ნათელ საღამოს, როცა ჩვეულებისამებრ ბნელ და ნესტიან სარდაფში ისხდნენ, ყველამ ცხადად გაიგონა, როგორ ააფეთქეს მეზობლის სახლი. როცა ყურისწამღები ზრიალი ჩაცხრა, თემურმა ეზოში გაიჭყიტა და დაინახა, რომ მათი სახლის ჭიშკართან რაღაც დაგორდა – ბილიკზე მეზობლის თავი მძიმედ მიგორავდა.

მეორე კლასში იყო, როდესაც ბებია-ბაბუა გარდაეცვალა. მათი სიკვდილის შემდეგ გადაწყდა, რომ ბიჭუნა საცხოვრებლად მამამისის ძმასთან, ომართან გადავიდოდა. ომარს, რომელიც დაახლოებით ოცი წლის იქნებოდა, თემურზე ერთი წლით უფროსი ლიანაც უნდა შეეფარებინა. ბავშვებს საერთო მამა და სხვადასხვა დედები ჰყოლიათ, თუმცა და-ძმამ ერთმანეთის არსებობის შესახებ  მანამდე არაფერი იცოდა.

ბავშვები ბიძასთან, ყუმბარებისგან დაზიანებული კორპუსის ერთოთახიან ბინაში შესახლდნენ. ბინა  გროზნოს იმ უბანში მდებარეობდა, რომელსაც ზავოდსკოის ეძახდნენ. საღამოობით ომარი გამუდმებით სვამდა და ბოთლით ხელში პატარა ძმიშვილებს მკაცრად აფრთხილებდა, სამზარეულოს ჭუჭყიან იატაკზე დაწოლილიყვნენ და დაეძინათ. და-ძმა გვერდიგვერდ გასუსული იწვა და ჩამოქცეული კორპუსის სხვა სახლებიდან გამომავალ ხმებს აყურადებდა.

დილით ბიძისგან ახალ ბრძანებას იღებდნენ, ახლავე ქუჩაში გადით და ფული იშოვეთო... "თუ საკმარის თანხას არ მომიტანთ, გაილახებით", იმუქრებოდა კაცი.

ბავშვებს საკმაოდ ხშირად ხვდებოდათ. გასაროზგად ომარი დენის შიშველ კაბელს იყენებდა. გარსი კაბელის მხოლოდ იმ მცირე ნაწილზე დაეტოვებინა, რომელზეც თავად ეკიდა ხელი. შიშველ მავთულებს ჯერ ცეცხლზე კარგად გაახურებდა, შემდეგ კი იატაკზე გვერდიგვერდ გაწოლილ, საცოდავად მოკუნტულ ბავშვებს მოტიტვლებულ ზურგზე რიგრიგობით ურტყამდა.

პატარები მალევე გაიწაფნენ.

ლიანა ადამიანების მზერისა და მოძრაობების ამოცნობაში დაოსტატდა. შესაფერის მომენტს ხელიდან არასოდეს უშვებდა და პაწაწინა ხელის მტევანს მსხვერპლის ჩანთასა თუ ჯიბეში მოხერხებულად ჩააცურებდა ხოლმე. ანგელოზივით უცოდველი სახით ქუჩებსა და ბაზრობებზე დასუნსულებდა. ნახევარძმის მსგავსად, მასაც ფერმკრთალი, გაცრეცილი კანი და მწვანე თვალები ჰქონდა. გოგონას დაკვირვებულ მზერას არც ერთი გამვლელის კისერი, ზურგი, ჯიბე თუ ჩანთა არ გამოეპარებოდა. თუმცა, თემურის გამჭოლი მზერისგან განსხვავებით, ლიანას თვალებში შორეული და ბუნდოვანი ნაღველი გამოსჭვიოდა.

და-ძმამ ქუჩის ბავშვებისთვის დამახასიათებელი მოქნილობა სწრაფადვე შეითვისა, მაგრამ სიბინძურესა და სიღატაკეში ცხოვრებამ ორივე მათგანის გარეგნობას თავისებული კვალი დააჩნია. ლიანა, რომელიც ყველას ანგელოზად აჩვენებდა თავს, სულ უფრო კადნიერად ქურდობდა, ხალხი კი ამ დროს მისი  ბავშვური მზერისა და გაძვალტყავებული სხეულის გარდა ვერაფერს ამჩნევდა. თემური წელში მოკაკვული დააბიჯებდა და ალმაცერად იმზირებოდა. ნამდვილი ყალთაბანდის იერი ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში ერჩივნა, ნახევრად ჩამოქცეული სახლების ნანგრევებში აგურები ეგროვებინა, ვიდრე დასაჭერად გაეწირა თავი. აგურებს სამშენებლო ობიექტებს აბარებდა და სანაცვლოდ ორ რუბლს იღებდა. სამუშაო საკმაოდ მძიმე იყო, რადგან აგურები მიწაზე კი არ ეყარა, არამედ კედლებში, ჭიშკრების საყრდენებსა და თაღებში იყო ჩაშენებული. თავდაპირველად უზარმაზარი უროს დახმარებით კედლის ნარჩენი ნაწილ-ნაწილ უნდა ჩამოენგრია, შემდეგ კი ცემენტითა თუ ბეტონით შედუღაბებული აგურები უნდა დაეცალკევებინა და გაეფხიკა. აგურების ჩაბარება და ფულის აღება სწორედ ამის შემდეგ შეეძლო. საუკეთესო ნანგრევების ხელში ჩასაგდებად ხშირად ხელჩართული ბრძოლაც უწევდა, რადგან ამგვარი გზით ფულის შოვნას საკმაოდ ბევრი ცდილობდა. მსურველთა შორის არა მარტო თემურის თანატოლი ბავშვები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც იყვნენ, რომლებსაც ოჯახი უნდა გამოეკვებათ. უზარმაზარ ნანგრევებს რომ გამკლავებოდნენ, ხშირად ბიჭები ჯგუფურადაც მუშაობდნენ. ყველაზე პატარები, რომლებსაც ძირითადად დაცალკევებული აგურების ცემენტისა და სხვა ნარჩენებისგან გასუფთავება ევალებოდათ, მხოლოდ ექვსი-შვიდი წლისანი თუ იქნებოდნენ. თემური ყოველთვის წელში მოხრილი იდგა და ჩაქუჩს იქნევდა. ზოგჯერ ისე იღლებოდა, რომ იძულებული ხდებოდა იქვე, ნანგრევებზე ჩამომჯდარიყო და ცოტა შეესვენა. როცა ამგვარად იჯდა და აგურებს აცალკევებდა, გაძვალტყავებულს, ტანსაცმელში ძვლები უჩანდა. 

ზავოდსკოის დასახლებაში, ანუ ეგრეთ წოდებულ "ფაბრიკების უბანში", მნიშვნელოვანი საწარმოები მდებარეობდა. მათ შორის იყო ნავთობსახდელებიც, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა უდიდეს საწარმოთა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ეს გაპარ- ტახებული დაწესებულებები აშკარა ქიმიურ საფრთხეს წარმოადგენს. ბევრი მათგანი დაუნაღმავთ კიდეც. თემურმა ნაღმებისა და არადეტონირებული ასაფეთქებლების ამოცნობაც ისწავლა. ბიძამისის გავარვარებული მავთულის როზგებს ისევ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ურჩევნია. აგურების გარდა, იგი სხვადასხვა ლითონის ნივთებს, მათ შორის ხელბორკილებს, კაბელებსა და ალუმინსაც აგროვებს და კილოგრამს ორ რუბლად აბარებს. ერთხელ მძიმე ბორკილები ხელიდან გაუვარდა და ფეხი დაუზიანა. საკმაოდ ღრმა და შემზარავი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც კარგა ხანს ვერ მოუშუშდა, შეხორცების შემდეგ კი მის ადგილას მტკივნეული, ლურჯი ნაიარევი დარჩა. მთელი ზაფხული კოჭლობით მუშაობდა, ქამარში დანაგაჩრილი უროს იქნევდა ჩვეულებრივზე კიდევ უფრო ჩაფიქრებული სახით.

მაგრამ როდესაც თავის ნახევარდასთან ერთად სამზარეულოს გაყინულ იატაკზე იწვა და გვერდითა ოთახიდან ბიძამისის ხვრინვა ჩაესმოდა, საცოდავად იბუზებოდა. იმ წუთებში ისეთ ცხოვრებას ნატრობდა, რომელშიც არაფრის შიში არ ექნებოდა. გონებაში ის აზრიც გაუელვებდა ხოლმე, თითქოს სასმელით გაბრუებული ომარი, რომელსაც მეზობელ ოთახში გათიშულს ეძინა, მისი ერთ-ერთი ჩვეულებრივი მსხვერპლი იყო. მხოლოდ ერთი აგური და ტკაც... პირდაპირ თავში! ანდა დანა... სრიალით... პირდაპირ ყელში... თუმცა მის ფიქრებს ყოველთვის საშინელი დასასრული ჰქონდა: ბიძამისი მოულოდნელად იღვიძებდა, მაჯაში ხელს ძლიერად სტაცებდა და თავისკენ მიმართულ დანას თემურს მიუშვერდა.

მათ მეზობლად კიდევ ერთი მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ასევე ობოლი, მცირეწლოვანი ნათესავები შეეფარებინა. ის და ომარი ხშირად ერთად სვამდნენ ხოლმე. დროდადრო კაცებს თემური და მასზე  ორი წლით უმცროსი ნაიდი, რომელიც იმ მეზობლის ძმიშვილი იყო, ქუჩიდან სახლში შეჰყავდათ და აიძულებდნენ, ეჩხუბათ. წაგებულს ცემა არ ასცდებოდა. ლოთები ისხდნენ, ბიჭების ჩხუბით თავს იქცევდნენ და მოპაექრეებს ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ. ნაიდი ასაკით თემურზე უმცროსიც იყო და მასზე გაცილებით გამხდარიც, ამიტომ ხშირად მარცხდებოდა ხოლმე, რის გამოც ლოთი ბიძების რისხვასა და მუშტებს იმსახურებდა. თემურის მსგავსად, ნაიდსაც ზურგი და ბარძაყები გავარვარებული მავთულისგან მიყენებული ნაიარევებით ჰქონდა აჭრელებული. ზოგჯერ ლოთებს ოთახში მეზობლის ქალი შეუვარდებოდა ხოლმე, მათი სახლიდან გამავალი ხმაურის გამო ლანძღავდა და პოლიციაში დარეკვით ემუქრებოდა. თემურს სულ იმედი ჰქონდა, რომ ქალი მართლა ასე მოიქცეოდა, მაგრამ ის დედაკაცი თავის მუქარას არასოდეს ასრულებდა.

იმ პერიოდში გროზნო ნანგრევებად იყო ქცეული. ცაში გამანადგურებლები დაფრინავდნენ, ქუჩებში ტანკები და ტყვიამფრქვევების საზიდრები დარახრახებდნენ, ღამღამობით კი ტყვიებისა და საფანტის წვიმა არ წყდებოდა. მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გახიზნულიყო. ყველა, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, გაემგზავრა. სხვები კი, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ, ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ და მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, შექმნილ ქაოსში როგორმე თავშესაფარი მოეძებნათ. ბავშვებს ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა.

თანდათანობით თემური უროს ქნევაში ისე  გაიწაფა, რომ ნაშოვნი ფულიდან ერთი-ორი კაპიკის დაზოგვაც შეძლო. ათი წლის იყო, როდესაც ლუდი და ერთი კოლოფი სიგარეტი პირველად შეიძინა. ეგონა, თუ დალევდა, უფრო ძლიერი გახდებოდა, რადგან ბიძამისი მაშინ უფრო მაგრად ურტყამდა, როცა მთვრალი იყო. თემური ლუდს პირში ისხამდა და სურვილი უჩნდებოდა, ვინმე დაეჭირა და კარგა გვარიანად მიეჟეჟა, მაგრამ სწორედ ამ დროს თავბრუ ესხმოდა და ითიშებოდა. ძალის მოჭარბების ნაცვლად, თავს კიდევ უფრო საცოდავად და მარტოსულად გრძნობდა. ყველაზე მეტად დაღამებას ვერ იტანდა: ყოველ საღამოს, დაბინდებამდე, თემური ბიძამისის ბრძანებით სახლიდან გადიოდა და უკან მხოლოდ გვიან ღამით ბრუნდებოდა. მისი ნახევარდა კი ამ დროს შინ რჩებოდა.

ერთ საღამოს, როდესაც ბინიდან ჩვეულებისამებრ გააძევეს და ზურგსუკან კარი გადაურაზეს, გეზი მდინარისკენ აიღო. მზის ნათელი თანდათანობით სუსტდებოდა, ვარდისფერი სხივები სახლის სახურავებზე ირეკლებოდა და თემურს თვალებში უჭყიტინებდა. ბიჭი წყლის პირას იდგა და თავს კენჭების სროლით იქცევდა. კენჭები წყლის ზედაპირზე მისრიალებდა და ტალღოვან რგოლებს ტოვებდა, რომლებიც თითქმის ხიდამდე ვრცელდებოდა. წყალზე გამოსახული ფიგურების თვალიერებით კარგა ხანს გაერთო, ბოლოს სიცივემ შეაწუხა. მზის თბილი სხივები მალევე მიინავლა და ქალაქი კვლავ ნაცრიფერ ბინდში ჩაეფლო. იქვე, მდინარის პირას რამდენიმე მაწანწალა ძაღლი დასუნსულებდა და ნაგავში იქექებოდა. თემურმა იქაურობას თვალი მოავლო, შედარებით მოზრდილ ქვას დასწვდა და ჩაუსტვინა,  კიდევ უფრო მეტად მოიკუნტა, ენის წკლაპუნს მოჰყვა და თითების უცნაური მოძრაობით ერთ-ერთი ძაღლის მიტყუებას შეეცადა. როცა ძაღლი მიუახლოვდა, ბიჭმა მოულოდნელად მარჯვენა ხელი აღმართა და ხელში ჩაბღუჯული აგური ცხოველს თავში მთელი ძალით ჩასცხო. ძაღლმა ერთი დაიყმუვლა და მოკუნტული იქვე დაეცა. ამის შემდეგ კი თემურმა წვეტიან ქვას ორივე ხელი ჩაავლო და კიდევ ერთხელ ჩაარტყა ცხოველს. ეს მაწანწალა ძაღლები უცნაურად უსუსური, გაძვალტყავებული, სუსტი და დამფრთხალი არსებები იყვნენ.  მშიერი ძაღლები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. მხოლოდ მაძღარი, გაზულუქებული ძაღლები იყვნენ, მწარედ რომ იკბინებოდნენ.

თემური ისევ მდინარის პირას, ყინულივით ცივ ქვაზე ჩამოჯდა. ნოტიო ჰაერის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. რამდენჯერაც წამოდგა და წასვლა დააპირა, იმდენჯერვე მოცელილივით დაეშვა ქვაზე. ბიძამისზე, მის აქოთებულ ბინასა და თავის ასლუ- კუნებულ დაზე უკვე  ფიქრიც აღარ უნდოდა. გადაწყვიტა, შინ აღარასოდეს დაბრუნებულიყო.

როცა კარგად დაბნელდა, მდინარის მახლობლად დიდი ზომის გაუქმებული მილი მოძებნა და დასაძინებლად შეძვრა. თავშესაფარი არცთუ საიმედო აღმოჩნდა – ღამის სუსხისგან გათოშილი და მოხეტიალე ძაღლების ყმუილით გულგახეთქილი თემური ერთიანად ცახცახებდა. სწორედ ის ძაღლები, რომელთა დახოცვა დღისით ასე  ადვილი ეჩვენებოდა, სიბნელეში ნამდვილ დუჟმორეულ მგლებად იქცნენ.

ღამით ისინი იყვნენ  უფრო ძლიერები.


ძაღლების პატარა მკვლელი რუსეთის  ბინადარია. იგი რუსეთში დაიბადა და რუსულად საუბრობს. ფერმკრთალსა და ქერათმიანს, გარეგნობაც რუსული აქვს. იმ მოკლე დროში, სასკოლო მერხთან რომ გაატარა, ისიც იმავე ანბანს სწავლობდა, რომელსაც ციმბირელი ბავშვები სწავლობენ, იმავე ისტორიის გაკვეთილებს ისმენდა, მდინარე ვოლგის მახლობლად მცხოვრები ბავშვები რომ ისმენენ და სანკტ-პეტერბურგელი ბავშვების მსგავსად, ისიც პუშკინის ლექსებს იზუთხავდა. თემური ერთ-ერთი წარმომადგენელია მოსახლეობისა, რომელიც რუსეთის სამხრეთით, კავკასიის მთებთან ცხოვრობს და თანდათანობით, სულ უფრო მეტად მიექანება ფსკერისკენ. ისიც იმ ას ორმოცდაათმილიონიანი ერის ერთ-ერთ მოქალაქედ ითვლება. ვინმეს ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის აღწერა რომ ჩაეტარებინა, ნაგავსაყრელის ტლაპოში ამოგანგლულ თემურსაც ამ უზარმაზარი სახელმწიფოს ერთ-ერთ მოქალაქედ მიათვლიდნენ. მაგრამ სხვა მხრივ მისი სათვალავში ჩაგდება და მით უმეტეს, მასზე ზრუნვა ჯერჯერობით აზრადაც არავის მოსვლია. მისი დანაკარგიც არავის ადარდებს – არავის აინტერესებს, რომ მშობლები, ბავშვობის წლები დაკარგა და სკოლაში არ უვლია, აღზრდა და მზრუნველობა არ მიუღია, არავის დაუცავს, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ის ომი იყო, რომელიც მისივე სახელმწიფომ წამოიწყო.

თემური სულაც არ არის ის, ვიზეც რუსები იტყოდნენ, ერთ- ერთი ჩვენგანიაო. პირიქით, მათთვის თემური და მისი  მსგავსი ბიჭები უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი ღირსეულ მოქალაქეებს, ანუ ნამდვილ რუსებს, გარკვეულ საფრთხეს უქმნიან. რუსული ეროვნების გამოხატვისთვის ორი ასეთი სიტყვა არსებობს: Россиянин, რაც რუსეთის მოქალაქეს ნიშნავს და Русский, რაც მათ ეთნიკურობაზე მიუთითებს. Русский მხოლოდ სლავური წარმოშობის შეიძლება იყოს და სწორედ მათზე ამბობენ რუსები, ერთ-ერთი ჩვენგანიაო. როდესაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოდის და ხალხს მიმართავს, სავსებით შეგნებულად იყენებს სიტყვას Россиянин, რომელშიც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მართლმადიდებელს, მუსლიმს, ბუდისტსა თუ ებრაელს გულისხმობს. თემური Россиянин-ია, მაგრამ არა Русский, ანუ რუსეთის მოქალაქედ ითვლება, მაგრამ რუსი არ არის. იგი ჩეჩენია. რუსულის გარდა, თავის მშობლიურ ენაზეც საუბრობს, მაგრამ წერა არ შეუძლია. თავისი ქვეყნისა და ხალხის კულტურას მითებიდან და თქმულებებიდან იცნობს, მაგრამ ისტორია არავის უსწავლებია. ის კი იცის, რომ მუსლიმია, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა ილოცოს. უნდა, რომ იამაყოს, მაგრამ არც ის იცის, რის გამო იამაყოს. თუმცა ბრძოლა სწყურია და მშვენივრად იცის, ვის უნდა ებრძოლოს.

მოსახლეობის რაოდენობრივი აღწერა ბევრ რამეს ახდიდა ფარდას. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989 წლის მონაცემებით, ჩეჩენთა რიცხვი დაახლოებით მილიონს აღწევდა. სწორედ ამ დროიდან ხუთი წლის შემდეგ ჩეჩნეთში ომი გაჩაღდა  და სულ მალე ომში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა რიცხვი დაახლოებით ორასი ათასამდე გაიზარდა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ამ ომს მოსახლეობის თხუთმეტი პროცენტი შეეწირა, სხვები კი ოც პროცენტს ასახელებენ. ყველაზე უხეში გამოთვლით, ათი ადამიანიდან ერთი ომში დაღუპულადაა მიჩნეული.

დაღუპულთა შორის ათი ათასობით ბავშვია, რომლებსაც, მათივე ასაკიდან გამომდინარე, ბანდიტებსა და ტერორისტებს ნამდვილად  ვერ უწოდებ. თუმცა მთავრობა მათაც  და სხვა დანარჩენებსაც, რომლებიც ძალოვანთა მიმართ გარკვეულ წინააღმდეგობას იჩენენ, სწორედ ასე მოიხსენიებს. ისე, თემურს რომ ჰკითხო, ვინ უნდა გამოვიდეს, მეომარიო, დაუყოვნებლივ გიპასუხებს. ჯიბის დანის ნაცვლად ხელში კალაშნიკოვს დაიჭერს, თავდაუზოგავად იბრძოლებს და ძაღლების მაგივრად რუსებს დახოცავს. უნდა, ყველას შიშის ზარს სცემდეს – ყველაზე მეტად სწორედ ეს სურს.

კაცი შეიძლება დაღუპულთა დათვლას შეეცადოს. მათ რაოდენობაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი. ხეიბართა რიცხვის განსაზღვრა და ამ რიცხვებზე კამათიც შესაძლებელია, მაგრამ ვინ მოთვლის ომში, ყუმბარების აფეთქებისას დასახიჩრებულ ადამიანთა მიერ დაკარგულ ხელს, ფეხს, სმენასა თუ მხედველობას... სად, რომელ სტატისტიკაში წერია რამე პატივაყრილი და დამცირებული ბავშვების თაობაზე?

ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ფონდი (UNICEF) გვაუწყებს, რომ 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე, ოცდახუთი ათასმა ჩეჩენმა ბავშვმა ომში ორივე მშობელი დაკარგა. ბევრი მათგანი მუყაოს ყუთებში, ყუმბარებით დაზიანებულ კორპუსებსა და მდინარის პირას მდებარე მილებში ათევს ღამეს.


ბიჭს სიბნელე შავი, ყინულივით ცივი საბანივით შემოხვევია. ღამის სუსხი დაუნდობლად იკბინება. ნეტავ მგლების ყმუილი ესმის თუ ძაღლების? ან იქნებ, ტურების... ცდილობს, ფხიზლად იყოს, რადგან ეშინია, თუ ჩაეძინა, რომელიმე გარეული ცხოველი მიეპარება და კბილებს ჩაასობს. დამძიმებულ ქუთუთოებზე სინათლის პირველი სხივი მიელამუნა თუ არა, აკანკალებული მაშინვე მილიდან გაძვრა და პაწაწინა თავშესაფრისთვის ფიცრებისა და მუყაოს ნარჩენების შეგროვებას შეუდგა. მზის ამოსვლამდე ბეტონის მილში მოწყობილი ერთი ციდა ქოხი უკვე მზად ჰქონდა. მართალია, ღამის სუსხს ვერაფერს მოუხერხებს, მაგრამ ძაღლებისგან მაინც ხომ დაიცავს თავს.

ცდილობს წარმოიდგინოს, რომ თავადაც მგელია – სასტიკი, დაუნდობელი და ფეხმარდი მგელი, რომელსაც დანასავით ბასრი კბილები აქვს,  მაგრამ არც ეს თამაში ათბობს და საბოლოოდ ფარ-ხმალს ყრის.

გარკვეული დროის შემდეგ თემური ბოშათა ბანაკს უერთდება. რამდენიმე რუბლის სანცვლოდ ღამეს მათ პაწაწინა ფარდულში ათევს, საღამოობით კი ბოშებთან ერთად კოცონს უზის, თუმცა იმ წუთებშიც ნამდვილი მგლების ბანაკში ყოფნაზე ოცნებობს. სურს, იმ მეომრების, მთებში დაბანაკებული გმირების გვერდით იყოს, რუსებს მოულოდნელად თავს რომ ესხმიან და საბრძოლო ჯავშანტექნიკას უფეთქებენ. იქ, ზემოთ, სწორედ იმ დათოვლილ მთებში უნდა ყოფნა. უნდა, მანაც იმ მგლების მსგავსად იბრძოლოს, რომლებიც აგერ უკვე სამასი წელიწადია, არ ცხრებიან და რომელთა შესახებაც ბაბუამისი უამრავ ამბავს უამბობდა ხოლმე. 

როგორ არ ცდილობს, მაგრამ უსიამოვნო ფიქრებს თავს ვერა და ვერ აღწევს. ნახევარდა გაჭირვებაში მიატოვა, ბიძასთან მარტოდმარტო დააგდო და გაიქცა. გონებაში დის გამოსახსნელ სამაშველო გეგმას სახავს. ცდილობს წარმოიდგინოს, იმ დროს, როდესაც ბიძამისი სასმელით გალეშილი იქნება, დანით ხელში ოთახში როგორ შეიჭრება და დას როგორ გაათავისუფლებს.

ბიძის ნაცვლად ამჯერადაც ძაღლს კლავს. მის წინ დაგდებულ კიდევ ერთ ლეშს ფეხით აგორებს...

თემური წებოს სუნთქავს და სხვა გამაბრუებელ საშუალებებს ხმარობს. ბოლოს ბოშა ბიჭებთან ჩხუბი მოსდის, რის გამოც მოხეტიალე ბანაკიდანაც აძევებენ. იძულებულია, ისევ მდინარის მახლობლად, მარტოდმარტო, მკვდარი ძაღლების გვერდით დაიძინოს. ძაღლის მოკვლა ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია.

"როგორი მორჩილები და სუსტები არიან, – ქირქილებს ბიჭი, –
აღარც კი ახსოვთ, რომ სინამდვილეში მგლები არიან..."


Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment