ჩერქეზები

წინარე ისტორია

კავკასიაში კარგად გვაქვს წარმოდგენილი აშელური და მუსტიეს პერიოდები. ამ დროიდან მოყოლებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა გვაძლევს საშუალებას თვალი მივადევნოთ ჩერქეზი ხალხის ცხოვრებასა და განვითარების ეტაპებს. როგორც ცნობილია, აშელური ხანის ბოლოს იწყება აციება. ამ პერიოდის სადგომები ჩრდ. დასავლეთ კავკასიაში გვაქვს: აულ ხაჯოხთან, სმოლენსკაიასთან და სხვ. რაც მოწმობს, რომ უკვე ამ დროისთვის  ცხოვრობდნენ ადამიანები თანამედროვე ჩერქეზეთის ტერიტორიაზე. დაახლოებით150 ათასი წლის წინ დაიწყო მუსტიეს ეპოქა. ადიღეს ტერიტორიაზე ამ ეპოქას მიეკუთვნება ახშტვირის და ნავალიშენის გამოქვაბულები.

მუსტიეს ხანაში არის მონადირეობითი მეურნეობა, რაზეც მეტყველებს სადგომებში აღმოჩენილი მამონტების, დათვების ბიზონების, გარეული ცხენების და სხვათა ძვლები. ჩნდება ქვის შუბის წვერები. ასევე იყო შემგროვებლობაც, მუსტიეს ეპოქაში ხდება შრომის დანაწილება ქალსა და მამაკაცს შორის, რაც მანამდე არ იყო. თავდაპირველად მიჩნეულია, რომ  დაშვებული იყო თავისუფალი სქესობრივი კავშირი, ანუ არ იყო ოჯახი. მუსტიეში კი ენდოგამიური ოჯახი იწყება და ჩნდება მუდმივი საცხოვრისები. შესაბამისად ისახება მატრიარქალურ-გვაროვნული თემი.

ზედა პალეოლითში ჩრდილო კავკასიის ამ ნაწილში შეინიშნება ცვლილებები ტექნიკაში, მეურნეობაში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ადამიანის ფიზიკურ ტიპში. ამ პერიოდისაა კალა-ტიუბეს გამოქვაბული ბალყარეთში.

მეზოლითური ძეგლები აღმოჩენილია ყარაჩაის ტერიტორიაზე. მიჩნეულია, რომ ამ დროისთვის ნადირობის განვითარება ხდება მაღალ დონეზე.

ნეოლითის ხალხმა ისწავლა თიხის ჭურჭლის კეთება, ქვის გახვრეტა, გადავიდა მწარმოებლურ მეურნეობაზე. ასეთი ნასახლარებია ყაბარდო-ბალყარეთში, მდ. კენჟაზე.ამ დროს ჩერქეზები ცხოვრობდნენ მიწურებში. ჩერქესკის მახლობლად არის ნასოფლარი.

ადიღელთა ყოფაში და ფოლკლორში შემონახულია მატრიარქალური ურთიერთობის ბევრი გადმონაშთი: უხუცესი ქალის პატივისცემა, დედის ძმის განსაკუთრებული პატივისცემა (ავუნკულატი), გარდაცვლილი ცოლის დაზე დაქორწინება (სორორატი), ქვრივის მაზლზე დაქორწინება (ლევირატი). თითოეულ გვარს ყავდა თავისი მმართველი ტოტემი.

ენეოლითის ხანაში კავკასიაში იწყება მატრიარქალურ წყობილების დაშლა და პატრიარქალური გვაროვნული თემის ჩამოყალიბება. წარმოდგენილი გვაქვს ნალჩიკის სამაროვანი, მაიკოპის ყორღანი. ცნობილია ასევე ყობანის კულტურა - ცენტრალური კავკასიის ჩრდ. ფერდობზე ყუბანის სათავეებიდან დასავლეთ ჩეჩნეთამდე.



ძვ.წ II ათასწლეულში მაიკოპის კულტურის ბაზაზე იქმნება შუა და განვითარებული ბრინჯაოს კულტურა. ნაპოვნია სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, თავის ქალები. ამ პერიოდში ჩრდ. კავკასიის კულტურა იყოფა ყუბანისპირა, ცენტალურ-კავკასიურ და აღმოსავლურ კულტურებად. საინტერესოა, რომ შავი ზღვის სანაპიროებში მცხოვრები ჩერქეზები მიცვალებულს მარხავდნენ დოლმენებში, ხოლო ძვ.წ. I ათასწლეულში შემოდიან კატაკომბური კულტურის მატარებელი ხალხები, რომლებმაც გარკვეული გავლენა მოახდინეს ადგილობრივებზე.



ეთნოგენეზი

ჩერქეზები კავკასიის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. მათ კუთვნილებას პალეოკავკასიურ ეთნოკულტურულ ერთობასთან გარდა არქეოლოგიური მონაცემებისა, ამტკიცებს ენობრივი და ანთროპოლოგიური მონაცემები. ამას გარდა გვაქვს წერილობითი წყაროებიც, რომლებიც საკმაო ცოდნას იძლევა კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების შესახებ. ჩერქეზი ხალხის ეთნოგენეზთან დაკავშირებით სხვადასხვა მეცნიერს სხვადასხვა შეხედულება გააჩნია. მიუხედავად ამისა, უდაოა, რომ ისინი მონათესავენი არიან ქართველების, აფხაზების, ვაინახებისა და დაღესტნელების.

ამჯერად უნდა მივყვეთ ისტორიულ წყაროებს და მასზე დაყრდნობით მეცნიერთა მოსაზრებებს: ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად აფხაზურ-ადიღური ოჯახის წარმომადგენლები მონათესავენი არიან წინა აზიაში მცხოვრები ხეთების. ასევე ისეთი ეთნოგაფიული ჯგუფების, როგორებიც არიან სინდები და მეოთები. ამ მოსაზრებას თუ გავიზიარებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდში აფხაზურ-ადიღური ოჯახის სოციალურ-პოლიტიკური სამყარო მოიცავს ჩრდილო კავკასიიდან ანატოლიის ჩათვლით ტერიტორიას.მეცნიერთა მეორე ნაწილისთვის სინდები და მეოთები არ წარმოადგენს ჩერქეზთა უშუალო წინაპარ ხალხს.

პროკოფი კესარიელის თქმით მათ მეზობლებს წარმოადგენდნენ უბიხები, რომელთაგან სავარაუდოდ მოდიან აბაზგები და შემდგომ ალანები.

სომეხი მოვსეს ხორენაცი წერს ყაბარდოელების შესახებ და ამბობს, რომ ისინი არიან ტომები სახელწოდებით ხებარები, რომლებიც სავარაუდოდ მოდიან ხაზარეთიდან და აბაზებიდან. სავარაუდოდ ხაზართა მმართველობის პერიოდში ყაბარები ხდებიან მათი ეთნოსის ნაწილი.

ყაბარდოელების წყაროებში სხვადასხვა ტომი სახელდება, მათ შორის კუდეტები, ხენუკები და თვით ყაბარები. ისინი სახლობდნენ კავკასიის ცენტრალურ და აღმ. ნაწილში.

ზოგი ცნობით ყაბარდოელები XII-XIII ს.-შიც კავკასიელი ალანების შემადგენლობაში შეინიშნებიან. კლაპროტის ცნობით ყაბარდოელები შედიოდნენ ე.წ კასახის ეთნოსის შემადგენლობაში, რომლებიც იყვნენ ადიღე და აბაზი ხალხის ერთ-ერთი ჯგუფი.

ადიღეელების შესახებ გარკვეული ცნობები აქვს ხაზარ მეფეს იოსეფს, რომელიც ამბობს, რომ ეს ეთნოსები არიან მონათესავენი და ცხოვრობენ ქვეყანაში სახელწოდებით "ქასქა", ალანების დასავლეთით.

კასოგების, ქართული წყაროების მიხედვით ჯიქების შესახებ საინტერესო ცნობები აქვს აგრეთვე ქართველ ისტორიკოსს ლეონტი მროველს. ის ამბობს, რომ ეს ეთნოსები არიან კავკასიის მკვიდრი ხალხი.

არსებობს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ე.წ ეთნოსი კასოგები ოთხ ნაწილად გაიყვნენ: ყაბარდოელებად, თემირგოელებად, ხატუკაიტებად და ადიღეელებად. ცალკე ნაწილდა მოიხსენიებენ სამხ. დასავ. კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადიღ ტომებს: ზიხებს, შაფსუღებს, აბაძეხებს.


ანტიკური პერიოდი

ძვ.წ. XII-VII ს.ს ჩრდ. კავკასიაში არსებობდა რამდენიმე კულტურა, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ანტიკურ ხანაში პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბება. ეს კულტურებია: მაიკოპის კულტურა, ყობანისა და ყობანისპირა კულტურა, კაიაკენტ-ხოროჩოის კულტურა. ანტიკურ ხანაში ძვ.წ V ახ.წ. V ს. ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული მსხვილი ეთნიკური ერთეულები. ჩრდილო დასავლეთი რაიონები დონის ქვემო დინების ჩათვლით ეკავათ ძველ ადიღურ ტომებს. ზოგი მათ მეოტების სახელით მოიხსენიებს: სინდები, თორეტები, კერკეტები, ფსესები, ფატეები, დოსხები და სხვა.

წყაროებში ჩანს, რომ უკვე ძვ.წ. VII-VI ს.ს. ფორმირდება ადიღური სამყაროს ორი მთავარი ეთნოსი: ჯიქები (ანუ ზიხები) და ქასქები. შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ეთნიკური პროცესების შედეგად ჯიქების შერევა მოხდა ჯერ სარმატებთან, ხოლო შემდეგ ადიღეურ ენაზე მოლაპარაკე მეოთურ ტომებთან.

ამავე პერიოდში ჩრდ. კავკასიაშია დამკვიდრებული ირანულენოვანი ტომები, მათ შორის დანდარები, რომლებიც სკვითურ ეთნიკურ ჯგუფს უნდა ეკუთხვნოდნენ. ირანულენოვანი მოსახლეობა ფართოდ გავრცელდა ძვ.წ III-II ს.ს: სკვითები და სარმატები. მიჩნეულია, რომ ისინი ორად იყოფოდნენ: სირაკები და აორსები.

ანტიკური ხანის ბოლოს გაჩნდენ  თურქულენოვანი ტომები ჰუნები, რომლებიც თანამედროვე ყარაჩაი-ბალყარელებისა და კუმიკების წინაპრებად ითვლებიან.

ძვ.წ III ს.-ში  სარმატების შემოსევები დასტურდება ჩრდილოეთ კავკასიაში.

ძვ.წ I ს.-ში ადიღეელები პონტოს მეფის მითრიდატე IV-ის კოალიციაში იბრძვიან  რომაელების წინააღმდე.

ახ.წ. IIს. ადიღური ტომების დასახლება ხდება შავი ზღვის აღმოსავლეთ განაპირა ზოლზე, რომელთაც ახ.წ. III-IVს.ს თავს ესხმიან გოთები და ჰუნები. ადიღური ტომები თავს აფარებენ მთებს, სადაც მათი შევიწროება და შერევა ხდება ალან და მეოთ ტომებთან.

ანტიკურ ხანაში ადიღელ ხალხს ურთიერთობა ჰქონდა ბოსფორის სამეფოსთან. ბოსფორის სამეფო ძვ.წ. Vს.ში ყირიმის აღმოსავლეთით შეიქმნა არქეანაქტიდების დინასტიით სათავეში. მისი დედაქალაქი გახდა ერთ-ერთი ბერძნული პოლისი პანტიკაპეონი. მათ დაიმორჩილეს ადიღური მოდგმის ხალხები. ძვ.წ. IV ს.-ში ლევკონ I მშვიდობიანად შეუერთდა ბოსფორის სამეფოს. ამას ორი მთავარი მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა: ეკონომიკური გაძლიერება და სკვით-სარმატთაგან თავის დაცვა. შემდეგ დაიმორჩილეს სხვა მეოთური ტომები, ფატეები ფსესები და სხვა. 

მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ანტიკურ ხანაში ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა არ გამოსულა ე.წ. სამხედრო დემოკრატიის ე.ი. პირველყოფილი-თემური წყობილების უკანასკნელი საფეხურის ჩარჩოებიდან. აქ იყო მონათმფლობელური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. პოლისები: ფანაგორია, ჰერმონასა, გორგიპია, ბატა-პატუსი და სხვა. მიუხედავად ამის, ვფიქრობ საქმე გვაქვს საკმაოდ მწყობრ, გააზრებულ ქმედებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან, რომლებიც ახერხებდნენ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მზარდი საგარეო საფრთხეების პირობებში სწორი ორიენტირების განსაზღვრას და თვითმყოფადობის შენარჩუნებას. 





Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment